Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთში ორ ქართველს ასამართლებენ ევროკავშირის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო


ბრალდების მხარე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ დანაშაულზე საუბრობს და ბრალდებულებისთვის 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.
ბრალდების მხარე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ დანაშაულზე საუბრობს და ბრალდებულებისთვის 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

მოკლედ

  • ფინეთის პროკურატურამ ბრალი წაუყენა Eagle S-ის კაპიტანს დავით ვადაჭკორიას და მის ორ თანაშემწეს, კაბელების დაზიანების საქმეში.
  • ტანკერმა, სავარაუდოდ, ღუზის გადათრევით გაანადგურა ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი 5 კაბელი, მათ შორის - ელექტრო- და ინტერნეტკაბელები.
  • პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. დაცვის მხარე ინციდენტს ტექნიკურ პრობლემებს უკავშირებს.
  • ტანკერი Eagle S, რომელიც რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ნაწილია, საერთაშორისო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

ფინეთის სასამართლომ 25 აგვისტოს დაიწყო საქმის განხილვა ტანკერ Eagle S-ის ეკიპაჟის სამი წევრის წინააღმდეგ, რომელთაგანაც ორი, მათ შორის - კაპიტანი, საქართველოს მოქალაქეა. მათ გასული წლის დეკემბერში, ბალტიის ზღვაში ხუთი წყალქვეშა კაბელების განზრახ დაზიანება ედებათ ბრალად.

ევროკავშირის თავდაპირველი ინფორმაციით, Eagle S რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს წარმოადგენს. ამ ვერსიას, ადგილობრივი მედიის თანახმად, ფინეთში ამ დრომდე განიხილავენ.

39 წლის კაპიტანს, დავით ვადაჭკორიასა და მის ორ თანაშემწეს, რომელთაგანაც ერთი - ასევე საქართველოს მოქალაქეა, ფინეთის პროკურატურამ ბრალი 11 აგვისტოს წაუყენა. ეკიპაჟის დანარჩენი წევრები ბრალდებულთა სიაში არ არიან.

ვადაჭკორია მომხდარს შემთხვევითობას მიაწერს და კატეგორიულად უარყოფს რუსეთის გეგმით მოქმედებას. უარყოფს, რომ ტანკერი რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტს" წარმოადგენს.

კუკის კუნძულებზე დარეგისტრირებული ტანკერი, რომელიც რუსეთის პორტ უსტ-ლუგადან გავიდა, ფინელმა სამართალდამცველებმა გასული წლის დეკემბერში დააკავეს, მალევე, როცა ბალტიის ზღვის ფსკერზე სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა განადგურდა.

კაბელების გადაჭრისა და გაზსადენების დაზიანების შემთხვევები ბალტიის ზღვაში მას შემდეგ გახშირდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამ ფაქტებში ბევრი რუსეთის ხელწერას ხედავს. Eagle S-სთან დაკავშირებული ფაქტი ნატოს ქვეყნებისთვის განგაშის კიდევ ერთი სიგნალი იყო.

თავიდანვე ნათელი იყო, რომ საქმეს დიდი ყურადღება დაეთმობოდა, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კაბელის დაზიანების შემდეგ, ფინეთმა გემის გაჩერება და ეკიპაჟის დაკავება მოახერხა.

დავით ვადაჭკორია - Eagle S-ის კაპიტანი, საქართველოს მოქალაქე.
დავით ვადაჭკორია - Eagle S-ის კაპიტანი, საქართველოს მოქალაქე.

ტანკერის კაპიტანი - 39 წლის დავით ვადაჭკორია ადგილობრივ მედიასთან ჰყვება, რომ ფინეთის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებისგან მიღებულ სიგნალს 5-7 წუთში დაემორჩილა და ტანკერი გააჩერა. არ ესმის, რატომ უნდა გაეწია წინააღმდეგობა შეიარაღებული ადამიანებისთვის, როცა გასაქცევად არ ჰქონდა საქმე.

“მათ დაიწყეს ვერტმფრენიდან დაშვება ისეთი აგრესიით, თითქოს ტერორისტები დააკავეს. 60-70 სამხედრო თუ პოლიციელი იქნებოდა, სრული აღჭურვილობით - იარაღები, კამერები, ყველაფერი ჰქონდათ, სრულად…” - უთხრა შვედურენოვან Yle-ს დავით ვადაჭკორიამ, რომელიც დაკავებული არ არის, მაგრამ აკრძალული აქვს ჰელსინკიდან გასვლა. ასევეა სხვა ბრალდებულების შემთხვევაშიც.

კაპიტანი ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. ამბობს, რომ ფინეთის სასამართლოს ენდობა.

რაზე მსჯელობს ფინეთის სასამართლო

როგორც ფინეთის მედია იუწყება, ჰელსინკის სასამართლო ფოკუსირებული იქნება საკითხზე - უნდა შეემჩნია თუ არა ეკიპაჟს, რომ ღუზა ჩაშვებული იყო და ტანკერი მას 90 კილომეტრის მანძილზე მიათრევდა.

ღუზა 11000 კილოგრამს იწონის.

პროკურატურის განმარტებით, ფსკერზე ღუზის გადათრევის დროს ტანკერმა გაანადგურა ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი 5 კაბელი. ლაპარაკია ელექტროკაბელზე Estlink 2 და კიდევ ოთხ ინტერნეტკაბელზე.

ბრალდების მხარე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ დანაშაულზე საუბრობს და ბრალდებულებისთვის 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

როიტერსს მოჰყავს სახელმწიფო ბრალმდებლის, ჰაიდი ნუმელას სიტყვები, რომ მართალია, გამოძიებამ ვერ მიაკვლია ღუზის სამაგრზე ხელოვნური ზემოქმედების კვალს, თუმცა სამივე საყრდენის მწყობრიდან გამოსვლა, სულ მცირე - ეკიპაჟის მხრიდან უხეშ გულგრილობაზე მიუთითებს.

Estlink 2-ი დაახლოებით 170 კილომეტრზეა გაჭიმული, აქედან 145 კილომეტრი - წყლის ქვეშ. ამ კაბელის საშუალებით ელექტროენერგია მიეწოდება ესტონეთს, ფინეთის უახლესი ატომური ელქტროსადგურიდან. პროექტზე 320 მილიონი ევროა დახარჯული. ცალკე, 100 მილიონი ევრო დახარჯული ევროკავშირს.

დავით ვადაჭკორიას თქმით, მთელი მისი ეკიპაჟი უდანაშაულოა; მომხდარი უბრალოდ საზღვაო ინციდენტია, რადგან მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ - თუკი ღუზა ფსკერს ეხებოდა.

  • EstLink-2 მწყობრიდან 25 დეკემბერს, 12:26 საათზე გამოვიდა;
  • სწორედ ამ დროს, Marinetraffic-ის თანახმად, ფინეთის ყურეში, წყალქვეშა კაბელის თავზე, Eagle S-ი გადაადგილდებოდა.
  • როგორც აღწერენ - ტანკერმა მოძრაობა საეჭვოდ შეანელა, რამდენიმე წუთის განმავლობაში გაჩერებულიც იყო, შემდეგ ისევ ნელა მოძრაობდა და სიჩქარე რამდენიმე საათის შემდეგ აკრიფა.
  • იმავე დღის 18:00-19:00 საათის შუალედში ტანკერმა კიდევ ოთხი კაბელი გადაჭრა.


როიტერსის თანახმად, სახელმწიფო ბრალდებისთვის დანაშაულებრივ განზრახვაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ინტერნეტკაბელების დაზიანებამდე, 15:20 საათზე, ეკიპაჟმა არასწორი პასუხი გასცა ღუზასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს.

დაცვის მხარე ირწმუნება, რომ ტანკერმა მოძრაობის სიჩქარე ძრავასთან დაკავშირებული პრობლემის გამო შეამცირა.

ტანკერის მექანიკოსი, რომელსაც ბრალდებულის სტატუსი არა აქვს, ადგილობრივ მედიასთან 21 აგვისტოს აღნიშნავდა, რომ - ვადაჭკორიამ ღუზის დაშვება და ფსკერზე თრევა ნამდვილად ვერ შეამჩნია და მთელ ეკიპაჟს პრობლემა სწორედ ძრავასთან დაკავშირებული ეგონა.

“ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ ტანკერ Eagle S-ის საქმეზე ბრალდებულია საქართველოს ორი მოქალაქე. “საკონსულო კომპეტენციის ფარგლებში მუდმივად იყო კავშირზე საქართველოს მოქალაქეებთან და ახლაც კავშირზეა”, - საგარეო უწყებაში დაგვიზუსტეს ასევე, რომ საქართველოს მოქალაქეებთან კომუნიკაცია შეეხება მხოლოდ ჰუმანიტარულ საჭიროებებს.

რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტი"

როგორც იუწყებიან ფინეთის სანაპირო დაცვამ ტანკერი ხუთივე კაბელის გადაჭრის შემდეგ რამდენიმე საათში, საერთაშორისო წყლებში გააჩერა და დათვალიერების შემდეგ შეიყვანა ფინეთის ტერიტორიულ წყლებში.

დავით ვადაჭკორია აღნიშნავს, რომ ფინეთის მხარეს საერთაშორისო წყლებში მათი აყვანის უფლება არ ჰქონდა და საქმეს ფინეთის სასამართლო არ უნდა განიხილავდეს.

  • 28 დეკემბერს ტანკერი საერთაშორისო წყლებიდან ფინეთის ქალაქ პორვოოს პორტში გადაიყვანეს.
  • 29 დეკემბრისთვის, ფინელმა გამომძიებლებმა ბალტიის ზღვის ფსკერზე, სავარაუდოდ, ღუზის მიერ დატოვებული ათეულობით კილომეტრის სიგრძის კვალი აღმოაჩინეს.
  • იანვარში კი, ფინეთის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია ჯაჭვიდან მოწყვეტილი ღუზის აღმოჩენის შესახებ.


ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კაბელების დაზიანებასთან ერთად, გამოძიება შეისწავლიდა ბალტიის ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ მოქმედების სქემებს.

„ეჭვმიტანილი ტანკერი რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია, რომელიც უსაფრთხოებასა და გარემოს უქმნის საფრთხეს და აფინანსებს რუსეთის ომის ბიუჯეტს... მივიღებთ დამატებით ზომებს, სანქციების ჩათვლით, ამ ფლოტის წინააღმდეგ“, - 2024 წლის 26 დეკემბერს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა, პლატფორმა X-ზე, ევროკომისიასთან ერთად შემუშავებული განცხადება გამოაქვეყნა.

ივლისში, ევროკავშირმა, სანქციების მე-18 პაკეტის ფარგლებში, სანქციები დაუწესა რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 105 გემს.

სანქცირებული მცურავი საშუალებების სია მნიშვნელოვნად გააფართოვა დიდმა ბრიტანეთმაც.

„ჩრდილოვან ფლოტში“ იგულისხმება ფორმალურად სხვა ქვეყნებში დარეგისტრირებული ხომალდები, რომლებსაც რუსეთი სანქციებისთვის თავის ასარიდებლად იყენებს. ეს არის საშუალება ქვეყნებისთვის, რომლებსაც აკრძალული აქვთ ნავთობით ვაჭრობა ან, როგორც რუსეთის შემთხვევაშია - ვაჭრობაზე შეზღუდვაა დაწესებული (მაქსიმალური ფასის განსაზღვრით). ექსპერტთა შეფასებით, რუსეთის ნავთობის თითქმის 70 პროცენტის ექსპორტი სწორედ „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების მეშვეობით ხორციელდება.

რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" გემები, ექსპერტების შეფასებით, როგორც წესი, ძველი და მწყობრიდან გამოსულია. სხვადასხვა წყაროს ცნობით, Eagle S-ი 20 წელზე მეტს ითვლის.

თავდაპირველი ინფორმაციით, ტანკერი რუსული ნავთობპროდუქტებით იყო დატვირთული.

რუსეთის მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ მწყობრიდან გამოსულ, ტანკერზე აღმოაჩინეს ბენზინი, რომელიც სანქციების გვერდის ავლით, დიდი შვიდეულის მიერ დაშვებულ ფასზე [60 დოლარზე] ძვირად უნდა გაეყიდათ. „Новая газета.Балтия“-ს ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაზრო ფასი 80 მილიონ დოლარს უტოლდებოდა. ინფორმაცია დაუზუსტებელია.

დეკემბრის შემდეგ, გამოძიება ყველა დეტალს შეისწავლიდა. ფინელმა სამართალდამცველებმა ტანკერიდან ამოიღო კომპიუტერები, კამერები, მობილური ტელეფონები - და სხვა ციფრული ტექნიკა.



  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG