„არტეკი“, რომელიც საბჭოთა პროპაგანდაში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა, თავის დროზე რუსეთის წითელი ჯვრის საზოგადოების თავმჯდომარემ, ზინოვი სოლოვიოვმა დააარსა როგორც ბანაკი-სანატორიუმი ტუბერკულოზური ინტოქსიკაციით დაავადებული ბავშვებისთვის.
„არტეკმა“ პირველი ნაკადი, 80 პიონერის სახით, 1925 წლის 16 ივნისს მიიღო.
ბანაკი მდებარეობს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სამხრეთ სანაპიროს ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას, გურზუფის ურბანული ტიპის დასახლებაში. ბანაკის ტერიტორია მოიცავს 208 ჰექტარს, საიდანაც თითქმის ნახევარი, 102 ჰექტარი პარკს უკავია. სანაპირო ზოლი ბავშვებისთვის განკუთვნილი პლაჟებით შვიდი კილომეტრის მანძილზეა გადაჭიმული აიუ-დაგის მთიდან გურზუფამდე.