შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკურმა ტრეშმა ჩამოწერილ მედვედევს დიდძალი ქეში და გავლენა მოუტანა.
დიდი ომის დაწყების შემდეგ, დმიტრი მედვედევი, ოდესღაც მორცხვი პროდასავლელი „ლიბერალი“, კრემლის ლამის ყველაზე რადიკალურ ხმად იქცა. ამ ცვლილებამ არა მხოლოდ პოლიტიკური ქულები და პოპულარობა შესძინა მედვედევს, არამედ ერთი ათად გაზარდა მისი კეთილდღეობაც. ბოლო წლებში მედვედევთან დაკავშირებულმა ფონდებმა რეკორდული რაოდენობის შემოწირულებები მიიღეს: 2024 წლის ბოლოსთვის ამ ფონდების ანგარიშებზე 800 მილიონ დოლარზე მეტი თანხა ირიცხებოდა. პარალელურად, მედვედევის ფონდები იძენენ ახალ უძრავ ქონებას და ახდენენ საეჭვო სტარტაპებისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლში სამშენებლო პროექტის ინვესტირებას.
„სისტემა“ - საგამოძიებო პროექტი, რომელიც შეიქმნა 2023 წელს The CurrentTime-ისა და რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის მიერ და რომელიც აქვეყნებს ექსკლუზიურ მასალებს სხვადასხვა თემაზე - დაწყებულს ომის დანაშაულების გამოძიებით, დამთავრებულს კორუფციის გამოაშკარავებით.
საცოდავი კი არა, თავხედი
რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი 2022 წელს პოლიტიკურად გაკოტრებული და ფაქტობრივად „პენსიაზე გაშვებული“ შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად მედვედევი კვლავ მმართველ პარტიას, „ერთიან რუსეთს“ ხელმძღვანელობდა, მას პარტიაში პრაქტიკულად არანაირი გავლენა აღარ ჰქონდა. მედვედევი დიდად არც ამომრჩევლებს მოსწონდათ. ვლადიმირ პუტინთან „როქის“ გაკეთების შემდეგ მედვედევს მეტსახელი „საცოდავი“ შეარქვეს. სოციალური კვლევების ცენტრის (ВЦИОМ) მონაცემებით, 2021 წლის ბოლოს მედვედევის ნდობის მაჩვენებელი სულ რაღაც 22,7% იყო, მაშინ როცა პუტინისა 65%-ს აღწევდა.
ტრეში (ინგ. trash) - პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს ნაგავს, ნარჩენებს. ამ სიტყვას ხშირად იყენებენ გადატანითი მნიშვნელობით. ტრეში აღნიშნავს რაიმეს დაბალი ხარისხის, იაფფასიან, გამიზნულად უგემოვნო ან გადაჭარბებულად კიჩურ (უგემოვნო) შინაარსს.
უკრაინასთან ომმა მედვედევს საზოგადოებრივი ცხოვრების დღის წესრიგში დაბრუნების შანსი მისცა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-19 დღეს, დმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელ Telegram-ში თავისი პირადი არხი გახსნა, კიდევ სამი დღის შემდეგ კი გამოაქვეყნა პირველი პოსტი, რომელშიც მწვავედ გააკრიტიკა დასავლეთი, რაც იქცა კიდეც მედვედევის Telegram-არხის მთავარ ლაიტმოტივად მომდევნო სამი წლის განმავლობაში. თავის პოსტებში რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დასავლეთს ბირთვული იარაღით ემუქრება და ყველანაირად შეურაცხყოფს იქაურ პოლიტიკურ ლიდერებსა და მცხოვრებლებს. ანალიტიკოსები მედვედევის ასეთი აგრესიულობის მიზეზად ასახელებდნენ როგორც კარიერულ მოსაზრებებს, ასევე ალკოჰოლთან დაკავშირებულ პრობლემებს.
როგორც უნდა იყოს, მედვედევმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. Telegram-არხის გაშვებიდან სულ რაღაც ორ თვეში ის მხოლოდ რამზან კადიროვს ჩამოუვარდებოდა პოპულარობაში, ხოლო 2022 წლის ბოლოსთვის მედვედევმა კადიროვსაც გაუსწრო.
ამჟამად მედვედევს 1,6 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ხოლო მისი ყოველი პუბლიკაციის საშუალო ნახვების რაოდენობა 3,3 მილიონს აჭარბებს. ინტერნეტში მედვედევს, რომელიც კვირაში საშუალოდ ორ პოსტს წერს, „თავხედის“ და „რკინის“ სახელით მოიხსენიებენ. თითქმის ორჯერ (45,7%-მდე) გაიზარდა მისი ნდობის რეიტინგიც.
როგორც ჩანს, კრემლმაც დააფასა მედვედევის ახალი იმიჯი. 2022 წლის ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტთან არსებულ სამხედრო-სამრეწველო კომისიაში სპეციალურად მისთვის შეიქმნა კომისიის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა.
ტრანსფორმაციამ მედვედევს ფინანსურადაც უშველა. პოლიტიკოსთან დაკავშირებული ფონდების შესახებ ცნობებით თუ ვიმსჯელებთ, ომის მეორე წელს მედვედევის ფონდებს ფაქტობრივად შემოწირულებების ტალღამ გადაუარა. თუ 2022 წლამდე ფონდები წელიწადში 2-დან 8 მილიარდ რუბლამდე თანხას იღებდნენ, 2023 წელს შენატანების ოდენობამ 50 მილიარდ რუბლს (583 მილიონი აშშ დოლარი) გადააჭარბა, ხოლო 2024 წელს თითქმის 70 მილიარდი რუბლი (685 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა.
ეს ფონდები არ ამჟღავნებენ დონორების ვინაობას. ამავდროულად, ამ ფონდებში შენატანების განხორციელება ადვილი საქმე არ არის. არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია ამ ფონდებში თანხების გადარიცხვის დეტალების შესახებ. მედვედევთან დაკავშირებული 15 ფონდიდან მხოლოდ ორს აქვს აქტიური ვებსაიტი. 2017 წელს გამოქვეყნებულ გამოძიებაში ალექსეი ნავალნიმ მიუთითა, რომ მედვედევთან დაკავშირებული ფონდები ფინანსდებოდნენ ყოფილ პრეზიდენტთან და „გაზპრომბანკთან“ (2000-იანი წლების დასაწყისში მედვედევი „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობდა.) დაახლოებული ოლიგარქების მიერ. მედვედევმა ამ გამოძიებას „სისულელე და რაღაც დოკუმენტები“ უწოდა და კომენტარი არ გააკეთა. მედვედევმა ასევე უგულებელყო საგამოძიებო ჯგუფ „სისტემის“ მიერ გაგზავნილი კითხვები. იგივე გააკეთა მედვედევთან დაკავშირებულმა ყველა ფონდმა.
კიდევ ერთი დეტალი: ეს ფონდები შემოწირულებებს არა მხოლოდ გარედან, არამედ ერთმანეთისგანაც იღებენ. თუმცა შენატანების ზრდა კორელაციაშია ამ ფონდებში სახსრების ნაშთების ზრდასთან. საერთო ჯამში წლის ბოლოს, ისინი, როგორც წესი, 30 მილიარდ რუბლს (380 მილიონი აშშ დოლარი) არ აღემატებოდა. 2023 წლის შედეგების მიხედვით კი 78,6 მილიარდი რუბლი შეადგინა, ხოლო 2024 წლის ბოლოსთვის რეკორდული 86 მილიარდი რუბლი (849 მილიონი აშშ დოლარი) დაგროვდა.
რაში დაიხარჯება ეს კოლოსალური თანხა?
დახმარება СВО-ს და სხვა
2023 წლის მარტში, მედვედევის Telegram-ზე პირველი პოსტის გამოქვეყნებიდან ერთი წლის თავზე, რუსეთში დარეგისტრირდა ფონდი „ნაშა პრავდა“ („ჩვენი სიმართლე“), რომლის მთავარი მიზანია „რუსეთის არმიისა და მოსახლეობის მხარდაჭერა სვო-ს ტერიტორიაზე“. ფონდი რუსეთის ჯარს ათასობით დრონით, ასევე ღამის ხედვის მოწყობილობებით, სამიზნეებით, აღჭურვილობით, გენერატორებითა და სამედიცინო აღჭურვილობით ამარაგებს. ფონდის ვებსაიტზე ნათქვამია, რომ ორი წლის განმავლობაში „ნაშა პრავდამ“ 2,4 მილიარდი რუბლი (30,4 მილიონი აშშ დოლარი) დახარჯა სვო-ს დახმარებაზე.
СВО (სვო) - სპეციალური სამხედრო ოპერაცია - ასე უწოდებს რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიან ომს.
დაარსების პირველივე დღეებიდან „ნაშა პრავდა“ აქტიურად თანამშრომლობს „ედინნაია როსიასთან“, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ფონდი მედვედევის ინიციატივით შეიქმნა და მისი დამფუძნებლებიც ექსპრეზიდენტთან დაახლოებული ფონდები არიან. „ნაშა პრავდას“ საქმიანობაში ასევე მონაწილეობს მედვედევის ვაჟი, ილია, რომელიც „ედინნაია როსიას“ რიგებში 2022 წლის თებერვლის (ანუ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის) შემდეგ შევიდა.
რუსი სამხედროების დახმარების გარდა, „ნაშა პრავდას“ სხვა პროექტებიც აქვს. მაგალითად, 2025 წლის მარტში ფონდმა კრასნოდარელ ჩინოვნიკებს ანაპის სანაპიროსთან დაღვრილი მაზუთის გასაწმენდად სპეციალური აღჭურვილობა გადასცა. ამ დროს „ნაშა პრავდას“ პარტნიორი იყო ღვინის ქარხანა „სკალისტი ბერეგი“, რომლის თანამშრომლებმაც, პრესრელიზის თანახმად, „უკვე არაერთხელ მიიღეს მონაწილეობა სანაპიროს გაწმენდაში“.
რატომ გადაწყვიტა მედვედევთან დაახლოებულმა ფონდმა ანაპის დახმარება და ისიც ღვინის ქარხანასთან პარტნიორობით? სინამდვილეში, პასუხი ზედაპირზე დევს. „სკალისტი ბერეგის“ ვენახები ანაპის მახლობლად, შავი ზღვის სანაპიროსთან მდებარეობს, თავად ღვინის ქარხანა კი პირდაპირ კავშირშია მედვედევთან: სწორედ მედვედევთან დაკავშირებული ფონდები ფლობენ ღვინის ქარხანას, მედვედევის ვაჟი კი „სკალისტი ბერეგის“ დირექტორთა საბჭოს წევრია.
როგორც გაირკვა, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ანაპის ეკოლოგიაზე ფიქრის კიდევ ერთი მიზეზი აქვს. 2022 წლის დეკემბერში, მედვედევის ერთ-ერთი ფონდის საკუთრებაში არსებულმა კომპანია „ფინკონსალტინგ-K“-მა (FKK) შეიძინა კომპანია „მაკნა“, რომლის მმართველობაში იყო „სკალისტი ბერეგიდან“ შვიდი წუთის სავალსა და ზღვიდან ასი მეტრის დაშორებით მდებარე პანსიონატი „შინგარეი“, რომელსაც, თავის მხრივ, აქვს საკუთარი პლაჟი, სპა კომპლექსი, სამი ჩოგბურთის კორტი და სამედიცინო ბაზა. თუმცა, თუ დამსვენებლების შეფასებებით ვიმსჯელებთ, ამ ყველაფრის მდგომარეობა უკეთესის სურვილს ტოვებდა.
აშკარაა, მედვედევი „შინგარეით“ დიდად არ იყო აღფრთოვანებული. 2023 წლის თებერვალში „მაკნას“ სათავეში ჩაუდგა „სკალისტი ბერეგის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, უკვე აპრილში კი პანსიონის დანგრევა დაიწყო. როგორც ჩანს, ახალი მფლობელი არა იმდენად პანსიონით იყო დაინტერესებული, რამდენადაც მის ქვეშ არსებული მიწის ფართობით. მედვედევთან დაახლოებულმა „ფინკონსალტინგ-K“-მა „შინგარეის“ გარშემო შეიძინა მიწის რვა ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობი 2,5 ჰექტარზე მეტი იყო. კიდევ 4,5 ჰექტარი იჯარით აიღო „მაკნასგან“.
ეს არ იყო მედვედევის ანაპაში დამკვიდრების პირველი მცდელობა. თავისი პრეზიდენტობის დასაწყისში, მედვედევთან დაახლოებულმა ფონდმა „დარ“-მა მიწის ნაკვეთი შეიძინა ადგილობრივ ნაკრძალში. ამ ტერიტორიაზე იგეგმებოდა მდიდრული სასახლის მოწყობა ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნით, თუმცა აქტივისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის გამო მშენებლობა ჩაიშალა.
ჯერჯერობით გაურკვეველია, რა დაჯდება ახალი პროექტი და რა აშენდება „შინგარეის“ ადგილას. „ფინკონსალტინგ-K“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსეი შვეცოვმა გამომძიებელ ჟურნალისტებს ტელეფონი გაუთიშა. შვეცოვმა არ უპასუხა მესენჯერში გაგზავნილ კითხვებსაც. შეკითხვებს ასევე არ უპასუხა „სკალისტი ბერეგმა“. „მაკნას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენა კიოსამ კი კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
გავრცელებული ხმების თანახმად, „შინგარეის“ ადგილას შესაძლოა მედვედევის კიდევ ერთი აგარაკი აშენდეს. თუ მედვედევის წინა პროექტებით ვიმსჯელებთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალი აგარაკი ეკონომ-კლასის საცხოვრებელი იქნება.
ცხოვრების სიამენი
ალექსეი ნავალნის გუნდი იყო პირველი, ვინც დეტალურად აღწერა მედვედევის სიყვარული ფუფუნებისადმი. 2017 წლის გამოძიებაში ნაჩვენები იყო მედვედევის რეზიდენციები პლიოსში, კურსკის ოლქში, სოჭსა და რუბლიევკაში, იახტები და ასევე ღვინის ქარხანა „სკალისტი ბერეგი“. გამოძიების ერთ-ერთი ავტორის, გეორგი ალბუროვის თქმით, ყოველწლიურად ამ მამულის მოვლა-პატრონობაზე მინიმუმ 3.5 მილიარდი რუბლი (44.2 მილიონი აშშ დოლარი) იხარჯება.
„სისტემამ” გაარკვია, რომ გამოძიებით გამოვლენილი თითქმის მთელი ქონება კვლავ მედვედევთან დაახლოებული ფონდების საკუთრებაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მოვლა-პატრონობა სავარაუდოდ უფრო იაფი არ ჯდება. მეტიც, როგორც ჩანს, „მედვედევის“ ფონდებზე დაწოლა კიდევ უფრო გაიზარდა. ნავალნის გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, მედვედევთან დაახლოებულ ფონდ „დარ“-ს ბალტიის ზღვის სანაპიროზე, კალინინგრადში 16 ჰექტარი მიწა უპოვეს. თუმცა მალევე ნაკვეთები გადააფორმეს სხვა ფონდზე („ნევსკი“), რომელიც ასევე მედვედევის გუნდთან არის დაკავშირებული.
როგორც გაირკვა, „ნევსკი“ ომის დროსაც განაგრძობდა ქონების შეძენას. 2023 წლის აგვისტოში ფონდს „წილად ხვდა“ ორსართულიანი სახლი სანქტ-პეტერბურგის მახლობლად, სოფელ კომაროვოში. წესით, მედვედევი ამ ადგილს კარგად უნდა იცნობდეს. როგორც მედია წერს, სწორედ აქ, პრეზიდენტობის პერიოდში, გადაწყვიტა მედვედევმა კიდევ ერთი აგარაკის აშენება. უფრო მეტიც, ჟურნალისტების ცნობით, კომაროვოში მშენებლობის ხარჯები სავარაუდოდ, „გაზპრომმა“ დააფინანსა.
2024 წელს „ნევსკის“ ბალანსი კვლავ შეივსო სანქტ-პეტერბურგის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონებით. საუბარია ქალაქ პავლოვსკზე, რომელთანაც მედვედევს „ტკბილი მოგონებები“ აკავშირებს: ბავშვობაში სწორედ ამ ქალაქში ატარებდა ის ზაფხულის არდადეგებს. როგორც ირკვევა, მედვედევის დედა ამ ქალაქში მუშაობდა ხოლმე სეზონურად გიდად და შვილთან ერთად პატარა აგარაკსაც ქირაობდა 9 იანვრის ქუჩაზე. თავისი ბავშვობის ქალაქი პრეზიდენტმა მედვედევმა 2009 წელს მოინახულა, ორი წლის შემდეგ კი „9 იანვრის“ ქუჩაზე მშენებლობა დაიწყო. შედეგად, შეიქმნა მამული ბაღითა და ორსართულიანი სასახლით, რომელიც ომის მესამე წელს „ნევსკის“ საკუთრებად დაარეგისტრირეს. ფონდმა არ უპასუხა „სისტემის“ მიერ გაგზავნილ კითხვებს, ხოლო მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა უგულებელყო როგორც სატელეფონო ზარები, ასევე მესენჯერში გაგზავნილი შეტყობინებები.
ომის დროს მედვედევთან დაკავშირებული ფონდების ქონება მხოლოდ ახალი აგარაკებით როდი შეივსო. „ფინკონსალტინგ-K“-მა თავისი აქტივები გაზარდა 2024 წლის ნოემბერში კრასნოდარის მხარეში 5 ჰა ვენახის შეძენით. ახალი ეგზემპლარებით შეივსო იახტების კოლექციაც. გარდა ამისა, მედვედევის არაფორმალურ ჰოლდინგში გაჩნდა კერძო საინვესტიციო ფონდიც.
ოჯახური ინვესტიციები
მედვედევმა თავისი ფონდების იმპერია თანაკურსელებსა და ნათესავებს ანდო. დროთა განმავლობაში, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის გუნდი ბუნებრივი მიზეზების გამო შემცირდა (2025 წელს დმიტრი მედვედევი 60 წლის ხდება). ალბათ, სწორედ ამიტომ დაიწყო მედვედევთან დაახლოებული ფონდების მართვაში ახალი ადამიანების გამოჩენა. ერთ-ერთი ასეთი ახალი მენეჯერი 42 წლის დმიტრი გრიგორიევია.
გრიგორიევი ერთდროულად „მედვედევის“ რამდენიმე ფონდში იკავებს სხვადასხვა თანამდებობას (კონსულტანტიდან დაწყებული, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარით დამთავრებული). როგორ დაიმსახურა გრიგორიევმა ასეთი ნდობა? სავარაუდოდ, პასუხი მისი მამის, ევგენი გრიგორიევის კავშირებშია. უფროსი გრიგორიევი კგბ-ში მუშაობდა და დაკავშირებულია ვლადიმირ პუტინის გარემოცვასთან. გარდა ამისა, გრიგორიევ-უფროსი 2014 წლიდან სანქტ-პეტერბურგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტსაც ხელმძღვანელობს. სწორედ ამ კომიტეტიდან დაიწყო პუტინისა და მისი არაერთი თანამებრძოლის, მათ შორის მედვედევის პოლიტიკური კარიერა.
გრიგორიევ-უმცროსი დაკავშირებულია არა მხოლოდ მედვედევის გარემოცვის ფონდებთან - ის ასევე არის ფირმა „არქტიკ ინვესტის“-ის თანამფლობელი. კომპანია 2022 წლის დეკემბერში დარეგისტრირდა და საკუთარ თავს ოჯახური კაპიტალის მართვის კერძო საინვესტიციო ფონდი უწოდა (private equity family office). გაურკვეველია, კერძოდ რომელ ოჯახზე ან ოჯახებზეა საუბარი. თუმცა, როგორც ჩანს, გრიგორიევ-უმცროსის კლიენტებს შთამბეჭდავი კაპიტალი აქვთ. „არქტიკ ინვესტის“ ვებსაიტის ცნობით, ფონდი მართავს 15-ზე მეტ საწარმოს, რომელთა ჯამური აქტივები 30 მილიარდ რუბლს (380 მილიონ აშშ დოლარს) აღემატება.
„არქტიკ ინვესტი“ ასევე დაინტერესებულია „მნიშვნელოვანი ზრდის პოტენციალის მქონე საშუალო და მცირე კომპანიებში საკონტროლო წილების” შეძენით. „არქტიკ ინვესტის“ პირველ პროექტებს ძნელად შეიძლება სტარტაპები ეწოდოთ. 2024 წელს კომპანიამ შეიძინა სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთი რესტორნის წილი და მოსკოვში მდებარე „Club 2“-ის 75%. ეს უკანასკნელი იმითაა ცნობილი, რომ დაკავებულია ღონისძიებების (ქორწილები და იუბილეები) ორგანიზებით და მოსკოვის მახლობლად, მასლოვოს კომპლექსის ტერიტორიაზე, საცურაო აუზსა და სპორტულ დარბაზებს აქირავებს. ნავალნის გუნდის ცნობით, სწორედ აქ მდებარეობს მედვედევის ერთ-ერთი რეზიდენცია.
ინვესტიციებისადმი გრიგორიევის ინტერესი მხოლოდ „არქტიკ ინვესტით“ არ შემოიფარგლება. 2023 წლის აგვისტოში მან დააარსა კომპანია „ინვესტმენტსი“, რომელიც მომდევნო თვეშივე დაუთმო ფონდ „ნაშა პრავდას“, თუმცა თვითონ „ინვესტმენტსის“ აღმასრულებელ დირექტორად დარჩა. 2024 წლის ბოლოს კომპანიას მხოლოდ ერთი პროექტი ჰქონდა სახელწოდებით „ბორეი“ (მასაც გრიგორიევი მართავს). თუ ვებსაიტის მიხედვით ვიმსჯელებთ, „ბორეი“ კომპანიას სახელმწიფო დაფინანსების (მათ შორის „სკოლკოვოს“ ფონდიდან ინვესტიციების) მიღებაში ეხმარება.
როგორც ჩანს, გრიგორიევს მართლაც აქვს წვდომა „სკოლკოვოზე“. სულ მცირე, მისი „არქტიკ ინვესტი“ ფონდის ერთ-ერთი პარტნიორია. თუმცა, ეს გასაკვირი არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ „სკოლკოვოს“ სამეურვეო საბჭოს დმიტრი მედვედევი ხელმძღვანელობს. გრიგორიევის პროექტებში მის ჩართულობაზე ირიბად მიუთითებს ის ფაქტი, რომ როგორც „არქტიკ ინვესტის“, ასევე „ინვესტსმენტის“ ერთადერთ კრედიტორად გვევლინება მედვედევთან დაახლოებული „ფინკონსალტინგ-K“, რომლის მიმართ გრიგორიევის ფირმების მთლიანი ვალი 500 მილიონ რუბლს (4,9 მლნ აშშ დოლარი) აღემატება.
გრიგორიევმა „სისტემის“ ჟურნალისტის ზარს უპასუხა, თუმცა როდესაც გაიგო, რომ საუბარი მედვედევზე იქნებოდა, ტელეფონი გათიშა. თავდაპირველად, გრიგორიევმა თქვა, რომ ის „გზაში“ იყო და „კავშირი წყდებოდა“. მაგრამ ზარებისა და შეტყობინებებისათვის არც შემდეგ უპასუხია.
დმიტრი მედვედევთან დაკავშირებული ფონდები უკრაინასთან ომს თავიანთი საქმიანობის პოტენციურ რისკად და ხელშემშლელ ფაქტორად მიიჩნევენ, თუმცა 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, ომს არანაირი ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია ამ ორგანიზაციების მუშაობაზე, რაც მათი ანგარიშებიდანაც დასტურდება. ანგარიშებში ასევე ნათქვამია, რომ ფონდები ვერ ხედავენ „აქტივობების მნიშვნელოვნად შემცირების“ საჭიროებას და აპირებენ საქმიანობის გაგრძელებას „უახლოეს მომავალში“.
მედვედევის მომავალიც უღრუბლო ჩანს. შემოდგომაზე მის კონტროლქვეშ გადავიდა სახელმწიფო ტელეკომუნიკაციების მონსტრი „როსტელეკომი“. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, პუტინი დემონსტრაციულად გამოარჩეს მას სხვა თანამდებობის პირებისგან, ხოლო სახელმწიფო მედიაჯგუფის, „რაშა თუდეის“ ხელმძღვანელი მარგარიტა სიმონიანი კი რუსეთის უშიშროების საბჭოს ბლოგერ თავმჯდომარის მოადგილეს თავაზიან რევერანსებს უკეთებს. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე მედვედევის „საფულეებსა“ და პროექტებს საფრთხე არ ემუქრებათ.
ფორუმი