Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 წლის ბიჭის ცემაში ბრალდებულ მკლავჭიდელ ქალს 3000 ლარიანი გირაო შეეფარდა


ხატია ვიბლიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან, 17 სექტემბერი, 2025 წელი
ხატია ვიბლიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან, 17 სექტემბერი, 2025 წელი

მოკლედ

  • რატომ გააძევა მოსამართლემ ხატია ვიბლიანი დარბაზიდან?
  • რას ამბობს ბრალდებული?
  • რატომ მოითხოვა პროკურატურამ გირაოს შეფარდება?
  • წავა თუ არა ხატია ვიბლიანი მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ბულგარეთში იმართება?

31 წლის მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს, რომელსაც 15 წლის ბიჭის ცემაში ედება ბრალი, მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა. სწორედ ამ შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს პროკურორმა ნათია ნოზაძემ 17 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე.

ბრალდებულმა გირაო 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.

სანამ სასამართლო სხდომა დაიწყებოდა, მოსამართლემ ხატია ვიბლიანი სხდომათა დარბაზიდან შეუსაბამო ჩაცმულობის გამო გააძევა.

ხატია ვიბლიანი სხდომათა დარბაზში, 17 სექტემბერი, 2025 წელი
ხატია ვიბლიანი სხდომათა დარბაზში, 17 სექტემბერი, 2025 წელი

დარბაზში შემოსულმა მოსამართლემ მკლავჭიდელს გაოცებულმა მიმართა:

„ეს რა არის? ნორმალურად უნდა გეცვათ დარბაზში, იცით საერთოდ სად ხართ? გაბრძანდით ახლა სასწრაფოდ და ჩაიცვით და შემდეგ შემოდით...კი მაგრამ, არ იცოდით, სად მოდიოდით? არც ისეთი პატარა ხართ“...

მოსამართლე ლელა მარიდაშვილი ხატია ვიბლიანს შენიშვნას აძლევს, 17 სექტემბერი, 2025 წელი
მოსამართლე ლელა მარიდაშვილი ხატია ვიბლიანს შენიშვნას აძლევს, 17 სექტემბერი, 2025 წელი

სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთში, მას შემდეგ განახლდა, რაც ხატია ვიბლიანმა მოკლე მაისურზე პიჯაკი შემოიცვა.

რას ამბობს ბრალდებული?

მკლავჭიდელი ქალი ბრალს აღიარებს, ამბობს, რომ ინანიებს დანაშაულს.

სხდომის დაწყებამდე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მან თქვა, რომ არ იცოდა, რომ ბიჭი, რომელსაც ხელებითა და ფეხებით, ფიზიკურად გაუსწორდა, არასრულწლოვანი იყო.

რადიო თავისუფლება:სრულწლოვანი რომ ყოფილიყო, გამართლებული იქნებოდა მისი ცემა?

ხატია ვიბლიანი:არ ვემხრობი ძალადობას. უბრალოდ, ყველამ უნდა ვიცოდეთ მოქცევის წესები. ვაღიარებ დანაშაულს, თუმცა, ჩემს ადგილას მგონი, თავმოყვარე მშობელი რაღაცას გააკეთებდა, როცა თავს ესხმიან.

რადიო თავისუფლება:თავს დაგესხათ ის?

ხატია ვიბლიანი: ამ ეტაპზე, სხვა კომენტარისგან თავს შევიკავებ.

15 წლის მოზარდზე ძალადობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში 14 სექტემბერს გავრცელდა. თავად ძალადობის ფაქტი 11 სექტემბერს მოხდა.

რამდენიმეწამიან ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალი ფიზიკურად უსწორდება მოზარდს. ძირითადად სახეში ურტყამს ხელებს. მოზარდი თავის დაცვას ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს, რადგან ქალს ის კედელთან ჰყავს მიმწყვდეული და გაქცევის საშუალებას არ აძლევს.

ამ სცენას უყურებს იქვე მყოფი მცირეწლოვანი, რომელიც ბრალდებული ქალის 4 წლის შვილია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს და სასჯელის სახით ჯარიმას ან 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რატომ მოითხოვა პროკურატურამ გირაოს შეფარდება?

საქმის პროკურორი ნათია ნოზაძე ამბობს, რომ ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს შუამდგომლობის დაყენებისას რამდენიმე მიზეზი გაითვალისწინა:

„მართალია, ეს მუხლი ითვალისწინებს პატიმრობას, მაგრამ ჩვენ მხედველობაში ვიღებთ იმას, რომ ქალი არის მარტოხელა დედა. ასევე იმას, რომ არ არის წარსულში ნასამართლევი. ასევე აღიარებს, ბოდიშს იხდის, მზად არის აანაზღაუროს მორალური თუ მატერიალური ზიანი, რომელიც მან მოზარდს მიაყენა“.

რაც შეეხება 11 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებს, პროკურორი მხარეების გამოკითხვის ოქმებზე დაყრდნობით, მას ასე აღწერს:

„გაურკვევლობა დაიწყო მაღაზიის რიგში. ბრალდებულის წინ იდგა ერთი პირი და რაკი ბრალდებულს თან ახლდა მცირეწლოვანი შვილი, ითხოვა, ურიგოდ გამატარეთო. მოლარემ უარი უთხრა და მოუწოდა რიგი დაეცვა. დაზარალებული 15 წლის მოზარდი იდგა უკან და მან დაუძახა ბრალდებულს, რაღას ელოდებით, ჩვენც ვდგავართ რიგში, ან იყიდეთ, რაც გსურთ, ან რიგი დაიკავეთო. მოლარეს გამოექომაგა.

ბრალდებული ამბობს, რომ დაზარალებულმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. თუმცა, ბავშვი ამას უარყოფს. დაზარალებულის თქმით, ქალი მას მაღაზიის გარეთ დაელოდა და იძალადა.

დაზარალებული ასევე საუბრობს იმაზე, რომ ვინაიდან მოძალადე იყო ქალი, ის მხოლოდ თავს იცავდა და საპირისპირო სახის ქმედებები არ განახორციელა და მხოლოდ თავდაცვის რეჟიმში იყო... ბრალდებლმა იძალადა არასრულწლოვანზე, მათ შორის, ხელებისა და ფეხების გამოყენებით. სრულიად მცირედი მოტივის გამო.

ცხადია, ოჯახი ითხოვს ბრალდებულის კანონის შესაბამისად დასჯას“.

ნათია ნოზაძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებულს ჰყავს 4 წლის შვილი და ძალადობის ფაქტს ბავშვიც შეესწრო, გამოძიებამ მიმართა სოციალურ სამსახურს, რათა შეისწავლონ, რა გარემოში იზრდება ბავშვი, ხომ არ არის ის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.

რას ამბობს 15 წლის მოზარდის ოჯახი?

სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ რადიო თავისუფლება დაუკავშირდა 15 წლის ბიჭის ოჯახის ახლობელს. ის ამბობს, რომ რაკი ბრალდებული ქალი მოზარდის სახლთან ახლოს ცხოვრობს, ოჯახი ამბობს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, ისინი თავს დაცულად ვერ გრძნობენ:

"ნებისმიერ დროს შეიძლება გადაეყაროს ბავშვს. ასევე საფრთხეშია მთელი საზოგადოება, არავინ იცის კიდე ვის გაიმეტებს და უმოწყალოდ სცემს ეს ქალმატონი. გაოცებას იწვევს ის ფაქტიც რომ, მისი არ დაკავების მიზეზი შეიძლება გახდეს, მისი მცირეწლოვანი ბავშვის მეურვეობა, რომელზეც მან ისევე როგორც მოზარდზე ფსიქოლოგიურად იძალადა იმ საღამოს და ატირებულ ბავშვს ეს ყველაფერი აყურებინა...

მოძალადე იმას ამბობს, ვითომ მოზარდი დაესხა თავს. მოწმეები არსებობენ და ყველამ კარგად იცის, რაც მოხდა", - მოსწერა რადიო თავისუფლებას დაზარალებული ბიჭის ოჯახის ახლობელმა.

წავა თუ არა ხატია ვიბლიანი მსოფლიო ჩემპიონატზე?

მკლავჭიდელი ქალი 18 სექტემბრის ღამეს ბულგარეთში მიმდინარე მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე გეგმავს გამგზავრებას:

„დიახ მივდივარ, ამაღამ მაქვს ფრენა“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

პროკურორი ნათია ნოზაძე არ გამორიცხავს, რომ ქალს ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდოს:

„ეს ჯერ დაზუსტებული არ არის, უნდა გავარკვიოთ, თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ მან ქვეყნის დატოვება ვერ შეძლოს“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას სხდომის დასრულების შემდეგ.

მკლავჭიდელი ქალის მიერ 15 წლის ბიჭზე ძალადობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 ნოემბერს გაიმართება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG