რა უნდა ვიცოდეთ?
სააგენტო ასოშიეიტიდ პრესმა (AP) 7 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპი მომავალ კვირაში, ახლო აღმოსავლეთში დაგეგმილი ვიზიტის დროს, აპირებს სპარსეთის ყურის სახელის შეცვლა გამოაცხადოს.
კომენტატორები, მათ შორის, ტრამპის ირანული პოლიტიკის მხარდამჭერები, შიშობენ, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა მას ის ირანელი ამერიკელები დაუპირისპიროს, რომლებიც მხარს უჭერენ ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკას ირანის მიმართ, და არ არის გამორიცხული, ბირთვულ მოლაპარაკებებზეც კი უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას ფიქრობდა სახელის შეცვლაზე, ტრამპმა თქვა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, თუმცა დარწმუნებულია, რომ ამ თემაზე ახლო აღმოსავლეთის ტურნეში ჰკითხავენ. “არ მინდა ვინმეს გრძნობები დავაზიანო”, - თქვა მან ოვალურ ოფისში გამართული ბრიფინგისას.
რატომ არის სახელი ასე მნიშვნელოვანი?
ტერმინი "სპარსეთის ყურე" ირანში ეროვნული სიამაყის წყაროა და მისი შეცვლა ქვეყნის იდენტობისა და ისტორიის შეურაცხყოფად აღიქმება.
მართალია, აშშ-ის ხელისუფლება ოფიციალურად დღემდე ყოველთვის იყენებს ტერმინს "სპარსეთის ყურე", სამხედრო ძალები ხანდახან "არაბეთის ყურესაც" ხმარობენ, არაბი პარტნიორების გულის მოსაგებად.
მიუხედავად იმისა, რომ თეთრ სახლს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია, არსებობს პრეცედენტი: წლის დასაწყისში ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას მექსიკის ყურისთვის სახელად “ამერიკის ყურედ" გადარქმევის შესახებ, რამაც გამოიწვია სამართლებრივი დავა Associated Press-თან, რომელიც სასამართლომ მედიის თავისუფლების სასარგებლოდ დაასრულა.
ვინ რას ამბობს?
ანალიტიკოსები ტრამპის ადმინისტრაციას აფრთხილებენ, რომ სახელის გადარქმევამ შესაძლოა რეალური გეოპოლიტიკური შედეგები გამოიწვიოს, მათ შორის ბირთვული მოლაპარაკებების ჩაშლა თეირანსა და ვაშინგტონს შორის, ან ირანის რეგიონული მოწინააღმდეგეების გაძლიერება, განსაკუთრებით სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით, როგორიცაა სტრატეგიული კუნძულები სპარსეთის ყურეში - აბუ მუსა, დიდი ტუნბი და პატარა ტუნბი. კუნძულებს ირანი აკონტროლებს, თუმცა მათზე პრეტენზია არაბთა გაერთიანებულ საამიროებს აქვს.
- ირანის პარლამენტის კონსერვატორმა თავმჯდომარემ, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა მიანიშნა, რომ რეგიონის არაბულმა სახელმწიფოებმა შესაძლოა გარკვეულად წაახალისეს ტრამპს ეს შესაძლოა ნაბიჯი:
„დოლარითა და დირჰამით შეიძლება ფეხსაცმელი და ტანსაცმელი იყიდო“, - დაწერა ღალიბაფმა X-ზე (ყოფილი Twitter) - „მაგრამ ისტორია და გეოგრაფია არ იყიდება“.
- ამასობაში ირანის ტახტის ყოფილი მემკვიდრე, პრინცი რეზა ფეჰლევი ამბობს, რომ სპარსეთის ყურის სახელის შეცვლა „ირანელი ხალხის შეურაცხყოფაა.“
„სპარსეთის ყურე ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობაა და მისი სახელის დაცვა თითოეული ჩვენგანის ეროვნული ვალდებულებაა, ყველანაირი გზით“, - თქვა მან.
- ჟენევის ინსტიტუტის (Geneva Graduate Institute) უფროსმა მკვლევარმა ფარზან საბეთმა ბრალი ირანის ისლამურ რესპუბლიკას დასდო და X-ზე დაწერა:
„მათ ირანი ისე დაასუსტეს და დასავლეთში და მის მიღმა ისეთი გავლენა დაკარგეს, რომ უკვე არაერთმა არაარაბულმა ქვეყანამაც შეცვალა ტერმინის გამოყენება. ეს მხოლოდ ერთ-ერთი მორიგი დამცირებაა, რომლის გადატანად ირანელებს ცუდი მმართველობის გამო უწევთ”, - თქვა საბეთმა.
ფორუმი