Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პერმელ ფოტოგრაფს 16 წელი მიუსაჯეს იმ წიგნის შინაარსის გავრცელებისთვის, რომელიც ყველგან იყიდება


გრიგორი სკვორცოვი
გრიგორი სკვორცოვი

26 ივნისს 35 წლის გრიგორ სკვორცოვს, პერმელ ფოტოგრაფს, რომელიც არქიტექტურის თემაზე იღებს, პერმის სამხარეო სასამართლომ 16 წლით მძიმე რეჟიმის კოლონია მიუსაჯა. მას ბრალი სახელმწიფოს ღალატში ედება.

სკვორცოვს ადანაშაულებენ, რომ მან ამერიკელ ჟურნალისტს გადასცა სქემები, რომელიც თითქოსდა სპეცობიექტების მისამართებს შეიცავს. ეს სქემები გრიგორმა შეიძინა, როგორც დამატებითი მასალა, მოყვებოდა წიგნს: „საბჭოთა საიდუმლო ბუნკერები, ქალაქური სპეციალური ფორტიფიკაცია 1930-1960 წლებში“. წიგნი დიდი ხნის განმავლობაში სრულიად ღიად იყიდებოდა „ოზონსა“ და „ავიტოზე“. მისი ავტორი ისტორიკოსი დმიტრი იურკოვია. ის ასევე ყიდდა ფოტოებს საარქივო დოკუმენტებისას, რომელსაც გრიფი აღარ ედო, როგორც დამატებით მასალას წიგნთან ერთად. თითქმის ათას გვერდს იკავებდა. სწორედ ასე შეიძინა ის გრიგორი სკვორცოვმა და შემდეგ ამერიკელ ჟურნალისტს გამოსაქვეყნებლად გადასცა. ფოტოგრაფი სახელმწიფოს ღალატში თავის ბრალეულობას ვერ ხედავს.

პროექტი „სიბირ.რეალიი“ გვიყვება გრიგორ სკვორცოვის ცხოვრებასა და მის სისხლის სამართლის საქმეზე.

სკვორცოვი 2023 წლის ნოემბერში, თავის სახლთან დააკავეს.

„შემდეგ გავიგეთ, რომ ცემდნენ, შეურაცხყოფდნენ. - ჰყვება გრიგორის ნათესავი (სახელს მისი თხოვნით არ ვწერთ). - დაპატიმრებას უნებლიედ მასთან სტუმრად მყოფი მეგობარი შეესწრო“.

„ურტყამდნენ და უღებდნენ. შემდეგ აიძულეს კამერასთან ეთქვა, ვის გადასცა ინფორმაცია იურკოვის წიგნიდან, - ჰყვება ნათესავი ჩხრეკის შესახებ, - სახელი თავად „უკარნახეს“. გრიშა ამ ჟურნალისტთან რამდენიმე თვით ადრე ურთიერთობდა და დაავიწყდა კიდეც რა ერქვა. ნოუტბუკის და სმარტფონის პაროლები ამ ურჩხულებმა ფიზიკური ზეწოლით გამოსძალეს“.

„სიბირ.რეალიისთან“ საუბარში რესპონდენტები აბსურდულს უწოდებენ იმ ფაქტს, რომ ფოტოგრაფს გამოცემიდან, რომელიც არ იყო გასაიდუმლოებული, ინფორმაციის გაცემის გამო „სახელმწიფო ღალატი“ დასწამეს. მაგალითად, იურკოვის წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით 2021 წელს დაწერა „როსიისკაია გაზეტამ“.

თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთში ღია მონაცემებთან დაკავშირებით ადამიანები სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს.

„როგორ შეიძლება გადასცე ის „საიდუმლო“ მასალები, რომელიც ინტერნეტშია განთავსებული. - ამბობს რადიო თავისუფლების რესპონდენტი - გრიშა მხოლოდ ღია მონაცემებზე მუშაობდა! გამოძიების დროს თითქოს გაირკვა, რომ ბუნკერებზე მონაცემები ომის დაწყებისას გაასაიდუმლოეს. მაგრამ ეს ზუსტი ინფორმაცია არ არის... თავად განსაჯეთ, საქმე დახურულია, სასამართლოზე არ გიშვებენ. დახურულ კარს მიღმა კი რასაც გინდა იმას გააკეთებ. და აკეთებდნენ კიდეც ცემით“.

დაკავების მეორე დღეს სკვორცოვი პერმიდან მოსკოვის წინასწარი გამოძიების იზოლატორში „ლეფორტოვოში“ გადაიყვანეს. თავად ფოტოგრაფს არ უარყვია, რომ ამერიკელ ჟურნალისტს წიგნიდან ინფორმაცია მიაწოდა.

„გრიშა თავად წერდა, რომ დამატებით შეიძინა ფოტოები იმ დოკუმენტებისა, რომელსაც გრიფით საიდუმლო მოხსნილი ჰქონდა. ეს წიგნზე დართული მასალები იყო, - ამბობს სკვორცოვის ნათესავი, - ამერიკელ ჟურნალისტს გაუგზავნა. მაგრამ ამაში ფული არ აუღია. და იმ სქემების გადაცემის გამო, რომელიც შეეძლო ნებისმიერ ეყიდა, მისთვის საშინელი 16 წელი მოითხოვეს“.

სკვორცოვის მეგობრები ამბობენ, რომ მას არქიტექტურა ყოველთვის აინტერესებდა. 2010 წელს გრიგორმა პერმის სამშენებლო კოლეჯი დაამთავრა, არქიტექტურის სპეციალობით, 2014 წელს კი პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი.

2017 წელს სკვორცოვმა დაარსა მუსიკალური ჯგუფი Jagath, რომელიც პოზიციონირებდა, როგორც „რიტუალურ-ინდუსტრიული-ემბიენტ-ჯგუფი“.

გრიგორი სკვორცოვი ერთ-ერთ კონცერტზე
გრიგორი სკვორცოვი ერთ-ერთ კონცერტზე

„ჩვენ ვქმნით ჩვენს მუსიკას მიტოვებული საწარმოებში - მიწისქვეშა კანალიზაციის შახტის ფსკერზე და ნავთობის უაზარმაზარ რეზერვუარებში. ციფრულ სინთეზს არ ვიყენებთ. ვიყენებთ უბრალო, ხშირად ხელნაკეთ ინსტრუმენტებს. ნაპოვ ნივთებსა და საკუთარ ხმებს“, - წერია Jagath-ის გვერდზე.

გრიგორის მუსიკას ახლობლებმა „ძალიან სპეციფიკური“ უწოდეს, სტალკერული და მოყვარულისთვის გასაგები. მაგრამ აღნიშნავენ, რომ ვიღაც ცნობილმა ინგლისელმა მათი დისკი გამოუშავა.

„პროფესიის არჩევისას, რა თქმა უნდა, დედა გააოცა. მაგრამ მის გადაწყვეტილებაში, როგორც მივხვდი ოჯახი დიდად არ ჩარეულა. ფოტოგრაფია და იყოს. მუსიკოსი? კი ბატონო. უფრო, რა თქმა უნდა, ფოტოგრაფად მიიჩნევდნენ. - ჰყვება გრიგორის ნათესავი, - საწარმოების გადაღებაში ტოლი არ ჰყავდა, ძალიან უყვარდა,

სახურავები, ნანგრევები... ნებისმიერი საწარმოსგან კამფეტს შექმნიდა. პერმის მსხვილი მშნებელები და სვებიც ხშირად უკვეთავდნენ 3D პანორამებს და სარეკლამო გადაღებებს. ფედერალური მედია ქალქის ფოტოებს სთხოვა, ქარხნების, წარმოებების, ფოტოსესიებს პორტფოლიოსთვის, საიტისთვის“.

სკვორცოვის ფოტო
სკვორცოვის ფოტო

„ქალაქის გადაღებას ჩინოვნიკებიც უკვეთავდნენ. მახსოვს ადგილობრივ დუმაში გამოფენაც კი მოაწყო. ძალიან მოთხოვნადი იყო. - ამბობს სკვორცოვის კოლეგა, რომელმაც გვთხოვა სახელი არ გვეხსენებინა, - დარწმუნებული ვარ, ეს წიგნი არ გაუყიდია. ანგარება არ ამოძრავებდა. როგორც ჩანს, ინფორმაცია გაუზიარა ვიღაცას, ვინც მასავით ენთუზიასტი იყო“.

კითხვაზე, თუ როგორ აღმოაჩნიეს სპეცსამსახურებმა ინფორმაციის გადაცემის ფაქტი, ნათესავები ამბობენ, რომ მას დაპატიმრებამდე ერთი წლით ადრე უთვალთვალებდნენ. ვარაუდობენ, რომ უშიშროებაში გრიგორი დააბეზღა ვინმემ, ვინც მისი ინტერვიუ ნახა გერმანულ გამოცემა Sonic Seducer-ში. აქ გრიგორი უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოვიდა.

თავად სკვორცოვი ჰყვება, რომ ჯერ კიდევ დაპატიმრებამდე შეიტყო, რომ უშიშროების სამსახურმა დააკავა მისი ნაცნობი, რომელსაც ასევე სპეცობიექტები და სქემები აინტერესბდა იურკოვის წიგნიდან. ამის შემდეგ ის დაუკავშირდა ამერიკელ ჟურნალისტს და გადაცემული ინფორმაციის გამოქვეყნება აუკრძალა. თუმცა, 2023 წლის 29 ნოემბერს მას მაინც მიაკითხეს და გაჩხრიკეს. ამოიღეს ფოტოები.

მეგობრებისადმი მიწერილ წერილებში გრიგორი ამტკიცებს, რომ სპეცსამსახურებმა მის წინააღმდეგ საქმე იმის გამო აღძრეს, რომ თავიანთი მარცხი გადაეფარათ. სწორედ მათ ვერ მოახერხეს, დროულად შეემჩნიათ, რომ საიდუმლო მასალები დიდი ხნის განმავლობაში საჯაროდ იდო.

„მე ხელი არ მიმიწვდებოდა სახელმწიფო საიდუმლოზე. არც ცუდი არაფერი მიფიქრია, ჩემს ქმედებაში დანაშაულის სუბიექტური მხარე არ არსებობს, - წერს ის, - მონაცემები თავად სახელმწიფომ არ დაიცვა. შესაბამისად, ობიექტური მხარეც არ არის. ეს ფაქტები პროკურატურის მხრიდან იგნორირებულია, სასამართლოს მხრიდანაც. საქმეს ფორმალურად უდგებიან. აშკარად უშიშროების სამსახურის მხრიდან რეპრესიების ეშინიათ“.

სკვორცოვის ფოტო
სკვორცოვის ფოტო

„მონაცემები, რომლებიც როგორც ჩანს სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავდა, კონკრეტულად სქემებს, სპეცობიექტების დისლოკაციებს, უშიშროების ფედერალური სამსახურისა და სპეცპროექტების მთავარი სამმართველოს გულგრილობის გამო ათობით წელი ღიად იდო ინტერნეტში და ახლაც იქ დევს, - ამბობს გრიგორი. - ამ მონაცემების ნაწილს ოფიციალურად მოხსნეს გრიფით საიდუმლო. სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა წიგნი დმიტრი იურკოვმა „საბჭოთა „საიდუმლო ბუნკერები“: ქალაქის სპეციალური ფორტიფიკაცია 1930-1960 წლებში“. წიგნი თავისუფლად იყიდება.

პერმი, გრიგორი სკვორცოვის ფოტო.
პერმი, გრიგორი სკვორცოვის ფოტო.

„გარდა ამისა იურკოვი ყიდდა იმ საარქოვო დოკუმენტების ფოტოებს, რომლებსაც გრიფი აღარ ედო. ეს იყო წიგნზე თანდართული მასალაა და ათას გვერდზე მეტს იკავებს. იურკოვის მეგობრები მას თავიანთ ბლოგებში და ოფიციალურ „როსიისკაია გაზეტაში“ უკეთებდნენ რეკლამას, - ამბობს გრიგორი, - მე მისგან ეს დოკუმენტები ვიყიდე და ინტერნეტიდან ამოღებულ სხვა ფოტოებთან და სქემებთან ერთად ჟურნალისტს გავუგზავნე. მინდოდა საზოგადოებისთვის გამეზიარებინა“.

„ბუნკერებზე დოკუმენტებს ის არ ყიდდა - ეს აშკარად არ იყო სამუშაო შეკვეთა“, - ამბობს ფოტოგრაფის ნათესავი. თავად გრიგორი „პერვი ოტდელთან“ ინტერვიუში მოჰყვა, რომ როდესაც მონაცემები მიაწოდა, ჟურნალისტს ჰონორარზეც ჰკითხა, მაგრამ უარი მიიღო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG