იტალიური გამოცემა Linkiesta-ს ცნობით, რუსული მცირე ზომის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა იტალიურ მაფიამდე რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ მეშვეობით აღწევს.
კერძოდ, სამხრეთიდან, სიცილიის პორტებიდან, და ჩრდილოეთით ფრიულის სასაზღვრო-გამშვები პუნქტებიდან შემოდის „კალაშნიკოვები“ - 2010–2020 წლებში გამოშვებული იარაღი (მათ შორის მოიერიშე და სნაიპერული შაშხანები), რომელსაც არა აქვს ქარხნული სერიული ნომრები. მიწოდება ხდება რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი „ტულის იარაღის საიმპერატორო ქარხნიდან“.
რადიო თავისუფლებისა და „ამერიკის ხმის“ ერთობლივი ტელეპროექტი, „ნასტოიაშჩეე ვრემია“ გამოძიების ავტორს, მასიმილიანო კოჩას ესაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ არის ორგანიზებული იტალიური მაფიისთვის რუსეთიდან მარაგების მიწოდება და რა კავშირი აქვს ამას ომთან.
უკრაინაში მიმდინარე ომმა როგორ გაზარდა კრიმინალურ ბაზრებზე რუსული იარაღის გაჟონვის რისკი?
ჩვენ ორმაგ საფრთხეს ვხედავთ. ერთი მხრივ, არსებობს იარაღის გაჟონვის რისკი, განსაკუთრებით კონფლიქტის პირველ ფაზაში, როდესაც უკრაინას სერიოზული შიდა მმართველობითი პრობლემები შეექმნა.
იტალიის ხელისუფლება მაშინ უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღის ევროპულ ბაზარზე გაჟონვის შესაძლებლობის შესახებ აცხადებდა. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, უკრაინამ შემდგომში ძალიან მკაცრი კონტროლის მექანიზმები შემოიღო და ეს რისკი დროთა განმავლობაში შემცირდა.
მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ რუსეთში იარაღის წარმოება გრძელდება მესამე ქვეყნების გამოყენებით. საკმარისია, გავიხსენოთ ჩინეთი, ჩრდილოეთი კორეა, აზერბაიჯანი და სხვა ქვეყნები, სადაც მოქმედებს იარაღის ქარხნები, რომლებიც სანქციების გვერდის ავლით აწვდიან რუსეთის არმიას იარაღსა და საბრძოლო მასალას. ეს იწვევს სამხედრო ხარჯების ზრდას და, ამასთან ერთად, ჩრდილოვანი სამხედრო ეკონომიკის ზრდას.
ვხედავთ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც იარაღის წარმოებასა და დისტრიბუციაზე პოლიტიკური და სამხედრო კონტროლი სუსტია, წარმოებული იარაღის დაახლოებით 10% კრიმინალური ორგანიზაციების ხელშია და შავ ბაზარზე ხვდება. ვლადიმირ პუტინის მმართველობის დროს რუსეთის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 20%-ს აღწევს, რადგან სამხედრო ხარჯები მკვეთრად გაიზარდა, არმიის ქვედანაყოფებისთვის გამოყოფილი საბრძოლო მასალის რაოდენობა გაიზარდა და, შედეგად, თავად სამხედრო ნაწილები, რომლებიც სახელმწიფო კონტროლის ქვეშ არ იმყოფებიან, თავიანთ იარაღს მესამე მხარეებს მიჰყიდიან.
სწორედ ამიტომ ვხედავთ, რომ რუსეთის არმია, მიუხედავად იარაღის წარმოების უზარმაზარი მოცულობისა, საერთაშორისო ფრონტებზე ხშირად იყენებს ძველ იარაღს: ახალწარმოებული იარაღის გარშემო არსებობს პარალელური ეკონომიკური ციკლი, რომელიც ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობია.
თუკი არის საიერიშო შაშხანა, რომელიც ქარხანაშია გამოშვებული 2022-2023 წლებში ოღონდ ის ფრონტზე არ მოიპოვება, მაგრამ ევროპის სხვა ნაწილებში ჩნდება კონფისკაციების შედეგად, ეს ნიშნავს, რომ ხდება რეალური დატაცება და ჩრდილოვანი ფულის ინვესტირება საჯარო სექტორში - თავდაცვის სექტორში.
გარდა ამისა, დამოუკიდებელი გამოძიებები, რომლებიც ჯერ კიდევ შესაძლებელია რუსეთში, აჩვენებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სექტორი არის არმია. კორუფციას სჭირდება დიდი ფულადი ნაკადები და ერთადერთი ნაკადი, რომელსაც შეუძლია მისი კვება ამ შემთხვევაში, ცხადია, არის იარაღის გაყიდვა შავ ბაზარზე.
როგორ მუშაობს ეს ტრაფიკი? თუ „კალაშნიკოვის“ ავტომატები იგზავნება „ტულის იარაღის საიმპერატორო ქარხნიდან“, შემდეგ სად ხვდება ისინი? პირდაპირ იტალიაში ხომ არ მიდის?
მარშრუტები დიდწილად ემთხვევა იმ მარშრუტებს, რომლებიც გამოიყენება საწვავის, ნავთობისა და სხვა საქონლის ტრანსპორტირებისთვის, რომლებსაც ჩრდილოვანი ფლოტი იყენებს. ამ ნაკადის ერთ-ერთი მთავარი პორტი არის პირეოსი საბერძნეთში. იტალიურმა გამოძიებებმა აჩვენა, რომ დანიშნულების ადგილებია ჯოია-ტაუროს და აუგუსტას პორტები.
ადრე იარაღი პირდაპირ იგზავნებოდა სირიის პორტების გავლით, ახლა კი ის, მაგალითად, ეგვიპტის პორტების გავლით მიდის. ჩვენი მონაცემებით, ზოგიერთ საწყობში ეგვიპტური იარაღიც ინახება, რაც ტვირთების შერევაზე მიუთითებს. ასევე გამოიყენება ტუნისისა და ლიბიის პორტები.
არალეგალური ნავთობისა და არალეგალური მიგრაციის მარშრუტებისთვის თვალყურის დევნება გვეხმარება რუსეთიდან იტალიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში იარაღის გადაზიდვის მარშრუტების რეკონსტრუქციაში. ჩვენ ამის დადგენა იტალიაში შევძელით, მაგრამ ცხადია, რომ იარაღი ევროპის სხვა ქვეყნებშიც აღწევს, თუმცა ზუსტი მონაცემები ჯერ არ გვაქვს.
რამდენად აშკარაა რუსეთის სახელმწიფოს მონაწილეობა ამ ვაჭრობაში? იციან თუ არა ამის შესახებ პუტინმა ან მასთან დაახლოებულმა პირებმა?
ვფიქრობ, საქმე ეხება არა მხოლოდ თანამონაწილეობას, არამედ სრულ გაცნობიერებულობასა და პოლიტიკურ ნებას რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. იტალიაში კონფისკაციის შედეგად ჩამორთმეულ იარაღს სერიული ნომრები არა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ქარხნიდანვე მარკირების გარეშე გამოდის.
ეს კი მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთით არის შესაძლებელი: ვინაიდან სერიული ნომრის არსებობა შესაძლებელს ხდის იარაღის ამოცნობას, მისი წარმოების თარიღის და შემკვეთის დადგენას. სერიული ნომრის მოხსნით ისინი იარაღს ბაზარზე გაშვებამდე „პასპორტს“ ართმევენ.
ჩემი აზრით, რუსეთი აქტიურად იკვებება ნავთობისა და იარაღის ჩრდილოვანი ბაზრებით. ეს არის მიზანმიმართული სტრატეგია, რომელიც გაჩნდა უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომის წინ და გამოიყენება ბოლო ათი წლის განმავლობაში - მათ შორის ყირიმის, დონბასისა და 2022 წლის შეჭრის დროს.
მომარაგების ეს მეთოდი ყველა ავტოკრატიისთვის არის დამახასიათებელი. ენ ეპლბაუმი ამის შესახებ წერს თავის წიგნში Autocracy S.p.A („ავტოკრატია“): ჩვენ წინაშეა ნამდვილი კლეპტოკრატიები და ისინი ყვავიან ჩრდილოვანი სქემების ხარჯზე. ესაა იარაღით ვაჭრობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ფულის გათეთრება.
ხოლო კრიმინალური ორგანიზაციების მიერ იარაღის შენახვა მთელს ევროპაში ნიშნავს მცირე სამხედრო პუნქტების არსებობას ქვეყნების შიგნით.
დღეს მაფიას და კრიმინალურ ორგანიზაციებს ვერ განვიხილავთ სახელმწიფოს გარეთ არსებულ რამედ. ისინი მთელს მსოფლიოში არიან დიქტატურებთან და გასამხედროებულ დაჯგუფებებთან ალიანსებში ჩართული. საკმარისია გავიხსენოთ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ თანამშრომლობა საერთაშორისო მაფიებთან: ისინი ფარავენ მთელს ჩრდილოვან ეკონომიკას - ნარკოტიკებს, იარაღს, ფულს.
ეს ყველაფერი ქმნის შავ ეკონომიკას, რომელიც უხილავია ოფიციალური რადარებისთვის, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანია ოლიგარქებისა და რეჟიმის გადარჩენისთვის. და ეს ძალზე ხშირად გამოირიცხება საჯარო დისკურსიდან იტალიასა და ევროპაში.
მაგრამ ესეც ომია - ომი კრიმინალური სისტემის, კრიმინალური სისტემების ალიანსის წინააღმდეგ.
ჟურნალისტური თვალსაზრისით, გვესმის, რომ ამ თემისადმი არასაკმარისი ყურადღება იტალიაში, ევროპასა და მსოფლიოში ირიბად ეხმარება როგორც რუსეთს, ასევე სხვა დიქტატურებს. შეგვიძლია ავიღოთ სრულიად განსხვავებული მაგალითი: ჩინეთი და ფენიტინი, ახალი სინთეზური ნარკოტიკი, რომლითაც გადავსებულია აშშ-ისა და ევროპის ბაზრები. დიქტატურები და ავტოკრატიები ბაზრებს იარაღითა და ნარკოტიკებით ამარაგებენ და ქმნიან ალტერნატიულ სავალუტო სისტემებს. უკვე დღესვე რუსული კომერციული ტრანზაქციების 80%, მათ შორის ოფიციალური ფინანსური ტრანზაქციები, ხორციელდება კრიპტოვალუტის საშუალებით. კრიპტოვალუტები არის კონტროლისა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო რეგულაციების თავიდან აცილების საშუალება.
და ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია, როცა ვსაუბრობთ გლობალურ კონფლიქტზე, ისეთზე, როგორიცაა რუსეთის ომი. ეს მნიშვნელოვანია როგორც BRICS-ის კონტექსტში, ასევე ალტერნატიული ეკონომიკური კავშირების განხილვისას, რადგან სტატისტიკის შედგენისას ჩვენ გამოვრიცხავთ ჩრდილოვან ეკონომიკას.
ხოლო ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი და ბელარუსი, ეს „ჩრდილოვანი თანხა“ ფაქტობრივად შედის სახელმწიფოს შიდა ბიუჯეტში. ამიტომ ომისა და რუსეთის ეკონომიკის დაფინანსების წყაროების შესაჩერებლად უნდა გავითვალისწინოთ როგორც ეს „შავი ეკონომიკა“, ასევე ეს დანაშაულებრივი სისტემები.
გამოეხმაურნენ თუ არა იტალიის ან ევროპის ხელისუფლებები თქვენს გამოძიებას?
ამ მომენტისთვის იყო მხოლოდ დემოკრატიული პარტიის სენატორ ალბერტო ლოსაკოს სადეპუტატო მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრ პიანტედოზისადმი. თუმცა, ჩვენი გამოძიება ხშირად ჩუმად იწყება და შემდეგ იწვევს უფრო ფართო რეზონანსს.
ვფიქრობ, ამ საკითხს მომდევნო კვირებში უფრო მეტად განიხილავენ, რადგან რაც უფრო მკაცრდება სანქციები, მით უფრო მეტად ეძებენ რუსეთი და მაფიოზური სისტემები ალტერნატიულ ბაზრებს. თუმცა, იტალიის საზოგადოებრივი აზრი ღრმად არის მოწამლული: ჯერ კიდევ ვკამათობთ, არის თუ არა ნატო დამნაშავე რუსეთის აგრესიაში უკრაინის წინააღმდეგ. ასე რომ, წარმოიდგინეთ, რამდენად რთულია იარაღით ვაჭრობაში იტალიური მაფიის როლის შესახებ დისკუსიის დაწყება. შესაძლოა, ათ წელიწადში იქცეს საუბრის თემად, როცა დასრულდება ეს უნაყოფო კამათი.
იტალიაში ჯერაც არსებობს ჩუმი მაფია. არ უნდა გვაცდუნოს იმან, რომ მაფია აღარ ხვდება საგაზეთო სათაურებში: გეოპოლიტიკურ და სტრატეგიულ დონეზე ისინი აქტიურები რჩებიან. იტალიური მაფია ყოველთვის სწორად ირჩევდა, სად დამკვიდრებულიყო და როგორი პოლიტიკური პოზიცია დაეკავებინა. დღევანდელი გლობალური არასტაბილურობა, დესტაბილიზაცია ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთში აიოლებს არა მხოლოდ ფულის, არამედ საქონლის, იარაღისა და ნარკოტიკების დინებასაც.