სოციალური ქსელები გაივსო ვიდეოჩანახატებით, რომელთა ავტორები „ბიუჯეტურ ტურებს“ სთავაზობენ დამსვენებლებს და თანაც, პირდაპირ თუ ირიბად პასუხობენ ლაკერბაიას, რომელიც ამტკიცებდა, რუსი ტურისტები აფხაზეთში არაფერს ყიდულობენ „დოშირაკის“, ე.ი. სწრაფი მომზადების სუპის გარდა.
ტურების ორგანიზატორები და აფხაზეთში დასვენებით კმაყოფილი მოგზაურები ამბობენ, რომ „ამ მშვენიერ მხარეში საჭმელად არ ჩამოდიან“, რომ აფხაზეთი პირველ რიგში „თვალწარმტაცი მხარე“, „განუმეორებელი ბუნება“, „სუფთა ზღვა“, „ისტორიული ნანგრევებია“... და, რაც მთავარია, ამის ხილვა საკმაოდ იაფი ჯდება.
როგორც წესი, „ისტორიულ ნანგრევებში“ ვლოგების ავტორები საბჭოთა აფხაზეთის მემკვიდრეობას გულისხმობენ, მათ შორის, საბჭოთა ეპოქაში აშენებულ და ქართულ-აფხაზური ომის დროს დანგრეულ შენობებს, რომლებიც უფროსი თაობის რუს ტურისტებში საბჭოთა წარსულის ნოსტალგიას ქმნის. ამ შენობების პროექტები „საქქალაქმშენსახპროექტში“, საპროექტო ინსტიტუტების ქსელში იქმნებოდა, მოსკოვსა და თბილისში. არქიტექტურულ პროექტებთან ერთად, მნიშვნელობას ანიჭებდნენ საკურორტო ზონის დეკორს - მოზაიკებს, მრგვალ ქანდაკებას, რელიეფურ კომპოზიციებს.
დღევანდელ აფხაზეთში ნამყოფი რუსი მოგზაურები განსაკუთრებით გამოარჩევენ „მყვინთავების“ ქანდაკებას ბიჭვინთაში, გოგი ოჩიაურის სკულპტურულ კომპოზიციას, რომელიც 1969 წელს გაიხსნა კურორტის მთავარ შესასვლელში. ტურისტების შეფასებებს, მათ ვლოგებს, დღიურებს თუ გადახედავთ, დარწმუნდებით, რომ „მყვინთავები“ ბიჭვინთის სიმბოლო, მისი სახე გახდა. თითქმის არ არსებობს ტურისტი, რომელსაც ერთი სურათი მაინც არა აქვს გადაღებული გოგი ოჩიაურის ძეგლთან. სხვათა შორის, რუსულ სოციალურ ქსელებში ბიჭვინთის მთავარი სკულპტურული კომპოზიციის ავტორად მოხსენიებულია არა გოგი ოჩიაური, არამედ მისი ძმა, ირაკლი... კინომცოდნე ლელა ოჩიაური, რომელიც მხატვარ ირაკლი ოჩიაურის ქალიშვილია, ამბობს:
„წლების წინ წიგნი გამოიცა, რომელშიც ძეგლის ავტორად შეცდომით მოიხსენიეს მამაჩემი. მას შემდეგ გავრცელდა ეს ინფორმაცია. მივმართეთ კიდეც, მივწერეთ ვიკიპედიას, რუს ვლოგერებს, მაგრამ ჯერჯერობით შეცდომას არ ასწორებენ“.
ირაკლი ოჩიაურის გარდა ძეგლის ავტორად ხშირად ზურაბ წერეთელს ასახელებენ. თუმცა ეს მხოლოდ ნაწილობრივაა შეცდომა - ზურაბ წერეთელი ბიჭვინთის დასასვენებელი კომპლექსის ერთ-ერთი ავტორია, უფრო სწორად კომპლექსის მხატვრული გაფორმების ხელმძღვანელი. 1967 წელს, როცა ბიჭვინთის საკურორტო ზონის მშენებლობა სრულდებოდა, წერეთელს კომპლექსის იერსახის შექმნა და 7 პანსიონის ფასადების გაფორმება დაავალეს.
„იმხანად კულტურის მინისტრი იყო ეკატერინა ფურცევა, რომელსაც თავიდან სასაცილოდ არ ეყო წერეთლის იდეა, გაეფორმებინათ საკურორტო ზონა მთელი 22 ობიექტით. ფურცევამ 6 ობიექტს პლუსი დაუსვა, დანარჩენს კი მინუსი", - გვიამბობს არქიტექტორი ხათუნა ოჩიაური, გოგი ოჩიაურის ქალიშვილი.- "მაგრამ წერეთელმა შეუძლებელი შეძლო. მინუსების „გადაპლუსება“ მოახერხა და 22 ობიექტზე მიიღო დაფინანსება. უფრო მეტიც, მან იმას მიაღწია, რომ ყველა ამ ობიექტის ავტორი ქართველი მხატვარი იყო“.
ხათუნა ოჩიაური ამბობს, რომ ბავშვი იყო, როცა ძეგლების დადგმის პროცესს უშუალოდ აკვირდებოდა აფხაზეთში
„ვერასდროს დავივიწყებ, როგორი ენთუზიაზმით მუშაობდნენ ქართველი მხატვრები, რომელთაგანაც არცერთი არ იყო ნომენკლატურის მიერ აღიარებული მოქანდაკე, დიზაინერი. და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არცერთი ეს ძეგლი არ იყო კომუნისტური შინაარსის, არ ემსახურებოდა იდეოლოგიურ პროპაგანდას“.
რამდენიმე თაღზე დამაგრებულია ფიგურები - შიშველი ახალგაზრდები, ქალი და ვაჟი ხტებიან ზღვაში მარგალიტების საძებნელად დელფინების, თევზების, ლოკოკინების გარემოცვაში... - თავისუფლების, უდარდელობის, შეიძლება ითქვას „უწონადობის“ ეს განცდა ჯერ კიდევ ორგანული იყო 60-იანელთა თაობისთვის, რომელსაც გოგი ოჩიაური მიეკუთვნებოდა. ეს რომანტიკული პათოსი და მონუმენტური ქანდაკებისთვის უჩვეულო კომპოზიციური გადაწყვეტა მხედველობიდან არ გამორჩენიათ ტურისტებს, რომლებიც დამსვენებლებს ბიჭვინთაში, პირველ რიგში, საკურორტო ქალაქის სიმბოლოს ნახვას ურჩევენ. ზოგიერთი მათგანი ამტკიცებს, რომ ქანდაკების გახსნა რამდენჯერმე გადაიდო იმის გამო, რომ ბიჭვინთის ადმინისტრაციის აზრით, „საბჭოთა მოქალაქეებისთვის ასეთ მდგომარეობაში ზღვაში ჩაყვინთვა არ იყო მიზანშეწონილი“. ამ ინფორმაციას ოჩიაურების ოჯახი არც უარყოფს და არც ადასტურებს.
“საინტერესო კომპოზიციაა. საბჭოთა სიმბოლიზმის აზრს კარგად ვერ ჩავწვდი, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ჩვეულებრივი ძეგლია. ქანდაკებას უხდება ბებია, რომელიც იქვე ყიდის ტკბილეულს“ (ანდრეი, მოსკოვი);
„ბიჭვინთის ვიზუალური სიმბოლოა. ამიტომაც ყოველთვის სავსეა ადამიანებით, რომლებიც სურათს იღებენ“ (ოლგა, მოსკოვი);
„შადრევანი განსაკუთრებით უხდება ამ კომპოზიციას. თაღები ემსგავსება ტალღებს, რომლებიც უნდა გააპონ ახალგაზრდებმა, საოცნებო მარგალიტებს რომ მიაგნონ“ (არიადნა, მოსკოვის ოლქი);
„გულს უხარია ამ ქანდაკებას რომ უყურებ. აღმოჩნდა რომ ქანდაკების ქართული სკოლა მხოლოდ წერეთელი არაა, თავისი უზარმაზარი ურჩხულებით. ადამიანური ქანდაკებებიც ყოფილა“ (ვადიმი, მურმანსკი);
„ამ შესანიშნავ ქანდაკებასთან კონტრასტშია საშინელი ჭუჭყი და მოუვლელობა ძეგლის გარშემო. გაგრისგან განსხვავებით, აქ ომი არ ყოფილა, მაგრამ იქმნება განცდა რომ...“ (ანდრე, ვლადიმირი);
„უცნაური ძეგლია საბჭოთა ეპოქიდან. შიშველი სხეულები თავდაყირა კიდია. თანაც, ქალი სულაც არაა უშნო. ბიჭი ისე რა“ (ტარასი, ინდონეზია);
ტურისტები წერენ, რომ ახალი ქანდაკებებიდან აფხაზეთში იხილეს მხოლოდ 1992-93 წლებში დაღუპული აფხაზების სკულპტურული პორტრეტები, ამიტომ მით უფრო აფასებენ იმას, რაც აფხაზეთში ომამდე შეიქმნა. საბჭოთა კულტურულ მემკვიდრეობას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ყურადღება უფრო მეტად ამ ათი წლის წინ მიაქცია, როცა ბიჭვინთის, გაგრის და გუდაუთის მცხოვრებლებმა მთავრობას ზურაბ წერეთლის მოზაიკების აღდგენა მოსთხოვეს. მიმართვის ხელმომწერები აცხადებდნენ, რომ უნიკალური მოზაიკური კომპოზიციები, რომლებიც საბჭოთა ეპოქაში აფხაზეთში, ავტობუსების გაჩერებებზე დაიდგა, სავალალო მდგომარეობაშია და მათ პირვანდელი სახე უნდა დაუბრუნდეს.
2019 წელს, გოგი ოჩიაურის გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ, გაწმინდეს და გადაღებეს „მყვინთავებიც“. თუმცა ხათუნა ოჩიაური ამბობს, რომ ძეგლი ისედაც კარგ მდგომარეობაში იყო... საერთოდ, ომის შემდეგ ვანდალიზმის ფაქტები ბიჭვინთის საკურორტო ზონაში, ქართველი მოქანდაკეების ნამუშევრების განადგურების ცდები არ დაფიქსირებულა.
„მამა ამბობდა ხოლმე, რომ ბიჭვინთაში დადგმულ ძეგლებს საშიშროება არ ემუქრებათ იმიტომაც, რომ დე ფაქტო აფხაზეთის კულტურის მინისტრი მისი მოწაფეა... რომ არაფერი ვთქვათ სხვა აფხაზ მხატვრებზე, მოქანდაკეებზე, რომელთა უმრავლესობა თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. ხუმრობით იმასაც ამბობდა მამა, გამიშვით სოხუმში და აფხაზეთის დაბრუნებაზე მე ვიზრუნებო“.
ფორუმი