Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯერ პირველი ტურის შედეგები გააუქმეს, შემდეგ კანდიდატი აკრძალეს... რა უნდა ვიცოდეთ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე


აკრძალული კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს მხარდამჭერი ბუქარესტში გამართულ საპროტესტო აქციაზე. თებერვალი.
აკრძალული კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს მხარდამჭერი ბუქარესტში გამართულ საპროტესტო აქციაზე. თებერვალი.

რუმინეთის წინა საპრეზიდენტო არჩევნები დეკემბერში გაუქმდა, მას შემდეგ რაც საარჩევნო კამპანიაში გამარჯვებულის სასარგებლოდ რუსული ჩარევა დადასტურდა. ამჟამად რუმინელები ხელახლა აკეთებენ არჩევანს, თუმცა წინა არჩევნებში დაწინაურებულ კანდიდატს მასში მონაწილეობა აეკრძალა.

4 მაისს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მთავარი ყურადღება არა მხოლოდ შესაძლო გამარჯვებულის ვინაობაზეა მიპყრობილი, არამედ იმაზეც, აიცილებს თუ არა ქვეყანა წინა არჩევნების მსგავს აურზაურს.

აკრძალვა

წინა ჯერზე, ნოემბერში პრორუსმა ნაციონალისტმა კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ პირველ ტურში მოულოდნელად მოპოვებული დაახლოებით ორი მილიონი ხმით, სენსაცია გამოიწვია. მანამდე მას წარმატების სერიოზულ შანსებს მოკლებულ, რადიკალ კანდიდატად მიიჩნევდნენ. თუმცა ჯორჯესკუს საკუთარი მხარდაჭერის დადასტურების შესაძლებლობა არ მიეცა - საქმე მეორე ტურამდე აღარ მივიდა.

რუმინეთის ხელისუფლებამ საარჩევნო კამპანიაში რუსეთის ჩარევის ბრალდებებით პირველი ტურის შედეგები გააუქმა. ხელახალი კენჭისყრისთვის ახალი დამატებითი წესები შემოვიდა, ჯორჯესკუს მეორე ტურში მონაწილეობა აეკრძალა.

დაპირისპირება

არჩევნების გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა რუმინეთში უკიდურესი დაპირისპირებები გამოიწვია; ქვეყანა, მოულოდნელად, მსოფლიო მედიის ჰედლაინებში აღმოჩნდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსის განცხადებითაც:

“რუმინეთმა პირდაპირ გააუქმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები – საკუთარი სადაზვერვო სამსახურის მყიფე ეჭვების საფუძველზე და მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული უზარმაზარი ზეწოლის შედეგად”, - შესჩივლა ვენსმა გაოგნებული პოლიტიკოსებითა და დიპლომატებით სავსე დარბაზს.

კალინ ჯორჯესკუს მხარდამჭერები თებერვალში გამართულ აქციაზე.
კალინ ჯორჯესკუს მხარდამჭერები თებერვალში გამართულ აქციაზე.

არჩევნებში ჩარევა

რუმინეთის დაზვერვის ანგარიშების მიხედვით, უცხოურმა აქტორებმა სოციალური მედიის პლატფორმებზე, განსაკუთრებით TikTok-ზე, ჯორჯესკუს დასახმარებლად მანიპულაციებს მიმართეს – იმ კანდიდატის სასარგებლოდ, რომელიც ნატოსადმი კრიტიკულად იყო განწყობილი და რუსეთის მოგერიებაში უკრაინის დახმარებას ეწინააღმდეგებოდა. დაზვერვის ცნობები მიუთითებდა რომ კამპანია, სავარაუდოდ, რუსეთიდან იმართებოდა, თუმცა მოსკოვმა უარყო ეს ბრალდება.

ვენსის განცხადებიდან ორი თვის მანძილზე, რუმინეთში პოლიტიკურმა დაძაბულობამ მხოლოდ იმატა. უკრაინის და რუსეთთან მიმართ ვაშინგტონის მიერ საკუთარი პოლიტიკის მკვეთრმა ცვლილებამ იმ ქვეყნის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომელიც უკრაინასთან 650-კილომეტრიან საზღვარს იზიარებს, კიდევ უფრო შეაშფოთა.

რუმინეთი, ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანა, უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს. ამ არჩევნებმა ეს შეიძლება შეცვალოს.

ვინ არის ჯორჯე სიმიონი


არჩევნებამდე ერთ-ერთი ბოლო უახლესი გამოკითხვებით, ჯორჯე სიმიონი, ჯორჯესკუს მონაცვლე, დაახლოებით 30%-იანი მხარდაჭერით, მოწინავე ადგილზეა. წარსულში, სიმიონს გადაკვრით უკრაინისადმი ტერიტორიული პრეტენზიები აქვს გაჟღერებული; ის ასევე მოლდოვასთან საერთო სახელმწიფოს შექმნის მომხრეა. მოლდოვისა და უკრაინის ხელისუფლებების გადაწყვეტილებით სიმიონს ამ ქვეყნებში შესვლა აკრძალული აქვს.

სიმიონი ასევე მოითხოვს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას, თუმცა უარყოფს, რომ პრორუსული ორიენტაციისაა.

რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯორჯე სიმიონი.
რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯორჯე სიმიონი.

38 წლის კანდიდატმა, რომელმაც ნოემბერში ბეისბოლის წითელ ქუდში საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით “ტრამპო, იხსენი ამერიკა!”, ახლახან განმარტა, ის “MAGA მოძრაობის იდეოლოგიას სრულად იზიარებს”.

24 აპრილს, რუმინეთის საარჩევნო ადმინისტრაცია, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით, სიმიონის პარტია “რუმინელთა ერთობის ალიანსის” წინააღმდეგ გამოძიებით დაინტერესდა.

სიმიონს ვაშინგტონში, სტივ ბენონის WarRoom პოდკასტსა და ჯეკ პოსობიკის სატელევიზიო გადაცემაში მონაწილეობის ორგანიზებისთვის, ამერიკული ლობისტური კომპანიისთვის მილიონ-ნახევარი დოლარის გადახდა ბრალდება. ამას, სავარაუდოდ, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები მოხმარდა. სიმიონი ბრალდებებს უარყოფს.

წინა არჩევნების გარემოებების გათვალისწინებით, ამ ბრალდებებმა კიდევ უფრო დაამძიმა საარჩევნო გარემო.

საარჩევნო გარემო - რა შეიცვალა?

განმეორებითი არჩევნების წინ, რუმინეთმა საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესები საგრძნობლად გაამკაცრა. ეს პირდაპირი პასუხი იყო ჯორჯესკუს შარშანდელ წარმატებაზე, როდესაც მან ფინანსურ დეკლარაციებში მიუთითა რომ საარჩევნო კამპანიაზე არაფერი დაეხარჯა, ამ დროს კი სოციალურ მედიაში დომინირებდა,

რუმინეთში ჯერ კიდევ არ დასრულებულა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე იმის თაობაზე რომ გარკვეულ პირებს ჯორჯესკუს ონლაინ პოპულარიზაციისთვის თანხებს უხდიდნენ. ახლად შემოღებული წესები მსგავსის აღკვეთას ისახავს მიზნად.

“კანდიდატს მხოლოდ ოფიციალურ ანგარიშზე გადარიცხული თანხის მიღება შეუძლია და ყველა ხარჯი ოფიციალური ანგარიშიდან ხორციელდება”, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ბუქარესტში მოქმედი ანალიტიკური ცენტრ Expert Forum-ის წარმომადგენელმა, სეპტიმიუს პირვუმ.

აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში Expert Forum-მა აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ ფინანსური მონაცემების გამომზეურებისა, ინფორმაცია მაინც არ იყო ბოლომდე გამჭვირვალე, რადგან რადგან ის არ ამჟღავნებდა პოლიტიკური დონორების ვინაობას.

სიმიონის მიერ დეკლარირებული ხარჯები რეიტინგით მისი მომდევნო, 25%-იანი მხარდამჭერის მქონე 65 წლის კანდიდატის, კრინ ანტონესკუს ხარჯებზე დაახლოებით ათჯერ ნაკლებია.

ახლად შეცვლილი კანონმდებლობით, ასევე სავალდებულო გახდა ყველა სახის პოლიტიკურ სარეკლამო მასალაზე მკაფიოდ მითითება, წარმოადგენს თუ არა ის ფასიან შინაარსს და განკუთვნილია თუ არა ის ამომრჩეველთა რომელიმე კონკრეტული ჯგუფისთვის.

The Curious Case Of Romanian-Russian Spies The Curious Case Of Romanian-Russian Spies
please wait
The Curious Case Of Romanian-Russian Spies

No media source currently available

0:00 0:01:53 0:00

ამ წესის საფუძველზე, სოციალური მედიის პლატფორმებმა ასობით ონლაინპოსტი წაშალეს, რომლებიც რუმინეთის საარჩევნო ორგანოებმა “უკანონოდ“ მიიჩნიეს. თუმცა წაშლის ყველა მოთხოვნას კომპანიები არ დაჰყვნენ.

რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს 4 მაისის არჩევნები, დიდი ალბათობით, ამით ყველაფერი არ დასრულდება. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს 50 პროცენტზე მეტ მხარდაჭერას, ორი მოწინავე კანდიდატი 18 მაისს, მეორე ტურში შეერკინება ერთმანეთს.

ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, სიმიონს მეორე ტურში გამარჯვება უკიდურესად გაუჭირდება. თუმცა, წინა არჩევნების გათვალისწინებით, რაიმეს თამამად პროგნოზირება რთულია.

რბოლაში სულ 11 კანდიდატი მონაწილეობს. გამოკითხვების მიხედვით, მეორე ტურში გასვლის შანსი კიდევ ორ კანდიდატს — ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტას და ბუქარესტის მერს, ნიკუშორ დანს აქვს.

რუმინეთის კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტი ნიშნავს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება პარლამენტის მხარდაჭერას საჭიროებს, სადაც ამჟამად სიმიონის პარტია ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალაა.

პრეზიდენტი ასევე წარმოადგენს რუმინეთს ნატოსა და ევროკავშირის სამიტებზე; მას ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე ქვეყნის სახელით ვეტო გამოყენება შეუძლია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG