მათ შორისაა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობა და მისდამი სისხლისსამართლებრივი დევნა სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით.
ორგანიზაცია „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი“ სამი მაისისათვის, - მსოფლიო პრესის თავისუფლების დღისათვის, - გამოქვეყნებულ ცნობებში წერს, რომ მათი ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოავლინეს ინციდენტები, რომლებიც მოიცავს:
- ფიზიკურ ანგარიშსწორებას
- უკანონო დაკავებას
- გადაღების აკრძალვას
- საჯარო დაწესებულების შენობაში არშეშვებას
- ჯარიმას
- სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
აღრიცხული შემთხვევებიდან, როგორც ორგანიზაცია წერს,
- ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს მოხდა 67 ინციდენტი;
- 28 ნოემბრიდან პროევროპული პროტესტის პერიოდში – 169 ინციდენტი.
რაც შეეხება უშუალოდ ფიზიკურ ძალადობას - ბოლო ერთ წელიწადში მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობის 112 შემთხვევა დაფიქსირდა, - წერს ორგანიზაცია, - და აქედან:
- ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 10 ინციდენტი;
- პროევროპული პროტესტის დღიდან - 85 ინციდენტი.
ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტებს გადაღება 77-ჯერ აუკრძალეს, აქედან:
- ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 46 ინციდენტი;
- პროევროპული პროტესტის დღიდან – 22 ინციდენტი.
ამასთან, CMIS-ის თანახმადვე, ბოლო ერთ წელიწადში, სხვადასხვა საფუძვლით, უკანონოდ დააკავეს მედიის 13 წარმომადგენელი, რომელთაგან ერთი - მზია ამაღლობელი - დღემდე პატიმრობაშია.
- „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი თითქმის ოთხი თვეა პატიმრობაშია.
- ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, - რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.
- პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
- ამაღლობელის პატიმრობას ევროკავშირი, მისი წევრი ქვეყნების უმეტესობის მთავრობები, საერთაშორისო უფლებადაცვითი და პრესის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, - ისევე, როგორც საქართველოში არსებული მრავალფეროვანი პროდემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლები, - პოლიტიკურად მოტივირებულად და უკანონოდ მიიჩნევენ.
მზია ამაღლობელის სახელით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. საჩივარში საუბარია ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევაზე.
ამასთან, ქვეყანაში ბოლო ერთ წელიწადში - ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ მმართველობის მე-13 წელს, - მედიის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესების ფონზე, მსოფლიო მედიის ინდექსში, რომელიც ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ" გამოაქვეყნა, საქართველო, 103-დან 114-ე ადგილზე ჩამოვარდა.
ფორუმი