საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედთან” გამოხატა იმედი, რომ ახალი ელჩის პირობებში მოხერხდება აშშ-სთან “დრამატულად გაუარესებული” ურთიერთობების “სუფთა ფურცლიდან” დაწყება.
მსგავსი მოლოდინი ჰქონდა "ქართულ ოცნებას" თავად რობინ დანიგანისგან, როცა ის 2023 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩამოვიდა, რევოლუციის მზადებისა და "მეორე ფრონტის" გახსნის განზრახვებში თბილისის მიერ დადანაშაულებული კელი დეგნანის შემდეგ.
სოციალურ ქსელებში თვალსაჩინოა "ქართული ოცნების" მომხრეთა, ანტიდასავლური და ღიად პრორუსული ძალების ნაწილის რწმენა, რომ ვაშინგტონი შემდეგ ჯერზე თბილისში "სხვაგვარად მოაზროვნე" ელჩს გამოუშვებს, უფრო “შინაურულს”, “რბილსა” და “ჩუმს”, “რადიკალური ოპოზიცია" კი, როგორც “ოცნება“ პრაქტიკულად ყველა ოპოზიციურ პარტიას უწოდებს, ”პატრონის გარეშე” რჩება.
- “სწორი გადაწყვეტილებაა! ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ახალი და დადებითი ფაზა უნდა დაიწყოს. პენსიაში გასვლა საქართველოში რამოდენიმე ელჩსაც არ აწყენდა. იმედია მიბაძავენ ქალბატონი დანიგანის გადაწყვეტილებას".
- “ღმერთს მადლობა, რომ ის "მთავარი დავალება" ვერ შეასრულეთ, რასაც ჩვენი ქვეყნის დანგრევა და სახელმწიფოებრიობის გაუქმება მოჰყვებოდა. კეთილი მგზავრობა”.
- ““რეჟიმის ცვლილება” არ გამოვიდა და პენსიაზე გავდივარო”" - იწერება ”ოცნების” მხარდამჭერი მომხმარებლების ანგარიშებიდან, სოციალურ ქსელებში.
საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტები სხვაგვარად ფიქრობენ.
რატომ მიდის ელჩი?
33-წლიანი დიპლომატიური კარიერის დასრულებისა და პენსიაზე გასვლის შესახებ გადაწყვეტილება ელჩმა დანიგანმა 5 ივნისს აშშ-ის საელჩოს ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნა და ხაზი გაუსვა, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა.
“ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია”, - ხაზი გაუსვა ელჩმა და იქვე აღნიშნა, რომ ამაყია “იმ მნიშვნელოვანი საქმით, რაც გასწია ამერიკის მთავრობის შესანიშნავმა გუნდმა როგორც ვაშინგტონში, ისე აქ, თბილისში, აშშ-ის საელჩოში ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად”.
მტკიცებულებები არ არსებობს, რომ ელჩს გადაწყვეტილება საკუთარი ნებით არ მიუღია, თუმცა “ქართული ოცნება” და მისი მომხრეები ასეთ ეჭვებს მაინც გამოხატავენ.
“როგორც წესი, ელჩები დროზე ადრე პენსიაზე არ გადიან”, - ეუბნება ჟურნალისტებს სადავო პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი და იქვე ვარაუდობს, რომ მიღებული გადაწყვეტილება, სულ მცირე, აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკასთან შეუთანხმებლობას ასახავს და რომ ელჩმა “დიპლომატიური ეტიკეტი დაარღვია”, როცა “წერილი” არ გამოაქვეყნა.
27 მაისის შემდეგ, “ქართული ოცნება” და პროსახელისუფლებო მედია აშშ-ის საელჩოს დღეებს უთვლიან და სვამენ შეკითხვას - რატომ არ აქვეყნებს საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე პრეზიდენტ ტრამპის მისალოც წერილს მიხელ ყაველაშვილის, საქართველოს კონსტიტუციის შეცვლის შემდეგ პირველი, არაპირდაპირი გზით არჩეული პრეზიდენტის სახელზე, რომელსაც ხმა მისცა უპირატესად “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებულმა საარჩევნო კოლეგიამ.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დეკემბერში შეკრებილ საარჩევნო კოლეგიაში არ მონაწილეობდნენ, ვინაიდან “გაყალბებულად” და “მოპარულად“ გამოაცხადეს 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. დღემდე სადავოდ მიიჩნევენ მის ლეგიტიმაციას და ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. დასავლელი პარტნიორების უმეტესობას საქართველოსთან შეჩერებული აქვს უმაღლესი დონის ურთიერთობები, აშშ-ს კი - სტრატეგიული პარტნიორობა
დასავლეთის ლიდერების უმეტესობამ, მათ შორის - სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღე ქართველ ხალხს მიულოცა და არა ხელისუფლების წარმომადგენლებს.
ყოფილი დიპლომატები პრეზიდენტ ტრამპის წერილს ზოგადსა და პროტოკოლურს უწოდებენ. ქართულ ენაზე ნათარგმნი ტექსტი 27 მაისს ყაველაშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა.
“ამერიკის საელჩოს საქართველოში დღემდე, უკვე მე-4 დღეა, არ გამოუქვეყნებია თავის საიტზე პრეზიდენტ ტრამპის წერილი. როგორც თავადვე იტყოდნენ ხოლმე, ყველაფერი გასაგებია. ეს არის ერთადერთი შეფასება, რაც შეიძლება გავაკეთო“ - ამბობდა “ოცნების” თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე 31 მაისს.
“საქართველოში აშშ-ის საელჩოს ქმედება წინა ადმინისტრაციის პირობებში მოქმედებას ჰგავს და იმის გამოძახილია”, - თქვა თავად ყაველაშვილმა 30 მაისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხთან საუბრისას. წერილის არგამოქვეყნება მან “დიპ სტეიტს” დაუკავშირა. რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, “ოცნების” ხელისუფლება სწორედ “დიპ სტეიტს”/“გლობალური ომის პარტიას” ადანაშაულებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის მცდელობებში, რადგან, როგორც ისინი ირწმუნებიან, ”დიპ სტეიტმა” ბიძინა ივანიშვილის პარტია რუსეთ-უკრაინის ომში “ვერ ჩაითრია”.
"ქართული ოცნების” განაყოფისა და სრული თანამოაზრის - “ხალხის ძალის” ყოფილი დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი, “საქართველოს არევისა“ და “ომში ჩათრევის” მცდელობების ბრალდებით ღიად უპირისპირდებოდა აშშ-ის წინა ელჩს, კელი დეგნანს.
ჯო ბაიდენმა საქართველოში ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა 2023 წლის 13 თებერვალს წარადგინა. ივლისში ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს სენატში. დანიგანი საქართველოში პირველად ჩამოსვლის შესახებ ცნობა საელჩომ 2023 წლის 12 ოქტომბერს გაავრცელა.
როცა კელი დეგნანი რობინ დანიგანმა შეცვალა, მმართველი პარტია, მოკავშირეებთან ერთად, იმედოვნებდა, რომ ურთიერთობები გადაიტვირთებოდა. თუმცა დაპირისპირება, თანდათან, ახალ ელჩთანაც გამწვავდა.
რატომ უხარიათ ელჩის წასვლა?
“ქართული ოცნების” მიმართ ლოიალური ექსპერტები და მხარდამჭერები წერენ, რომ აშშ-ის ახალი ელჩის დანიშვნას დიდი დრო დასჭირდება და რომ ეს დიდი დარტყმაა “რადიკალური ოპოზიციისთვის", განსაკუთრებით თვითმმართველობის არჩევნების წინ. ასევე ელიან, რომ ტრამპი საქართველოში გამოგზავნის ელჩს, რომელიც “ქართული ოცნების” პოზიციებს გაიზიარებს.
საქართველოსთვის კრიზისულ სიტუაციაში, აშშ-ის ელჩის პოსტიდან მაღალი კლასის დიპლომატის წასვლას სამწუხაროს უწოდებს „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი. "ბედნიერი ნამდვილად არ ვარ" - გვეუბნება ის, თუმცა “ქართული ოცნების” მომხრეთა სიხარულსაც ნაადრევად თვლის.
“როდესაც აშშ-ის ელჩები იცვლებიან, “ქართულ ოცნებას” მუდმივად აქვს იმედი, რომ რაღაც ფუნდამენტურად შეიცვლება, მაგრამ მერე აღმოჩნდება ხოლმე, რომ არაფერი იცვლება, რადგან აშშ-ის ელჩი არის თავისი ქვეყნის პოლიტიკის გამტარებელი, ისევე როგორც ნებისმიერი ქვეყნის ელჩი. ჯერჯერობით არ ჩანს წინაპირობები იმისა, რომ ამერიკის ხელისუფლება ავტორიტარიზმისა და დიქტატურის მომხრე, მოსიყვარულე ან მხარდამჭერი იქნება… ბიძინა ივანიშვილს ეს ოცნებები აქვს, მაგრამ ეს ოცნებები მას არ აუსრულდება, ვინც არ უნდა დაინიშნოს ამერიკის შემდეგ ელჩად”, - გვეუბნება თინა ხიდაშელი.
- ყოფილი ელჩი - კელი დეგნანი პრეზიდენტ ტრამპის კანდიდატურა იყო [წინა საპრეზიდენტო ვადისას].
- ის ელჩად 2019 წლის სექტემბერში დასახელდა და 4 თვე დასჭირდა პროცესს - აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს მიერ ელჩის კანდიდატურის დამტკიცებამდე.
- მანამდე აშშ-ს საქართველოში, თითქმის ორი წლის განმავლობაში, ელჩი არ ჰყავდა. როგორც 2018 წელს ამერიკული გამოცემა „ფორინ პოლისი“ წერდა, ვაშინგტონი საქართველოში ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას გეგმავდა, თუმცა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ დაბლოკა, რადგან მას ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის მეგობრად მიიჩნევდა. “ოცნებას” ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის დაბლოკვა არ დაუდასტურებია.
ამის შემდეგ ბრიჯიტ ბრინკი იყო აშშ-ის ელჩი სლოვაკეთში და მოგვიანებით, 2022 წლის მაისში, დაინიშნა ელჩად უკრაინაში. თანამდებობა მან 2025 წლის აპრილში საკუთარი ნებით დატოვა. მიზეზად დაასახელა უკრაინის მიმართ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა.
"საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" (GSAC) თანადამფუძნებელი, ყოფილი ელჩი, ვალერი ჩეჩელაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ელჩის დასანიშნად კონკრეტული ვადები არ არსებობს - ეს შეიძლება მოხდეს ძალიან სწრაფადაც და შეიძლება უსასრულოდ გაჭიანურდეს; და სწორედ ახალი ელჩის გამოგზავნის სისწრაფე გამოდგება ტესტად - თუ რამდენად დაინტერესებულია შეერთებული შტატები საქართველოსთან ურთიერთობების გამყარებითა და ძველ კალაპოტში დაბრუნებით.
ვალერი ჩეჩელაშვილისთვის უცნაურია, როდესაც “ქართული ოცნება” აშშ-თან ურთიერთობების “სუფთა ფურცლიდან” დაწყებას ითხოვს, მაშინ, როცა ეს ურთიერთობები 33 წელიწადს ითვლის.
“სუფთა, ახალი ფურცლიდან დაწყება რას ნიშნავს - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია მოძველდა?! რატომ?! ეს არაჩვეულებრივი დოკუმენტია. აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ახლა რომ შეჩერებულია, ახალი ფურცლიდან კი არ უნდა დავიწყოთ ურთიერთობა, არამედ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენი ჩვეული სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხს. ახლიდან ჩვენ უფრო უკეთესს ვერაფერს დავიწყებთ, რა ურთიერთობებიც გვქონდა უკვე ჩამოყალიბებული”, - გვეუბნება ვალერი ჩეჩელაშვილი.
"ნაბიჯები" - კიდევ რა პრეტენზიები აქვს “ქართულ ოცნებას” აშშ-ის ელჩის მიმართ?
ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა თუ ექსპერტთა შეფასებებით, რობინ დანიგანი მოზომილი და თავშეკავებული განცხადებებით გამოირჩეოდა; თუმცა ის რამდენჯერმე მაინც გახდა “ქართული ოცნებისა” და მისი მოკავშირეების თავდასხმის სამიზნე.
2024 წლის ივნისში, “ხალხის ძალამ” ელჩ დანიგანს - ანაკლიის პორტთან კავშირში, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ზეგავლენების რისკებზე მითითების გამო შეუტია და მის განცხადებებს ღია წერილში “ქართველი ხალხის მიმართ უკიდურესად შეურაცხმყოფელი” უწოდა.
"სამწუხაროდ, „სტრატეგიული პარტნიორისგან“ ჩვენ აღარაფერი გვიკვირს და აღარაფერი გვაოცებს. უფრო მეტიც – ყველა თქვენი შემდეგი სვლა და მოწოდება ჩვენთვის ნაცნობი და მოსალოდნელია”, - ეს პასაჟიც ამავე წერილიდან არის. დანიგანის ნათქვამს ირაკლი კობახიძემ - “ორმაგი სტანდარტი” უწოდა.
2025 წლის დეკემბრის დასაწყისში, “ქართული ოცნება” აშშ-ის საელჩოს დაუპირისპირდა საელჩოს ფეისბუკგვერდზე გავრცელებული მოკლე გზავნილების შემცველი “ქარდების” სერიის გამო, რომელთა გამოქვეყნებაც დროში ემთხვეოდა “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის გზაზე გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯის 4 წლით დაპაუზების შესახებ, რის შემდეგაც დაიწყო დღემდე მიმდინარე საპროტესტო აქციები.
მაშინ ირაკლი კობახიძემ “ქარდებს” ძალადობის წამახალისებელი უწოდა და თქვა, რომ “20 იანვრიდან [ტრამპის ინაუგურაცია] ქალბატონი ელჩი და მთლიანად აშშ-ის საელჩო გათავისუფლდება იმ გავლენებისგან, რაც არასწორი მიმართულებით წარმართავს საელჩოს საქმიანობას“.
20 იანვრის შემდეგ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებში სტატუს კვო არ შეცვლილა: შეჩერებულია სტრატეგიული პარტნიორობა; ძალაშია საქართველოს მმართველი ძალის წარმომადგენლების, მათ შორის - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.
“ელჩი დანიგანი ივანიშვილის მთავრობასთან გადატვირთვის ამოცანით ჩამოვიდა, დეგნანის შემდეგ. სრულიად სხვა განზრახვა ჰქონდა და ამის საპირისპირო განზრახვებით დახვდნენ. ჩვენგან, ცხადია, მადლობა ეკუთვნის”, - წერს ფეისბუკზე “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი და იმედოვნებს, რომ “ვაშინგტონი მალე დაასრულებს მსჯელობას იმაზე, თუ რა ფასი დაუჯინოს ივანიშვილის რეჟიმს ანტიამერიკული ინტერესების სამსახური მსოფლიოს ამ მნიშვნელოვან ნაწილში”.
ბოლო პერიოდში რობინ დანიგანი აქტიურად ცდილობდა “ქართული ოცნების” ხელისუფლებამდე მიეტანა ტრამპის ხელისუფლების გზავნილები, მათ შორის იმ “ნაბიჯების” შესახებ, რომლებიც “საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება”.
- 14 მარტს ელჩი “ქართული ოცნების” მთავრობის საგარეო უწყების მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა,
- ხოლო 1 აპრილს შეხვედრა გამართა ეკონომიკის მინისტრთან, “ოცნების” მთავრობის ვიცე-პრემიერთან, ლევან დავითაშვილთან.
28 მაისს გაირკვა, რომ ელჩმა “ქართული ოცნების’ საპატიო თავმჯდომარესთან, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთანაც სცადა შეხვედრა, “სადაც მას [ივანიშვილს] ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა”, მაგრამ უარი მიიღო, რაც შემდეგ, თავად ივანიშვილმა შვეიცარიის ბანკში “დაბლოკილ” მილიონებთან მიბმული "კომპლექსით” ახსნა.
საქართველოს მთავრობის მიერ გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯების თემა, სხვადასხვა დროს, ფიგურირებდა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებშიც. ეს აქცენტი რესპუბლიკელი სენატორის, სტივ დეინსის მიერ თბილისში ჩამოტანილ მთავარ მესიჯებს შორისაც იყო, “კანონის უზენაესობისა და ბიზნესისა და უცხოური ინვესტიციების პრიორიტეტებთან” ერთად.
რა ჰბრალდებათ სხვა ელჩებს?
აშშ-ის ელჩთან მმართველი პარტიის დაპირისპირების პარალელურად, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის წერილებშიც აკრიტიკებს სადავო პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი
“განმეორებითი წერილით მივმართე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის, სადაც კიდევ ერთხელ გავამახვილე ყურადღება იმ შემაშფოთებელ მოცემულობაზე, როდესაც ევროკავშირის სახელი და დაფინანსება სიძულვილის, ძალადობისა და პროპაგანდის მიზნებისთვის გამოიყენება”, - დაწერა პაპუაშვილმა 4 ივნისს საკუთარ ფეისბუკგვერდზე, როცა 30 მაისით დათარიღებული წერილი გამოაქვეყნა.
ტექსტის თანახმად, “ევროკავშირის მისია თავს არიდებს ზიზღისა და ძალადობის გამოვლინებისაგან დისტანცირებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჯგუფებისაგან მომდინარეობს” და პირიქით, კეთდება “მხარდამჭერი განცხადებები იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც არიან ზიზღის, ძალადობისა და პროპაგანდის ორგანიზატორები”.
შალვა პაპუაშვილი თავის წერილში მიუთითებს აუცილებლობაზე, ევროკავშირმა დაგმოს, მათ შორის - “აგრესიული თავდასხმები საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებზე, იმ ინდივიდების მხრიდან, რომლებსაც ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები აფინანსებენ”. ტექსტში ნახსენებია ასევე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები უარყოფენ “საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას” და ამკვიდრებენ ტერმინებს - „არალეგიტიმური“ და „თვითგამოცხადებული“ პარლამენტი და მთავრობა”.
“დროა, საქართველოთი დაინტერესებულმა ევროკავშირის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მათი ქმედებები ევროპულ ღირებულებების ჩარჩოში მოაქციონ. ეს არის ის საბაზისო ტესტი, რომელიც მათ ჯერ კიდევ ჩასაბარებელი აქვთ”, - ასეთი სიტყვებით სრულდება წერილი, რომელიც პაპუაშვილმა ელჩ ჰერჩინსკის გაუგზავნა, ხოლო 5 ივნისს ჟურნალისტებს უთხრა, რომ პასუხი ჯერ არ მიუღია.
5 ივნისს პაპუაშვილმა ასევე ჟურნალისტებთან გაიმეორა გზავნილი ევროპელი ელჩებისთვის და დონორისთვის, რომ “ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან და ხელშეწყობილი არიან ევროკავშირის თუ სხვა ზოგიერთი ელჩის მხრიდან, ღიად და საჯაროდ არ აღიარებენ ხალხის მიერ არჩეული კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობას, რაც არის ექსტრემიზმის პირდაპირი განსაზღვრება”.
“დღეს შეგვიძლია ვთქვათ რომ ევროკავშირის და ზოგიერთი ქვეყნის ბიუჯეტიდან საქართველოში მხარდაჭერილი და დაფინანსებულია ექსტრემიზმი. ეს არის ის წითელი ხაზი, რომლისგანაც ყველა უნდა გამოფხიზლდეს და დროზე მიიღოს გადაწყვეტილება“, - უთხრა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს 5 ივნისს.
„2023 წელს ევროკავშირმა საქართველოს ევროპული ოჯახის კარი გაუხსნა და ის გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ეს ისტორიული მომენტი ერთად ვიზეიმეთ. დღეს კი, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია“, - განაცხადა ელჩმა ჰერჩინსკიმ 9 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე გამოსვლისას.
„თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ, შესაძლოა, დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი. მეტიც, საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია“, - ასეთი იყო ელჩის გზავნილი.
ელჩებთან დაპირისპირება “ქართული ოცნების” ხელისუფლების ბოლო წლების ყოველდღიურობად იქცა.
“ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, თებერვლის ბოლოს, გერმანიის ელჩს „ჩვეულებრივი მავნებელი“ უწოდა; ხოლო ზოგადად, ევროპელ ელჩებზე ასევე თქვა, რომ ისინი "დიპ სტეიტს" წარმოადგენენ და საქართველოში “საზოგადოების გახლეჩას” ემსახურებიან.
დასავლელი დიპლომატები, ელჩები წლების განმავლობაში გამოხატავენ წუხილს “ქართული ოცნების” ხელისუფლების პოლიტიკის, დემოკრატიული უკუსვლის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევისა და მომიტინგეების მიმართ მოპყრობის გამო; აკეთებენ განცხადებებს ევროინტეგრაციის მიზნებისთვის სამოქალაქო საზოგადოებისა და ქართველი ხალხის მხარდაჭერის შესახებ.
დიპლომატების ძირითადი რეკომენდაციები, ყველა ეტაპზე, რეფორმების მხარდაჭერა იყო. დღეს უკვე შეჩერებულია სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან და ევროინტეგრაციის პროცესი ევროკავშირთან. თბილისთან საუბარი ძირითადად სანქციების ენით მიმდინარეობს.
ფორუმი