რუსეთში, ფაქტობრივად, ომი აქვთ გამოცხადებული კრემლისადმი ლოიალურად განწყობილი ჩინოვნიკებისა და ჟურნალისტებისადმი.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, რეგიონული ჩინოვნიკები, პოლიციის თანამშრომლები და ხელისუფლებისადმი ლოიალური ჟურნალისტები და ა,შ. თავისუფლებას კარგავენ კორუფციისა და ქრთამის აღების გამო. რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის ცნობით, ბოლო დროს რუსეთში დააკავეს:
ნიკოლაი სიმონენკო ბრიანსკის ოლქის ვიცე-გუბერნატორი ე.წ. „სუროვიკინის ხაზის“ მშენებლობის დროს სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის (ერთი თვის წინ ქრთამის აღებისას ასევე დააკავეს კიდევ ერთი ვიცე-გუბერნატორი სერგეი ტიმოშენკო);
მაქსიმ ეგოროვი, ტამბოვის ოლქის ყოფილი გუბერნატორი - ქრთამის აღებისთვის;
ვიქტორ სტრიგუნოვი, რუსეთის ეროვნული გვარდიის სარდლის ყოფილი პირველი მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ქრთამის აღებისთვის. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და 290-ე მუხლის მე-6 ნაწილზე. მუხლები ითვალისწინებს 10 და 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. გამოძიების თქმით, სტრიგუნოვი ხელმძღვანელობდა კემეროვოს რეგიონში სასწავლო ცენტრის მშენებლობას. საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, სახელმწიფოსთვის მიყენებულმა ზარალმა 2 მილიარდ რუბლს გადააჭარბა.
სერგეი მოჩალნიკოვი და ანატოლი იანოვსკი, ენერგეტიკის სამინისტროს მოქმედი და ყოფილი მოადგილეები - ბრალი წაუყენეს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში (სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლის პირველი ნაწილი, ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა). გამომძიებლების თქმით, 2014 წლიდან 2023 წლამდე მათ დადეს კონტრაქტები არამომგებიანი და უპერსპექტივო ნახშირის მაღაროებისა და ღია კარიერული ნაგებობების ლიკვიდაციის სამუშაოების შესასრულებლად. სინამდვილეში, სამუშაოები სრულად არ შესრულებულა, თუმცა სამინისტროს წარმომადგენლებმა „უპრობლემოდ“ გააფორმეს მიღების აქტები. მიყენებულმა ზარალმა 500 მილიონ რუბლზე მეტი შეადგინა.
დენის გრიბოვი, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე - დააკავეს მოსკოვის ერთ-ერთ აეროპორტში საზღვარგარეთიდან ჩამოსვლისას. მინისტრის ყოფილი მოადგილე თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა (სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა). ამ საქმეზე ადრე სამი პირი იყო დაკავებული. ყოფილ თანამდებობის პირს და მის თანამზრახველებს 54 მილიონ რუბლზე მეტი თანხის მითვისება ედებათ ბრალად. გრიბოვი განათლების სამინისტროს უფროსის მოადგილის თანამდებობას 2020 წლიდან იკავებდა და 2024 წლის აგვისტოში გაათავისუფლეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაახლოებულმა წყარომ RBC-ს განუცხადა, გრიბოვის დაკავება მის დეპარტამენტში მუშაობას არ უკავშირდება.
ნიკოლაი ლიუბიმოვი, რიაზანის ყოფილი გუბერნატორი და რეგიონის ყოფილი სენატორი - ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში (სისხლის სამართლის კოდექსის 290-ე მუხლის მე-6 ნაწილი, 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა). გამოცემა „კომერსანტი“ წერს, რომ საუბარია 250 მილიონ რუბლზე. გამოძიების თანახმად, ლიუბიმოვმა რიაზანის რეგიონის ხელმძღვანელობისას აიღო ქრთამი „ფულის, სხვა ქონების სახით <...> ზოგადი მფარველობისა და სამსახურებრივი თანხმობის სანაცვლოდ“. 2023 წლის ზაფხულში რიაზანის კიდევ ორი ჩინოვნიკი დააკავეს: იგორ გრეკოვი, რომელიც ლიუბიმოვის დროს ვიცე-გუბერნატორი იყო, და რეგიონის ყოფილი სენატორი ირინა პეტინა. მათ ბრალი წაუყენეს ადგილობრივი მეწარმეებისგან დაახლოებით 100 მილიონი რუბლის ოდენობის ქრთამის აღებაში.
ალექსეი სემიონოვი, ტრანსპორტის მინისტრის ყოფილი მოადგილე - დააკავეს 2024 წლის 30 ნოემბერს. ბრალი ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი მასშტაბით ჩადენილ თაღლითობაში (სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილი). „კომერსანტის“ ცნობით, გამოძიება ყოფილი მინისტრის მოადგილის ქმედებებით მიყენებულ ზიანს 240 მილიონ რუბლზე მეტად აფასებს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი 2025 წლის აპრილიდან იძიებს კურსკის ოლქის ყოფილი ხელმძღვანელის ალექსეი სმირნოვის საქმეს (სწორედ მისი გუბერნატორობის დროს შეიჭრნენ უკრაინის შეიარაღებული ძალები პირველად რუსეთის ტერიტორიაზე). 7 ივლისს რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა რომან სტაროვოიტმა თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც, ოფიციალური ინფორმაციით, პუტინმა გამოსცა ბრძანება მინისტრის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ.
რუსი პოლიტოლოგის ალექსანდრ მოროზოვის თქმით, რომან სტაროვოიტი წარმოადგენდა კრემლის პოზიტიური მოღვაწის ახალ ტიპს, რომელიც პირადად პუტინმა დააწინაურა.
„რამდენადაც მე მესმის, მან არა იმდენად პატიმრობის პერსპექტივის, არამედ პუტინის წინაშე განცდილი სირცხვილის გამო მოიკლა თავი. ეს არ ნიშნავს, რომ პუტინის მიერ ბოლო 5-7 წლის განმავლობაში დაწინაურებული სხვა ჩინოვნიკებიც მოიკლავენ თავს მხილების გამო. <…> დღევანდელ დაპატიმრებებს წინ უსწრებდა წმენდები თავდაცვის სამინისტროში, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ისჯებიან ის მოხელეები, რომლებმაც სისტემას უღალატეს, ვერ შეასრულეს მათთვის დაკისრებული მოვალეობები“, - უთხრა პოლიტოლოგმა რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციას.
რატომ არ დაიჭირეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, სერგეი შოიგუ?
ალექსანდრ მოროზოვის თქმით, შოიგუ არ არის პირველი პუტინის გარემოცვიდან, ვინც არ დაისაჯა. ერთგულების შენარჩუნების შემთხვევაში, პუტინი თავის ახლო გარემოცვის წევრებს, როგორც წესი, არ აპატიმრებს, უბრალოდ გვერდზე სწევს.
„შოიგუს მდგომარეობა შეიძლება შევადაროთ ვიტალი მუტკოს მდგომარეობას, პუტინთან დაახლოებულ პირს (სანქტ-პეტერბურგის პერიოდიდან), რომელიც სპორტის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს დოპინგის სკანდალთან დაკავშირებული კოლოსალური წარუმატებლობის გამო, თუმცა ის არ დააპატიმრეს. სახელმწიფო კორპორაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის თანამდებობაზე გადაიყვანეს. მსგავსი სიტუაციაა შოიგუსთან დაკავშირებითაც. ასეთია კადრების მართვის პუტინური სპეციფიკაა“, - ამბობს ალექსანდრ მოროზოვი, რომლის თქმითაც, გენერლების, მაღალი თანამდებობის პირების და სხვა „მოხელეთა“ გახშირებული დემონსტრაციული დაპატიმრებები კრემლის ძალაუფლების ძველი ვერტიკალის დემონტაჟისა და ახლის მშენებლობის უტყუარი ნიშანია:
„3,5 წლის განმავლობაში ვაკვირდებით იმის დაშლას, რასაც პუტინის ადმინისტრაციული ვერტიკალი ეწოდებოდა. პროცესები დაიწყო თავდაცვის სამინისტროდან, პრიგოჟინის ამბოხიდან და თანმხლები მოვლენებიდან. ახლა ФСБ ანადგურებს სამოქალაქო ადმინისტრატორებს რუსეთის ფედერაციის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. ამავდროულად, დევნას განიცდიან ხელისუფლებისადმი ლოიალური ტელეგრამ-არხები, ვებსაიტი Ura.ru და არხი Baza. ეს ყველაფერი უდავო მტკიცებულებაა იმის დაშლისა, რასაც ადრე ვერტიკალს უწოდებდნენ“.
თუმცა ის, რომ სისტემა თავისიანებზე ნადირობას იწყებს, არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მთავრობამ ამოწურა ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიების წარმოების რესურსები და ახლა გადაერთო მხოლოდ საკუთარ რიგებში (სამართალდამცავ სტრუქტურებში, ელიტებში, სახელმწიფო და პროპაგანდისტულ მედიაში) „მავნებლების“ გამოვლენა-მხილებაზე. ალექსანდრ მოროზოვი ვარაუდობს, რომ რუსეთის ოპოზიციას, დამოუკიდებელ საზოგადო აქტივისტებსა და ჟურნალისტებს სექტემბრიდან რეპრესიების ახალი ტალღა ელოდებათ.
„დაიხურება რუსეთში შემორჩენილი ისედაც თითო-ოროლა პლატფორმა. „უცხოელი აგენტები“ გამოცხადდებიან „ექსტრემისტებად“ და დაუსწრებლად მსჯავრდადებულ პირებად მხოლოდ იმისთვის, რომ მათი აუდიტორია დააშინონ. ეს გამომდინარეობს 2025 წელს და 2024 წლის მეორე ნახევარში მიღებული კანონებიდან. კულტურის სფეროში არა მხოლოდ აკუნინი და ბიკოვი დაექვემდებარებიან დევნას, არამედ დაიწყება რეპერტუარების „წმენდა“, სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა. „წმენდა“ შეეხება უმაღლეს სასწავლებლებსაც. პარალელურად, გაგრძელდება მასშტაბური დაპატიმრებები სამოქალაქო და სამხედრო ადმინისტრაციებში. ეს ორი პარალელური პროცესია, ერთი მეორეს არ გამორიცხავს. აშკარაა, რომ ყალიბდება გაცილებით უფრო მკაცრი იდეოლოგიური ცენზურა, ვიდრე უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე იყო. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა ახალი წარმოდგენები იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ლოიალობა და არალოიალობა“, - უთხრა ალექსანდრ მოროზოვმა რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციას.
როცა სისტემას ფული ელევა
გამოცემა The Insider-ის მთავარი რედაქტორისა და გამომძიებელი ჟურნალისტის, რომან დობროხოტოვის თქმით, რუსეთში კორუფციასთან ბრძოლას ერთგვარი პარადოქსის სახე აქვს: რუსეთის ეს ხელისუფლება იმთავითვე კორუფციაზე იყო დაფუძნებული და მის სტაბილურობასაც კორუფცია განსაზღვრავდა:
„ვლადიმირ პუტინი იყო და არის ამ კორუფციის განსახიერება. პუტინმა სხვადასხვა დონის ჩინოვნიკებსაც მისცა ხელის მოთბობის საშუალება. მაგრამ ახლა კორუფცია კონფლიქტში შედის დიქტატურასთან. ჩვენი გამოძიებების უმეტესობა მონაცემთა ბაზებზე წვდომას უკავშირდება, ანუ ვსარგებლობთ კორუფციული სისტემის დაუცველობით. ამის ერთ-ერთი მაგალითია, თუ როგორ არ იმუშავა კურსკში აგებულმა დაცვის ზღუდეებმა, რადგან ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ფული მოიპარეს. ასე დაეჯახა პუტინის პოლიტიკური მიზანი (დაპყრობითი ომი) კორუფციის პრობლემას“.
რომან დობროხოტოვის თქმით, რეპრესიების ახლი ტალღა პროვოცირებულია სამხედრო ეკონომიკით, რომელზეც რუსეთი გადავიდა და, რომელშიც ეფექტიანობის განსხვავებული კრიტერიუმები მოქმედებს.
„სისტემაში ფულის სერიოზული დეფიციტია", - ამბობს გამომძიებელი ჟურნალისტი, - "სისტემას აღარ შეუძლია ისეთი მასშტაბური ქურდობის ატანა, როგორიც რამდენიმე წლის წინ ჩვეულებრივი ამბავი იყო. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ძლიერდება არა იმიტომ, რომ რუსეთი უფრო ცივილიზებული სახელმწიფო ხდება, არამედ იმიტომ, რომ კრემლს ფული გაცილებით მეტად სჭირდება“.
სწორება სსრკ-სა და ჩრდილოეთ კორეაზე
რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების, გუბერნატორებისა და მაღალი რანგის სამხედრო მოხელეების დაპატიმრებებისა და დაკავებების ფონზე, მოსკოვში ასევე დააკავეს ტელეგრამ-არხ BAZA-ს მთავარი რედაქტორი, გლებ ტრიფონოვი. ბრალდება: ინფორმაციაზე წვდომის სანაცვლოდ პოლიციის თანამშრომლების მოსყიდვა. ტელეგრამ-არხს (რომელიც Life.ru-ს ყოფილი ჟურნალისტებისა და მენეჯერების მიერაა შექმნილი) 1,5 მლნ-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
რომან დობროხოტოვის თქმით, სახეზეა პოლიტიკური სისტემის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის პროცესი:
„რამდენიმე წლის წინ შესაძლებელი იყო ისეთი ეკოსისტემა, რომელშიც იყვნენ ნახევრად ავტონომიური მედიაორგანიზაციები ინტეგრირებულნი უსაფრთხოების ძალებთან და აბსოლუტურად ლოიალურები რეჟიმის მიმართ, თუმცა ისინი გარკვეულწილად თამაშობდნენ საკუთარ თამაშს, იღებდნენ ინფორმაციებს საკუთარი წყაროებიდან და ხანდახან ჰყვებოდნენ ისეთ რამეებს, რასაც სახელმწიფო არხებზე ვერ ნახავდნენ და მოისმენდნენ. ახლა ასეთი რამ შეუძლებელია და არა მხოლოდ ისეთ გამოცემებთან მიმართებაში, როგორიცაა Mash ან Ura.ru. არამედ, ამას ვხედავთ ისეთ ტელეგრამ-არხებთან მიმართებაშიც, როგორიცაა ВЧК-ГПУ და სხვა მსგავსი, რომლებიც მჭიდრო კავშირში იყვნენ რუსეთის სპეცსამსახურებთან, მაგრამ არ იყვნენ ინტეგრირებულნი სახელმწიფო ვერტიკალში. როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში ყველაფერი გაიწმინდება“.
რომან დობროხოტოვის თქმით, რუსეთის ხელისუფლება იბრძოლებს ყველა სახის გაჟონვის წინააღმდეგ.
„ის, რომ უსაფრთხოების ძალებს შეუძლიათ რაღაც ამბების საჯარო სივრცეში გატანა გარკვეული არხებით, სისტემისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. მაგალითად, ინფორმაციამ გაჟონა ჩამოგდებულ აზერბაიჯანულ თვითმფრინავთან დაკავშირებით, რამაც სკანდალი გამოიწვია, მათ შორის, საერთაშორისო დონეზეც. ასეთი ინფორმაცია მედიაში ხვდება უსაფრთხოების ძალებიდან გაჟონვის შედეგად. პუტინის დონეზე, მთავრობის დონეზე, არსებობს გაღიზიანება, რომ ინფორმაცია სხვადასხვა არხით გაედინება და ეს ქმნის პოლიტიკურ პრობლემებს ყველაზე მაღალ დონეზე. თუ ადრე მედიასა და უსაფრთხოების ძალებს შორის ბევრი ასეთი მოთამაშე იყო, ახლა ავტონომიურობა შეუძლებელი იქნება. ომის პირობებში სახელმწიფო მოითხოვს მეტ დისციპლინას“, - უთხრა რომან დობროხოტოვმა რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციას.
პოლიტიკის ანალიტიკოსების თქმით, რუსეთი უბრუნდება საბჭოთა კავშირში არსებულ სიტუაციას, როდესაც არსებობდა მხოლოდ სახელმწიფო მედია, რომელიც თავის "კონტენტს" იმთავითვე ათანხმებდა ხელისუფლებასთან და შემდეგ ახდენდა მის ტრანსლირებას. ჩვეულებრივი ცენზურიდან, რომელიც რუსეთში 20 წელია არსებობს, რუსეთი გადადის წინმსწრებ ცენზურაზე, რაც საბჭოთა კავშირში იყო. ანუ, ჯერ ოფიციალური ხელისუფლება ამბობს, როგორია სწორი პოზიცია და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მისი გავრცელება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ რუსეთში ინტერნეტზე წვდომა მხოლოდ პასპორტით იქნება შესაძლებელი: უკვე შეუძლებელია მარტივად რეგისტრაცია. ყველა ინტერნეტ ოპერატორს ФСБ აკონტროლებს. სახელმწიფოს მიერ ექსტრემისტულად აღიარებული მედიასაშუალების წვდომა დასჯადი გახდება.
„ვუწოდოთ ამას გინდა საბჭოთა, გინდა ჩრდილოკორეული ვერსია. სხვა საკითხია, რამდენად მიღწევადია ეს მიზანი 21-ე საუკუნეში, როდესაც არსებობს VPN. ტექნიკურად ეს შეუძლებელია. რუსეთის მთავრობა ახლა საკმაოდ ამბიციურ მიზნებს ისახავს, მაგრამ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ეს მიზნები უბრალოდ ტექნოლოგიურად მიუღწეველია“, - ამბობს რომან დობროხოტოვი.
ფორუმი