ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლის ამ ფარულ იარაღს - პოლიტიკურ სატირას - ხშირად იყენებენ ისეთ საზოგადოებებში, სადაც განსხვავებული აზრი ან უკვე აკრძალულია, ან გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება. ამართლებს კი ბრძოლის ეს ფორმა პროპაგანდასთან ბრძოლაში?
„ეს მე გავაძვირე“ - ბიძინა ივანიშვილი ზეთის ბოთლებზე
სტიკერები ამ წარწერით და ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით, ცოტა ხნის წინ გამოჩნდა „კარფურსა“ და სხვა სუპერმარკეტებში - ზეთის, წიწიბურას, შაქრისა და სხვა პროდუქტების შეფუთვებზე.
ეს ახალგაზრდული მოძრაობა „დაასრულეს“ იდეაა, რომელსაც უნდოდა ეჩვენებინა, რომ "ქართული ოცნების'' ცამეტწლიანი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, მოქალაქეებს თვიდან თვემდე უჭირთ თავის გატანა", ხელისუფლებისადმი ლოიალური არხები კი „ხალხს ალტერნატიულ რეალობას უჩვენებენ":
„შეუძლებელია ელემენტარულ საყოფაცხოვრებო პროდუქტებზე ვინმეს არ აწუხებდეს ყოველდღიურად გაზრდილი ფასი - მათ შორის, რეჟიმის მხარდამჭერებსაც. ამ სტიკერებით გვინდოდა რეალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა მათთვის, ვინც მშვენივრად ამჩნევს სიძვირეს, მაგრამ ან ვერ იაზრებს რის გამო ხდება ეს, ან, უბრალოდ, პროპაგანდის მსხვერპლია. ჩვენ კი მათ პირდაპირ ვეუბნებით, რომ ეს ბიძინა ივანიშვილმა ქნა“, - გვეუბნება მოძრაობა „დაასრულეს“ ერთ-ერთი წევრი დავით მშვენიერაძე.
ჰიპერმარკეტში სტიკერების მიკვრის ამბავი "იმედმაც" გააშუქა და დაწერა, რომ სხვადასხვა პროდუქციაზე მომხმარებლის მიერ თვითნებურად მიკრული სტიკერების გამო ჰიპერმარკეტი კონტროლს აძლიერებსო. თუმცა ახალ ამბავში არც ის არ არის ნახსენები, რომ სტიკერზე ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული და არც ის, ზედ რა ეწერა.
სტიკერების გარდა, საჯარო ადგილებში ბლოკნოტებიც დაარიგეს „ქართული ოცნების“ ლიდერების, დეპუტატებისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების ფოტოებითა და სარკასტული წარწერებით.
„მე წერა არ ვიცი, ამან კითხვა“, - ეწერა სპორტსმენი დეპუტატების, გენო პეტრიაშვილისა და ლაშა ტალახაძის გამოსახულებიან ბლოკნოტს. „როგორ დავმალოთ კომპლექსები“, - ასეთი წარწერა ჰქონდა ბლოკნოტს „ხარებას“ გამოსახულებით. კახა კალაძის ერთ-ერთ ცნობილ ადრინდელ ფოტოს კი ახლავს წარწერა: "საცობების ესთეტიკა“.
„ბლოკნოტების კამპანიასაც“ ჰქონდა მკაფიო მიზანი - ადამიანებისთვის ეჩვენებინათ, რამდენად „მყიფე და არარეალურია სინამდვილეში მოქმედი რეჟიმის მცდელობა, ადამიანებს თავი ძლიერებად და შეურყევლებად მოაჩვენონ“.
„სინამდვილეში, ჩვენს თაობაში მართლა არავის ეშინია ირაკლი კობახიძის ან მამუკა მდინარაძის. ჩვენთვის ისინი სასაცილოები არიან და რაც უფრო მეტი ადამიანისთვის გამოჩნდებიან ასეთებად, მით მეტ ადამიანს აღარ შეეშინდება მათი“.
დავით მშვენიერაძის აზრით, ასეთი ბრძოლა იწყება იქ, სადაც არ არის ან საფრთხის ქვეშ დგას დემოკრატია, სადაც დიქტატორი ადგილის დამკვიდრებას ცდილობს.
„დაასრულეს“ წევრების აზრით კი, საქართველოში ახლა სწორედ ეს ბრძოლა მიდის.
"პრეს-ცენტრს მიმართეთ"
"პრეს-ცენტრი" სატირულ-პაროდიული გვერდია ფეისბუკზე, რომელიც ცოტა ხნის წინ შეიქმნა. ხუმრობენ ყველასა და ყველაფერზე, რაც მათ ყურადღებას მიიქცევს და ამბების ალტერნატიულ, სამასხარო ვერსიებს ქმნიან - მოსახლეობისთვის 112-იდან გაგზავნილი შეტყობინების ტექსტი იქნება ეს, ხელისუფლების ჩინოვნიკების გამონათქვამები თუ საქციელი.
მაგალითად, მათი ქილიკის სამიზნე გახდა დონალდ ტრამპისადმი ირაკლი კობახიძის გაგზავნილი წერილი, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლის ამბავი, საგამოძიებო კომისია თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით.
"პრეს-ცენტრის" გუნდი ამ ეტაპზე ანონიმური რჩება. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში გვეუბნებიან, რომ მათი მიზანი იმ შიშის დაცინვად გარდაქმნა იყო, რომელსაც დღეს, მათი აზრით, მმართველი გუნდი მოსახლეობაში თესავს.
დაცინვად იმიტომ, რომ „ადამიანებს უფრო გაუმარტივდებოდათ გამკლავება ისეთ პერსონებთან, როგორებიც „ხარება“ (შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი), ირაკლი დგებუაძე ან ბიძინა ივანიშვილია - ვისაც სურს შიშის ზარს სცემდნენ საზოგადოებას“. თუმცა "პრეს-ცენტრში" ამბობენ, რომ ისინი მათთვის სასაცილო პერსონაჟები უფრო არიან, ვიდრე საშიში და სურთ, ხალხშიც ეს განწყობა იყოს - არა შიშით კანკალის, არამედ სიცილის:
„მათი სისასტიკეც პლასტმასისაა, რომ მიუკაკუნებ, უნდა შეინგრეს“.
აქვს კი გავლენა ასეთ შებრძოლებას პროპაგანდასთან?
"პრეს-ცენტრში" გვითხრეს, რომ მათი ხუმრობები მიდის ადრესატებამდე, ბრაზდებიან, დისკომფორტი ექმნებათ, რეაქცია აქვთ. თან "პრეს-ცენტრის" გუნდი არ არის მარტო ამ ბრძოლაში - სოციალურ ქსელებში რამდენიმე სხვა მსგავსი გვერდიც შეიქმნა.
„თუნდაც იმის ცოდნა, რომ ჩვენი ხუმრობებით ძილის წინ ხასიათი წაუხდეს და ეგო დაემსხვრეთ ადამიანებს, რომლებიც ამ ეგოებს იშენებენ ფულით, მომხვეჭელობით, ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის ზურგით, ჩვენთვის ეგეც შედეგია. და, მეორე მხრივ, ვინც ჩვენს მხარეს იბრძვის, იმ ხალხსაც გვინდა შეეცვალოთ პირველადი რეაქცია და მაგალითად, ლაშა ტალახაძის დანახვისას იმაზე კი არ იფიქროს, რომ ის ძლიერია და ძვლებში დაამტვრევს ყველას, არამედ იყოს გენო პეტრიაშვილის ძმაკაცი, რომელთან ერთადაც "ტვიქსს" ჭამენ - ეგეთი ხუმრობაც გვაქვს. ანუ აღარ გეშინია, წინაღობად ვეღარ ხედავ“, - გვითხრეს "პრეს-ცენტრში".
"პრეს-ცენტრის" პოსტებს ხშირად აზიარებენ კითხვით, ეს მართალია თუ არა? ეს იმედს აჩენს, რომ თუ ხალხი კითხვებს დასვამს, დაეჭვების პრეცედენტებიც გაჩნდება.
„ავტორიტარიზმი თურმე ისეთი აბსურდული ყოფილა, რომ რეალობას და სატირას შორის საზღვრებს ძალიან აფერმკრთალებს და როცა კითხვა ასე ისმება, ესეც გვახარებს, რადგან ეგეც კარგ შედეგად მიგვაჩნია - რაღაც სინამდვილე ეგონოს, გადაამოწმოს და ამ პროცესში მართლა მიაგნოს სიმართლეს“.
"პრეს-ცენტრი" ცდილობს მიზანში ამოიღოს „ქართული ოცნების“ ისეთი მხარდამჭერები, რომლებიც ახლა ცდილობენ პოლიტიკური კარიერის კიბეზე ასვლას და რომელთა „ჩამოგდებაც ასეთი სატირით უფრო ადვილია“.
მთავარი ძალა, რაც აქვს იუმორს, მისი უკონტროლობაა - ყველა სხვა ემოცია შეიძლება მეტ-ნაკლებად აკონტროლო, ფიქრობენ "პრეს-ცენტრში", მაგრამ მართლა სასაცილო რამეზე „იმედის“ მაყურებელსაც შეიძლება გაეცინოს.
„ამიტომ გვგონია, რომ პროპაგანდისგან მოწამლული ადამიანი იუმორთან დაუცველია. ჯერ კაცობრიობას არ გამოუგონია ისეთი მიდგომა თუ ხელსაწყო, რაც ადამიანს სიცილს, მის წამოცდენას გაუკონტროლებს. ამიტომ არის იუმორი კარგი იარაღი და თუ ამ სიცილში ჩაიდება შინაარსიც, იქნებ რაღაც დაილექოს.“
არადემოკრატიული ქვეყნების ხელისუფლებებს რომ იუმორის ეშინიათ, ამის ბევრი ფაქტი არსებობს - რუსეთში მათ პირდაპირ დევნიან.
ოფიციალური მიზეზი არ გვსმენია, თუმცა ცოტა ხნის წინ საქართველოში არ შემოუშვეს რუმინელი სტენდაპერი კომიკოსი, ვიქტორ პატრაშკანი, რომელიც ანტიპუტინისტური ხუმრობებით არის ცნობილი.
„ჩიტი“ დაბრუნდა
კიდევ ერთი პლატფორმა, რომელზეც ისევ ხუმრობენ ხელისუფლებაზე, სარკაზმით უპირისპირდებიან პროპაგანდას, არის “ჩიტი” - გვერდი ფეისბუკზე, რომელიც უკვე წლებია არსებობს, თუმცა ბოლო დროს, უწყვეტი პროტესტის პირველივე დღეებიდან ისევ გააქტიურდა.
თუ ადრე “ჩიტი” უფრო ხშირად საზოგადოებრივ თემებზე ხუმრობდა, ახლა მათ ხუმრობებში პოლიტიკა ჭარბობს.
“ჩიტის” გუნდი ღიად არ ჩნდება. ჩვენთან საუბარშიც, მათ ვინაობას ანონიმურად ვტოვებთ.
“ჩიტის” ბოლო სატირული პოსტები ბათუმის პოლიციის უფროსს (რომელსაც დღეს ციხეში მყოფმა მზია ამაღლობელმა სილა გაარტყა) ირაკლი დგებუაძეს და მის ლოყას ეძღვნება.
მაგალითად, ეს ერთ-ერთი მათგანია წარწერით:
“ბოლო ირაკლიში ის ღირსება დევს, ევროპისკენ რომლითაც მივდივართ”.
ან ეს:
აქ შეხვდებით ხუმრობებს სანქცირებულ მოსამართლე ლევან მურუსიძეზე.
“მურუსიძის თქმით, სანქციები ფულის სათხოვნელად მოსული ნათესავების უარით გასტუმრებაში ეხმარება."
“ჩვენი აზრით, ეს არის, ალბათ, პროტესტის ყველაზე უწყინარი ფორმა, - გვეუბნება “ჩიტი”, - კომედიას ორი მხარე აქვს, როცა ცდილობ ვიღაც ან რაღაც კარგად წარმოაჩინო და გაახალისო და პირიქით. ჩვენ ამ მეორეს ვაკეთებთ, ოღონდ მოძალადე ხელისუფლების მიმართ. თან ეს არის პროტესტის ისეთი ფორმა, რომლითაც დისკუსიაც შეიძლება გამოწვიო ადამიანებში და თან გაახალისო. დააფიქრო კიდეც. ეს არ არის პანაცეა, მაგრამ კარგი სალბუნია ხოლმე საზოგადოებისთვის, რომელსაც რაღაც სტკივა”.
მათთვის კი, ვისკენაც ეს იუმორია მიმართული, ის იარაღად იქცევა - რთულად, ნელ-ნელა, მაგრამ ბრძოლის ამ ფორმითაც შეიძლება გამოეცალოს ხელიდან ბერკეტები იმ ხალხს, რომელიც ხალხის წინააღმდეგ ძალაუფლებას ბოროტად იყენებს.
თებერვლის დასაწყისში „ქართული ოცნების“ პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური თანამდებობების პირების, საჯარო მოხელეების, პოლიციელების შეურაცხყოფა მკაცრად დაისჯება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებიც მიიღო.
ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლში შევიდა და დაემატა, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება, რომელიც მის საქმიანობას და სამსახურებრივ მოვალეობას უკავშირდება, გამოიწვევს ჯარიმას ან პატიმრობასაც კი.
თუმცა ბოლომდე ცხადი არ არის, რა ჩაითვლება შეურაცხყოფად, მით უფრო, რომ გამოხატვის თავისუფლების სტანდარტი საჯარო მოხელეებს, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, თმენის ვალდებულებას აკისრებს.