Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მასკის მამა და რუსეთის ახალი იმპერია 2050 წლისთვის


ეროლ მასკი მოსკოვში. ილუსტრირებული ფოტო
ეროლ მასკი მოსკოვში. ილუსტრირებული ფოტო

რას აკეთებდა ილონ მასკის 79 წლის მამა მოსკოვში გამართულ ულტრაკონსერვატორულ ფორუმზე, რომლის ორგანიზატორების თქმით, 2050 წლისთვის რუსეთი გარდაიქმნება სუპერიმპერიად და სუპერცივილიზაციად, რომელიც გააერთიანებს არა მხოლოდ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს, არამედ აფრიკის, აზიისა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანას.

9-10 ივნისს მოსკოვი მასპინძლობდა ულტრაკონსერვატიულ, პროკრემლისტურ ფორუმს („მომავლის ფორუმი 2050“), რომლის მონაწილეებმა განიხილეს როგორც „ახალი რუსეთისა“ და მსოფლიოს მოწყობის საკითხი 2050 წლისთვის, ასევე სხვა არაერთი თემა, მათ შორის იდეოლოგია, საგარეო პოლიტიკა, ეროვნული პრიორიტეტები, სუვერენული განვითარება, ტრადიციული ღირებულებები, პატრიოტული განათლება და ბევრი სხვა. ერთ-ერთი პანელის საგანი იყო „რუსული კოსმოსი. რბოლა მარსისთვის“.

მომხსენებლებს შორის იყვნენ: ფორუმის ორგანიზატორი და ტელეკომპანია „ცარგრადის“ დამფუძნებელი, რუსი ოლიგარქი კონსტანტინ მალოფეევი; რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი; მილიარდერი ანდრეი მელნიჩენკო; რუსეთის პირველი არხის წამყვანი და პუტინის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე ეკატერინა ანდრეევა; სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე პიოტრ ტოლსტოი; სახელმწიფო დუმაში „სამართლიანი რუსეთის“ ფრაქციის ხელმძღვანელი სერგეი მირონოვი; Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელის, ილონ მასკის მამა, 79 წლის ეროლ მასკი და სხვ.

ცარიგრადი (Царьгра́д ТВ) - რუსული საინფორმაციო საინტერნეტო სატელევიზიო არხი, რომელიც დაარსდა 2015 წელს რუსი ბიზნესმენის კონსტანტინ მალოფეევის მიერ და, რომელიც ეწევა ულტრამემარჯვენე და ნაციონალისტური იდეოლოგიის პროპაგანდას. არხი მჭიდროდ თანამშრომლობს რუსულ საზოგადოებრივ, კულტურულ და რელიგიურ ორგანიზაციებთან, მათ შორის, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. კონსტანტინ მალოფეევი - რუსი მეწარმე, მილიარდერი, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, კომპანია „როსტელეკომის“ აქციების მფლობელი, „ტვ ცარგრადის“ დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, მსოფლიოს რუსული სახალხო ტაძრის თავმჯდომარის (სრულიად რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქის) მოადგილე, „რუსული სამყაროს“ ერთ-ერთი დამფინანსებელი. მალოფეევი 2014 წლიდან იმყოფება ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და კანადის სანქციების ქვეშ, ხოლო 2017 წლიდან საერთაშორისო ძებნილთა სიაშია.

ფორუმის ვებსაიტზე უფროსი მასკი მოხსენიებულია როგორც „ინჟინერი, ბიზნესმენი, ძვირფასი ქვებით მოვაჭრე და ილონ მასკის მამა“.

ცარი, რუსეთის ახალი იმპერია და რობოტები მიგრანტების ნაცვლად

ფორუმის მთავარი გზავნილები გაჟღერდა მულტიპოლარული სამყაროს შესახებ მოწყობილ პანელზე, რომლის მსვლელობისას ეროლ მასკი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გვერდით იჯდა. ფორუმის უცხოელი სტუმრებისათვის ლავროვმა რუსული ოფიციალური ნარატივების მოკლე ექსკურსი გააკეთა და ილაპარაკა რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის საქმეზე, ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებსა და 2014 წელს მალაიზიური Boeing MH17-ის ჩამოვარდნაზე.

„ცარგრადის ინსტიტუტის“ ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა პროგრამული დოკუმენტი „მომავლის სახე-ხატება“, რომლის მიხედვითაც მომდევნო 25 წლის განმავლობაში რუსეთი გარდაიქმნება სუპერიმპერიად და სუპერცივილიზაციად, რომელიც გააერთიანებს არა მხოლოდ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს, არამედ აფრიკის, აზიისა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანას.

დემოგრაფიული პრობლემის გადასაჭრელად, ციმბირში, ურალსა და შორეულ აღმოსავლეთში ახალგაზრდა ოჯახებისთვის ერთსართულიანი სახლები აშენდება, ხოლო მიგრანტებს რობოტები ჩაანაცვლებენ.

პროგრამული დოკუმენტის მიხედვით, 2050 წლისათვის რუსეთში დამკვიდრებულია: უვადო და განუსაზღვრელი „ძალაუფლების ხისტი ვერტიკალი“, გეგმური ეკონომიკა და განვითარების ხუთწლიანი გეგმები, „ციფრული რუბლი“; ჩინური „ოქროს ფარის“ ანალოგი, სუვერენული ინტერნეტსივრცის დასაცავად; აბორტის სრული აკრძალვა; ოჯახის გამოცხადება სახელმწიფოს ერთეულად; ეკლესიური ქორწინება და სკოლების გაყოფა ვაჟთა და ქალთა სასწავლებლებად; უნივერსიტეტების 70% შემცირება პროფესიული სასწავლებლების სასარგებლოდ; ასევე ეროვნულად განსწავლული ხელოვნური ინტელექტის დანერგვა მართვაში, განათლებაში, თავდაცვაში, სასამართლო პროცესებსა და საჯარო სამსახურის ყველა სფეროში.

დემოგრაფიული პრობლემის გადასაჭრელად, ციმბირში, ურალსა და შორეულ აღმოსავლეთში ახალგაზრდა ოჯახებისთვის ერთსართულიანი სახლები აშენდება, ხოლო მიგრანტებს რობოტები ჩაანაცვლებენ. ქალებისათვის სახელმწიფოს მსახურების ერთადერთი ფორმა შვილების გაჩენა და გაზრდა იქნება.

გარდა ამისა, „ცარგრადის ინსტიტუტის“ დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2050 წლისთვის რუსულ ოჯახებში საშუალოდ ოთხი-ხუთი ბავშვი იქნება. ამასთან პირველი შვილების 85%-ზე მეტი 23 წლამდე ასაკის დედებისგან დაიბადება; განქორწინების მაჩვენებელი კი 10%-ზე დაბალი იქნება, ხოლო რუსეთის მოსახლეობა 160 მილიონს გადააჭარბებს.

კონსტანტინ მალოფეევი, ფორუმის ერთ-ერთი ორგანიზატორი
კონსტანტინ მალოფეევი, ფორუმის ერთ-ერთი ორგანიზატორი

რუსმა ჟურნალისტებმა უფროსი მასკისგან ითხოვეს მშობლობის საკუთარი გამოცდილების გაზიარება. ეროლ მასკს ხომ შვიდი შვილი ჰყავს სამი ქალისგან, მათ შორის, ორი ყოფილი გერისგანაც. უფროსი მასკის პირველ მეუღლეს, მეი ჰალდემანს ნათქვამი აქვს, რომ ეროლი ხშირად სცემდა მას, ხუთი წლის ილონი კი ცდილობდა მამისგან დედის დაცვას.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა არის საჭირო გენიოსის აღსაზრდელად, ეროლ მასკმა სიცილით უპასუხა: „ხშირად გატყეპა. სულ ეს არის“.

უფროსი მასკის აღფრთოვანება მოსკოვითა და პუტინით

რუსული ტელეკომპანიის, REN TV-ის ცნობით, მილიარდერ ილონ მასკის მამა, ეროლ მასკი მოსკოვში 6 ივნისს ჩაფრინდა. ფორუმის კულუარებში ეროლ მასკმა თქვა, რომ მას ურჩიეს, არ ჩასულიყო რუსეთში, რადგან ეს მის სიცოცხლეს შეუქმნიდა საფრთხეს, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, საკუთარი თვალით ნახა „აბსოლუტურად მშვენიერი ცივილიზაცია ყველა გაგებით“.

„ვნახე ქალაქი, რომელსაც რეალურად შეეძლო კონკურენცია გაეწია ძველი რომისთვის. ჩემი აზრით, შესაძლოა ესაა ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა, სადაც კი ოდესმე ვყოფილვარ“.

როგორც „რია ნოვოსტის“ წერს, ილონ მასკის მამამ ასევე თქვა, რომ ის ისურვებდა ლიდერობის უნარ-ჩვევების სწავლას ვლადიმირ პუტინისგან:

ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

„ვფიქრობ, ის [პუტინი] ძალიან შთამბეჭდავი ადამიანია, ძალიან შთამბეჭდავი და მდგრადი. მან ეს დაამტკიცა“.

79 წლის ეროლ მასკმა ასევე გაიხსენა ბავშვობის წლები, როდესაც საბჭოთა თანამგზავრის გაშვების შემდეგ კოსმოსით დაინტერესდა და ცის დაკვირვება დაიწყო. როგორც რუსული მედია წერს, უფროსი მასკი საკუთარ თავზე ბრაზობდა იმის გამო, რომ აქამდე არასდროს სწვევია მოსკოვს. რუსეთის დედაქალაქმა უფროსი მასკი გააოცა თავისი ზომით, სილამაზით, სისუფთავით, გზების მოწყობითა და კომფორტულობით, მოსკოველთა მეგობრულობითა და სტუმართმოყვარეობით:

„ვინც ეს ქალაქი დააპროექტა, ნამდვილი გენიოსია. ეს დიდებული შენობები ძველ რომს მაგონებს. ვნახე ხალხი, ოჯახები პატარა ბავშვებით, რომლებიც კმაყოფილები და ბედნიერები არიან და თავსაც აშკარად დაცულად გრძნობენ. ისინი აშკარად ბედნიერები არიან, ეს მთელი ცხოვრება მემახსოვრება“.

მასკი vs ტრამპი - დავაში ეროლ მასკი ტრამპისკენაა

ტელეარხ „Царьград”-ის კორესპონდენტთან ექსკლუზიურ ინტერვიუში უფროსმა მასკმა ასევე ილაპარაკა თავისი შვილისა და პრეზიდენტ ტრამპის კონფლიქტზე. მისი აზრით, ილონი და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავდაუზოგავი მუშაობის გამო პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ერთ-ერთი ფორმით იტანჯებიან.

„თეთრი სახლის ახლანდელმა პატრონმა და ილონმა წინა ადმინისტრაციისგან მემკვიდრეობით მიიღეს დაუმთავრებელი და დანგრეული პროექტები, რომლებიც ბოროტი განზრახვით განადგურდა. ახლა ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ შეერთებული შტატების ინტენსიური „შეკეთების“ პროცესს, რომლის ნაწილია შეშლილებისა და სხვა მსგავსი ადამიანების ხელისუფლებიდან ჩამოშორება“, - აღნიშნა უფროსმა მასკმა, რომლის თქმითაც, სტრესულ გარემოში რამდენიმე თვიანმა მძიმე შრომამ კვალი დაამჩნია მისი შვილისა და ტრამპის ურთიერთობას:

„შემოთავაზებულ იქნა მორიგი კანონპროექტი. ილონი აღშფოთდა და „მოდით, ყველაფერი შევაკეთოთ“ რეჟიმში ყოფნისას, თქვა, რომ ამის დამტკიცება არ შეიძლება, რადგან დემოკრატებს ამისგან სარგებლის მიღება უნდათო. სამწუხაროდ, ილონმა ვერ გაიგო, რომ ტრამპი იძულებული იყო გაეკეთებინა ეს სენატში დემოკრატების ხმების მოსაპოვებლად. <...> იცით, ჩემი შვილი პოლიტიკოსი არ არის. ის დიდი ტექნოკრატია, ინოვატორი, მაგრამ მისთვის პოლიტიკა არის მორევი, რომელიც ითრევს, მას კი მოსაჭიდი არაფერი აქვს”.

ილონ მასკი და დონალდ ტრამპი, 2025 წ. 30 მაისი
ილონ მასკი და დონალდ ტრამპი, 2025 წ. 30 მაისი

უფროსი მასკის თქმით, ახლა მისი შვილი უკვე ეჭვობს თავისი სიტყვების მართებულობაში და მზადაა აღიაროს შეცდომა, მაგრამ ტრამპი უარს ამბობს მასთან საუბარზე. თუმცა მიუხედავად ამისა, ეროლ მასკი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი და აშშ-ის პრეზიდენტი უახლოეს მომავალში შეხვდებიან ერთმანეთს, ყველაფერს განიხილავენ და საერთო აზრამდე მივლენ.

მოსკოვის მეტრო, წითელი მოედანი და პოჟარსკის კატლეტები

ეროლ მასკმა რუსულ მედიას უთხრა, რომ ერთი წუთითაც კი არ უყოყმანია, როდესაც „მომავლის ფორუმზე“ მიწვევა მიიღო. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ მომავალზე სასაუბროდ ძალიან საინტერესო ადამიანებმა დაპატიჟეს, მასპინძლები ასევე დაეხმარნენ მგზავრობის სირთულეების დაძლევაში.

„თითქოს ყველა კარი გაიღო ჩემ წინაშე. რუსეთში ჩამოფრენა ძალიან მარტივი აღმოჩნდა! როგორ შემეძლო უარი მეთქვა მომავლის შესახებ საუბარზე?" - თქვა უფროსმა მასკმა, რომლის თქმითაც, არცერთ სხვა ქვეყანაში სტუმრობა არ იქნებოდა ასეთი საინტერესო, რადგან რუსები ჭკვიანი, მოაზროვნე და სტუმართმოყვარე ხალხია.

ეროლ მასკის თქმით, დასავლური მედია რუსეთის შესახებ „სრულ სისულელეს“ ჰყვება და მის დემონიზებას ახდენს.

„საკუთარ თავზე ვბრაზობ, რომ აქ არასდროს ვყოფილვარ. ყოველთვის მინდოდა მოსკოვის მონახულება. ახლა კი თვალებს არ ვუჯერებ. გაოცებული ვარ მოსკოვის სიდიდით, მისი სისუფთავით და აქაური გზებით. მისი შენობები ძველ რომს მაგონებს. ჩემი აზრით, მთელმა მსოფლიომ მეტი უნდა იცოდეს მოსკოვის შესახებ. მოსკოვი მართლაც ლამაზია“, - განაცხადა მან.

Telegram-ის არხ „ტრაპეზნიკის“ ცნობით, მოსკოვში ყოფნისას ეროლ მასკმა გაისეირნა წითელ მოედანზე და იმგზავრა მოსკოვის მეტროთი.

„ისადილა რესტორან „ექიმ ჟივაგოში“, სადაც შეუკვეთა ბორშჩი, პელმენი და პოჟარსკის კატლეტები კარტოფილის პიურესთან ერთად. ამბობენ, აღფრთოვანებისგან კიოდაო“, - იუწყება Telegram-არხი „ტრაპეზნიკი“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG