სამშობლოდან 6 წლის წინ გაქცეული და 22 ივლისს ათენის აეროპორტში დაკავებული 59 წლის პლაჰოტნიუკი ახლა ექსტრადიციის გადაწყვეტილებას ელოდება.
- რა ბრალდება ოლიგარქს და რა ელის მას მოლდოვაში ექსტრადიციის შემდეგ?
სხვადასხვა იდენტობით ათობით ქვეყანაში
პირადობის დამადასტურებელი ბარათები, მართვის მოწმობები, პასპორტები - ყალბი დოკუმენტების ნაწილი ათენიდან დუბაიში მიმავალ ვლადიმირ პლაჰოტნიუკს დაკავებისას თან ჰქონდა, ნაწილი კი ათენის გარეუბნის ვილაში აღმოუჩინეს. ერთ კონკრეტულ ქვეყანაში გაცემულ რამდენიმე საბუთში - სხვადასხვა ვინაობა, დაბადების დღე, თვე თუ წელია მითითებული.
რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახურის ცნობით, პოლიციის მიერ შედგენილ ნუსხაში მოხვედრილი პლაჰოტნიუკის 21 საბუთის გაცემის ადგილებად მითითებულია ვანუატუ, ერაყი, რუმინეთი, უკრაინა, რუსეთი და ბულგარეთი.
ფერედუონ შახინ იაკო ალ შახინი, მიხაი ანტოხე, მიხაილ ტაუშანჟი, სტანისლავ კირსანოვი, მიხაილ ტაუშანოვი - ეს სახელები და გვარები პლაჰოტნიუკის გაყალბებულ დოკუმენტებშია მითითებული. უფრო ადრე, ის იყენებდა რუმინეთში აღებულ დოკუმენტებს ვლად ულინიჩისა და ვლადისლავ ნოვაცის, ხოლო მექსიკაში - ვიტო პერეს გონსალესის სახელზე.
ათენის გარეუბანში, ვილაში, სადაც ოლიგარქი და მისი პარტიის ყოფილი დეპუტატი ცხოვრობდნენ - აღმოჩენილია ასევე 155 ათასი ევრო, ძვირფასი საათები, ტელეფონები, კომპიუტერები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები.
პლაჰოტნიუკი ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2025 წლის თებერვლიდან იძებნება.
- სახელისუფლებო კოალიციაში შემავალი დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი, ვლადიმირ პლაჰოტნიუკი ქვეყნიდან 2019 წელს გაიქცა, როდესაც მოლდოვაში ხელისუფლება შეიცვალა.
- გარკვეული პერიოდის განმავლობაში ოლიგარქი ცხოვრობდა აშშ-ში, თურქეთში, ჩრდილოეთ კვიპროსში.
- საბერძნეთის პოლიციაზე დაყრდნობით, 2023 წლიდან ოლიგარქი კონსპირაციულად ცხოვრობდა 22 ქვეყანაში და ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილებს - იუწყება „როიტერსი“.
დაკავების შემდეგ, პოლიციამ გაარკვია, რომ მოლდოველი ოლიგარქი ათენის გარეუბანში, ვილაში, ყოფილ თანაპარტიელთან და დეპუტატთან - კონსტანტინ ცუცუსთან ერთად ცხოვრობდა.
ნაპოვნია ასევე ცუცუს კუთვნილი ფალსიფიცირებული საბუთები. საბერძნეთის პოლიციამ ისიც დააკავა. დემოკრატიული პარტიის ყოფილი დეპუტატის წინააღმდეგ, სხვადასხვა წყაროს თანახმად - მოლდოვაში ორი საქმეა აღძრული - კორუფციისა და ხულიგნობის მუხლით.
რა ბრალდება ოლიგარქს?
ვლადიმირ პლაჰოტნიუკის წინააღმდეგ მოლდოვაში სულ მცირე სამი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული - თაღლითობის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრებისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებებით.
მას დაკისრებული აქვს საერთაშორისო სანქციები „მოლდოვის რესპუბლიკაში რუსეთის სასარგებლოდ სიტუაციის დესტაბილიზაციის“ გამო.
„მილიარდის მოპარვის“ საქმე
ეს არის პლაჰოტნიუკთან დაკავშირებული ჯერჯერობით ერთადერთი საქმე, რომელიც მოლდოვის სასამართლომდე მივიდა. მას ედავებიან დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნასა და ორგანიზებას; კერძოდ კი - 39.3 მილიონი დოლარისა და 3.5 მილიონი ევროს მითვისებას, 2014 წელს, მოლდოვის მსხვილი ბანკებიდან [Banca de Economii, Unibank და Banca Sociala] გაუჩინარებული ფულიდან - მილიარდ დოლარზე მეტი.
ანტიკორუფციული პროკურატურის ცნობით, ამ თანხის ნაწილი პლაჰოტნიუკმა მიიღო კიდევ ერთი გაქცეული პრორუსი პოლიტიკოსის - ილან შორის კომპანიებიდან; ხოლო დანარჩენი - ყოფილი თანაპარტიელის, ყოფილი დეპუტატის - ვლადიმირ ანდრონაკის კომპანიიდან.
გამოძიების თანახმად, პლაჰოტნიუკმა მიტაცებული თანხა საკუთარ ბიზნესში ჩადო, იყიდა უძრავი ქონება და თვითმფრინავი - Embraer Legacy 650.
გამოძიება ამ საქმეზე 2014 წელს დაიწყო, თუმცა ბრალდება ოლიგარქს 2021 წელს წაუყენეს.
რა ელის ექსტრადიციის შემთხვევაში?
თუკი ოლიგარქს კიშინიოვში ჩაიყვანენ, მას აუცილებლად დააპატიმრებენ და სავარაუდოდ, სამარტოო საკანში მრავალი წლით მოუწევს ჯდომა. 2019-2022 წლებში, სასამართლოს მიერ დაუსწრებლად გაცემულია დაპატიმრების ოთხი ორდერი. ბოლო ორდერი, 40-დღიანი ვადით - 23 ივლისს გაიცა.
22 ივლისს, კიშინიოვში გამოცხადდა, რომ მზადდება დოკუმენტები საბერძნეთიდან პლაჰოტნიუკის ექსტრადიციისთვის.
„ექსტრადიცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს, ყველა პროცედურის დაცვით“, - განაცხადა პრეზიდენტმა მაია სანდუმ. კონკრეტული ვადები არ სახელდება. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ - „მართლმსაჯულებამ ბოლომდე უნდა იზეიმოს“.
„პროკურატურა დარწმუნებულია, რომ საბერძნეთის ხელისუფლება დააკმაყოფილებს მოთხოვნას - ძებნილი პირისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად“, - განაცხადა მოლდოვის გენერალურმა პროკურატურამ.
მოლდავეთის ადგილობრივი მედიის ცნობით, პლაჰოტნიუკის ექსტრადიციას რუსეთიც მოითხოვდა - ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეზე. ასევე ნარკოტიკების საქმეს უკავშირებენ კონსტანტინ ცუცუსთან. რუსეთის მედია იუწყება, რომ ცუცუ სწორედ რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. თუმცა ეს ინფორმაცია არ დასტურდება.
ვლადიმირ პლაჰოტნიუკი ორჯერ იყო მოლდოვის პარლამენტის დეპუტატი, იკავებდა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის პოსტს. ოლიგარქის დემოკრატიული პარტია სახელისუფლებო კოალიციაში იყო. 2019 წლის ივნისში, მოლდოვაში მთავრობა გადადგა და უმდიდრეს ადამიანად ცნობილმა ოლიგარქმა ძალაუფლება და გავლენები დაკარგა. მალევე ის ქვეყნიდან გაიქცა.
ფორუმი