თუმცა ამიერიდან რუსეთის დიდი თეატრის თანამშრომლებს სხვა კრიტერიუმებითაც შეაფასებენ: მათი ინტერესით და შეხედულებებით რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის მიმართ.
„ბოლშოიმ“ ხელი მოაწერა 21.6 მილიონი რუბლის (266 000 აშშ დოლარის) ღირებულების კონტრაქტს, რათა ასობით თანამშრომლის კომპიუტერებზე დააინსტალიროს მონიტორინგის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ნატალია კასპერსკის კომპანიის მიერაა შექმნილი.
ეს კონტრაქტი მთავრობის მონაცემთა ბაზაში აღმოაჩინა რადიო თავისუფლების რუსულმა საგამოძიებო სამსახურმა Systema-მ.
პროგრამული უზრუნველყოფა, სახელწოდებით InfoWatch Traffic Monitor, შეისწავლის თანამშრომლების მიმოწერას ელექტრონული ფოსტით, რათა აღმოაჩინოს უხამსი შინაარსის გზავნილები ან დისკუსიები თეატრის მენეჯმენტის შესახებ. დეველოპერებმა ასევე დაამონტაჟეს ფილტრები „პოლიტიკური შეხედულებების“ დასადგენად. ცალკე ყურადღება მიექცევა ინტერესს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიმართ - ასე მოიხსენიებს კრემლი ომს უკრაინაში.
სარეკლამო მასალების თანახმად, InfoWatch-ის პროგრამული უზრუნველყოფა ასევე აკონტროლებს სოციალურ ქსელებს და მესენჯერ-აპლიკაციებს, როგორიცაა WhatsApp და Telegram, და პოპულარულ ვებბრაუზერებს.
2024 წლის მდგომარეობით, „ბოლშოის“ თეატრმა, რომელსაც ფედერალურ ბიუჯეტში საკუთარი პუნქტი აქვს, განაცხადა, რომ დასაქმებული ჰყავს 1000-მდე მოცეკვავე და მუსიკოსი, პლუს დაახლოებით 2500 ადმინისტრაციული და ტექნიკური თანამშრომელი.
ხელშეკრულების თანახმად, პროექტის მთავარი კონტრაქტორი არის კომპანია სახელწოდებით Andek-ი. თუმცა თავად InfoWatch-ის პროგრამული უზრუნველყოფა შეიმუშავა კომპანიამ სახელწოდებით InfoWatch Laboratory, რომელიც Kaspersky-ს საკუთრებაშია.
ნატალია კასპერსკის ყოფილი ქმარია ევგენი კასპერსკი, პროგრამისტი და ტექნოლოგიური პიონერი, რომლის ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფა მთელი მსოფლიოს კომპიუტერებზე იყო დაყენებული. შემდეგ კი აშშ-ის მთავრობამ კომპანია რუსულ დაზვერვასთან კავშირში დაადანაშაულა და პროგრამა აკრძალა. ნატალია კასპერსკიმ 1990-იან წლებში Kaspersky Lab-ის დაარსებაში მონაწილეობდა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის წარმატებაში.
წყვილი 1998 წელს განქორწინდა.
არც „ბოლშოის“ და არც ნატალია კასპერსკის კომპანიას კომენტარის თხოვნაზე არ უპასუხიათ.
1776 წელს დაარსებული თეატრი, რომელიც კრემლის გვერდით მდებარეობს, ყოველთვის იმყოფებოდა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. საბჭოთა ეპოქაში თეატრს საზღვარგარეთულ ტურნეებში კგბ-ს აგენტები ახლდნენ, რათა მოცეკვავეები გაეკონტროლებინათ და აღეკვეთათ დასავლეთში დარჩენის მცდელობები.
თეატრს ამჟამად ცნობილი დირიჟორი ვალერი გერგიევი ხელმძღვანელობს. ის ღიად უჭერს მხარს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და ამის გამო დასავლეთის ბევრ დედაქალაქში მას არ იღებენ.
გერგიევამდე „ბოლშოის“ გენერალური დირექტორი ვლადიმირ ურინი იყო. მას თანამდებობის დატოვება მოუწია, მას შემდეგ, რაც 2022 წელს ხელი მოაწერა პეტიციას უკრაინაში ომის წინააღმდეგ.
2022 წლის შემდეგ რუსეთში მრავალი კულტურული დაწესებულება მოექცა ზეწოლის ქვეშ. რეჟისორები და მხატვრები, რომლებიც ომის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სახელმწიფო სუბსიდიები შეუწყვიტეს.
ფორუმი