Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ამას რაღა გააჩერებს” - მეწყერი ხარაგაულის სოფლებში


სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებსა და ფოტოებში ჩანს, რომ დახეთქილი მიწა ზოგიერთ სახლთან სულ რამდენიმე მეტრშია.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებსა და ფოტოებში ჩანს, რომ დახეთქილი მიწა ზოგიერთ სახლთან სულ რამდენიმე მეტრშია.

ხარაგაულის ორ სოფელში - ხემაღალსა და ღვერკში დაახლოებით ორი კვირის წინ მიწას ნაპრალები გაუჩნდა და გზები დაიბზარა.

ადგილობრივი მოსახლეობა წუხს, რომ ნაპრალების ზომაც და რაოდენობაც დღითიდღე მატულობს. ოჯახების ნაწილი გაასახლეს, დარჩენილები ამბობენ, რომ ღამით შიშით იძინებენ.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებსა და ფოტოებში ჩანს, რომ დახეთქილი მიწა ზოგიერთ სახლთან სულ რამდენიმე მეტრშია. ზოგან მიწა ჩავარდნილია. ზოგ ადგილას ნაპრალმა ყანა შუაზე გაყო.

სოფელ ღვერკში მცხოვრები თამარ გოგბერაშვილის სახლი ისე დაზიანდა, რომ მის ხუთსულიან ოჯახს ევაკუაცია მოუწია - ახლობელს შეაფარეს თავი.

ნაპრალი ჯერ სახლის ეზოში გაჩნდა - ერთ ღამეში კი სახლის ქვეშ გაიარა და იქაურობა საცხოვრებლად საშიში გახადა.

აი, როგორ გვიყვება თამარ გოგბერაშვილი მომხდარს:

სახლი მეორე დღესვე ისე დატოვეს, რომ ნივთებიც არ წაუღიათ. ამ სოფელში თამარი 15 წელია ცხოვრობს და ამბობს, რომ მსგავსი არაფერი უნახავს.

ღვერკის ახლოს, სოფელ ხემაღალში ცხოვრობს რუსო ლონდარიძის ოჯახი.

მის სახლს მეწყრული ზონიდან დაახლოებით 50 მეტრი აშორებს. ჯერ საფრთხე არ გვემუქრება, თუმცა ყველაფერი შეიძლება წამებში შეიცვალოსო.

სოფლის ქვემო უბნიდან ოჯახების ნაწილი უკვე ევაკუირებულია.

„გვეშინია ცხადია, ვფრთხილობთ, ხალხი სახლებში აღარ ათენებს, სოფელში წყაროებიც დაიკარგა, მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალიც არა აქვთ. მესამე კვირაა ასეა და ჯერ ეს ნაპრალები მხოლოდ მატულობს. გზის ნახევარი აღარ არსებობს და ამიტომ, შემოვლითი გზით დავდივართ... გეოლოგები ყოველდღე დადიან და ამოწმებენ. თუ ახალი ბზარები გაჩნდა, მაშინვე ვურეკავთ. ღამით სულ შიშში ვართ“, - გვიყვება რუსო.

მსგავსი რამ არც რუსო ლონდარიძეს ახსოვს.

„ამბობენ, ნალექის ბრალიც შეიძლება იყოსო, დიდი თოვლი იყო წელს, თუმცა ნალექი ადრეც მოდიოდა და მსგავსი არაფერი მომხდარა. ავტობანი რომ გაიყვანეს და აფეთქებები იყო, შეიძლება მაგის ბრალიცააო, მაგრამ ჩვენ რა უნდა დავადგინოთ? ეგ რამდენად სიმართლეა, არ ვიცი“.

მარადი გელაშვილიც სოფელ ღვერკიდანაა. სოფელში თბილისიდან ხშირად ჩადის და ამიტომ, არც ორი კვირის წინ გამოჰპარვია სოფლის გზაზე გაჩენილი ბზარები და არც ის, მიწას რამდენიმე ადგილას როგორ გაუჩნდა ნაპრალები - ერთი ასეთი ნაპრალი მის სახლთან ახლოსაცაა.

ამბობს, რომ სოფლის წყაროც დაზიანდა. რამდენიმე სახლი საშიშ მეწყრულ ზონაში მოექცა და იქიდან ოჯახები გაასახლეს კიდეც. მიწის რღვევა სოფლის გარშემოც დაწყებულია. ადგილობრივებმა ნაპრალები შენიშნეს ღვერკის თავზეც - როცა მას ბოლომდე გაჰყვნენ, ისინი გზამ რკინიგზამდე მიიყვანა.

ნაპრალების ზომა ყოველდღე იზრდება
ნაპრალების ზომა ყოველდღე იზრდება

მარადი გელაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, სტიქიის გააქტიურების მიზეზი ისიც იყოს, რომ 2020-2021 წლებში, რკინიგზის მიხვეულ-მოხვეული მონაკვეთების შესამცირებლად, სოფელ ხემაღლის მთის ფერდობი ჩამოჭრეს. კლდოვანი ქანები ტრაქტორებს აზიანებდა აფეთქებაც დასჭირდათ - შეიძლება წონასწორობა ამანაც დაარღვიაო.

“აფეთქების შედეგად გამოტანილი ქვა-ღორღის მასაც იქვე ახლოს ხეობაში გაშალეს. შემდგომ წლებში ეს ყველაფერი აისახა რკინიგზასთან სიახლოვეს რამდენიმე სახლზე. შემდეგ ალაგ-ალაგ ორივე სოფლის ტერიტორიაზეც გაჩნდა მცირე ზომის დაზიანებები, თუმცა აქედან საგანგაშო არცერთი არ ყოფილა.

წლევანდელი დიდთოვლობის და შემდგომში გაზაფხულზე მოსული ინტენსიური წვიმების შემდეგ, პირველ ივნისს სოფლის გზაზე შევამჩნიეთ ჩავარდნილი მონაკვეთები. 7-8 ივნისს რამდენიმე სახლზე გაჩნდა ბზარები, რომლებიც მალევე გაიზარდა”, - წერს მარადი გელაშვილი.

“ამ პროცესს რაღა შეაჩერებს” - წერს სოფელ ღვერკის გვერდითა სოფელში - სარგვეში მცხოვრები ქეთევან ცისკაძეც, რომელიც ზესტაფონამდე ღვერკის გზის გავლით მიდიოდა ხოლმე.

“მეწყრული ზონა ჩემი სახლიდან სამ კილომეტრშია”. - გვეუბნება ის.

ამ გზაზე გადაღებულ ფოტოებშიც კარგად ჩანს მიწის დაბზარული მონაკვეთები.

ხარაგაულში სტიქიას ფეისბუკზე გამოეხმაურა სეისმოლოგი თეა გოდოლაძეც, რომელიც წერს, რომ გუგლის რუკაზეც კი ცხადად ჩანს, რომ გზის მშენებლობისთვის ჩამოჭრილი ფერდების მიმდებარედაა გაჩენილი მიწის ნაპრალები.

"ამ კატასტროფის გარეშეც შეიძლებოდა გზის გაყვანა" - წერს თეა გოდოლაძე.

დაბა ხარაგაულის მერიაში ამბობენ, რომ მეწყრული პროცესი მოულოდნელად განვითარდა და ჯერ არ იციან რამ გამოიწვია, რა მასშტაბისაა და რა საფრთხის შემცველი. ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილი ამბობს, პასუხი ამ კითხვებს გეოლოგებმა უნდა გასცენო.

ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა გვითხრა, რომ ის ოჯახები, რომელთა სახლებიც გეოლოგებმა სახიფათოდ მიიჩნიეს, უკვე გაიყვანეს სტიქიის ზონიდან.

მასაც ვკითხეთ, მისთვის თუ არის ცნობილი რა გახდა მეწყრული პროცესის გააქტიურების მიზეზი და რამდენად სახიფათოა ახლა ამ სოფლებში დარჩენა, თუმცა, ვარლამ ჭიპაშვილმაც გეოლოგებთან გადაგვამისამართა - ახლაც ადგილზე რჩებიანო.

გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში გვიპასუხეს, რომ გეოლოგების ჯგუფი პირველივე დღეებიდან მუშაობს, დასკვნებს ხარაგაულის მერიას გადასცემენ და პასუხიც მათ უნდა მოსთხოვოთო.

ერთ-ერთი ბოლო, 2024 წლის 7 თებერვალს სოფელ ნერგეეთში ჩამოწოლილი მეწყრის მიზეზად, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა კლიმატური ცვლილებები დაასახელეს და მაშინ დასკვნაში დაწერეს, რომ იქ სამ დღეში მოვიდა იმ მოცულობის ნალექი, რაც 15 დღეში იყო მოსალოდნელი. ნერგეეთის მეწყერს მაშინ 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.ბაღდათის სოფლებში მეწყრის ჩამოწოლის საფრთხეზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჯერ კიდევ 2022 წელს იცოდა.


  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG