Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტი“ მიიღო 349 ხმით 42-ის წინააღმდეგ


წარმომადგენელთა პალატაში თბილისის დროით 02:53-02:58 საათების შუალედში გაიმართა კენჭისყრა.
წარმომადგენელთა პალატაში თბილისის დროით 02:53-02:58 საათების შუალედში გაიმართა კენჭისყრა.

თბილისის დროით 6 მაისს, ღამის სამი საათისათვის, აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „მეგობარი აქტი“ (MEGOBARI Act-ი), - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი“.

პალატას ამჟამად 433 კონგრესმენი აკომპლექტებს - 220 რესპუბლიკელი და 213 დემოკრატი. კანონის მისაღებად 218 ხმა არის საკმარისი.

საქართველოსთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომელიც სანქციების დაწესებას ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის, მხარი დაუჭირა ჯამში 349-მა კონგრესმენმა.

ეს კანონპროექტის 80%-იანი მხარდაჭერაა.

წინააღმდეგ 42 კონგრესმენი წავიდა, 42-ს კი ხმა საერთოდ არ მიუცია.

კანონპროექტის მხარდამჭერი კონგრესმენიდან 168 რესპუბლიკელია, 181 კი დემოკრატი.

მოწინააღმდეგეთაგან კი - 34 რესპუბლიკელი და 8 დემოკრატი.

„მეგობარი აქტის“ ფორმალური დასახელება ასეთია: „[აქტი] საქართველოში ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად“.

ანალოგიური შინაარსის „მეგობარი აქტი“ წარდგენილია სენატშიც - ორპარტიული მხარდაჭერით.

ერთი მხრივ, კანონპროექტი ითვალისწინებს დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კორექტირების შემთხვევაში, დებს საქართველოსთან აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობის პირობას.

წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, ჯერი კონგრესის ზედა პალატაზე, სენატზეა - სანამ კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპამდე მიაღწევს, სენატმაც უნდა დაამტკიცოს.

2025 წლის 27 მარტს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მას მხარი დაუჭირა. ახლა დარჩენილია კენჭისყრა სენატის სრული შემადგენლობის წინაშე.

პალატამ კანონპროექტი მიიღო 6 მაისს, - როდესაც საქართველოში უწყვეტი პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების 160-ე დღე დაიწყო.

დღევანდელ კენჭისყრას რამდენიმე საათით წინ უსწრებდა წარმომადგენელთა პალატაში დებატები „მეგობარი აქტზე“.

დებატებისას კონგრესმენმა ჯო უილსონმა, კანონპროექტის თანაავტორმა, აღნიშნა, რომ „155 დღეზე მეტია, რაც თავისუფლების მოყვარული საქართველოს ხალხი მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში თავისი ერის მომავლისა და სულის დასაცავად“.

სიტყვით ხუთი კონგრესმენი გამოვიდა - სამი რესპუბლიკური, ორი კი დემოკრატიული პარტიიდან.

  • ბრაიან მასტი - პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი, ფლორიდა;
  • ჯონი ოშესკი - დემოკრატი, მერილენდი;
  • ჯო უილსონი - რესპუბლიკელი, სამხრეთი კაროლინა;
  • სტივ კოენი - დემოკრატი, ტენესი;
  • უორენ დევიდსონი - რესპუბლიკელი, ოჰაიო.

ოთხმა მათგანმა სიტყვით გამოსვლაში მხარი დაუჭირა „მეგობარი აქტის“ მიღებას, ერთი კი - რესპუბლიკელი უორენ დევიდსონი - შეეწინააღმდეგა.

აქტის მხარდამჭერი კონგრესმენების თქმით, საქართველო აშშ-ის ტრადიციული მოკავშირეა, თუმცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები შეირყა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ნაბიჯების გამო, რომლებიც „იმეორებენ რუსეთის ავტორიტარულ ტაქტიკას“ და რომლებიც ქვეყანას ჩინეთსა და ირანთან აახლოებს.

„ეს კანონპროექტი სანქციებს დაუწესებს რეჟიმის წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და პროდასავლური ტრაექტორიის შელახვის გამო, ასევე, გადახედავს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, მათ შორის დახმარების პროგრამებს და მოითხოვს ანგარიშის მომზადებას, რომელიც შეისწავლის რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ქმედებებს საქართველოში“, - განაცხადა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბრაიან მასტმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG