Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეზღუდვა შეზღუდვისთვის: საქართველოდან ავტომობილები რუსეთში მაინც გადის


ავტომობილების ბაზრობა რუსთავში
ავტომობილების ბაზრობა რუსთავში

საქართველომ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს ავტომობილების რეექსპორტი აუკრძალა. "ქართული ოცნების” მთავრობა ამ გადაწყვეტილებით დასავლეთის სანქციების ერთ-ერთი მოთხოვნას ასრულებს. თუმცა ექსპერტების შეფასებით, ეს ნაბიჯი ვერ შეაჩერებს მომგებიან ბიზნესს, რადგან ავტოიმპორტიორებმა მალევე მოძებნეს ხვრელები ვაჭრობის გასაგრძელებლად.

„კლიენტები მანქანის გარეშე არ დარჩებიან“

„დღეიდან ქართულმა მხარემ შეწყვიტა რუსული პასპორტებით ავტომობილების რეექსპორტის გაფორმება. ეს ნიშნავს, რომ თუ რუსეთის მოქალაქე ხარ, საქართველოში მანქანის ყიდვა აღარ შეგიძლია, რადგან უბრალოდ ვერ გააფორმებ”, - ამბობს რუსეთის მოქალაქე სერგეი ოსელედეცი 15 მაისს ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

ვიდეო საქართველოშია ჩაწერილი. ჩანს, რომ ახალმა აკრძალვამ ოსედელეცს პრობლემები შეუქმნა:

„ეს წესი 15 მაისიდან ამოქმედდა. ახლა ვეძებთ გზებს და გამოსავალს, რადგან ახლახან ჩამოვედით და რამდენიმე მანქანის ყიდვა გვჭირდება“.

სერგეი ოსელედეცი, კადრი ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ვიდეოდან
სერგეი ოსელედეცი, კადრი ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ვიდეოდან

გამოსავალი, რომელიც მეორე დღესვე იპოვეს, როგორც ჩანს, მანქანების ფასს რამდენიმე ასეული დოლარით გაზრდის. 16 მაისს გამოქვეყნებულ ვიდეოში ირკვევა, რომ სერგეი ოსედელეცი კლიენტებისთვის მანქანის შესაძენად საქართველოში რუსეთის მიერ ანექსირებული უკრაინის რეგიონიდან ჩავიდა.

„გუშინ ლუგანსკიდან ჩავედით საქართველოში, რათა ჩვენი კლიენტებისთვის რამდენიმე მანქანა შეგვერჩია. მაგრამ ადგილზე გავიგეთ, რომ ავტომობილების გატანის სისტემა რადიკალურად შეცვლილა. მიუხედავად ამისა, ინფორმაციის მიღებიდან სულ ერთი საათის შემდეგ, ჩვენ უკვე გვქონდა სწორი, ლეგალური და მაქსიმალურად ადეკვატური სქემა, თუ როგორ უნდა გავიტანოთ ავტომობილები. ასე რომ, ჩვენი კლიენტები მანქანების გარეშე არ დარჩებიან“, განაცხადა ოსელედეცმა.

სანქციები არ მუშაობს?

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები ავტოტრანსპორტის მიმართულებით ეტაპობრივად გამკაცრდა. სანქციების გვერდის ავლაში დადანაშაულების გამო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რამდენჯერმე თავადაც შეზღუდა რეექსპორტის წესები, თუმცა ამის პარალელურად საქართველოს გავლით ვაჭრობა არ შემცირებულა - პირიქით.

მაგალითად, 2023 წელს საქართველომ აკრძალა ავტომობილების რეექსპორტი რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით, თუმცა არ აუკრძალია მანქანების გაფორმება ამ ქვეყნების მოქალაქეებზე.

შედეგად, ამოქმედდა ახალი სქემა: რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები საქართველოში მანქანებს ყიდულობდნენ, გაფორმებისას დანიშნულებაში ყაზახეთს და ყირგიზეთს უთითებდნენ, შემდეგ საქართველოს საზღვარს ლარსის გამშვები პუნქტის მეშვეობით ტოვებდნენ. თუმცა ყაზახეთისა და ყირგიზეთის ნაცვლად ხშირად ავტომობილი რუსულ ბაზარზე ხვდებოდა. ამას არც ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ნონიაძე არ გამორიცხავს.

ალექსანდრე ნონიაძე
ალექსანდრე ნონიაძე

„აზერბაიჯანის საზღვარი დაკეტილია პანდემიის შემდგომ პერიოდში. შესაბამისად, ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის მეშვეობით რეექსპორტირებული ავტომობილები გადიოდა ყაზახეთსა და ყირგიზეთში. აქედან ვერც დავადასტურებთ და ვერც უარვყოფთ, რომ ყველა აბსოლუტურად არ რჩებოდა რუსეთის ტერიტორიაზე. კონტროლის მექანიზმი არც სახელმწიფოს აქვს, არც ასოციაციას, არც ბიზნესს“, – ამბობს ნონიაძე.

მისივე მტკიცებით, საქართველოს წილი რუსეთისთვის მანქანების მიწოდებაში უმნიშვნელოა, მთავარი იმპორტიორი იქ ჩინეთია და ქვეყანაში, შესაბამისად, ავტომობილების დეფიციტი არა აქვთ.

რაც შეეხება 15 მაისიდან ამოქმედებულ ცვლილებას, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების ნაცვლად, მისი ვარაუდით, ლეგალური გზა ავტომობილების ყაზახეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეებზე გაფორმებაა:

„აქამდე თუ იყო მიმართულებაზე შეზღუდვა (რუსეთსა და ბელარუსზე), ახლა შეზღუდვაა უკვე ამ ქვეყნების მოქალაქეებზეც. არ აქვს მნიშვნელობა, პირადი მიზნებისთვის ყიდულობ თუ გასაყიდად, რუსეთის და ბელარუსის პასპორტით რეექსპორტს ვერ განახორციელებ ვერცერთ ქვეყანაში <...> ალბათ გაიფორმებენ ისევ ყაზახები და ყირგიზები. ისინი არიან (რუსეთთან) ერთ საბაჟო კავშირში, თავისუფლად შეიძლება ყაზახეთსა და ყირგიზეთში გაფორმებული (ავტომობილი) მოხვდეს რუსეთის ტერიტორიაზე“.

ახალი შეზღუდვისგან რაიმე ეფექტს არ ელოდება არც ავტოსადილერო კომპანია „რობანი მოტორსის“ დამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე:

„ეს არ არის ის ნორმა, რომლითაც ამ სიტუაციას დაარეგულირებ. მოგეხსენებათ, როგორია ყირგიზეთში სოციალური მდგომარეობა. (რუსეთის მოქალაქე) ადგება, 100 ევროს მისცემს ვიღაცას, იმაზე გააფორმებენ, (მერე) ის გაიყვანს. ის, რომ რუსეთში არ გავა, ესაა ზღაპარი. (აქამდე) ზედმეტ ხარჯს იცილებდნენ და მეტი მოგება რჩებოდათ“.

სტატისტიკაში „ჩაკარგული“ ავტომობილები

იმაზე, რომ საქართველოდან ცენტრალური აზიის ქვეყნებში გატანილი ავტომობილები საბოლოო დანიშნულებას არ აღწევს, მედია შარშან ალაპარაკდა. სტატისტიკურ ცდომილებაზე 2024 წლის ნოემბერში მიუთითებდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძეც:

რომან გოცირიძე
რომან გოცირიძე

„საქართველოს სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის ათ თვეში საქართველოდან ყირგიზეთში რეექსპორტის სახით გაიყიდა 964 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი. ყირგიზეთის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან ამ ქვეყანაში შევიდა დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი. სად გაქრა 900 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი? რუსეთში „ჩარჩა“, რა თქმა უნდა“.

სტატისტიკური მონაცემები მსგავს სურათს აჩვენებს მძიმე ტექნიკის კუთხითაც. „აი, ფაქტის” ცნობით, 2024 წელს საქართველოდან ყირგიზეთში 63 ერთეული მძიმე ტექნიკა გაიტანეს, ყირგიზეთის მონაცემებში კი მხოლოდ 6 ჩანს.

„რა ბედი ეწია „გაუჩინარებულ” ტვირთს, რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა ეს ტექნიკა ყირგიზეთში სახმელეთო გზით წავიდა და იქ რუსეთის ტერიტორიის გავლის გარეშე ვერ ჩააღწევდა“, – წერს გამოცემა 9 მაისს გამოქვეყნებულ გამოძიებაში.

ყაზახეთსა და ყირგიზეთში რეექსპორტის ზრდა მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. საქსტატის ცნობით, იანვარ-აპრილში საქართველოდან 754 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 37,4%-ს შეადგენს და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 30,7%-ით მეტია. აქედან 408 მილიონი დოლარი ყირგიზეთზე მოდის, ხოლო 219 მილიონი ყაზახეთზე.

2025 წლის იმავე პერიოდში საქართველოში 966 მილიონი დოლარის ავტომობილები შემოვიდა (ქვეყნის მთლიანი იმპორტის 16,8%, ზრდა ანალოგიურ პერიოდთან 10%), მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან 527,7 მილიონი დოლარის ღირებულების 42 797 ავტომობილი შემოვიდა.

სპეციალისტების განმარტებით, ავტომობილების ბიზნესი კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მაღალ ეკონომიკურ ზრდას და ქვეყნის ბიუჯეტის შევსებას. ისინი ახალი შეზღუდვების დაწესების შემდეგაც კი არ ელოდებიან ამ კუთხით რაიმე ცვლილებას ამ სექტორში.

  • 16x9 Image

    სანდრო ჯუფალაკიანი

    მუშაობს კონფლიქტებისა და ეკონომიკის თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2020 წლიდან.

XS
SM
MD
LG