მისი ამოცანაა ინდივიდის გათელვა, „ლაგერის“ მტვრად ან სახელმწიფო მანქანის ჭანჭიკად გადაქცევა, დაუმორჩილებლობის ნებისმიერი მცდელობის აღმოფხვრა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების განადგურება, ხოლო ლოიალურად განწყობილების სიკვდილამდე დაშინება. ამ სისტემაში ადამიანმა, რომელმაც კარიერულ მწვერვალებს მიაღწია, შეიძლება ყველაფერი ერთ წუთში დაკარგოს; უცოდველია მხოლოდ ღვთის დარი ლიდერი.
სტალინის ბანაკების ყოფილმა ტუსაღმა, ფიზიკოსმა გიორგი დემიდოვმა დიდი ტერორის ეპოქაზე, სსრკ-ში გამოქვეყნების იმედის გარეშე, სამი მოთხრობა დაწერა. 1980 წელს კგბ-ს ოფიცრებმა ჩხრეკა ჩაატარეს და მისი ხელნაწერები წაიღეს. დემიდოვი 1987 წელს გარდაიცვალა, მისმა ქალიშვილმა ა. იაკოვლევის დახმარებით მოახერხა ხელნაწერების დაბრუნება, 2009 წელს კი პირველად გამოიცა მოთხრობა „ორი პროკურორი“ (1969). ნაწარმოებში ახალგაზრდა პროკურორი, კორნევი, გენერალურ პროკურორს, ანდრეი ვიშინსკის, მასობრივი რეპრესიების ერთ-ერთ არქიტექტორს, მიმართავს და უყვება ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ არღვევენ კანონს ჩეკისტები ბრიანსკში, როგორ აყალბებენ საქმეებს და აწამებენ ბრალდებულებს. კორნევი დარწმუნებულია, რომ ამხელს მავნებელთა ქმედებას და აზრადაც კი არ მოსდის, რომ საქმე აქვს თავად სტალინის მიერ შექმნილ სისტემასთან.
გიორგი დემიდოვის ქალიშვილმა რადიო თავისუფლებას მოუყვა, თუ როგორ სძულდა მამამისს საბჭოთა სისტემა. მწერლისათვის აშკარა იყო სისტემის სადისტური ბუნება, მაგრამ რაც შეეხება მოთხრობის იდეალისტ გმირს, მას თვალები ძალიან გვიან აეხილება. „ნიადაგი, რომელზეც სტალინის ან მაოს მსგავსი რეჟიმები აღმოცენდება თავიანთი ერთპიროვნული დიქტატურით, ოპრიჩნინითა და სამართლებრივ-ეთიკური ნორმების სრული უგულებელყოფით, ხალხის სამოქალაქო უმწიფრობაა, რაც განვითარების გარკვეულ ეტაპებზე გარდაუვალი და ბუნებრივიც კია, მაგრამ დროში გაჭიანურებული და ხელოვნურად ნასაზრდოები ასეთი უმწიფრობა აუცილებლად გადაიზრდება სამოქალაქო ინფანტილიზმში, ხოლო მისგან დაზიანებული ხალხი იქცევა კოლექტიურ პოლიტიკურ უმწიფრობად, რომელსაც არ შეუძლია კანონისა და უკანონობის გარჩევა“, - აღნიშნავდა გიორგი დემიდოვი.
14 მაისს კანის კინოფესტივალზე გაიმართა უკრაინელი რეჟისორის, სერგეი ლოზნიცას ფილმის, „ორი პროკურორის“ პრემიერა. პროკურორ კორნევის როლი ბრწყინვალედ ითამაშა ალექსანდრ კუზნეცოვმა, ვიშინსკის როლი - ანატოლი ბელიმ, ხოლო ჩეკისტური განუკითხაობის მსხვერპლისა - ალექსანდრ ფილიპენკომ, რომელიც ასევე ასრულებს კიდევ ერთ როლს, შშმ მგზავრისა მატარებელში.
გაზეთმა The Guardian-მა დაწერა „შიშის გამყინავ სიცივეზე“, რომელიც ამ მოთხრობიდან უბერავს და შეადარა ის დოსტოევსკის „მკვდარი სახლის ჩანაწერებსა“ და კაფკას „გოდოლს“. გამოცემა Variety-ის მიმომხილველის თქმით, ფილმი ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც კამიუს, კაფკას ან ორუელის იმ წიგნების კითხვა, „რომელთა გვერდები დრომ შელახა, მაგრამ იდეები კვლავაც მტკივნეულად ცოცხალია“.
სერგეი ლოზნიცამ ფილმზე მუშაობის შესახებ ისაუბრა რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის რუბრიკაში „კულტურის დღიური“.
– მახსოვს ამბობდით, რომ მოისმინეთ ჩვენი გადაცემა გიორგი დემიდოვის შესახებ და რომ დაგაინტერესათ. მინდა გკითხოთ, ამის შემდეგ დაინტერესდით და წაიკითხეთ მოთხრობა „ორი პროკურორი“?
სერგეი ლოზნიცა: არა, რეგულარულად ვყიდულობდი გამომცემლობა „ვოზვრაშჩენიეს“ წიგნებს. ეს გამომცემლობა ყოფილი პატიმრების მემუარებს ბეჭდავდა და დემიდოვის წიგნიც ჩემს ბიბლიოთეკაში აქედან აღმოჩნდა. ჯერ წავიკითხე „ორი პროკურორი“, შემდეგ კი მოვისმინე თქვენი ინტერვიუ მწერლის ქალიშვილთან. როდესაც მხატვრული ფილმის გადაღების შესაძლებლობა გაჩნდა, მივმართე „ორ პროკურორს“. სინამდვილეში, მინდა დემიდოვის ყველა მოთხრობის ეკრანიზება, რადგან ყველა მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ოდნავ განსხვავებული ხედვაა, რომელიც განსხვავდება 1930-იანი წლებისა და გულაგის მრავალი მსგავსი მოგონებისგან, რადგან დემიდოვი გვთავაზობს, მომხდარს გარედან დავაკვირდეთ და დავინახოთ ტერორის ტექნოლოგიები თუ მეთოდები.
დემიდოვის პერსონაჟები აკეთებენ არჩევანს, რომლის გამოც ისინი არასწორი მიმართულებით მიდიან. ყველა ისტორია აღწერს იმ ადამიანების წარუმატებელ სტრატეგიებს, რომლებიც ან ციხეში აღმოჩნდნენ, ან ვინმეს დაცვას ცდილობდნენ, როგორც ამ მოთხრობაშია („ორი პროკურორი“).
– შეიძლება ითქვას, რომ ეს გმირული სტრატეგიაა.
სერგეი ლოზნიცა: კი, მაგრამ ეს შემდეგი კითხვაა. საერთოდ რამდენად მიზანშეწონილია ეს კონცეფცია? რამდენად შესაბამისია ამგვარ სისტემაში რომანტიკული გმირის ცნება? რამდენად ქმედითია ის?
– ნიშანდობლივია, რომ ყველა, ასე თუ ისე, წარმოადგენს სისტემის ნაწილს. ჯალათიც, მსხვერპლიც და რომანტიკული გმირიც - ყველანი ჭანჭიკები არიან, ყველანი საბჭოთა ხელისუფლებას უჭერენ მხარს.
სერგეი ლოზნიცა: ამის თქმა შეგვიძლია ჩვენი ცოდნიდან გამომდინარე. დიახ, ფილმშიც და ტექსტშიც არის ასეთი დიალოგები და რეპლიკები, რომლებიც უხერხულობას მიქმნიან. მაგალითად, საბჭოთა იურისტის საუბარი სოციალისტურ სამართლიანობაზე. რა სოციალისტური სამართლიანობა? ეს ნონსენსია. თუმცა ეს არის ჩემი ახლანდელი ცოდნა იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა მაშინ. არადა მაშინ ადამიანები სრულიად სხვა სამყაროში ცხოვრობდნენ, სრულ უცოდინარობაში.
ჩვენი გმირი არსებობს სივრცეში, რომლის შესახებაც მან, ფაქტობრივად, არაფერი იცის. მას ჰგონია, რომ ესმის, მაგრამ ასე არ არის. ხოლო მეორე პერსონაჟს, რომლის დაცვასაც ის ცდილობს, უცოდინარობის გამო გარდაუვალ სიკვდილზე გზავნის. კეთილი საქმის გაკეთების მცდელობისას, ის თავისი შესაძლო მხსნელის ბედს წყვეტს. ზოგადად ეს არის ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ტრაგედია: იმის ვერგაგება, თუ სად იმყოფება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, გავიგოთ სად ვართ და რა ხდება ჩვენ გარშემო.
– ფილმში არის დემიდოვის ტექსტიდან ერთი მნიშვნელოვანი გადახვევა: ინვალიდობის მქონე მამაკაცის მონოლოგი, რომელშიც ის საუბრობს იმაზე, თუ როგორ მიაშურა ლენინს დახმარებისთვის.
ამ სისტემამ შეიმუშავა და დღემდე იყენებს მეთოდებს, რომლებიც მიზანში ამოღებულ მსხვერპლს დაკავების მომენტში წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობასა და უნარს უკარგავს.
სერგეი ლოზნიცა: ეს მონოლოგი აღებულია ნიკოლაი გოგოლის „კაპიტან კოპეიკინის ამბიდან“. მაგრამ თუ გოგოლთან იყო ბანდა, მე ამ მონოლოგში საკუთარ თავს თავისუფალი მოქმედების უფლება მივეცი ანაქრონიზმის სახით. დრო შეიცვალა და ბანდა აღარ მუშაობს. შინაგანად არ მუშაობს, რადგან დათრგუნულია ადამიანური ბუნება. გამქრალია შფოთიანობა. უხელო მგზავრის მონოლოგი, გარკვეულწილად, გმირის გაფრთხილებაა. ისე, ყველა ცდილობს ჩვენი გმირის გადარჩენას, მათ შორის ციხის უფროსი და მისი მოადგილე, რომელიც შემოვლითი გზით ცდილობს ამის გაკეთებას: „მისმინე, არაა საჭირო იქით წასვლა. არაა საჭირო“. თუმცაღა ისინი სულაც არ არიან კარგი ადამიანები. აბსოლუტური ბოროტება - აი, ვინ არიან ისინი. თუმცა იქ, პრინციპში, ყველაფერი აბსოლუტური ბოროტებაა.
- ინვალიდი, რომელიც თავდაპირველად ლენინთან მიემგზავრება, შემდეგ კი სტალინთან, მასხარაა? მასხარა, რომელიც ახალგაზრდა პროკურორს აჯავრებს?
სერგეი ლოზნიცა: კი, კი, მასხარაა. ფილმში გროტესკული ეპიზოდი და ერთგვარი კონტრაპუნქტია.
– დემიდოვის მოთხრობის ფინალში გმირი იღუპება კოლიმაში. მაგრამ თქვენ ასეთი დასასრული არ დაგჭირდათ.
სერგეი ლოზნიცა: ისედაც ცხადია. მთელი ამბავი დასრულდა მთავარი გმირის დაპატიმრებისთანავე. ყველაფერი ნათელია, რაც შემდეგ მოხდება. მთელი ფილმი მხოლოდ ამაზე ლაპარაკობს. და, რა თქმა უნდა, ვერაგობა, რომლითაც ეს გაკეთდა, გამაოგნებელია. მაგრამ ასე დაემართა ბევრ ადამიანს. ოსიპ მანდელშტამის დაპატიმრებაც იმავე გზით მომზადდა. ამ სისტემამ შეიმუშავა და დღემდე იყენებს მეთოდებს, რომლებიც მიზანში ამოღებულ მსხვერპლს დაკავების მომენტში წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობასა და უნარს უკარგავს.
- დიახ, დაპატიმრების სცენარი ძალიან ეშმაკურია. და სინამდვილეშიც, სტალინის დროს ხშირად იგონებდნენ ასეთ ჩახლართულ საშუალებებს, რათა მსხვერპლი, რომელიც ისედაც წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, ციხის კარამდე მიეყვანათ. ეს სადიზმია?
სერგეი ლოზნიცა: არა მხოლოდ. ეს ასევეა თეატრალურობის გამოვლინება, რომელიც უხვად გაიფურჩქნა ჩვენს დროში. ეს თეატრალურობა პრაქტიკულად ყველაფერშია. ჩვენ ვერ ვხედავთ, რა ხდება სინამდვილეში ფასადის მიღმა. მაშინაც ასეთ სპექტაკლებს დგამდნენ. 1930 წლის „პრომპარტიის“ პროცესიც თეატრალური შოუ იყო. ეს წარმოდგენები იმისთვისაც იდგმებოდა, რომ ადამიანები გაეტეხათ. სტალინის ჯალათები უბრალოდ მისვლით, დაპატიმრებითა და დახვრეტით არ კმაყოფილდებოდნენ. არ ვიცი, არის თუ არა ამ სცენაში ესთეტიზმის რამე ელემენტები, მაგრამ ნამდვილად იგრძნობა რაღაც ჯოჯოხეთურის გამოვლინება.
– თეატრალურობაზე რომ ვთქვათ: ეს სცენარი შეიძლებოდა პიესადაც ქცეულიყო. თქვენ თეატრში გიმუშავიათ და, ალბათ, ეს ამბავი სცენაზეც წარმოგიდგენიათ.
სერგეი ლოზნიცა: დიახ, ისევე როგორც დემიდოვის სხვა მოთხრობებიც. თუ ასეთი შესაძლებლობა იქნება, სიამოვნებით დავდგამ.
– ჩვენ უკვე ვახსენეთ თქვენი ფილმი „პროცესი“, რომელიც „პრომპარტიის“ საქმეს ეხება, თუმცა საინტერესოა „ორი პროკურორის“ შედარება ფილმ „თვინიერთან“, სადაც ასევე ჩნდება ციხე. ეს ფილმიც შესანიშნავი ოპერატორის, ოლეგ მუტუს გადაღებულია. თუ ხედავთ კავშირს „პროკურორებსა“ და „თვინიერს“ შორის?
სერგეი ლოზნიცა: რა თქმა უნდა. ეს ერთი და იგივე რამის აღწერაა, მხოლოდ სხვადასხვა მხრიდან. „თვინიერში“ ჩვენი გმირი მტკივნეულ ან მოჯადოებულ სივრცეში აღმოჩნდება. სინამდვილეში, ეს საშინელი ვირუსის გავრცელებაა, რომლისგან თავის დაღწევა საზოგადოებისთვის ძალიან რთულია. ახლა ეს საზოგადოება ავადაა და არა მხოლოდ რუსეთი, სხვებიც იტანჯებიან ამით. მოთხრობა „ორი პროკურორი“ სიტუაციას ფართო მასშტაბით აღწერს. ერთი მხრივ, ჩვენ გვყავს გმირი, რომელმაც ყველაფერს მიაღწია - ეს არის გენერალური პროკურორი ვიშინსკი. და მეორე მხრივ, უცნობი პროკურორი, რომელმაც იურიდიული ფაკულტეტი სულ რაღაც სამი თვის წინ დაამთავრა - რევოლუციური სულისკვეთებით აღზრდილი პირველი თაობის წარმომადგენელი. XX საუკუნის დასაწყისში დაბადებულმა ადამიანმა მიიღო ასეთი აღზრდა-განათლება და გაიზარდა 20-იანი და 30-იანი წლების გარემოში. აი, ეს ორი წერტილი, ორი პროკურორი - გაწაფული უფროსი და მიამიტი ახალბედა, რომელთა შორისაც იმყოფებიან პატიმრები - აღწერს სისტემის მუშაობის პრინციპს. შემდეგ კი დემიდოვი ლაპარაკობს იმ პატიმრების შეცდომებზე, რომლებიც არასწორ არჩევანს აკეთებენ. თუმცა პრინციპულად რომ ვთქვათ, აქვთ კი მათ არჩევანი? ესეც საკითხავია.
– ვიშინსკი უცნაური პერსონაჟია, რადგან რევოლუციამდე, სრულიად განსხვავებულ გარემოში ჩამოყალიბდა. თუმცა ნებაყოფლობით და დიდი ხალისით აირჩია ყველაზე საშინელი დანაშაულების თანამონაწილის როლი.
სერგეი ლოზნიცა: კი. თუმცა მათ, ვინც ასეთი არჩევანი გააკეთეს, სავსებით შესაძლებელია, პირველი ნაბიჯის გადადგმისას თვალი დახუჭეს გარშემო არსებულ რაღაც-რაღაცებზე, შემდეგ კი აღმოჩნდნენ ციკლონის ცენტრში. მორჩა და გათავდა, ამის შემდეგ შეუძლებელი იყო თავის დაღწევა. ანდა იყვნენ დამნაშავეები, რომლებსაც სწამდათ, რომ გარკვეული მიზნით დანაშაულის ჩადენის უფლება ჰქონდათ. ეს ისეთი ჯოჯოხეთია, რომელსაც ქმნიან შინაგანი მორალური ღერძის არმქონე ადამიანები.
– ძალიან ადვილია პარალელის გავლება დღევანდელობასთან. სცენაზე ხომ ჯერ კიდევ არიან 90-იანი წლების, შედარებითი თავისუფალი დროების პოლიტიკოსები, რომლებიც ახლა ტოტალიტარული საზოგადოების ყველა წესის მიხედვით მოქმედებენ და მრავალი თვალსაზრისით ყველაზე ავბედით კარიერისტებსაც კი უსწრებენ.
სერგეი ლოზნიცა: კი, მაგრამ ეს რაზე მეტყველებს? რომ საშინელი, ტრაგიკული გამოცდილებიდან არანაირი გაკვეთილი არ გამოგვიტანია. სტალინიზმს ვგულისხმობ. არ იყო დაგმობილი მთელი საბჭოთა სისტემა. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, რომლებიც სსრკ-ის დაშლის შემდეგ შეიქმნენ, საბჭოთა წარსულის მიმართ დამოკიდებულების ერთიანი კონცეფცია არ ჩამოყალიბებულა. საბჭოთა სისტემა არ დანგრეულა, ის გარკვეული დროით შევიდა ჩრდილში, ახლა კი კვლავ გამოვიდა. ეს სიტემა დღეს ალბათ უფრო ძლიერად და მშვიდად გრძნობს თავს, ვიდრე მაშინ, როცა შეიქმნა.
– და მაინც, როდესაც შენს ფილმს უყურებ, ფიქრობ, რამდენად განსხვავდება აწმყო დიდი ტერორის პერიოდისგან: დღეს მილიონჯერ ნაკლები ფანატიზმია, ვიდრე იმ ეპოქაში იყო.
სერგეი ლოზნიცა: კი, მაგრამ რით არის უკეთესი? ახლა პრაგმატიზმი და შიშია. დიახ, ეს შემდეგი საფეხურია, მაგრამ რეპრესიული სისტემა იგივე დარჩა. მაგალითად, ნავალნის ადვოკატების შემთხვევაში, განმეორდა დემიდოვის მოთხრობის სიუჟეტი. ისინი დააკავეს და ჩასვეს ციხეში - ყველაფერი იგივეა. დიახ, მაშინ ფანატიკოსები იყვნენ, ახლა კი პრაგმატიკოსები არიან, მაგრამ საძაგლობა საძაგლობად დარჩა, სიმდაბლე კი - სიმდაბლედ. თანაც ყველამ იცის, რაშიც იღებენ მონაწილეობას. ისიც იციან, რომ ამ სისტემიდან თავის დაღწევა შეუძლებელია. თუმცა ყოველი მათგანი განსხვავებულ მანძილზე იმყოფება ამ ბოროტებიდან, მაგრამ მაინც მონაწილეობენ. შეხედეთ ამ გამარჯვების ველურ ყიჟინას დღევანდელ რუსეთში, ეს უბრალოდ საშინელებაა. ყოველივე ამის ბოლო ერთმანეთის განადგურებაა, როგორც ჩაპეკის „სალამანდრებთან ომშია“.
– წელს გამოვიდა თქვენი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „პალეონტოლოგიის გაკვეთილი“. კიევში დაბომბვის ფონზე უკრაინის მუზეუმში ცხოვრობენ დიდი ხნის წინ გადაშენებული ურჩხულები. კვლავ აღსდგა არქაული ბოროტი სული - დინოზავრი, რომელიც ყველას თელავს.
სერგეი ლოზნიცა: ჩემი მიდგომა ცოტა განსხვავებული იყო, როცა ბავშვებს ვიღებდით. მინდოდა შემეხსენებინა, რომ ჩვენ ახლა ვმსჯელობთ ყველაფერზე, რაც აქ და ახლა ხდება, მაგრამ არც ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ცხოვრება არ შემოიფარგლება იმ ვიწრო სხივით, რომელსაც მედიასივრცე ქმნის ჩვენთვის. ცხოვრება მრავალფეროვანი და გაცილებით მდიდარია, ვიდრე ყველაფერი ის, რაზეც ცდილობენ გვაფიქრონ. თუმცა ფილმი ურჩხულების შესახებაცაა.
- უძველესი ურჩხულები ცოცხლები არიან და ანადგურებენ ყველაფერს, რაც მათ გზაზე ხვდებათ.
სერგეი ლოზნიცა: იცით, ანადგურებენ იმდენად, რამდენადაც არ ვუწევთ სათანადო წინააღმდეგობას. უკან ვიხევთ, არსებობის საშუალებას ვაძლევთ. ვფიქრობ, პირველ რიგში ეს არის ჩვენი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა არის შესაძლებელი და რა - შეუძლებელი; რა არის მისაღები და რა - მიუღებელი, მხოლოდ შემდეგ მოდის ყველა სხვა მოვლენა. ჩვენც ვახდენთ გავლენას ამაზე. თუ უმრავლესობა ამას არ მიიღებს, ეს არ მოხდება.
– პროკურორების შესახებ ფილმი თითქოს ამბობს, რომ წინააღმდეგობას აზრი არ აქვს. აი, რა დაემართა კაცს, რომელმაც უბრალოდ სცადა სისტემასთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ ზემდგომისთვის ეცნობებინა.
დღეს რომანტიკული გმირი აღარ არის, საჭიროა წინააღმდეგობის სხვა გზების მოძებნა. საჭიროა სხვა მეთოდები, რომლებიც შეესაბამება იმ ცივილიზაციას, რომელშიც ვცხოვრობთ.
სერგეი ლოზნიცა: თუმცა საჭირო არაა ზემდგომი პირისთვის რამის შეტყობინება. მან ისედაც ყველაფერი იცის. ასეთი ილუზია დღემდე არსებობს. ზოგადად ილუზია, რომ მეფე მოვა და როგორღაც ყველაფერს გამოასწორებს. ახლაც ყველამ დაცქვიტა ყურები: მოვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მეორე დღესვე ყველაფერი შეიცვლება, სამყარო სულ სხვა ფერებით აელვარდება. და რა? თუმცა ილუზია არსებობდა. გამაოგნებელია, რომ ამგვარი აღქმისა ადა იმ ენის ინერცია, რომლითაც სამყარო ოდესღაც მეთვრამეტე და მეცხრამეტე საუკუნეებში აღიწერებოდა, დღესაც არსებობს.
რომანტიკული გმირი აღარ არის, საჭიროა წინააღმდეგობის სხვა გზების მოძებნა. საჭიროა სხვა მეთოდები, რომლებიც შეესაბამება იმ ცივილიზაციას, რომელშიც ვცხოვრობთ. ეს ტექნოკრატიული ცივილიზაციაა, რომელიც კაფკამ მეოცე საუკუნის დასაწყისში აღწერა, თუმცა ჩვენამდე ჯერ კიდევ არ მოუღწევია. საქმე გვაქვს ძალიან მზაკვრულ სისტემასთან, რომელიც ყველგან არსებობს. რა მოვუხერხოთ ამას? ეს სერიოზული და ძალიან საჭირბოროტო კითხვაა. ეს სისტემა ყველა ჩვენგანზე მოქმედებს.
ფრაგმენტი წიგნიდან „ორი პროკურორი“
„გაეცით ამხანაგ კორნევზე, - გენერალურ პროკურორს უკვე კარგად ახსოვდა მისი გვარი, - ცნობა, რომ ის იმყოფებოდა ჩემთან მიღებაზე. გადაამისამართეთ ოლქის პროკურორთან, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება კორნევი. და კიდევ... უზრუნველყავით მისთვის მთავარი პროკურორის ჯავშანი ბილეთზე და უკან დაბრუნების სამგზავრო ხარჯების ანაზღაურება“.
კაბინეტის გასასვლელისკენ მიმავალ კორნევს უკან მიჰყვებოდა ვიშინსკის მდივანი, რომელმაც თავაზიანად დაუთმო გზა. მის ფეხქვეშ იატაკს კვლავ დაჰბრუნებოდა მდგრადობა და სიმყარე.
როგორ შეეძლო ერთი წამითაც კი ეფიქრა, რომ თავისი ინტელექტითა და პარტიული პრინციპულობით გამორჩეული საბჭოთა იუსტიციის ხელმძღვანელი მის გზავნილს ჩინოვნიკ-ფორმალისტის გულგრილობით მოეკიდებოდა? ის ხომ ბევრ სხვა რამესთან ერთად, პოლიტიკოსიცაა, რომელიც ვალდებულია ყველა თავის ქმედებაში გამოიჩინოს საჭირო სიფრთხილე. ვიშინსკის არ შეუძლია ნაჩქარევად მოქმედება ყოვლისშემძლე სახალხო კომისარიატის რეგიონული ფილიალების წინააღმდეგაც კი. მით უფრო ვიღაც პროვინციელი ბიჭის უსაბუთო მტკიცების საფუძველზე! ამიტომ არ გაგზავნა გენერალურმა საგამოძიებო კომისია მის ოლქში და არ აღჭურვა იგი დაცვის სიგელით. თუმცა მთავარი პროკურატურის კანცელარიის უბრალო ცნობა, რომელსაც ის ახლა მიიღებს, სწორედ ასეთი სიგელის სამსახურს გაუწევს ყოჩაღ დამსმენს. რადგან საკავშირო გენერალურმა პროკურორმა უკვე იცის კანონის აღმაშფოთებელი დარღვევების შესახებ იმ რეგიონში, სადაც კორნევი მუშაობს, ამიტომ მისი დაპატიმრება ირიბად დაადასტურებს მისი დასმენის მართებულობას. მაშინაც კი, თუ შინსახკომის საოლქო სამმართველოს დამნაშავეებს უკვე ხელთ უპყრიათ თვალბედითი პროკურორის დაპატიმრების ორდერი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ ახლა ეს ფურცელი აამოქმედონ. ვიშინსკიმ, თავისი სტუმრისათვის ერთი შეხედვით უწყინარი ცნობის გამოწერის ბრძანების გაცემით, მარტივი, მაგრამ გენიალური სვლა გააკეთა. კორნევი მისგან ხმაურიან, თითქმის სენსაციურ ქმედებებს ელოდა. მაგრამ ახლა თვითონაც ხვდებოდა, რომ ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო გამოცდილი იურისტისა და ფრთხილი პოლიტიკოსის მხრიდან. ცხადია, ახალგაზრდა პროკურორს, რომელმაც გენერალურს თავის ოლქში მომხდარი უმსგავსობების შესახებ გულწრფელი, მაგრამ დაუსაბუთებელი ცნობები მიაწოდა, შეეძლო ცოტათი გაებუქებინა და მისთვის ცნობილი ფაქტებისთვის ზედმეტად სუბიექტური ინტერპრეტაცია მიენიჭებინა. სხვა საქმეა, თუ ეს ახალგაზრდა პროკურორი ისარგებლებს გენერალური პროკურორის უხილავი მფარველობით, დაუყოვნებლივ ჩამოართმევს ჩვენებას საოლქო სამმართველოს საგამოძიებო დეპარტამენტში ნაწამებ პირს და ამ ჩვენების ოქმს მთავარ პროკურატურას გაუგზავნის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ კიდევ იზოლირებული, მაგრამ უაღრესად მეტყველი შემთხვევაა სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოების საგამოძიებო პრაქტიკაში, ის უთოდ იქცევა მათი საქმიანობის უფრო ფართოდ შესწავლის მიზეზად. ასეთი მოკვლევიდან განზოგადებულ პოლიტიკურ დასკვნებამდე კი მხოლოდ ერთი ნაბიჯია.
არ ისურვებდა ახლა კორნევი თავის ოლქის იმ ვაიჩეკისტების ადგილას ყოფნას, რომელთა ბანდასაც მან უკვე გამოუცხადა ღია ომი. თუმცა ამ ბანდის წინააღმდეგ ბრძოლა, ალბათ, მაინც არ იქნება იოლი. როგორც ჩანს, ცენტრალური ციხის მთავარი ზედამხედველები, რომელთა დაქვემდებარებაში მყოფი ჩეკისტების ხელშიც იტანჯება სტეპნიაკი, უამრავ საშუალებას მოიფიქრებენ, რათა ხელი შეუშალონ პატიმრის სამედიცინო გამოკვლევას. და თუ კორნევი თავისი დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად ვერ მოახერხებს სამედიცინო შემოწმების დილისთვის დანიშვნას, მაშინ დღის ბოლომდე სტეპნიაკს უთუოდ გადაიყვანენ შინსახკომის შიდა ციხეში, სადაც პროკურატურის წარმომადგენლის შესვლა იმაზე უფრო მეტად შეუძლებელი იქნება, ვიდრე ქალაქის მთავარ ციხეში იყო. და ვიდრე ამგვარი ნებართვის მოპოვებას ცდილობს, პატიმარი შესაძლოა ოლქის შორეულ კუთხეში მდებარე რომელიმე სხვა ციხეში გადაისროლონ, მერე იქიდან კიდევ სხვაში და ა.შ. იმის გამორიცხვაც კი არ შეიძლება, რომ შინსახკომელი დამნაშავეები არ შეეცდებიან თავიანთი ქმედებების კვალის განადგურების მიზნით პატიმრის ლიკვიდაცია მოახდინონ. რა დაუშლით, მაგალითად, პატიმრის თვითმკვლელობის იმიტაციას? თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი ასეთ უკიდურესობაზე წავლენ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ისეთივე თეთრი ძაფით იქნება შეკერილი, როგორც დამსმენის დაპატიმრება იქნებოდა და მეორეც, გვამის განადგურება ხომ შეუძლებელია! და მაინც, საჭირო იქნება მოქმედება მაქსიმალური სისწრაფითა და შეუპოვრობით.
– აუცილებლად უნდა ვახსენოთ შესანიშნავი მსახიობი ალექსანდრ კუზნეცოვი, რომელიც ახალგაზრდა პროკურორის როლს თამაშობს და, რომელმაც შესანიშნავად გაართვა თავი დასახულ ამოცანას. თქვენ გყავთ შესანიშნავი მსახიობების მთელი თანავარსკვლავედი, რომლებმაც რუსეთი პოლიტიკური მიზეზების გამო დატოვეს.
სერგეი ლოზნიცა: დიახ, საშაც, ანატოლი ბელიც და ალექსანდრ ფილიპენკოც, ყველანი ბრწყინვალე მსახიობები არიან. უბრალოდ გამიმართლა. საშასთან მუშაობა ძალიან საინტერესო იყო, თუმცა ის კი არ მუშაობს, ცხოვრობს ამ ფილმში. რაღაც მომენტში მითხრა კიდეც, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თქვენ გთამაშობთო. ამან დამაფიქრა.
ერთი სიამოვნება იყო მუშაობა. საშა ჩვენთან ერთად იყო გადაღებებამდე ერთი თვით ადრე, მერე სხვა მსახიობებიც შემოგვიერთდნენ. პრაქტიკულად თითქმის ყოველდღე ვმართავდით რეპეტიციებს და ფილმი სწრაფად, 18 დღეში გადავიღეთ. წარმოუდგენლად სწრაფად, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ ძალისხმევას თავისი ფასი ჰქონდა. გადაღების შემდეგ ყველა გამოფიტული იყო. მადლობა ღმერთს, რომ ფილმი გამოგვივიდა.
- სად იღებდით?
სერგეი ლოზნიცა: რიგაში, ბრასას ციხეში, რომლის ციხედ გამოყენება ევროკავშირმა აკრძალა. ახლა იქ პავილიონი და ჯარისკაცების საწვრთნელი ადგილია მოწყობილი. როდესაც ჩავედით, ძალიან დამთრგუნველი შთაბეჭდილება მოახდინა. იქ ხალხი იტანჯებოდა და ამ ტანჯვის ატმოსფერო დღემდეა შემორჩენილი, რაც ენერგიას გაცლის. გარეთ რომ გამოვედით, ფეხზე ძლივს ვიდექით, ცოცხალმკვდრებივით ვიყავით. შემდეგ მხატვრები შევიდნენ, ციხისგან დეკორაცია გააკეთეს და იქაურობასაც სხვა სურნელი მიეცა. თუმცა მიუხედავად ამისა, ციხის სული მაინც დარჩა და ის ფილმშიცაა.
– ასევე არის განგაშით გაჯერებული საშინელი ფინალის მოლოდინი, რომლისგან თავის დაღწევა შეუძლებელია.
სერგეი ლოზნიცა: დიახ. და ეს უცნაურია. საქმე ისაა, რომ ჩვენ ბევრი რამ ვიცით. იცის ყველამ, ვისაც საბჭოთა კავშირის გამოცდილება აქვს. ყველამ, ვისაც წაუკითხავს და რაღაც შეხება მაინც ჰქონია მასთან, ვის ბებია-ბაბუებსაც ახსოვთ ეს ქვეყანა.
მაგრამ ფილმი ასევე ვაჩვენე ადამიანებს, რომლებიც არ იყვნენ ამ კულტურისა და ცივილიზაციის წარმომადგენლები, ვაჩვენე ახალგაზრდებს. აღმოჩნდა, რომ არ ელოდნენ ასეთ დასასრულს. ამიტომ, მგონია, რომ ფილმი სხვადასხვა ქვეყანასა და სხვადასხვა კულტურაში განსხვავებულად იქნება აღქმული. მაგრამ ჩვენ, ვისთვისაც ნაცნობია ეს გარემო, გარკვეულ რიტუალს გავდივართ და, რა თქმა უნდა, ამის გაკეთება ძრწოლის გარეშე შეუძლებელია.
ფორუმი