რუსეთის ხელისუფლებამ Google-ის საკუთრებაში არსებული პლატფორმა შეზღუდა და სიჩქარის აუტანელი შენელებით შეეცადა, რუს მომხმარებელს მასზე გული აეცრუებინა. ის სილიკონის ველის გოლიათს დაემუქრა, რომ მის სერვერებს რუსეთში განათავსებდა, რათა მარეგულირებლებმა უკეთესად შეძლონ მისი დინების გაკონტროლება. მათ ასევე სცადეს რუსეთში ალტერნატივების შემუშავება, რომლებსაც მარეგულირებელი გააკონტროლებდა.
როგორ მიდის საქმე?
ექსპერტების თქმით, ჯერ ბოლომდე არ მიუყვანიათ საქმე, მაგრამ ეს მალე მოხდება.
წლების განმავლობაში მიმდინარე ეს ძალისხმევა უფრო ფართო კამპანიის ნაწილია, რომელსაც მხარს უჭერს კრემლი და რომელიც რუსეთის საკუთარი, „მართვადი“ ინტერნეტის შექმნას ისახავს მიზნად. აქ რუსებს არსებითად შეზღუდული არჩევანის საშუალება და შეუზღუდავი ინფორმაციის ილუზია აქვთ, ხოლო დარღვევებს გულდასმით აკვირდებიან.
გასულ კვირას რუსმა ოფიციალურმა პირებმა მიანიშნეს, რომ ისინი WhatsApp-ის - Meta-ს საკუთრებაში არსებული შეტყობინებების აპლიკაციის - დაბლოკვას გეგმავდნენ. ის ფართოდ გამოიყენება ახალი ამბებისა და კომუნიკაციისთვის.
"იუტუბი რუსეთში ძალიან პოპულარულია“, - თქვა ფილიპ დიტრიხმა, რუსეთის ინტერნეტის მკვლევარმა და ექსპერტმა გერმანიის საგარეო ურთიერთობების საბჭოში. - "ის მთავრობისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს... ეს 100 პროცენტით ასეა და, რა თქმა უნდა, თუ თქვენ მოახერხებთ გქონდეთ ისეთი პლატფორმა, რომელზეც შეგიძლიათ გააკონტროლოთ, რომელი ვიდეოები განთავსდება ინტერნეტში და რომელი არა, ეს აშკარად ძალიან გაძლევთ ხელს“.
"ისინი მთავარი მოთამაშეები არიან"
მილიონობით რუსი უყურებს პირდაპირ ვიდეოეთერს. YouTube-ი ამ მხრივ ყველაზე პოპულარულია და ეს ტენდენცია გაგრძელდა 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც.
კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლმა ალექსეი ნავალნიმ გარდაცვალებამდე YouTube-ზე გამოაქვეყნა თავისი მწვავე გამოძიებები და კომენტარები, რომლებსაც მხოლოდ რუსეთში ათობით მილიონი ნახვა ჰქონდა. რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ 10 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს გამოწერილი იური დუდის იუტუბ-არხი მისი მწვავე, ცოცხალი ინტერვიუებით.
Mediascope-ის მიერ ბაზრის კვლევის შედეგებით, 2024 წლის მეორე ნახევარში, YouTube-ს ყოველთვიურად 95.9 მილიონი რუსი მოზარდი და ზრდასრული სტუმრობდა. თუმცა ეს რიცხვი 2025 წლის პირველ ნახევარში შემცირდა მას შემდეგ, რაც მარეგულირებლებმა მომსახურების შენელება დაიწყეს.
რუსულ ინტერნეტში, რომელიც ფართოდ არის ცნობილი როგორც RuNet-ი, სულ მცირე, ხუთი პირდაპირი ვიდეოეთერის პროექტი გამოჩნდა, როგორც YouTube-ის პოტენციური კონკურენტები.
VK Video, პირდაპირი ეთერის მომსახურება, რომელიც შექმნილია VK-ის - რუსეთის Facebook-ის ანალოგის - მიერ, მაყურებელთა რაოდენობით ჩამორჩება, მაგრამ მისი აუდიტორია სტაბილურად იზრდება.
სხვა პლატფორმებს შორისაა Rutube-ი, რომელიც „გაზპრომის“ საკუთრებაა; Zen-ი, რომელიც 2022 წელს Yandex-ს გამოეყო; და Video OK, კიდევ ერთი Facebook-ის მსგავსი სოციალური მედიის პლატფორმა, რომელიც ასევე VK-ს საკუთრებაა.
სახელმწიფო ტელეარხის, რომელიც ადრე Russia Today-ის სახელით იყო ცნობილი, მშობელმა კომპანიამ ფული ჩადო პირდაპირი ვიდეოეთერის საქმეში, სახელწოდებით Platform და ის 2024 წლის ივნისში აამოქმედა. ყველა მონაცემით, ეს პროექტი წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან მაყურებელთა დღიური რაოდენობა მხოლოდ ათიათასობით ადამიანს შეადგენს.
VK, რომელიც Facebook-ის რუსული ანალოგია, ავითარებს შეტყობინებების ახალ პლატფორმას, სახელწოდებით Max. ექსპერტების თქმით, ის შეიძლება გახდეს ახალი ეროვნული პლატფორმა და რუსული „სუპერაპლიკაციის“ საფუძველი .
რადიო თავისუფლების რუსული საგამოძიებო სამსახურის, Systema-ს მონაცემებით, Platform-ზე ყველაზე პოპულარული მასალა მეკობრული ვიდეოებია. გასულ თვეში, პლატფორმის მესვეურებმა „გადატვირთვის“ შესახებ გამოაცხადეს.
„ეს აშკარა მცდელობაა, შეიქმნას მომსახურება „როგორც ბიზნესი“, მთავარი კონკურენტის, YouTube-ის დაბლოკვის საფუძველზე“, - განაცხადა რუსმა ბლოგერმა და უფლებადამცველი ჯგუფის, "ინტერნეტის დაცვის საზოგადოების" დირექტორმა, მიხაილ კლიმარიოვმა.
„და აშკარაა, რომ ფული [სახელმწიფო] ბიუჯეტიდან ირიცხება და არა კერძო ინვესტორებისგან. ეს უბრალოდ ჩვეულებრივი ქურდობაა.“
დიტრიხის თქმით, VK Video ამ ეტაპზე YouTube-ის ყველაზე სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივაა და, სავარაუდოდ, საბოლოოდ, მას მთლიანად ჩაანაცვლებს.
„ვფიქრობ, ერთადერთი რეალურად დიდი ალტერნატივა VK Video-ა. ვფიქრობ, ის მთავარი მოთამაშეა. მათ ფული აქვთ. მათ მთავრობა უჭერს მხარს. ისინი ვა-ბანკზე წავლენ“, - თქვა მან. - „მათ აქვთ სერვერები, ინფრასტრუქტურა, კარგი პროგრამული უზრუნველყოფა, ჰყავთ კარგი ინჟინრები და თუ ფული კორუფციაში არ მოხვდება, თუ ის რეალურად იქ წავა, სადაც უნდა წავიდეს, VK წარმატებული იქნება.“
მთავრობის მხარდაჭერა VK-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი აქციონერებისა და მისი უფროსი აღმასრულებლების სახით ხორციელდება.
სადაზღვევო კომპანია „სოგაზი“, რომელსაც პუტინის ნდობით აღჭურვილი იური კოვალჩუკი აკონტროლებს, ერთ-ერთი მსხვილი აქციონერია „გაზპრომ მედიასთან“ ერთად, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბუნებრივი აირის გიგანტის, „გაზპრომის“ მედიაგანყოფილებაა. „გაზპრომ მედიას“ ეკუთვნის ასევე Rutube-ი, რომელსაც კრემლი ხშირად იყენებს ოფიციალური ვიდეოების გასავრცელებლად.
VK-ის აღმასრულებელი დირექტორი ვლადიმირ კირიენკოა, რომლის მამაც კრემლის საშინაო პოლიტიკას მართავს. კოვალჩუკის ძმისშვილი, სტეპანი, VK-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო და სხვათა შორის, VK Video-ს განვითარებაშიც მონაწილეობდა.
დიტრიხის თქმით, ამ ეტაპზე VK Video-ს ყველაზე დიდი პრობლემა მისი აუდიტორიის რაოდენობის სანდოობაა: არ არსებობს რეალური გზა იმის შესაფასებლად, რეალურია თუ არა მისი „ჩართულობის მაჩვენებლები“ - დაწკაპუნებები, მოწონებები, გაზიარებები, ყურებაზე დახარჯული დრო.
კიდევ ერთი აგური „დამცველ კედელში“
რუსეთის ხელისუფლების ძალისხმევა ინტერნეტზე კონტროლის გასაძლიერებლად ჯერ კიდევ 1990-იანი წლების ბოლოდან იწყება, როდესაც შეიქმნა ოპერატიული სამძებრო საქმიანობის სისტემა, რომელიც არსებითად ინტერნეტის თვალთვალის ინსტრუმენტია.
წლების განმავლობაში, ხელისუფლებამ მიიღო მთელი რიგი კანონები, რომლებიც ზრდიდა ინტერნეტკომპანიების ზედამხედველობას და აფართოებდა მარეგულირებელი სააგენტო „როსკომნადზორის“ ზედამხედველობის უფლებამოსილებებს. მათ წამყვანი ადგილობრივი ტექნოლოგიური გიგანტების - Yandex-ის, VK-ის, Mail.ru-ს, Wildberries-ის - კონტროლი კრემლისადმი მეგობრულად განწყობილი მფლობელობის ქვეშ გააერთიანეს.
მათ დანაშაულად გამოაცხადეს ვირტუალური კერძო ქსელების (VPN) გამოყენება, რომლებიც ადამიანებს საშუალებას აძლევს წაიკითხონ, ნახონ ან ჩამოტვირთონ მასალა ისე, რომ ხელისუფლების ყურადღება არ მიიპყრონ.
კანონმდებლები ცდილობენ VPN-ის ძიებაც დანაშაულად გამოაცხადონ.
2019 წელს კანონმდებლებმა მიიღეს დამატებითი შესწორებები, რომლებმაც გააფართოვა "როსკომნადზორის" უფლებამოსილება - შეუძლია შავ სიაში შეიყვანოს და დაბლოკოს ვებსაიტები, ასევე, გამოიყენოს VPN-ები, რომლებიც ეხმარება ადამიანებს ბლოკის გვერდის ავლაში და მომხმარებლის ვინაობისა და ადგილმდებარეობის დაფარვაში.
მარტში კრემლში ჩატარებულ შეხვედრაზე, რომელიც ტელევიზიით გადაიცა, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოითხოვა, რომ ოფიციალურმა პირებმა შეზღუდონ ისეთი უცხოური ტექნოლოგიური კომპანიების გამოყენებაზე წვდომა, როგორიცაა Microsoft-ი და Zoom-ი.
„თქვენ უბრალოდ უნდა მოგუდოთ ისინი. მე სავსებით ვეთანხმები", - თქვა პუტინმა.
„მე ვფიქრობ, რომ ისინი მიიწევენ ჩინეთის მოდელისკენ და არა ჩრდილოეთ კორეის მოდელისკენ“, - თქვა დიტრიხმა.- „მაგალითად, ხალხი ფიქრობს, რომ სრული გათიშვა იქნება. ეს უბრალოდ შეუძლებელია. ეს ეკონომიკას „ბირთვულ დარტყმას“ მიაყენებს“.
გარდა იმისა, რომ ხელისუფლება რუსების YouTube-ისგან ჩამოშორებას ცდილობს, ის ასევე მიისწრაფვის „სუპერაპლიკაციის“ შექმნისკენ, რომელიც რუსებს მრავალი რამის კეთების საშუალებას მისცემს - დაწყებული ჩატით, საბანკო ანგარიშებით, პაემნებით, ტაქსის გამოძახებით, გადასახადების გადახდით, მუსიკის ჩამოტვირთვით, თამაშებით, საჭმლის შეკვეთით და ფოტოების გაზიარებით დამთავრებული.
VK-ის მიერ შემუშავებული აპლიკაცია, სახელწოდებით Max, მარტში გამოცადეს. გასულ თვეში პუტინმა განაცხადა, რომ ყველა სამთავრობო მომსახურება Max-ს უნდა გადაეცეს
„არსებითად, ის, რაც თქვენ, როგორც მთავრობამ, უნდა გააკეთოთ, არის იდეების მოფიქრება: როგორ დაარწმუნოთ ხალხი ამის გამოყენებაში მისი ღიად სავალდებულოდ გამოყენების გარეშე“, - თქვა დიტრიხმა. - „ამ ეკოსისტემას სრულიად შეუცვლელს გახდით იმით, თუ როგორ შექმნით ამას... ამ აპლიკაციით თქვენ პრაქტიკულად ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ".
ხელისუფლება ასევე არ მალავს, რომ ისინი შეეცდებიან, ხალხი ჩამოაშორონ კომუნიკაციის პოპულარულ აპლიკაციებს; რუსეთში შექმნილ Telegram-ს ან WhatsApp-ს, რომელიც Mediascope-ის მონაცემებით, ამჟამად რუსეთში ყველაზე პოპულარულია.
„[რუსების] იძულება, გადაინაცვლონ მოსახერხებელი და ნაცნობი პლატფორმებიდან, რომლებსაც ისინი ათწლეულების განმავლობაში იყენებდნენ, სრულიად არაუსაფრთხო Max-ზე - რთული ამოცანაა“, - განუცხადა Current Time-ს ცნობილმა რუსმა ინტერნეტ-აქტივისტმა სარქის დარბინიანმა.
„ამიტომ, როგორც ჩანს, აქაც იგივე სცენარი გველოდება, რაც YouTube-ის შემთხვევაში. VK Video-ს პოპულარობის გიჟური ზრდა დაახლოებით იმავე პერიოდში დაიწყო, როდესაც მათ YouTube-ის დაბლოკვა დაიწყეს, რასაც რუსეთის ხელისუფლება დღემდე არ აღიარებს“, - თქვა მან.
ფორუმი