Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის შავი ზღვისპირეთში ახალი მდიდრული კომპლექსი შენდება. რა შუაშია ლუკაშენკა?


რუსეთის სათხილამურო კურორტ კრასნაია-პოლიანასთან, გორაკზე მდებარე დასასვენებელი კომპლექსის დრონით გადაღებული კადრები.

მოკლედ

  • კრასნაია-პოლიანის მახლობლად მდიდრული საკურორტო კომპლექსის მშენებლობა სრულდება. კომპლექსს ბელარუსის მმართველ ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან დაკავშირებული ინვესტორები აშენებენ.
  • დოკუმენტები ცხადყოფს, რომ მიწა ბელარუსის მთავრობამ რუსულ კომპანიას მიჰყიდა საეჭვო ფინანსური გარიგებით, რაც ლუკაშენკასთან დაახლოებული ორგანიზაციებისგან აღებულ სესხს მოიცავდა.

რუსეთის ელიტის საყვარელი შავი ზღვის სათხილამურო კურორტის სიახლოვეს, ერთ-ერთი გორაკის ფერდობზე მშენებარე კომპლექსს უჩვეულოს ვერ დაარქმევ.

აქედან 50-ოდე კილომეტრია საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთამდე, რომელიც ოდითგან გამოირჩეოდა მდიდრული სასტუმროებითა და სასახლეებით.

სოფელ კრასნაია-პოლიანასთან, უფრო მოკრძალებული სახლების ზემოთ, ტერასებზე გაშენებული კომპლექსის უკან უჩვეულო მხოლოდ ისაა, ვინ აფინანსებს მშენებლობას.

მთავარი შენობის ფართობი 3000 კვადრატული მეტრია. პროექტის მიხედვით, მას, სხვა სიკეთეებთან ერთად, აქვს საცურაო აუზი, საუნა, სპორტული დარბაზი, ბარი, კინოთეატრი, ოთახი როიალითა და ბუხრით, ორი საძინებელი და მთავარი საძინებელი სტუმრებისთვის.

10-ჰექტარიან ნაკვეთზე დგას ასევე სამი სასტუმრო კოტეჯი, თითოეული 700 კვადრატული მეტრის ფართობით, - საცურაო აუზით, აბაზანით, სასადილო ოთახითა და ოთხი საძინებლით.

კომპლექსს იცავს უსაფრთხოების სისტემა: 2,5 მეტრის სიმაღლის ფეთქებაგამძლე ფოლადის ღობე, ექვსი საგუშაგო, იარაღის შესანახი სათავსო, დრონების ჩახშობის სისტემა, ლითონისა
და რენტგენის დეტექტორები, თერმოსათვალთვალო მოწყობილობები და თვით “ბირთვული რადიაციის საზომი აპარატები და რადიოაქტიური და ბირთვული მასალების უკონტაქტოდ აღმოჩენის ავტომატური საშუალებები“.

როგორც დრონებით და თანამგზავრებით გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, სათხილამურო კურორტიდან დაახლოებით 2 კილომეტრით დაცილებული კომპლექსი მშენებლობის ბოლო სტადიაზეა. მთავარი ინვესტორები პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ბელარუსები არიან. ბევრ მათგანს, როგორც საინფორმაციო ორგანიზაციების კონსორციუმმა აღმოაჩინა, პირდაპირი კავშირი აქვს ალიაქსანდრ ლუკაშენკას უახლოეს წრესთან. ამ კონსორციუმის წევრია რადიო თავისუფლების ბელარუსის სამსახურიც.

2025 წლის ოქტომბერში დრონით გადაღებული მასალის ამ კადრზე ჩანს სამი, მშენებლობის ბოლო ეტაპზე მყოფი სახლი კრასნაია-პოლიანის მახლობლად.
2025 წლის ოქტომბერში დრონით გადაღებული მასალის ამ კადრზე ჩანს სამი, მშენებლობის ბოლო ეტაპზე მყოფი სახლი კრასნაია-პოლიანის მახლობლად.

კონსორციუმში შედიან ბელარუსის საგამოძიებო ცენტრი, დევნილი ჟურნალისტების კოლექტივი, ასევე რუსული გამოცემა „ვაჟნიე ისტორიი“, უკრაინული პროექტი „სლიდსტვო.ინფო“ და ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის რეპორტაჟის პროექტი. გამოძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურების ყოფილი თანამშრომლების ჯგუფი BelPol-ი და ჰაკერთა ორი აქტივისტური ჯგუფი „KibOrg-ი და CyberPartisans-ი.

ინტერიერის ბელარუსი დიზაინერი პავალ რადჩენკო ამბობს, რომ კომპლექსის მშენებლობის სტილი არ განსხვავდება საფრანგეთისა და შვეიცარიის სათხილამურო კურორტების სტილისგან.


„აქ კაპიკებს არ ითვლიან, - აუხსნა მან ბელარუსის საგამოძიებო ცენტრს, BIC-ს. - მაგრამ ისიც უნდა ითქვას, ყველა ოთახი იმდენად დიდია, რომ დააკმაყოფილოს ადამიანის ყველა მოთხოვნილება და სურვილი. უფრო დიდი რომ ყოფილიყო, მათი გამოყენება უბრალოდ მოუხერხებელი იქნებოდა“.

რუსეთის სათხილამურო ელიტის სათამაშო მოედანი

შავი ზღვისპირა მთებში მდებარე კურორტი კრასნაია-პოლიანა დიდი ხანია წვეულებების და თხილამურებით სრიალის მოყვარული რუსული ელიტის საყვარელი ადგილია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დასავლეთის სანქციებმა ევროპის ალპების მომხიბვლელ აგარაკებზე დასვენება მათთვის კიდევ უფრო გაართულა.

2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის წინ, რეგიონში დიდი ინვესტიციები ჩაიდო. კრემლთან დაკავშირებულმა ბიზნესმენებმა, მათ შორის, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბავშვობის ზოგიერთმა მეგობარმა, გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის მასშტაბური კონტრაქტები მოიპოვა, რომ არაფერი ვთქვათ გარიგებებზე უძრავი ქონების სფეროში.

ლუკაშენკასაც უსრიალია კრასნაია-პოლიანაში თხილამურებით. 2021 წელს ის პუტინის სტუმარი იყო და ერთად დაქროდნენ თოვლიან ფერდობებზე და სეირნობდნენ თოვლმავლით.

ბოლო დროს, ლუკაშენკასთან დაკავშირებულმა ბელარუსებმაც იხეირეს რეგიონის განვითარებით.

კრასნაია-პოლიანასთან ახლოს, ლუკაშენკასთან სავარაუდოდ დაკავშირებული საკურორტო კომპლექსის არსებობის მტკიცებულებები პირველად 2024 წლის დასაწყისში გამოჩნდა BelPol-ისა და პოლონური ტელეარხის, Belsat-ის რეპორტაჟში.
მიწის საკუთრების შესახებ BIC-ის მიერ მოპოვებული ჩანაწერების თანახმად, 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ადრე ბელარუსის მთავრობას ეკუთვნოდა. ამ ჩანაწერების მიხედვით - მათ რადიო თავისუფლება გაეცნო - 2021 წელს ლუკაშენკამ ხელი მოაწერა გამოუქვეყნებელ ბრძანებას ამ მიწის რუსეთის კერძო კომპანია Complex-Invest-ისთვის თითქმის 13 მილიონ დოლარად მიყიდვის შესახებ.
თუმცა ექვსი თვის შემდეგ, Complex-Invest-ის მიერ წარდგენილი საბანკო დოკუმენტების თანახმად, პროექტისთვის ახალი დაფინანსების მოსაპოვებლად წარდგენილი საბანკო დოკუმენტაციის ინფორმაციით, სავარაუდო ღირებულება განახევრდა 6,4 მილიონ დოლარამდე.

მოსკოვში რეგისტრირებული Complex-Invest-ის მფლობელი ბელარუსი პენსიონერი ელენა ბორცევაა. ის ბელარუსი ბიზნესმენის, ლუკაშენკას დიდი ხნის მოკავშირის, ვლაძიმირ იაპრინცევის რძალია.

2023 წლის ივლისში Complex-Invest-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალიაკსეი პრუდნიკოვი, რუსეთის ფედერალურ საგადასახადო სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს.

ზუსტად გაურკვეველია - რატომ. BIC-ის მიერ ნანახი დოკუმენტების თანახმად, პრუდნიკოვმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ კომპანიის დაფინანსება ძირითადად საბანკო კრედიტებით და მსგავსი სესხებით ხდებოდა.
დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ, 2024 წლის თებერვალში, კორპორაციული რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, კომპანიის საკუთრება გადაეცა ალექსანდრ რომანოვსკის, რომელიც ადრე ლუკაშენკას დაცვის სამსახურში მუშაობდა.


ბელარუსის უსაფრთხოების ძალებმა ლუკაშენკას სადავო არჩევნების შემდეგ დისიდენტების წინააღმდეგ მასშტაბური რეპრესიების დროს, ათასობით დემონსტრანტი დააკავეს.
ბელარუსის უსაფრთხოების ძალებმა ლუკაშენკას სადავო არჩევნების შემდეგ დისიდენტების წინააღმდეგ მასშტაბური რეპრესიების დროს, ათასობით დემონსტრანტი დააკავეს.

ლუკაშენკას ვიწრო წრე

ლუკაშენკა 1994 წლიდან ბელარუსის ერთპიროვნული მმართველია. ის ატარებს არჩევნებს, რომელსაც უცხოელი დამკვირვებლები გაყალბებულად მიიჩნევენ. ლუკაშენკამ შექმნა უსაფრთხოების სამსახურებზე დაფუძნებული პოლიციური სახელმწიფო, რომელიც დევნის სხვაგვარად მოაზროვნეებს.
დასავლეთის მკაცრი სანქციების და იზოლაციის პირობებში, ლუკაშენკას მთავრობას, უპირველეს ყოვლისა, სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროებში რუსეთის მხარში დგომის იმედი აქვს. ბელარუსის საექსპორტო პროდუქტებს შორის მთავარია რაფინირებული ნავთობპროდუქტები - მიღებული რუსული ნავთობის სუბსიდირებული იმპორტიდან - ასევე სოფლის მეურნეობის ექსპორტი, როგორიცაა რძის პროდუქტები და სასუქები.

მის უახლოეს მოკავშირეებს შორის, რომლებმაც წლების განმავლობაში იხეირეს, არის ვიქტორ შეიმანი, ყოფილი გენერალური პროკურორი.

შეიმანს დასავლეთის ქვეყნებმა ლუკაშენკასთან კავშირების გამო სანქციები დაუწესეს. აშშ-მა ის 2022 წლის მაისში შეიყვანა “შავ სიაში” „ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებისთვის“. მის მეუღლეს და ზრდასრულ შვილს ასევე აუკრძალეს ვიზის აღება.

ალიაქსანდრ ლუკაშენკა ბელარუსს 1990-იანი წლებიდან „რკინის ხელით” მართავს.
ალიაქსანდრ ლუკაშენკა ბელარუსს 1990-იანი წლებიდან „რკინის ხელით” მართავს.

“კრასნაია-პოლიანის” პროექტში ინვესტიცია ჩადეს შეიმანმა და სულ მცირე, კიდევ ხუთმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა.


BIC-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, პროექტის მთავარი კრედიტორი თუ ინვესტორი არის „რეგიონული წესრიგი“, ბელარუსში რეგისტრირებული კომპანია, რომელსაც შეიმანთან აქვს კავშირები. „რეგიონული წესრიგის“ დაცვის კერძო კომპანიამ, სახელწოდებით Gardservice-ი, Complex-Invest-ს დაახლოებით 6 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი მისცა.

შეიმანის ყოფილმა მოადგილემ, ანდრეი სვირიდაუმ, მას კიდევ 1,5 მილიონი დოლარი ასესხა კვიპროსში დაფუძნებული კომპანიის, Rostumel Holding Limited-ის მეშვეობით.
სვირიდაუ ასევე არის დირექტორი შეიმანის კონტროლქვეშ მყოფი ბიზნეს ჯგუფის, Vektor Capital Group-ისა, რომელიც დაკავშირებულია სანქციებისგან თავის არიდების სქემასთან, რომელში შედის ბელარუსის სასუქების მსხვილი მწარმოებელი.


რომანოვსკიმ, ყოფილმა მცველმა, Complex-Invest-ს 4 მილიონი დოლარი ასესხა ხუთი ცალკეული საკრედიტო ხელშეკრულებით მას შემდეგ, რაც კომპანია მის სახელზე გადავიდა. რომანოვსკის თანხების თავდაპირველი წყარო დაუდგენელია.

კიდევ ერთი კრედიტორია რუსული კომპანია, რომელიც ლუკაშენკას ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის ვაჟმა დააარსა. კომპანიამ, სახელწოდებით MRIS Group-ი, Complex-Invest-ს თითქმის 500 000 დოლარი ასესხა.
თუმცა პროექტის ყველაზე დიდი კრედიტორი იყო ჩინური კომპანია სახელწოდებით, Winshun Trade Limited-ი, რომლის მფლობელებიც მჭიდრო კავშირში იყვნენ შეიმანთან. კომპანიამ, რომელიც, როგორც ამბობენ, სანქციებისგან თავის არიდების და ქათმის ფეხების ჩინეთში კონტრაბანდის მიზნით, უჩვეულო სქემაში იყო ჩართული, Complex-Invest-ს 10 მილიონ დოლარზე მეტი სესხი მისცა.

Complex-Invest-მა არ უპასუხა BIC-ის ელექტრონულ წერილებსა და სატელეფონო ზარებს პროექტსა და მის დაფინანსებაზე კომენტარის თხოვნით. ასევე მოიქცნენ Complex-Invest-ის კრედიტორებად ჩამოთვლილი სუბიექტები.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG