35 წლის წინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ გივი გუმბარიძის საქართველო მოგვენატრებოდა - საქართველო რომელშიც მართლაც რომ სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. არჩევნები, მეორე ხარისხოვანია, უფრო მნიშვნელოვანია ეპოქა: უდიდესი გეოპოლიტიკური გარდაქმნები, იმპერიის მსხვრევის პროცესი; 9 აპრილის შემდგომი საქართველო და ხელისუფალი, გივი გუმბარიძე, რომელიც არ აწვალებს საკუთარ ხალხს და ითვალისწინებს ეროვნულ მოთხოვნებს. პროცესი, ძალიან წააგავს ამჟამინდელ მდგომარეობას.
2009 წლიდან, „პერეზაგრუზკის“ პოლიტიკა; რუსეთ-უკრაინის ომი; ყარაბაღის ომი; მოახლოებული გეოპოლიტიკური ცვლილებები და ხელისუფლება, რომელსაც შეეძლო ყოფილიყო გარდამავალი ხიდი რათა საბოლოოდ (ან დროებით) დაეღწია ქვეყანას თავი რუსული იმპერიალიზმისგან და რომელმაც, რატომღაც ეროვნული ინტერესების ღალატი და საკუთარი ხალხის ჩაგვრა არჩია.
ისმის კითხვა: გუმბარიძე VS ბიძინა - რა აერთიანებთ და რა ასხვავებთ მათ?
გუმბარიძეს ხალხმა მეტსახელად „მამადუ“ შეარქვა - ტელევიზიაში, ბავშვებისთვის შექმნილი ძილისპირული გადაცემის ერთ-ერთი გმირის შესაბამისად. გუმბარიძე მშვიდი, გაწონასწორებული, დაბალ ხმაზე მოსაუბრე, არაფრით გამორჩეული პერსონა იყო - რასაც ვერ ვიტყვით მის წინამორბედ ჯუმბერ პატიაშვილზე. ბოლოს და ბოლოს, ბრძენმა ხალხმა ტყუილად კი არ შეარქვა მას „ჯუმბღვერი“.
გუმბარიძე ქვეყანას არსაიდან მოევლინა. წყნარად და გასაოცარი დემოკრატიით გადააბარა ხელისუფლება ოპოზიციას და გაქრა. გაქრა ისე, რომ დღემდე კაციშვილმა არ იცის, სად არის. ის საჯაროდ არავის უნახავს. ისიც არ ვიცით ცოცხალია თუ არა - ადამიანი იყო და აორთქლდა. განვითარებულ ქვეყნებში, პარანორმალური მოვლენების მაძებარი დოკუმენტალისტები, ნამდვილად გადაიღებდნენ მასზე ფილმს, როგორც მისტიკურ მოვლენაზე. წარმოიდგინეთ, ობამა რომ გამქრალიყო. ნამდვილი მისტიკაა, მაგრამ საქართველოს უახლესს ისტორიაში, მსგავსი საქმით ვერავის გააკვირვებ - ეგ კი არა, ზოგადად საქართველოს გადარჩენა 1990-იანებში უკვე თავისთავად დაუჯერებელი ისტორიაა.
ზოგადად „მამადუს“ ფენომენი საქართველოში გადაჭარბებულია. მას არავინ აფასებს დადებითად, მაგრამ ფაქტია რომ ნეგატიურადაც არავინ უყურებს. მაგრამ ყველა, ერთხმად ადამიანურად უფასებს მის ქმედებას - ხელისუფლების დემოკრატიულ ცვლილებას. აქედან გამომდინარე ისმის ლოგიკური კითხვა: რატომ ასე მარტივად?
დავიწყოთ იქიდან, თუ ვინ არის გივი გუმბარიძე. მისი ბიოგრაფია ბევრს არაფერს გვეუბნება, გარდა იმისა, რომ 1985 წლიდან, ანუ მას მერე რაც „გარდაქმნა“ იწყება, ის კარიერულად ძალიან სწრაფად იზრდება. 1989 წელს უშიშროების იმჟამინდელი ხელმძღვანელი, ალექსი ინაური პენსიაზე გავიდა, მისი პოსტი კი „მამადუმ“ დაიკავა.
ჩემთვის, გაურკვეველია, თუ რა ლოგიკით მოხდა ეს ცვლილება. ამ ორი პიროვნების შედარებაც კი სასაცილოა. ეგ კი არა, უბრალოდ ჩაიხედეთ რა ბიოგრაფია ჰქონდა ინაურს, 1954 წლამდე, მანამ სანამ უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გახდებოდა და შემდგომში, შეადარეთ გუმბარიძეს.
იქნებ მისი „ფიშკა“ სწორედ მის სისუსტეში იყო? სავარაუდოდ, ასეა, მაგრამ ვის სჭირდებოდა მარიონეტი თბილისში? პირველ რიგში შევარდნაძეს. პატიაშვილი არ იყო შევარდნაძის კადრი, ის გორბაჩოვის კაცად ითვლებოდა. შევარდნაძეს სოლიკო ხაბეიშვილი სურდა, მაგრამ გორბაჩოვის ძალამ, როგორც ჩანს გადაწონა.
ჯუმბერ პატიაშვილი, ვიდეოინტერვიუებსა თუ საკუთარ მემუარებში, 9 აპრილს, მის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებად აფასებს და ირიბად ხელს უშიშროებისკენ იშვერს ანუ გუმბარიძისკენ, ამასთან ერთად იგრძნობა მისი მკვეთრი ანტიპათია შევარდნაძის მიმართ. ჰიპოთეზის დონეზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გუმბარიძის პატრონი მოსკოვში შევარდნაძე იყო. რა განასხვავებს გორბაჩოვისა და შევარდნაძის ინტერესებს ერთმანეთისგან? საერთო საკავშირო დონეზე ალბათ რადიკალურად არაფერს, რადგან ისინი ერთ ნავში ისხდნენ, მაგრამ დანამდვილებით იქნებოდა პირადი გავლენის სურვილები.
ეროვნულმა მოძრაობამ, თუ ეროვნულმა მთავრობამ, ერთი დიდი შეცდომა დაუშვა - მან საკუთარი თავი სრულად გამოთიშა მოსკოვში მიმდინარე პროცესებისგან. არადა, საქართველოს ბედი სწორედ იქ წყდებოდა და გუმბარიძის ქცევასაც პირდაპირ განაპირობებდა ცენტრში მიმდინარე პროცესები.
და როგორ იქცეოდა გუმბარიძე? სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე, მან ღიად და დაუფარავად აკრიტიკა მოსკოვი, ისაუბრა ეროვნულ საკითხებზე და ალბათ გააჟღერა ყველა ის მესიჯი, რომლებიც იმ დროს ქართულ საზოგადოებას აწუხებდა. მის ხელში გარდაიქმნა კომუნისტური პარტიაც, შეითავსა რა ეროვნული ნარატივები და დაიწყო საუბარი დამოუკიდებლობაზე. დაადგნენ თვითდესტრუქციის გზას. კომუნისტურმა პარტიამ საკუთარი თავი უარყო - უარყო წარსული, უარყო მარქსიზმ-ლენინიზმი და კლასთა თანასწორობის იდეა და დარჩა შინაარსის გარეშე. ეს სიტყვები თავად კომპარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯემალ მიქელაძემ განაცხადა პარტიის ყრილობაზე 1991 წლის 21 ივნისს.
1989 წლის ზაფხულის კრიზისი აფხაზეთში, გუმბარიძემ, ქართველთა სასარგებლოდ დაასრულა - სხვა საკითხია, რამდენად სწორი იყო მისი გადაწყვეტა, უფრო სწორედ, არ იყოს სწორი. აფხაზეთში, სოხუმის უნივერსიტეტის გაყოფამ, კიდევ უფრო დაამძიმა სიტუაცია, სამაგიეროდ მან სრულად დააკმაყოფილა ქართველ სტუდენტთა მოთხოვნები.
სისხლის დაღვრას გადავურჩით ქვემო ქართლშიც, სადაც, ეკო-მიგრანტებსა და ადგილობრივ აზერბაიჯანელებს შორის სიტუაცია უკიდურესად იყო დაძაბული. და სამხრეთი ოსეთი. არაერთი წყაროთი დასტურდება, რომ ორივე შემთხვევაში პარტია აქტიურად თანამშრომლობდა ეროვნულ მოძრაობასთან. თითქოსდა, ამ პროცესში ისინი ერთ მხარეს იყვნენ. რა თქმა უნდა, სხვა საკითხია თუ რა შედეგები მოიტანა იმდროინდელმა პოლიტიკამ, მაგრამ ეს სხვა განხილვის საგანია.
გუმბარიძეს ბრალს სდებენ, რომ მან ვერ მართა სამხრეთ ოსეთის საკითხი, მაგრამ არავინ ამბობს, რომ ის „რუსულ“ დავალებას ასრულებდა. ბოლოს, 1990 წლის 11-13 მარტს გამართა უზენაესი საბჭოს არჩევნები, აიღო 29,6%, წააგო, ვაჟკაცურად ადგა, ქუდი დაიხურა და წავიდა.
რა თქმა უნდა, ჩემი არგუმენტაცია და ლოგიკა ძალიან ზოგადი და გამარტივებულია მაგრამ ტენდენცია ასეთი იყო. მთავარი კითხვა - იყო გუმბარიძე საკუთარ არჩევანში თავისუფალი? პასუხი არის არა. 1989-90 წლებში, პარტია, არამხოლოდ სუსტი იყო საქართველოში, არამედ მოსკოვშიც. გორბაჩოვი იაზრებდა, რომ „გარდაქმნა“ შეუძლებელი იყო კომუნისტური ნომენკლატურით. სახალხო დეპუტატთა ყრილობა სწორად ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნას ემსახურებოდა. ახალი აღმასრულებელი ორგანო, რეალურად თავისუფალი არჩევნებით აირჩა და რეალური „ხმებიც“ მოხვდნენ, მათ შორის დისიდენტებიც. ამ დროს, პარტია ისევ რჩებოდა დახურულ და არადემოკრატიულ ერთობად და საზოგადოების სიმპათიები ყრილობის მხარეს გადაიხარა.
გორბაჩოვი კომუნისტურ პარტიას ისტორიის სანაგვეზე აგდებდა - მათ შორის დაიწყო მძიმე დაპირისპირება. 1990 წლის თებერვალში, საბჭოთა კავშირის საპრეზიდენტო მოდელზე გადასვლის საკითხი დადგა. ხოლო მარტში უკვე არჩევნები გაიმართა, რომელშიც გორბაჩოვმა გაიმარჯვა. მალევე, 14 მარტს, მან კონსტიტუციიდან მე-14 მუხლი ამოიღო, რომელიც სახელმწიფოში კომუნისტურ პარტიის მმართველ როლს განსაზღვრავდა - ანუ ჩამოაშორა ძალაუფლებას და გააძლიერა სახელმწიფო ინსტიტუტები.
გამოდის რომ, მოსკოვს არათუ საერთოდ არ ეცალა საქართველოსთვის, არამედ გორბაჩოვი პარტიის დემონტაჟს ახდენდა. ამ კონტექსტში, გორბაჩოვი უბრალოდ არ ეცდებოდა გუმბარიძის ხელისუფლების ძალით შენარჩუნებას საქართველოში - არ შეგეშალოთ, პარტიის შენარჩუნებას და არა საქართველოს გამოყოფას საბჭოთა კავშირიდან. სამაგიეროდ, ეცდებოდნენ და ეცადნენ კიდევაც 1991 წლის მოსკოვის პუტჩის მცდელობის ავტორები. სწორედ მათი გამოგზავნილი ემისარი იყო, ვინც ემუქრებოდა გამსახურდიას „გვარდია გააუქმე, თორე გადაგივლითო“. სხვათა შორის, პუტჩის დღეებში, საქართველოს კომუნისტურმა პარტიამ, მხარი პუტჩს დაუჭირა და არა გორბაჩოვს.
მაშ, რაში მდგომარეობას გუმბარიძის ფენომენი? არც არაფერში, ის პატიოსნად მიჰყვა მდინარის დინებას. იმპერიის ცენტრში, ყველაფერი კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ ვითარდებოდა და მასაც უწევდა ანგარიში გაეწია პროცესისთვის: შეექმნა დემოკრატიული პროცესი; შეეთავსებინა ეროვნული ნარატივი და არ გაებრაზებინა ისედაც ანტიკომუნისტურად განწყობილი მოსახლეობა. მაგრამ უნდოდა კი არჩევნებში მარცხი და ძალაუფლების გადაბარება? გარკვეული ლოგიკა, ორივე მიმართულებით არის: კომპარტია კვლავაც რჩებოდა უდიდესი პარტიად და დასაშვებია თუ ადამიანი იფიქრებდა, რომ პარტიის წევრი პარტიასავე მისცემდა ხმას. საპირისპიროდ, 1990 წელს, გორბაჩოვი უკვე მუშაობდა სსრკ-ს მოწყობის გარდაქმნაზე, რომელიც „ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულებით“ გაერთიანდებოდა და რომელიც, რეალურად აღიარებდა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ანუ, ჰიპოთეზურად გორბაჩოვისთვის არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა თუ ვინ იქნებოდა თბილისში, რადგან ის მზად იყო მიეღო დამოუკიდებელი რესპუბლიკები (ოღონდ მის მიერ მართული წესებით). სამაგიეროდ დასავლეთის მხარდაჭერის მოსაპოვებლად საჭირო იყო დემოკრატიული პროცესის შექმნა.
გორბაჩოვის ეს გეგმა, სწორედ აგვისტოს პუტჩის გამო ჩავარდა. ის, 20 აგვისტოს უნდა გაფორმებულიყო. ხელს აწერდა რუსეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, უკრაინა და ბელორუსი, მაგრამ სწორედ 19 აგვისტოს პუტჩის გამო დოკუმენტი ვერ შედგა.
იყო გორბაჩოვი დემოკრატი? გულში რა ედო არ ვიცით, მაგრამ საკუთარი ძალაუფლების გადასარჩენად, მას დანამდვილებით სჭირდებოდა საბჭოეთის დემოკრატიზაცია.
მთავარი კითხვა: ჰქონდა „მამადუს“ სხვა არჩევანი? არა, მეტიც, თუ აგვისტოს პუტჩი უზენაესი საბჭოს არჩევნებამდე მოხდებოდა და თუ პუტჩი გაიმარჯვებდა, „მამადუს“ არც ასე არ ექნებოდა სხვა რაციონალური არჩევანი: ძალიანაც რომ სურვებოდა არავინ ჩაატარებინებდა დემოკრატიულ არჩევნებს - თუ საერთოდ გაიმართებოდა.
ჰქონდა ბიძინას სხვა არჩევანი, გარდა ქვეყნის განვითარების კურსის რადიკალური და შოკისმომგვრელი ცვლილებისა? ჰქონდა, თანაც ყველა ეტაპზე.
შეიძლება „მამადუ“ და ბიძინა სხვადასხვა ეპოქის, გავლენისა თუ წონითი ფიგურები არიან, მაგრამ არის რაღაც რაც მათ აერთიანებთ. მაგალითად, ის, რომ არცერთის შესახებ, საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცოდა, მანამ სანამ აქტიურ პოლიტიკაში მოვიდოდნენ (ან დასვამდნენ გუმბარიძის შემთხვევაში).
ორივე ხელისუფლებაში მოდის გარდაქმნების ეპოქაში. თუ „მამადუ“ პერესტროიკის კონტექსტში, ბიძინა „პერეზაგრუზკის“. დასავლეთს აღარ სურდა სააკაშვილის მსგავსი, რუსეთთან კონფრონტაციისკენ მიმართული ხელისუფალი საქართველოში. სჭირდებოდა ისეთი, ვინც ზედმეტად თავს არ აატკივებდა დასავლეთს.
მამადუმ, არ შეცურა დინების წინააღმდეგ, არც მიშამ და არც შევარდნაძემ, ბიძინამ - კი. „მამადუ“ მიჰყვა გეოპოლიტიკურსა და საზოგადოებრივ განწყობებს, ბიძინა არა. „მამადუ“ მშვიდი მოთმინებით ელოდა ცვლილებებს ცენტრში, ბიძინა - არა.
საინტერესოა, კომპარტიის რეიტინგსა და "ოცნების" რეიტინგს შორის განსხვავებაც ცოტაა: 1990 წლის არჩევნებზე კომპარტიამ 29%-ი აიღო. "ქართულმა ოცნებამ", ეგზიტპოლებში 35%-ის გარშემო.
2022 წელს, "ქართულმა ოცნებამ", ირიბად მხარი დაუჭირა რუსეთს, რაც მათივე ინტერესებიდან (და არა ქვეყნის) უკიდურესად ნაჩქარევი იყო. აშკარაა რომ, ოცნებას, ფსონი რუსეთის გამარჯვებაზე ჰქონდა დადებული და იმ გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე, რომელიც მას მოჰყვებოდა. მაგრამ ოცნებამ, სრული პოლიტიკური გონებაშეზღუდულობა აჩვენა. ისინი არ დაელოდნენ უკრაინის ომის განვითარებას. მიამიტურად დაიჯერეს რუსული პროპაგანდა. არ მიჰყვნენ პროცესს და მაშინვე დასასრულში გადახტნენ - გადახტნენ და ჩავარდნენ ავტოკრატიულ სპირალში, რომლიდან ამოსვლაც შეუძლებელია.
ივანიშვილისა და გუმბარიძის შედარებას პრობლემური მხარეც აქვს. ბოლოს და ბოლოს ესენი ორი სრულად სხვადასხვა ძალაუფლების ენის გამომხატველები არიან. გუმბარიძის დროს, პოლიტიკა მხოლოდ ძალაუფლებას უდრიდა. არც მჟავანაძეს, არც შევარდნაძესა და არც პატიაშვილს ფული არ უშოვიათ. ცხადია, ისინი იყვნენ კორუფციულ სქემებში, მაგრამ შედარებაც სასაცილოა დღევანდელთან. ან რა, შევარდნაძე ფულის გამო იბრძოდა? არა ის ძალაუფლებისთვის იბრძოდა, მის გარეშე არ შეეძლო არსებობა.
ბიძინასთვის პოლიტიკის თვითმიზანი ფულის შოვნაა. სწორედ ფული ხდის მის ძალაუფლებას სამუდამოს. ასეთია 1990-იანი წლებში დანერგილი ველური კაპიტალიზმის პირობებში აღმოცენებული ახალი პოლიტიკური კლასის ლოგიკა.
გუმბარიძეს ნებისმიერ წამს შეეძლო ციხეში გაეშვა მთელი ეროვნული მოძრაობა - მაგრამ ეს იქნებოდა ჩაუშესკუს გზა, თვითგანადგურების რეჟიმი, დინების წინააღმდეგ წასვლა.
ივანიშვილს 2023 წლამდე, მეორეჯერ „რუსული კანონის“ შემოგდებამდე ჯერ კიდევ შეეძლო, საკუთარი მიზნებში (შენიშვნა: „საკუთარი და არა სახელმწიფოს!“), რაციონალურობის გამოჩენა და პროცესისთვის მიყოლა. უკრაინის ომიდან გამომდინარე თავდაპირველად გაზრდილი საფრთხეების ფონზე, მართლა „დაბალანსებული“ პოლიტიკის გატარება, რაზეც საზოგადოებას, მომავალში შეიძლება მადლობაც კი ეთქვა მისთვის, მაგრამ მან ეს არ ქნა. მან საქართველოს ერთ დღეში შესყიდვა მოისურვა, იჩქარა, მოუთმენლობა გამოავლინა და ახლა ისჯება.
გუმბარიძე ისტორიაში დანამდვილებით შევიდა, როგორც „მამადუ“. ის აორთქლდა ისე, რომ არც არავის მოუკითხავს, სად არის, რადგან მას არაფერი გაუკეთებია და არც დაუშავებია. და თუ დაუშავებია, ისევ მე და ჩემნაირები თუ გავაკრიტიკებთ, რომ მან, პირიქით მეტი პასუხისმგებლობა არ აიღო პროცესებზე და რომ მან, პოლიტიკური პროცესი პოლიტიკის ბაიბურში არ მყოფ ეროვნულ მოძრაობას გადააბარა. „მამადუმ“ ისტორიაში ზუსტად ის როლი ითამაშა, რომელიც უნდა ეთამაშა - სწორად შეაფასა საკუთარი ძალები და არსებობით თავი არავის არ აატკივა.
"ქართული ოცნება", ვერ შევა ისტორიაში, როგორც „მამადუ“. მათ, მიხეილ სააკაშვილის კვაზიავტოკრატიის შემდეგ, დანამდვილებით შეეძლოთ შეექმნათ ინსტიტუციურად დემოკრატიული სახელმწიფო, მაგრამ დასასრულის სრულად საპირისპირო გზა აირჩიეს. უღალატეს ეროვნულ ინტერესებს, აბუჩად აიგდეს საზოგადოების სურვილები და შეურაცხყოფა მიაყენეს ერის ღირსებას. დაუშვეს სტრატეგიული შეცდომებიც და უკანდასახევი გზებიც მოიჭრეს. ეჭვგარეშეა, რომ ადრე თუ გვიან, მათი ხელისუფლება დასრულდება (ბოლოს და ბოლოს სტალინიზმიც დასრულდა), მაგრამ მათ არავინ დაივიწყებს ისე, როგორც დაივიწყეს გივი გუმბარიძე.
ფორუმი