Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საომარი ეკონომიკა რეცესიისკენ მიემართება. ეს, სავარაუდოდ, ომს ვერ შეანელებს


გროზნოში სამხედრო ტანსაცმლისა და უნიფორმების მწარმოებელი სამკერვალო ფაბრიკა. მისი და რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის სხვა საწარმოების მუშები საშუალოზე მაღალ ხელფასს იღებენ მუშახელის დეფიციტის გამო.
გროზნოში სამხედრო ტანსაცმლისა და უნიფორმების მწარმოებელი სამკერვალო ფაბრიკა. მისი და რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის სხვა საწარმოების მუშები საშუალოზე მაღალ ხელფასს იღებენ მუშახელის დეფიციტის გამო.

რუსეთის ბიზნესინვესტიციებისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ წვეულებას, რომელსაც კრემლი აფინანსებს და სადაც, წესით, სამომავლო დაპირებებსა და შესაძლებლობებზე უნდა ელაპარაკათ, ეკონომიკის მინისტრმა ცივი წყალი გადაასხა.

„ციფრების მიხედვით, დიახ, ახლა ჩვენ გვაქვს გაგრილების ტენდენცია“, - განაცხადა მაქსიმ რეშეტნიკოვმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე. - „ამჟამინდელი ბიზნესგანწყობის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, რეცესიაში გადასვლის ზღვარზე ვართ“.

დეპრესიული განწყობა რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმაც გააძლიერა.

„ჩვენ ორი წელი საკმაოდ მაღალი ტემპით ვიზრდებით იმის გამო, რომ თავისუფალი შრომითი რესურსები იქნა გამოყენებული“, - განაცხადა ელვირა ნაბიულინამ იმავე პანელურ დისკუსიაზე 19 ივნისს. - „მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ რესურსების უმეტესობა ნამდვილად ამოწურულია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ზრდის ახალ მოდელზე“.

ამას დაემატა სახელმწიფო საბანკო გიგანტის, „სბერბანკის“ ხელმძღვანელის, გერმან გრეფის განცხადება, რომელიც მან ამ ღონისძიების კულუარებში გააკეთა: „ჩვენ უამრავ პრობლემას ვაწყდებით, რომლებსაც დღეს შეგვიძლია იდეალური შტორმი ვუწოდოთ“.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 40 თვეზე მეტია, რაც რუსეთის ეკონომიკა საომარ მდგომარეობაშია და იზრდება მყარი, ზოგჯერ კი - ძლიერი ტემპით. სანქციების ფონზე მან ბევრი დასავლელი ექსპერტისთვის მოულოდნელი მდგრადობა გამოავლინა.

კრემლმა ეკონომიკა ომზე გადააწყო, თავდაცვის ინდუსტრიაში ჩადო ფული იარაღის, ტანკების, დრონების და უნიფორმების წარმოებისთვის. თავდაცვის ინდუსტრიის მუშაკებსა და ჯარისკაცებს დიდი ხელფასები დაუნიშნა, რათა უკრაინაში საბრძოლველად წასვლა უფრო მიმზიდველი გაეხადა.

ამან გარდაქმნა ადგილობრივი ეკონომიკა ქვეყნის ბევრ ღარიბ, შორეულ რეგიონში და აქ ომის მხარდაჭერაც გაზარდა.

თუმცა მაღალმა ხელფასებმა ინფლაცია გამოიწვია და ნაბიულინამ ოქტომბერში მის შესამცირებლად ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 21 პროცენტამდე გაზარდა. ქვეყნის ინდუსტრიული ლობის საჯარო პრეტენზიების მიუხედავად, მან მტკიცედ შეინარჩუნა პოზიცია და გააგრძელა ზომების მიღება ინფლაციის შესამცირებლად.

ეს მუშაობს და ახლა რუსეთი სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან პირველი მნიშვნელოვანი ეკონომიკური შენელების წინაშე დგას.

„ვფიქრობ, ბევრი ინდიკატორი მიუთითებს ზრდის შეჩერებაზე ან თითქმის შეჩერებაზე“, - თქვა იიკა კორჰონენმა, ფინეთის ბანკის განვითარებადი ეკონომიკების ინსტიტუტის კვლევის ხელმძღვანელმა. - „წარმოება კვლავ იზრდება, მაგრამ სხვა რამეები - აღარ“.

„ორი წლის განმავლობაში რუსეთის ეკონომიკა გადახურებული იყო და ნორმალურზე გაცილებით მაღალი ტემპით იზრდებოდა“, - თქვა ალექსანდრე კოლიანდრმა, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ეკონომიკის ექსპერტმა. - „ამიტომ, ახლა ეკონომიკა უბრუნდება იმ ნიშნულს, სადაც უნდა იყოს“.

„ამ ეტაპზე მთავრობისთვის მთავარი გამოწვევაა, რომ ეს სრული კოლაფსის ნაცვლად, რბილი დაშვება იყოს“, - თქვა მან.

რა მოხდება შემდეგ?

სამთავრობო სტატისტიკის თანახმად, რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი წლის პირველ სამ თვეში 1.4 პროცენტით გაიზარდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თუმცა, 2024 წლის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ეკონომიკა წინ მიიწევდა: დაახლოებით 4.4 პროცენტით.

ოფიციალური შეფასებით, 2025 წელს მშპ-ს ზრდა დაახლოებით 2 პროცენტი იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდი კიდევ უფრო დაბალ ზრდას - 1.5 პროცენტს - პროგნოზირებს.

უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, დაახლოებით 2.3 პროცენტს შეადგენს. რაც აჩვენებს, თუ რამდენად დამახინჯდა შრომის ბაზარი, რადგან მამაკაცები სამოქალაქო სამსახურების ნაცვლად უკრაინაში მიდიან საბრძოლველად.

2025 წლის პირველ ნახევარში, როდესაც ინფლაციამ 10 პროცენტს გადააჭარბა, ნაბიულინამ არაერთხელ განაცხადა „გადახურებული ეკონომიკის“ შესახებ. ივნისის დასაწყისში მან განაკვეთის მცირე, 20 პროცენტამდე შემცირება დაგეგმა, რასაც ექსპერტები ძირითადად სიმბოლურად მიიჩნევენ.

„ძალიან მაღალი ძირითადი განაკვეთის შენარჩუნებით მათ მოახერხეს და ეკონომიკა შეანელეს, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უამრავ ფულს ხარჯავს“, - თქვა მარია სნეგოვაიამ, ვაშინგტონში დაფუძნებული სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის რუსეთის პროგრამის უფროსმა მკვლევარმა.

ამ ყველაფრის პოლიტიკური შედეგების პროგნოზირება რთულია.

ჯერჯერობით, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაბიულინას და სხვა მაღალჩინოსნებს ეკონომიკის მართვისთვის შესაძლებლობას აძლევს.

სანქტ-პეტერბურგის ფორუმზე ჩატარებული პანელური დისკუსიიდან ერთი დღის შემდეგ, პუტინმა ბიზნესფორუმზე გამოსვლისას გამაფრთხილებელი შენიშვნა გააკეთა: „ზოგიერთი სპეციალისტი, ექსპერტი, სტაგნაციის და რეცესიის რისკებზეც კი მიუთითებს“, - თქვა მან. - „რა თქმა უნდა, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ“.

„წელს ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა ეკონომიკის დაბალანსებულ ზრდაზე გადაყვანა“, - თქვა მან.

პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე, 20 ივნისი, 2025.
პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე, 20 ივნისი, 2025.

კრემლის ხაზინა ახლა კიდევ უფრო მეტად არის დამოკიდებული ნავთობისა და გაზის შემოსავლებზე, რადგან სანქციებმა ეკონომიკის სხვა სფეროები მნიშვნელოვნად შეკვეცა. თუმცა ნავთობის ფასები წლის დასაწყისიდან დაეცა და ფინანსთა სამინისტრომაც შეამცირა ნავთობთან დაკავშირებული შემოსავლების პროგნოზი 2025 წლისთვის.

„თუ ნავთობის ფასების შემცირებას, [ან] სანქციების აღსრულების მნიშვნელოვან ზრდას და სამოქალაქო წარმოების საერთო შემცირებას არ დავინახავთ, მაშინ ვფიქრობ, რომ რბილი დაშვება იქნება“, - თქვა კოლიანდრმა.

ბალანსირებული, ან ნელი ზრდა მთელ ეკონომიკას დაამჩნევს კვალს და შეაფერხებს ხელფასების ზრდას. ეს, თავის მხრივ, დაეტყობა ოჯახების ბიუჯეტსაც, რამაც შეიძლება უკმაყოფილება გამოიწვიოს.

გაზეთი „ნეზავისიმაია გაზეტას“ ცნობით, კომპანიებისა და ქარხნების მზარდი რაოდენობა აგვიანებს თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდას. სულ უფრო მეტი რეგიონი ამცირებს ახალწვეულთა გაწვევის ბონუსებს - ეს ტენდენცია, ადგილობრივ დონეზე ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებისაკენ მიუთითებს.

მიუხედავად ამისა, პუტინს, როგორც ჩანს, მტკიცედ არის გადაწყვეტილი ომში წინსვლა - მიუხედავად იმისა, რომ მოკლულთა და დაჭრილთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია. მთავრობა გეგმავს 2025 წელს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე დაახლოებით 13.1 ტრილიონი რუბლი (144 მილიარდი დოლარი) დახარჯოს. ეს მისი მშპ-ს 6.3 პროცენტია, რაც საბჭოთა ეპოქის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„სამწუხაროდ, დიახ, ამ ომს ეკონომიკური მიზეზები ვერ შეაჩერებს და რუსეთს შეუძლია [იარაღის] წარმოება ამჟამინდელ დონეზე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს“, - თქვა კორჰონენმა. - „ერთადერთი ეკონომიკური ფაქტორი, რომელსაც შეუძლია რეალურად შეაფერხოს რუსეთის საომარი ძალისხმევა, ნავთობის ფასია“.

XS
SM
MD
LG