Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაც მამას უნდა


„პანოპტიკონი“ (2025, საქართველო, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე)

ბოლო დროს ხშირად მიხდება იმის შეხსენება, რომ კინოს ისტორია მხოლოდ დასრულებული ფილმები არ არის. კინოს ისტორია ფილმის დაგეგმვის, გადაღების, ფესტივალებსა და კინოთეატრებში ჩვენების ისტორიაცაა. შემოქმედებითი პროცესი ზოგჯერ უფრო საინტერესოა, ვიდრე ნაწარმოები, რომელიც ამ პროცესის შედეგად იქმნება. კინოს ისტორიაში ეს ფილმის მიღმა სამყარო, ხანდახან სრულიად მოულოდნელად, თავად ფილმის ნაწილი ხდება ხოლმე, უჩინარ ამბებს რეალობა ფილმის წიაღში შეჰყავთ და ამით გარკვეული თვალსაზრისით აძლიერებენ მხატვრული ნაწარმოების ისტორიულ მნიშვნელობას.

თუმცა ეს ამბები ყოველთვის უჩინარი არ არის. მაგალითად, სექტემბერში შევიტყვეთ, რომ ეროვნული კინოცენტრი „ოსკარის“ 98-ე დაჯილდოებაზე საქართველოს გიორგი სიხარულიძის სრულმეტრაჟიანი დებიუტით, „პანოპტიკონით“ წარადგენს. კინოცენტრის განცხადებით, გამარჯვებული ფილმი საგანგებოდ შექმნილი კომისიის წევრების მიერ, ფარული კენჭისყრით გამოვლინდა. „სპეციალური კომისია, რომელმაც საქართველოდან „ოსკარზე“ წარსადგენი ფილმი შეარჩია, დარგის ექვსი პროფესიონალისგან შედგებოდა”, - აღნიშნულია კინოცენტრის 16 სექტემბრის განცხადებაში. ვინ არიან “დარგის პროფესიონალები”, გაურკვეველია. ის ვიცით, რომ “პანოპტიკონს” მხოლოდ ერთი კონკურენტი ჰყავდა, მერაბ კოკოჩაშვილის ფილმი “ტერცო მონდო”. და არა იმიტომ, რომ წარსადგენი სხვა არაფერი იყო, არამედ იმიტომ, რომ 500-ზე მეტი ქართველი კინემატოგრაფისტი კვლავაც ბოიკოტს უცხადებს ეროვნულ კინოცენტრს და უარს ამბობს ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაზე.

გავა დრო, „პანოპტიკონი“ შევა ისტორიაში, როგორც „ოსკარზე“ წარდგენილი ქართული ფილმი. თანაც ფილმი, რომელმაც საუცხოოდ შეინახა ჩვენი დღევანდელობა. იმათ, ვისთვისაც კინოს ისტორია მხოლოდ და მხოლოდ დასრულებული ფილმია, არ ეცოდინებათ, რომ „პანოპტიკონი“ „ოსკარზე“ წარადგინა „სისტემამ“, რომელსაც ფილმის რეჟისორი და განსაკუთრებით მთავარი როლის შემსრულებელი დათა ჩაჩუა თავად უპირისპირდებიან… ასეთი ფონი გიორგი სიხარულიძის ფილმს ცოტათი ამსგავსებს “პანოპტიკონის” მთავარ პერსონაჟს, 17 წლის სანდროს, რომელიც გაორებულია, რომელშიც ძველი და ახალი, რეაქციული იმპულსები და თავისუფლების სურვილი ერთმანეთს უპირისპირდებიან, რომელიც, ერთის მხრივ, ემორჩილება იმას, ვინც ძალაუფლებას ფლობს, მეორეს მხრივ კი, განსაკუთრებით როცა მარტოა, ახერხებს არ იძალადოს თავის სურვილებზე და თუ გნებავთ, ვნებებზეც… ერთი კია, “პანოპტიკონის თვალი” მას ორივე შემთხვევაში აკონტროლებს.

ახალგაზრდა კაცი თავისი იდენტობის ძებნაში... ქართული კინოსთვის ეს უკვე ბანალური თემაა. „პანოპტიკონიც“ დარჩებოდა, ალბათ, როგორც სინეფილის მიერ შესრულებული, „400 დარტყმის“ მორიგი ვარიაცია (ფილმში პირდაპირი ციტატაა გამოყენებული ფრანსუა ტრიუფოს შედევრიდან), რომ არა სოციალური და ისტორიული ფონი, რომელიც აქ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სანდროს გაორება.

„პანოპტიკონი“ გაორებული საქართველოს პორტრეტია. თავისებური სახეა ქვეყნისა, რომელიც ისევ არჩევანის წინაშეა ლიბერალურ იდეოლოგიას და კონსერვატორულ ღირებულებებს შორის. თუმცა ეს წინააღმდეგობა მთლად „კლასიკური“ არაა - ფასეულობათა კონფლიქტს აქ ემატება ფარისევლობა, რომელიც მნიშვნელოვნად აშორებს საზოგადოებას როგორც კონსერვატორულ ტრადიციებს, ისე ლიბერალურ ღირებულებებს.

სანდრო ბებიასთან ერთად ცხოვრობს. დედამისი ოჯახის სარჩენად შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, მამამ ბერობა გადაწყვიტა და მონასტერში წავიდა, თუმცა მამა-პატრიარქი დისტანციიდანაც ახერხებს შვილის დამორჩილებას. საზოგადოებაში სანდრო დამჯერი ახალგაზრდა კაცია, რომელიც ცდილობს, დაარწმუნოს შეყვარებული გოგო, რომ ჯვრისწერამდე სექსი ცოდვაა, ეამბორება ჯვარს, სანამ გასახდელში დაკიდებს ვარჯიშის წინ, სისტემატურად ლოცულობს და ერთგვარად ამაყობს კიდეც მამამისით. მაგრამ სანდრო სულ სხვანაირია, როცა თავის თავთან მარტო რჩება - მთელი რიტუალები აქვს „დამხეცებული“ მასტურბაციისთვის - არა მარტო შინ, არამედ გარეთაც - საპარიკმახეროში, მეგობრის დედასთან, ტრანსპორტში, კინოში.

ფილმს ვუყურებდი და ვფიქრობდი, რამდენს წააგებდა „პანოპტიკონი“ მის ავტორებს დათა ჩაჩუა რომ არ აეყვანათ ამ როლისთვის. ის, რასაც ეს ახალგაზრდა მსახიობი აკეთებს, ძალიან დიდი ოსტატობაა. მას შეუძლია ერთ წამში შეცვალოს ჩვენი დამოკიდებულება ფილმის პერსონაჟის მიმართ, რითაც აძლიერებს მაყურებლის ყურადღებას (არაფერი არ უნდა გამოგვეპაროს!) და დინამიკურს ხდის ამბავს. ფრანსუა ტრიუფოს სიყვარული, რომელსაც გიორგი სიხარულიძე არ მალავს, არა მარტო მსახიობის გარეგნობაში გამოიხატება (ჟან-პიერ ლეოს მას ბევრი ამსგავსებს) - სანდროს „პერვერსიული თავგადასავლები“, სექსუალური ფეტიშები, რომლებიც მისი რელიგიური აღზრდის პრინციპებს ეწინააღმდეგება, დაახლოებით ისეა წარმოდგენილი, როგორც ტრიუფოს ფილმში „კაცი, რომელსაც ქალები უყვარდა“... თუმცა კინოს მოყვარულებს სხვა ფილმებიც გაგახსენდებათ; მაგალითად, რობერ ბრესონის „ჯიბის ქურდი“, რომლის პერსონაჟისთვის წვრილმანი ქურდობა თავისებური აზარტია, გადალახოს საკუთარ თავზე კონტროლი და რამდენიმე წამით მაინც იგრძნოს ერთდროულად (!) როგორც თავისუფლების, ასევე ხიფათთან შეთამაშების სიამოვნება. ჩაჩუა ამას წარმოუდგენელი სიზუსტით გადმოსცემს. პარადოქსია - ფილმში, რომლის სათაურში გამოტანილია მე-18 საუკუნის ინგლისელი ფილოსოფოსის, ჯერემი ბენტამის დამკვიდრებული ტერმინი, ფილმში, რომელიც აღწერს საკუთარ სხეულზე, სურვილებზე, იდენტობაზე ძალადობის მექანიზმებს, მთავარი როლის შემსრულებელი იდეალურად ფლობს საკუთარ სხეულს და ხანდახან ქორეოგრაფიულ ხერხებსაც კი არ ერიდება. ეს კი გამოხატავს მსახიობის დამოკიდებულებას თავისი პერსონაჟის მიმართ, წარმოაჩენს მისი შეფასების უნარს და რაც მთავარია, ირონიას, რომელსაც აუცილებლად დააფასებს მაყურებელი, როგორც კი იგრძნობს, რომ დათა ჩაჩუა (ისევე როგორც ფილმის რეჟისორი) თანამშრომლობს მასთან.

კი, ნამდვილად ასეა - ქალაქი, რომელსაც გვიჩვენებს გიორგი სიხარულიძე, ციხეს ჰგავს. ზედამხედველობის საზოგადოებაში თითქმის ყველაფერი ძალაუფლებრივ ურთიერთობებზე იგება. მაგრამ ადამიანები ციხეშიც კი ინარჩუნებენ თავისუფლებას. განსაკუთრებით გოგონები, ქალები, ბებიები! „პანოპტიკონში“ თითქმის ხაზგასმულია მათი უნარი, არ დამორჩილდნენ სოციალურ კონტროლს და დაუპირისპირდნენ ცრურწმენებით დაავადებულ კულტურას.

ქალების მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა, იმ ქალებისა, რომელთა მხრებზე გადაიარა პოსტსაბჭოთა საქართველოს ძნელბედობის წლებმა და რომლებიც დღესაც უცხოეთიდან არჩენენ თავიანთ ოჯახებს (მათ შორის მამაკაცებს), ახალი თაობის ქართველი რეჟისორების თითქმის ყველა ფილმში იგრძნობა. მაგრამ „პანოპტიკონში“ ეს კონტრასტი მამაკაცებთან თითქმის დემონსტრაციულია. ქალებისგან განსხვავებით, უმოქმედო, ცრურწმენებისგან დაბრმავებული კაცები არა მარტო ოჯახებში ძალადობენ, არამედ ქსენოფობიურ ჯგუფებს ქმნიან და თავისუფალ ადამიანებს თავს ესხმიან. სანდრო ერთხანს ამ ბიჭებთან ერთად აღმოჩნდება. ეს რელიგიური ობსკურანტიზმი მას მოძალადედ აქცევს. სამწუხაროდ, მასობრივი სცენები „პანოპტიკონის“ ყველაზე სუსტი მხარეა. კუსტარულობა აქ ქმნის უხერხულობის განცდას, იმის მაგივრად, რომ ამ სცენებმა ემოციურად იმოქმედოს მაყურებელზე. მიზეზი კი, ცხადია, ფილმისთვის განკუთვნილი მინიმალური ბიუჯეტია, რომელიც არანაირად არ აძლევს ავტორს მასშტაბების გაზრდის საშუალებას. არადა თემა უბრალოდ მოითხოვს მასშტაბებს, კამერული სივრციდან გამოსვლას... ბოლოს და ბოლოს, „პანოპტიკონი“ ხომ დღევანდელი საქართველოს სურათის შექმნის ცდაა.

სხვათა შორის, ფილმის ავტორის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს შორის ყველაზე ხშირია უკმაყოფილება თემების სიმრავლის და შესაბამისად, დღევანდელი ქართული სინამდვილის ზედაპირული, „დეკორატიული“ გამოხატვის გამო. დრამატურგიული თვალსაზრისით, „პანოპტიკონის“ მთლიანობა იდეალური მართლაც არ არის. არაერთი სცენაა, რომელთა ამოღებით ფილმის სტრუქტურას ბევრი არაფერი დააკლდება. განსაკუთრებით სცოდავენ ეპიზოდები სწორხაზოვანი, პლაკატური დიალოგებით, როცა მსახიობები უბრალოდ ვერ ახერხებენ გაუტოლონ ოსტატობა დათო ჩაჩუას თამაშს. მაგრამ თემების სიმრავლეზე შენიშვნას მაინც ვერ დავეთანხმები. „პანოპტიკონს“ ჰყავს შესანიშნავი ოპერატორი, ჩემი აზრით, თანამედროვეობის უდიდესი ხელოვანი ოლეგ მუტუ (წელს მისი გადაღებული კიდევ ერთი შედევრი ვნახეთ, სერგეი ლოზნიცას „ორი პროკურორი“), რომელმაც უბრალოდ გადაარჩინა ფილმი სერიალის ესთეტიკისგან, გაამთლიანა დრამატურგიულად დაქუცმაცებული ეპიზოდები მსუბუქად პირობითი გამოსახულებით. სურათებად აქცია კინო, „საარქივო სურათებად“, რომელთა ერთობლიობას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ „2025 წლის საქართველო“...

ერთი შეხსენება: 2014 წელს რუსეთის კინოცენტრმა ამერიკულ „ოსკარზე“ წლის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე წარადგინა ანდრეი ზვიაგინცევის „ლევიათანი“, რომელიც ჯერ რუსეთის საპატრიარქომ და შემდეგ კულტურის მინისტრმა გააკრიტიკეს. კანის ფესტივალზე, სადაც „ლევიათანის“ მსოფლიო პრემიერა გაიმართა, გაოცებულმა ვკითხე ჩემს რუს კოლეგას, როგორ დააფინანსა ეს ფილმი რუსეთის კულტურის სამინისტრომ...შენ, ეტყობა, ჩვენს ტელევიზიებს არ უყურებო. ჩვენთან ყველას კრიტიკა შეიძლება - მერების, ადგილობრივი ხელისუფლების, მინისტრებისა და დეპუტატების, მთავარია, პუტინს არ შეეხოო. „პანოპტიკონის“ წარდგენა ამერიკულ „ოსკარზე“ გვაფიქრებინებს, რომ ეროვნული კინოცენტრიდან თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა, პროფესიონალების ჩანაცვლება ადამიანებით, რომლებსაც კინოსთან საერთოდ არაფერი აკავშირებთ, პირველ რიგში, აიხსნება ხელისუფლების შიშით, ქართული კინო პირადად არ შეეხოს ბიძინა ივანიშვილს („მამა-პატრიარქს“?) ისე, როგორც ეს შეძლო თუნდაც სალომე ჯაშმა. დანარჩენი მათ ნაკლებად ანაღვლებთ. კი ბატონო, მაგალითად, საპატრიარქომ რომ რაღაც საეჭვო დაინახოს „პანოპტიკონის“ ავტორის პოზიციაში, კინობიუროკრატია, რა თქმა უნდა, მხარს აუბამს ეკლესიას, მაგრამ დღეს კინოცენტრს სჭირდება საერთაშორისო აღიარება ისე, როგორც არასდროს, ამიტომ მზადაა, „ოსკარზე“ გაუშვას ფილმი, რომელმაც თავად მას, ე.ი. სისტემას გააწნა სილა. ამ ეტაპზე ასეა, თუმცა საეჭვოა დიდხანს გაგრძელდეს. ყოველ შემთხვევაში ის რუსი კოლეგა, რომელმაც ამიხსნა „ლევიათანის“ გადაღების ისტორია, დღეს ევროპაშია გაქცეული. რაც მთავარია, ანდრეი ზვიაგინცევი საფრანგეთში ცხოვრობს. ინტერვიუებში აღარ ეცვლება ფერი, როცა პოლიტიკაზე საუბარს სთხოვენ, აღარ ამბობს, მე პოლიტიკა არ მაინტერესებსო და პუტინის ხელისუფლების კრიტიკას, თამამ განცხადებებს აღარ ერიდება.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG