Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“დიდი კომპრომისების დრო” რუსეთთან - რა აქვთ ჩაფიქრებული მამუკა ფიფიასა და კრემლის სხვა მომხრეებს საქართველოში?


პუტინის მეხოტბე, 48 წლის მამუკა ფიფია პარტიის საერთაშორისო მდივანია - აფხაზეთიდან დევნილი, გალის რაიონიდან.
პუტინის მეხოტბე, 48 წლის მამუკა ფიფია პარტიის საერთაშორისო მდივანია - აფხაზეთიდან დევნილი, გალის რაიონიდან.

კრემლისტური პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერი, რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე, ბიზნესმენი მამუკა ფიფია რუსეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვს. “გეორგიევსკის ტრაქტატი 2” - ასე უწოდა მან ამ სასურველ შეთანხმებას, რამდენიმე დღის წინ, მოსკოვში.

ვლადიმირ პუტინის მიმართ ლოიალური “სოლიდარობა მშვიდობისათვის", რომელიც 2023 წელს პარტიად გადაკეთდა, რუსეთის ორბიტაზე საქართველოს დასაბრუნებლად - თანმიმდევრულად მიიწევს წინ. “საჯარო დიპლომატიის” ინსტრუმენტის გამოყენებით ამ ჯგუფის არაერთი ინიციატივა შედეგით დასრულდა, რასაც “ქართული ოცნებაც” მიესალმა.

პუტინის მეხოტბე, 48 წლის მამუკა ფიფია პარტიის საერთაშორისო მდივანია - აფხაზეთიდან დევნილი, გალის რაიონიდან. სჯერა, რომ “ოცნების” ხელისუფლება მის შემდგომ გეგმებსაც აჰყვება და რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაც შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის საქართველომ მკაფიო ვექტორი უნდა აირჩიოს - რუსეთისკენ.

მოსკოვში ამბობენ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.

კრემლის შესრულებული და შესასრულებელი ამოცანები

"თავდაპირველად ჩვენ შევქმენით ფორმატი, რომელშიც პატრიოტულად მოაზროვნე ქართველი პოლიტიკოსები მოვიწვიეთ. ჯერ იყო მხოლოდ საუბრები, პოზიციათა გაცვლა, შემდეგ ქმედებებზე გადავედით… რაც რუსეთის სახელისუფლებო ვერტიკალის საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე მეტყველებს”, - აღნიშნავს რუსეთის დუმის დსთ-ს საკითხებისა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ კალაშნიკოვი “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში, რომელიც 28 ივლისს გამოქვეყნდა და რომლის მეორე რესპონდენტი - პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფიაა.

ფიფიას აქტიურობით წარმართული ე.წ. სახალხო დიპლომატიის მიღწევებს შორის კალაშნიკოვი 2023-2024 წლის მოვლენებს ჩამოთვლის:

  • 2023 წლის მაისში პუტინმა პირადად მოაწერა ხელი გადაწყვეტილებებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების შესახებ;
  • ასევე პუტინის ბრძანებით მოიხსნა 2019 წლის ივლისში დაწესებული აკრძალვა პირდაპირ ავიარეისებზე. ახლა საქართველოსა და რუსეთის ქალაქებს კვირაში ათეულობით ავიარეისი აკავშირებს.
  • 2024 წლის ოქტომბერში - პუტინის ბრძანებით გაფართოვდა შესაძლებლობები საქართველოს მოქალაქეებისთვის - რუსეთში შესვლის თუ იქ დასაქმების კუთხით.


პუტინის ეს გადაწყვეტილებები სწორედ “სოლიდარობა მშვიდობისთვის” წარმომადგენლების თხოვნებს მოჰყვებოდა და ყოველ შედეგზე საჯარო მადლობაც ისმოდა. სწორედ ამ პარტიის წევრები იყვნენ მოსკოვ-თბილისის პირველი განახლებული ავიარეისის მგზავრები და მათ შორის - თავად მამუკა ფიფიაც. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს, პარტიის წევრები პუტინის ხელისუფლებას სთხოვდნენ საქართველოს დაცვას, გადარჩენას, დახმარებას დასავლეთთან ბრძოლაში.

დიდი კომპრომისები! - უახლოეს მომავალში

ასავალ-დასავალთან ერთობლივ ინტერვიუში ფიფია ამბობს, რომ ახლა “დიდი კომპრომისების დროა”, “ყველა მხარე ამისთვის მზად უნდა იყოს!” და რომ კომპრომისზე წასვლა საქართველოსაც მოუწევს.

“რა თქმა უნდა, საქართველო დამოუკიდებლობას არასოდეს დათმობს, თუმცა აუცილებლად მოუწევს მკვეთრად განსაზღვროს თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი, რათა უახლოეს მეზობლებთან საკუთარი უსაფრთხოება, ასევე ეკონომიკური წინსვლა უზრუნველყოს!” - საქართველოს მშვიდობის გარანტად ფიფია მიიჩნევს რუსეთს - ქვეყანას, რომელიც უკვე მეოთხე წელია ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს მეზობელ უკრაინასთან და ცეცხლის შეწყვეტას არ თანხმდება.

ფიფიას პარტიის სამომავლო გეგმებში შედის:

  • “გეორგიევსკის ტრაქტატ 2”-ის გაფორმება რუსეთთან - ამის შესახებ ილაპარაკა 24 ივლისს, მოსკოვშიც კონფერენციაზე - “გეორგიევსკის ტრაქტატი - წინაპრების ისტორიული არჩევანი”;
  • სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება რუსეთთან - სამოკავშირეო ხელშეკრულება მოსკოვს გაფორმებული აქვს ბელარუსთან, 1999 წელს - სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის მიზნით. ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ამ სტრუქტურაში “მუდმივი დამკვირვებლის” სტატუსით სარგებლობენ. 2024 წლის დასაწყისში ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტმა“, ასლან ბჟანიამ სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანების სურვილი გამოხატა.
  • დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა - 2025 წლის მაისშიც, ფიფიას ინიციატივით შექმნილმა პროკრემლისტურმა პლატფორმამ - “თავისუფალი ტრიბუნა” - დაიწყო ხელმოწერების შეგროვება ლოზუნგით -“საქართველო რუსეთთან დიალოგისთვის ერთიანდება”. ასავალ-დასავალთან ინტერვიუში ფიფია ამბობს, რომ დასავლური ძალების ხელშეშლის მიუხედავად, პეტიციამ 147 ათასი ხელმოწერა შეაგროვა.
  • კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღება [რაც სწორედ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის ვალდებულებებს უკავშირდება] - ფიფია აცხადებს, რომ მართალია “ქართულ ოცნებას” ახლა არა აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა [მინიმუმ 113 ხმა] ამ ცვლილებისთვის, მაგრამ იმედოვნებს, რომ - მომავალში ექნება. არც იმას გამორიცხავს, რომ მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს ანდა ჩატარდეს პლებისციტი.


“დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთს და საქართველოს ერთმანეთის მხარდაჭერა ჭირდება და აუცილებელია გაფორმდეს სამოკავშირეო ხელშეკრულება თანასწორი პირობებით, როგორც ეს ხდება ორ თანასწორ სუვერენულ ქვეყანას შორის. ეხლა ჩვენგან არის დამოკიდებული რუსებთან რა "სდელკას" დავდებთ! ერთმანეთს ვჭირდებით, ეს სულ სხვა გარემოებაა 242 წლის უკან სულ სხვა გარემოება იყო“, - დაწერა ფიფიამ ფეისბუკზე, მოსკოვში 24 მაისს გამართული კონფერენციის შემდეგ.

ივლისის დასაწყისში, ერთ-ერთი პრორუსული არხის გადაცემაში მამუკა ფიფიამ თქვა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი დიალოგი “უახლოეს მომავალში დაიწყება” და ამის “მკაფიო და ნათელი” ნიშნებიც არსებობს - ხალხის ხელმოწერებს “ქართული ოცნების” ხელისუფლებას გადასცემს და იმედი აქვს, რომ პროცესი დაიძვრება. ფიფია ხშირად იმეორებს, რომ - ყველაფერს ვერ იტყვის.

კიდევ ერთი პრორუსი წამყვანის გადაცემაში მან აღნიშნა, რომ - რუსეთთან დაახლოების პროცესი საქართველოს მოუტანს - “პირველ რიგში მშვიდობას, სახლში დაბრუნებას” და გლეხსა თუ მეწარმეს “გარანტირებული ექნება რუსული ბაზარი”. “ჩვენ დავბრუნდებით სახლში - ღირსებით”, - ესეც ფიფიას სიტყვებია.

თვითშემოქმედება თუ კოორდინირებული გეგმა?

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ რუსეთთან დაახლოების პროცესები მწყობრი გეგმითა და “ქართულ ოცნებასთან ” კოორდინაციით მიიწევს წინ - დასავლეთთან თბილისის მწვავე დაპირისპირების პარალელურად.

“ეს პროცესები სპონტანური და თვითდინებითი რომ არ არის, ამაში თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ძალიან აცდენილია რეალობას. ერთადერთი, რაზეც შეიძლება დავფიქრდეთ - [“ოცნების” ხელისუფლების] რომელი დაჯგუფებაა პირდაპირ კავშირზე მათთან. საბოლოოდ, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილამდე მიდის, ამას კი არ ვაყენებ ეჭვქვეშ, მაგრამ რთულად წარმომიდგენია, რომ ამ ხალხს პირადად მასთან ჰქონდეს კავშირი”, - თინა ხიდაშელი გვეუბნება, რომ შემთხვევითი არც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის წამოწევაა - რადგან საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ეს უცვლელი პრიორიტეტი და უმნიშვნელოვანესი საკითხია.

მაგრამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დაპირებას კრემლი არ იძლევა და 2008 წლის აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილების [აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება] შეუქცევადობაზე სხვადასხვა დროს მოსკოვიდან არაერთი განცხადებაც გაკეთდა.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე არც ლეონიდ კალაშნიკოვი ლაპარაკობს, ასავალ-დასავალთან. მან უბრალოდ თქვა, რომ უნდა გამოინახოს “ოქროს შუალედი” - რათა “როგორც ქართველთა, ასევე აფხაზთა და ოსთა ინტერესები იყოს დაცული“ და რომ “ეს შეუძლებელი აღარ არის!”.

ეს განცხადება ფიფიას მხარდამჭერებმა მაინც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთგვარ დაპირებად თარგმნეს. ისინი მხარს უჭერენ რუსეთთან დიალოგის უპირობოდ დაწყებასაც.

“ჯერ დაგვიბრუნოს ჩვენი ტერიტორიები და მერე დავუჯერებთ რუსეთს” – არის ასეთი კომენტარებიც.

კომენტატორები ფიფიას იმასაც შეახსენებენ, რომ რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის 1783 წლის 24 ივლისს გაფორმებული "გეორგიევსკის ტრაქტატის" პირობები რუსეთმა დაარღვია და 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა.


თინა ხიდაშელი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის ორბიტაზე გადასვლის გასაადვილებლად დაგეგმილი იყოს გარკვეული მოკლევადიანი “მარტივი სვლები”, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბრუნების ილუზიას შექმნის, "მაგალითად - შესაძლოა გაიხსნას ენგურის ხიდი და ხალხს მისცენ თავისუფლად გადაადგილების საშუალება".

“აგვისტოს ომამდე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, პირადად მე მქონდა პროექტი ოსურ სოფლებში და ჩვეულებრივად ჩავდიოდი ჩემი მანქანით, ღამეს ვათევდი იქ. გადაადგილების შეზღუდვა მოხსნილი იყო. მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ სინამდვილეში კონფლიქტი აღარ იყო?! 2008 წლის აგვისტომ აჩვენა, რომ ეს ყველაფერი იყო მირაჟი”, - გვეუბნება თინა ხიდაშელი.

“ქართული ოცნების” ხელისუფლება ყოველთვის უარყოფდა კავშირს პრორუსულ, პროკრემლისტურ ჯგუფებთან. თუმცა “ოცნება” კმაყოფილი დარჩა შედეგით - ვიზების მოხსნითაც და პირდაპირი ავიარეისების აკრძალვის გაუქმებითაც. ამბობდნენ, რომ ეს რუსეთში მცხოვრები მილიონი ქართველის ინტერესებში შედიოდა.

ზუსტად არავინ იცის, რამდენი ქართველი ცხოვრობს დღეს რუსეთში. ფიფია ვარაუდობს, რომ - 700 ათასი.

ფიფიას თანამოაზრეები

2023 წლის სექტემბერში, მამუკა ფიფია, საქართველოს პარლამენტში, „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ვასილ ჩიგოგიძეს ესტუმრა - ეს ამბავი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც თავად ფიფიამ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა ფოტო წარწერით - „ვეცნობი საქართველოს კონსტიტუციას“.

ფაქტის უტყუარობის მიუხედავად, რომ ფიფია ჩიგოგიძის კაბინეტში, დეპუტატის მაგიდასთან მჯდომი იყო გადაღებული, „ქართულ ოცნებაში“ მაშინ მაინც ოპოზიციის პროვოკაციაზე დაიწყეს ლაპარაკი.

მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ შემთხვევითი არ იყო - "ასეთი ადამიანების” მიერ ფოტოების გამოქვეყნება, რაზეც შემდეგ ოპოზიცია რეაგირებს. მდინარაძემ მიზნად - „ქვეყნის მტრობა“ და „აყირავება“ დაასახელა.

მამუკა ფიფია "ქართული ოცნების" დეპუტატის კაბინეტში - 2023 წელი
მამუკა ფიფია "ქართული ოცნების" დეპუტატის კაბინეტში - 2023 წელი

ფიფიას სოციალურ ქსელებში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული აქვს ფოტოები რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატთან, სერგეი გავრილოვთან და რუსეთის ხელისუფლების სხვა ფიგურებთან. იძებნება ასევე ფოტო გადაღებული რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორთან, სერგეი ნარიშკინთან.

მამუკა ფიფია რუსეთის “სახალხო ერთობის კლუბის” პრეზიდიუმის წევრია. ამ კლუბში თავს იყრიან რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეები, მზადყოფნით - ემსახურონ რუსეთის ინტერესებს, მის სუვერენიტეტს, საგარეო კავშირებსა და "ტრადიციულ ღირებულებებს".

კლუბის წევრებს შორის არიან: ფიფიას თანაპარტიელი - მიხეილ ჟღენტი; ტელეკომპანია “სეზონის” დირექტორი, გადაცემის წამყვანი ნიკოლოზ მჟავანაძე და თბილისის მერის, “ქართული ოცნების” გენმდივნის კახა კალაძის დის ქმარი, პაატა აბულაძე, რომელსაც პრორუსული არხები ეთერში სამხედრო ექსპერტად იწვევენ. “სახალხო ერთობის კლუბის” ვებსაიტზე მითითებულია, რომ პაატა აბულაძე პარტია “ქართული ოცნების” წევრია.

  • “სახალხო ერთობის კლუბის” პრეზიდიუმში არიან: რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ ზატულინი, კრემლის იდეოლოგი, ანტიგლობალისტი ფილოსოფოსი ალექსანდრ დუგინი; რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რუსეთის 58-ე არმიის ყოფილი სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი გურულიოვი.
  • კლუბის თანათავმჯდომარეებს შორის არის სერგეი გლაზევი - ბელორუსიის სამოკავშირეო სახელმწიფოს სახელმწიფო მდივანი.
  • დამოუკიდებელ მეთვალყურეთა საბჭოს შემადგენლობაშია - ამერიკელი პროფესორი, ანტიდასავლური განწყობების ჯეფრი საქსი, რომელსაც ხშირად ციტირებენ როგორც პროსახელისუფლებო არხები, ასევე “ქართული ოცნების” ლიდერები.


კრემლის მეხოტბე ბიზნესმენის, მამუკა ფიფიას გარშემო სხვადასხვა შეხვედრაზე ჩანან “ქართული ოცნების” მოკავშირეები, მხარდამჭერები.

მათ შორის არის მე-10 მოწვევის პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსის” სიით მოხვედრილი ფრიდონ ინჯია, რომელმაც შემდეგ საკუთარი პარტია - “ევროპელი სოციალისტები” შექმნა და “ოცნების” მიმართ სრული ლოიალურობით გამოირჩეოდა.

მე-11 მოწვევის სადავო პარლამენტის დეპუტატია ფრიდონ ინჯიას შვილი - ილია ინჯია, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის 30-ე ნომერი იყო. 2025 წლის თებერვალში კი, მან უმრავლესობა დატოვა და, მამის მსგავსად, საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ - „ევროპელ სოციალისტებში” გადავიდა.

ილია ინჯია სადავო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის [“წულუკიანის კომისია” ] წევრია. ამ კომისიამ მუშაობა წინასწარ გამოტანილი დასკვნით დაიწყო - 2008 წლის აგვისტოს ომი ქართულმა მხარემ დასავლური ძალების ზეგავლენით დაიწყო. ასეთია დღეს "ქართული ოცნების" პოზიცია.

2025 წლის 9 მაისს, როცა პრეზიდენტი პუტინი „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების მე-80 წლისთავს აღნიშნავდა, მედიაში გავრცელებულ ფოტოებში, წითელ მოედანზე მამუკა ფიფიასთან ერთად პოზირებს „ქართული ოცნების“ ყოფილი გენერალური პროკურორი, აშშ-ის მიერ სანქცირებული - ოთარ ფარცხალაძე, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ახალი გვარი - რომანოვი დაიმატა.

რუსეთის დუმის დსთ-ს საკითხებისა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა ახლო წარსულში დაადასტურა, რომ ფარცხალაძე მონაწილეობდა მოლაპარაკებებში რუსეთ-საქართველოს პირდაპირი ფრენების აღსადგენად.

ვაშინგტონმა ფარცხალაძეს „ქართველი-რუსი ოლიგარქი“ უწოდა და სანქცირებისას არგუმენტად ის მოიყვანა, რომ მას რუსული ФСБ (რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური) ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად იყენებდა.

ოპოზიციაში თვლიან, რომ ფარცხალაძე შუამავალია „ქართული ოცნებასა“ და კრემლს შორის. თუმცა თავად „ოცნებაში“ ამ ფაქტს ყოველ ჯერზე უარყოფენ და ყოფილი გენერალური პროკურორისგან დისტანცირებას ცდილობენ.

2022 წლის 7 დეკემბერი. მოსკოვი. ფორუმი „რუსულ-ქართული ურთიერთობები: მისი განვითარების პერსპექტივები“
2022 წლის 7 დეკემბერი. მოსკოვი. ფორუმი „რუსულ-ქართული ურთიერთობები: მისი განვითარების პერსპექტივები“

ფიფია და მისი პარტია ავრცელებენ ისეთ მესიჯებს, რაც უკვე წლებია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რიგებიდან ისმის.

  • კრემლის მომხრე ბიზნესმენი ამბობს, რომ - საქართველოს „დიპ სტეიტი“ ებრძვის და ქვეყანაში არეულობასა და პროვოკაციებს გეგმავს.
  • ასევე „დიპ სტეიტს“ მოაწერს ის - რუსეთსა და საქართველოს შორის მტრობის გაღვივებას.
  • საერთაშორისო პარტნიორებს ფიფია მტრებს უწოდებს და თვლის, რომ საქართველომ უნდა დაივიწყოს ნატოც და ევროკავშირიც.
  • 2024 წლის მაისში, როცა „ქართულმა ოცნებამ“ მეორე ცდაზე დაამტკიცა „აგენტების შესახებ კანონი“, რომელსაც საზოგადოება „რუსულ კანონს“ უწოდებდა - ერთ-ერთ ინტერვიუში ფიფიამ თქვა, რომ ეს „აუცილებელი იყო საქართველოსთვის“, მისი დამოუკიდებლობისთვის და ამ კანონით „ყველასთვის ნათელი გახდება, როგორ და რა ფულით მზადდებოდა რევოლუციები“ და წარიმართებოდა „ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა“ .


სამართლებრივად დადასტურებული არ არის, მაგრამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავენ, რომ „გლობალური ომის პარტია“ - იგივე „დიპ სტეიტი“ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებასა და ხელისუფლების შეცვლის გზით ქვეყნის ომში ჩართვას ცდილობს.

  • ფიფია აცხადებს, რომ - დასავლეთს რუსეთის განადგურებაც უნდა.
  • “დიპ სტეიტის” მიერ რუსეთის განადგურების განზრახვის შესახებ ლაპარაკია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ბოლო განცხადებაში.


ასავალ-დასავალთან ინტერვიუში, ლეონიდ კალაშნიკოვი არ მალავს კმაყოფილებას “ქართული ოცნების” პოლიტიკით:

“ახლა რუსებისთვის უკვე გასაგებია, რომ საქართველოს პოლიტიკურ ვერტიკალს თავისი სახელმწიფო რუსეთის ფედერაციასთან მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ მიჰყავს და დასავლეთის აგრესიული წრეების დაკვეთას - როგორღაც საქართველო რუსეთთან სამხედრო წინააღმდეგობაში ჩაითრიონ, არ ასრულებს”, - ეუბნება ის გაზეთს.

  • 2024 წლის მარტში, მამუკა ფიფია თანაპარტიელებთან ერთად დამკვირვებლად იყო მიწვეული რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში და პროცესს მაღალი შეფასება მისცა.
  • 2024 წლის აგვისტოში - რუსეთში - კურსკის ოლქში [სადაც მაშინ უკრაინული არმიის შენაერთები იყვნენ შეჭრილი] ფიფიამ ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა „რუსეთში მცხოვრები ქართველების სახელით“ და რუსეთის მედიას უთხრა - რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში [აფხაზეთში ომის შემდეგ] რუსეთმა ქართველი ლტოლვილებზე ყოველმხრივ იზრუნა.


ფიფიას რუსეთთან დაახლოებისთვის თავისებური არგუმენტიც აქვს:

“ასეთი უზარმაზარი მართლმადიდებელი რუსეთი ღმერთმა შექმნა არა იმისთვის, რომ ჩვენ ვიჩხუბოთ”. - თქვა მან ბოლო კონფერენციაზე, მოსკოვში.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG