ამ სტატიაში მოგიყვებით:
- ვის და რატომ აფერხებენ საზღვარზე;
- ასეთ დროს რისი უფლება აქვს პოლიციას და რისი მოქალაქეს;
- რა უნდა ქნათ, თუ ჯარიმას საზღვარზე გაბარებენ;
- რა უნდა ქნათ, უცხოეთში გამგზავრებამდე, თუ ეჭვობთ, რომ შეიძლება დაჯარიმებული იყოთ;
- აქვთ თუ არა უფლება მესაზღვრეებს არ გაგიშვან ან არ შემოგიშვან თუ ჯარიმა გაქვთ გადაუხდელი.
"თქვენ ჯარიმა გაქვთ, იცით, ხო?" - უთხრეს საქართველოს საზღვარზე ხანგრძლივი დაყოვნების შემდეგ, სასაზღვრო დეპარტამენტის სხვა წარმომადგენელთან, სხვა ადგილას გადამისამართების შემდეგ თინა ბოკუჩავას, „ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარეს, რომელიც 15 ოქტომბერს, ვილნიუსში, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკურ ასამბლეაზე მიდიოდა.
თინა ბოკუჩავამ იცოდა, რომ ის მხოლოდ ერთხელ ერთხელ დააჯარიმეს - მეორე, აპრილში გამოწერილი ჯარიმის შესახებ კი, აეროპორტში, ოქტომბერში შეატყობინეს. თუმცა გუშინდლამდე, მხოლოდ ბოლო 2 თვეში 6-7-ჯერ იყო დაყოვნების გარეშე გასული ქვეყნიდან.
ჩასხდომა სრულდებოდა. საბოლოო გაფრთხილების ხმა ისმოდა, როცა მასთან პოლიცია მივიდა. თინა ბოკუჩავამ პროცესის ტელეფონით გადაღება დაიწყო და პოლიციას უთხრა, რომ მას უკანონოდ უზღუდავდნენ თავისუფლებას.
„კარგით, კარგით" და ბოლოს მატარებენ“, - ასე აღწერს ამ სცენას თინა ბოკუჩავა და ამატებს - პარტიების და პიროვნებების აკრძალვასთან ერთად, რეჟიმი ქვეყნის დატოვების აკრძალვასაც ტესტავს.
მისი ვარაუდით, საქართველოს საზღვარზე, შესაძლოა „სულ მალე რკინის ფარდა დაეშვას და საბოლოოდ დიქტატურაში აღმოვჩნდეთ“.
არა მხოლოდ პოლიტიკოსები
ამ ამბამდე ორიოდე დღით ადრე, საზღვარზე კარგა ხნით გააჩერეს პრაღაში მიმავალი „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი გიორგი კლდიაშვილიც.
„საკმაოდ სტრესულია, თავიდან არ გეუბნებიან რატომ გაჩერებენ. ამბობენ, რომ რაღაც უნდა გადაამოწმონ“, - გვეუბნება გიორგი, რომელიც, სხვათა შორის, საქართველოში დაბრუნების დროსაც დააყოვნეს - გვერდზე დადგომა მოსთხოვეს, პასპორტი გამოართვეს და შეამოწმეს. თუმცა ამჯერად ეს პროცედურა მალე, ხუთ წუთში დასრულდა.
საქართველოდან გამგზავრებისას ისიც ნახევარი საათი ელოდა შეფერხების მიზეზის შეტყობინებას.
მესაზღვრე ოფიცერი დიდხანს ამოწმებდა მის პასპორტს. უთხრეს, რომ „რაღაც იყო დასაზუსტებელი“ და ლოდინი მოუწევდა. გიორგისთან ერთად ელოდნენ სხვებიც - ქართველებიც და რამდენიმე უცხოელიც.
ნახევარსაათიანი ლოდინის განმავლობაში, დაყოვნებულების ნაწილს აცნობეს, რომ მათ 5000-ლარიანი ჯარიმა ჰქონდათ გამოწერილი.
გიორგი კლდიაშვილმაც იქ შეიტყო, რომ ისიც დაჯარიმებული იყო ივნისის თვეში რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო, თუმცა ჯარიმა მისთვის პოლიციას არ ჩაუბარებია და მისი არსებობის შესახებაც არაფერი იცოდა. ჯარიმა სექტემბერში იყო გამოწერილი.
გიორგის გაუკვირდა, იცოდა, რომ ივნისში რუსთაველი არ გადაუკეტავს და ეს პოლიციელსაც უთხრა, თუმცა მან მხოლოდ საბუთების ჩაბარებაზე ხელმოწერა მოსთხოვა და აცნობა, რომ გასასაჩივრებლად 10 დღე ჰქონდა.
გიორგი კლდიაშვილმა ჯარიმა არ ჩაიბარა. დოკუმენტზე ხელი არ მოაწერა და პოლიციელს უთხრა, რომ თუ ეს იყო ჯარიმა, მაშინ შსს-ს უნდა დაეცვა ფორმალური წესი და ჯარიმის ქვითარი ფოსტით, მასალებითურთ გაეგზავნა მის საცხოვრებელ მისამართზე.
„პოლიციელი დამეთანხმა, რომ შემეძლო საქართველოს საზღვარი გადამეკვეთა და მიმაცილა მესაზღვრესთან“, - ჰყვება გიორგი კლდიაშვილი.
ამის შემდეგ მას საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს.
გასულ ღამეს საპასპორტო კონტროლზე გააჩერეს და ასევე 30 წუთის განმავლობაში დააყოვნეს ერთ-ერთი უცხოური გამოცემის ქართველი კორესპონდენტი (რომლის ვინაობასაც მისივე თხოვნით არ ვასახელებთ).
მასაც, ზოგადად, გაურკვევლად უთხრეს, რომ „რაღაცას ამოწმებდნენ“.
ჟურნალისტისთვის მისი დროებით გაჩერების მიზეზი არ აუხსნიათ. არ პასუხობდნენ მანამ, სანამ 2 პოლიციელი არ გამოჩნდა ამობეჭდილი ფურცლით ხელში და არ აცნობა, რომ ის, დაჯარიმებული იყო გზის გადაკეტვის გამო მარტის თვეში და ამ ჯარიმის უწყება უნდა ჩაებარებინა.
ისიც უთხრეს, რომ გასასაჩივრებლად 2 კვირა ჰქონდა.
საქართველოს კანონმდებლობით, ჯარიმის ჩაბარების შემთხვევაში, მოქალაქეს გასაჩივრების 10-დღიანი ვადა აქვს.
ეს ვადა, ჩვენი რესპონდენტის შემთხვევაში, ზუსტად იმ დღეს გადის, როცა ჟურნალისტი საქართველოში ბრუნდება. მას რომ პოლიციისთვის დაეჯერებინა და ჩამოსვლიდან კიდევ 4 დღე არ მისულიყო სასამართლოში, გასაჩივრებას ვეღარ მოასწრებდა.
დაჯარიმების დღეს ის რუსთაველზე რედაქციის დავალებით რეპორტაჟზე მუშაობდა.
ეს მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღეში მომხდარი ამბებია.
ჩვენთვის ცნობილია, რომ მსგავსი შემთხვევები გაცილებით მეტია.
ხოლო იმ ადამიანთა სიაში, ვისაც საზღვარზე აფერხებენ, ამოწმებენ და ხშირად მათთვის უცნობი ჯარიმის შესახებ იქვე აცნობებენ, არიან ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტები.
შეიძლება, რომ ჯარიმის გადაუხდელობის გამო ქვეყნიდან არ გაგიშვან?
არა, ასეთი რამ კანონში არ წერია და თუ ეს მოხდება, უკანონობა იქნება - ეს ასეა საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში.
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონით, უარი ქვეყნიდან დროებით გასვლაზე საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უთხრან მხოლოდ მაშინ, თუ:
- მას პოლიცია ეძებს
- ყალბი (ან ძალადაკარგული) საბუთები აქვს
- ან თუ სასამართლოს დადგენილებით აქვს აკრძალული ქვეყნიდან გასვლა (ეს ბოლო პუნქტი კანონს ახლახან დაამატეს).
კანონში ასევე არსებობს ჩანაწერი, რომელიც უვიზო მიმოსვლის ამოქმედების დღიდან არსებობს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში წასვლის შემთხვევაში, საზღვარზე შეაკავონ ისინი, ვინც ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირში შესასვლელად საჭირო მოთხოვნებს - მაგალითად, არ აქვს უკან დასაბრუნებელი ბილეთი ან სათანადო ფინანსური სახსრები.
„სხვა რამეს, რის გამოც საქართველოს მოქალაქე შეიძლება არ გაუშვან ქვეყნიდან, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს“ - გვეუბნება იურისტი ნიკა სიმონიშვილი.
მისი თქმით, საზღვრის კვეთაზე უარის სხვა პრაქტიკაც არსებობს - ადამიანის ე,წ, „გაწითლება“, როცა საზღვარზე მას ეუბნებიან, რომ უბრალოდ არ გაუშვებენ და არც მიზეზს განუმარტავენ.
თუმცა, როგორც ნიკა ამბობს, ამ შეზღუდვის შესახებ ჩანაწერს კანონებში ვერ იპოვით.
თუ მგზავრი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და დაჯარიმებულია, მაშინ რა ხდება?
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონით“ საქართველოში შემოშვებაზე უარი შეიძლება უთხრან უცხოელს იმ შემთხვევაში, თუ თუ მას “საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული ჯარიმა არ გადაუხდია”.
ეს ჩანაწერი, როგორც ნიკა სიმონიშვილი განმარტავს, კანონს დაემატა 2025 წლის 26 ივნისის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, რომელიც გამოქვეყნდა 7 ივლისს და ამ ჯარიმაში იგულისხმება არა საქართველოში ვადის გადაცილებით ყოფნის გამო დაჯარიმება (იქ სხვა წესი მოქმედებს), არამედ, მაგალითად, შეკრება-მანიფესტაციებზე მიღებული ჯარიმა.
როგორ მუშაობს შსს-ს მიერ ჯარიმების შეტყობინების გარეშე აღსრულების ახალი სქემა?
დგება საჯარიმო ქვითარი, რომელიც უბრალოდ ვებგვერდზე ქვეყნდება. ის, დადგენილი წესებით, არათუ ფოსტით აღარ მისდის დაჯარიმებულს, SMS-საც აღარ აგზავნიან.
გასაჩივრების ვადა, როგორც იურისტი გვიხსნის, გამოქვეყნებიდან 30+10 დღეა. სწორედ ამ ვადის გასვლის შემდეგ მისდის დაჯარიმებულს SMS, რომ მას ჯარიმის გადასახდელად აქვს 7 დღე.
რა უნდა გააკეთოთ ასეთ დროს?
ჯერ ჯარიმის სტატუსის შესახებ ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ ორ ელექტრონულ მისამართზე.
პირველზე ნახავთ ჯარიმის სტატუსსა და გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას, ხოლო მეორეზე მითითებულია, რომ ჯარიმის გამოქვეყნების შესახებ შეტყობინება არ გამოგზავნილა - ეს კი, როგორც ნიკა სიმონიშვილი ამბობს, იმის დადასტურებაა, რომ გამოქვეყნების წესი დარღვეულია.
დაგჭირდებათ ორივე ვებსაიტის “სქრინშოტი” საჩივართან ერთად წარსადგენად.
რა ხდება თუ თუ SMS არ მოგსვლიათ, მაგრამ ვებზე წერია, რომ შეტყობინება გამოიგზავნა?
ამ შემთხვევაში, უნდა მიხვიდეთ თქვენი მობილურის ნომრის პროვაიდერთან და police.ge-დან მიღებული შეტყობინებების შესახებ ამონაწერს გააკეთებინოთ - ამით დაადასტურებთ, რომ სმს არ მიგიღიათ.
შემდეგი ნაბიჯია - საჩივრის შეტანა სასამართლოში და ჯარიმის ბათილობისა და აღსრულების შეჩერების მოთხოვნა - იურისტების რჩევაა, რაც შეიძლება მალე შეიტანოთ სასამართლოში საჩივარი, რადგანაც სასამართლომ დადგენილება უნდა მიიღოს აღსრულების შეჩერებაზე და ამას რამდენიმე დღე დასჭირდება.
როცა სასამართლო საჩივარს წარმოებაში მიიღებს (რისთვისაც მას კანონით დადგენილი 5-დღიანი ვადა აქვს), დადგენილება პორტალზე აიტვირთება.
ამის შემდეგ საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრში (რომელიც კახეთის გზატკეცილზე) მიიტანთ საჩივრის ჩაბარების დასტურს. ჯარიმაზე აღსრულების შესაჩერებლად და შემდეგ ელოდებით პროცესის ჩანიშვნას.
ამას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება.
თუ ჯერ არ იცით ხართ თუ არა დაჯარიმებული მაშინ?
საჯარიმო ქვითრის ნომრით, ვებსაიტზე ამ ინფორმაციას ვერ ნახავთ. ამის გასაგებად საპატრულო პოლიციის ცხელ ხაზზე (241 42 42) უნდა დარეკოთ და იკითხოთ, ხომ არ ხართ დაჯარიმებული.
თუ აღმოჩნდება, რომ თქვენზე უკვე შედგენილია ჯარიმა და გამოაქვეყნეს კიდევაც, არკვევთ ჯარიმის ქვითრის ნომერს და შემდეგ და ზოგადი წესის მიხედვით ასაჩივრებთ.
ნიკა სიმონიშვილმა გვითხრა, რომ ახლახან ის თავად შეესწრო საქართველოს საზღვარზე შემოსვლისას როგორ შეაფერხეს და ამოწმებდნენ პოლიტიკურ პროცესებთან სხვადასხვა მხრივ დაკავშირებულ ორი ადამიანს.
“მე უკვე გადმოკვეთილი მქონდა საზღვარი და ველოდი, რამდენ ხანს ალოდინებდნენ. ვხედავდი, რომ რაღაც ჩატი ჰქონდათ მესაზღვრეებს გახსნილი და პასუხს იქ ელოდნენ. გარკვეული დროის შემდეგ მათ პასპორტები დაუბრუნეს და საქართველოში შემოუშვეს”.