უკრაინელმა საზღვაო ქვეითმა ვლადისლავ ზადორინმა რუსეთის ტყვეობაში, 80 თანამებრძოლთან ერთად, 679 დღე გაატარა. ზადორინი მსახურობდა კუნძულ ზმეინიზე მდებარე გარნიზონში, რომლის ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ომის პირველ დღეს რუსული ხომალდის მოწოდებას დანებებულიყვნენ, უპასუხა რადიოეთერში წარმოთქმული ფრაზით: „რუსულო სამხედრო ხომალდო, წადი ***-ზე“ ("Русский военный корабль, иди на х*й").
რუსულ ტყვეობაში ზმეინის ჯარისკაცები შეეჯახნენ არა მხოლოდ შიმშილს, ცემას და აბუჩად აგდებას, არამედ აუდიო შემოწმებასაც, რომლის დახმარებითაც რუსეთის სპეცსამსახურები ცდილობდნენ ცნობილი ფრაზის ავტორის დადგენას.
თითქმის ორწლიანი ტყვეობის შემდეგ მოხერხდა ვლადისლავ ზადორინის გაცვლა. საზღვაო ქვეითი უკრაინაში 2024 წლის იანვარში დაბრუნდა და ცოტა ხნის წინ მონაწილეობა მიიღო პრაღაში გამართულ Globsec-ის კონფერენციაში, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინაში მიმდინარე ომს დაეთმო. კონფერენციის კულისებში ზადორინმა რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის კორესპონდენტს მოუთხრო ტყვეობაში გატარებულ დღეებსა და იმაზე, თუ როგორ უწევდა ФСБ-თვის საბავშვო ზღაპრების კითხვა და აუდიოჩანაწერების კეთება.
„რვაჯერ წამიყვანეს შემოწმებაზე: საბავშვო ზღაპრები მომცეს წასაკითხად“
„რუსულო სამხედრო ხომალდო, წადი ***-ზე!“ - ეს ფრაზა უკრაინელმა მესაზღვრემ შავ ზღვაში მდებარე კუნძულ ზმეინიდან წარმოთქვა მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს, რუსული სამხედრო ხომალდიდან რადიოთი მიღებული კაპიტულაციის მოთხოვნის საპასუხოდ.
ამ სიტყვებმა, რომლებიც სწრაფად გავრცელდა ვირუსულად, გააჩინა მემები, წარწერები მაისურებზე, სიმღერები და საფოსტო მარკებიც კი. უკრაინელებისთვის ეს იყო ეროვნული დაუმორჩილებლობის მნიშვნელოვანი და ძლიერი სიმბოლო რუსული შეჭრის წინაშე. სახალხო წინააღმდეგობის კედელმა დაამსხვრია ფართოდ გავრცელებული მოლოდინები, მათ შორის კრემლში, რომ უკრაინა რამდენიმე დღეში ან კვირაში დაეცემოდა.
იმ დღეს კუნძულ ზმეინიზე მყოფი დაახლოებით 80 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე თავდაპირველად დაღუპულად მიიჩნეოდა. თუმცა სინამდვილეში ისინი ტყვედ აიყვანეს რუსმა სამხედროებმა, რომლებმაც ჯერ ცეცხლი გაუხსნეს კუნძულს, შემდეგ კი მისი ოკუპაციაც მოახდინეს.
უკრაინის არმიის ყოფილი საზღვაო ქვეითი, ვლადისლავ ზადორინი კითხვას, რა ხდებოდა 2022 წლის 24 თებერვალს ვიდრე ტყვედ ჩავარდებოდა, ასე უპასუხებს:
„2022 წლის 24 თებერვალს ყველაფერი მოულოდნელად მოხდა, რადგან ჩვენ ვიმყოფებოდით კუნძულ ზმეინიზე. ცოტანი ვიყავით, სულ 80 სამხედრო მოსამსახურე: მესაზღვრეები, საზღვაო ქვეითები... ძალიან გაოცებულები ვიყავით, როცა საბრძოლო განგაშით წამოგვყარეს დილით ოთხ საათზე. დავიკავეთ საბრძოლო პოზიციები, მაგრამ არავინ ელოდა, რომ ნამდვილი, საბრძოლო განგაში იქნებოდა. მაგრამ მერე, როცა ტელეგრამ-არხები გავხსენით, დავრწმუნდით, რომ მართლა იბომბებოდა ჩვენი ქალაქები. შოკში ვიყავით, თუმცა გავიფიქრეთ, სად ზმეინი და სად დონეცკი, ლუგანსკი. ძალიან შორსაა, მაგრამ სწორედ ჩვენთან მოვიდნენ პირველები. ჩვენს წინააღმდეგ გამოიყვანეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ორი ყველაზე მძლავრი ხომალდი - „მოსკვა“ და „ვასილ ბიკოვი“. დაახლოებით დილის 9 საათზე დავინახეთ პირველი მზვერავი გემი. გვესროლა, მაგრამ ააცილა, შემდეგ კი გაუჩინარდა ჰორიზონტიდან. სადღაც 11-12 საათისთვის მოგვადგნენ „მოსკვა“ და „ვასილ ბიკოვი“. შემოგვთავაზეს დანებება. იცით, როგორიც იყო ჩვენი პასუხი. კუნძულზე ასევე იყვნენ სამოქალაქო პირები: ინჟინრები, რომლებიც შუქურასა და პირსს ემსახურებოდნენ. მათი ევაკუირებისთვის საჭირო იყო მოლაპარაკება მწვანე დერეფნის გახსნის თაობაზე. რუსეთი დაგვთანხმდა. სამი საათისთვის კუნძულს მოადგა უკრაინის საზღვაო დაცვის ორი კატარღა, რომლებმაც გაიყვანეს კიდეც სამოქალაქო პირები. ჩვენმა მეთაურმა შემოგვთავაზა, ვისაც ბრძოლა არ გინდათ, შეგიძლიათ კატარღებით დატოვოთ კუნძულიო. არავინ წავიდა. ყველანი ერთგული დავრჩით დადებული ფიცისა. ჩვენ საზღვაო ქვეითები ყველანი დავრჩით, 80-ივე სამხედრო მოსამსახურე. როგორც კი სამოქალაქო პირებმა კუნძული დატოვეს, კრეისერმა „მოსკვამ“ წითელი დროშა აღმართა და ცეცხლი გაგვიხსნა. ამას მოჰყვა ჯერ საავიაციო დარტყმები, შემდეგ კი კუნძულის იერიში კრეისერებიდან გადმოსხმული სპეცრაზმელების მიერ. ამასობაში ჩამობნელდა. ხუთის ნახევარი იქნებოდა. არ გვქონდა სამყოფი არც შეიარაღება და არც საბრძოლო მასალა ღამით თავის დასაცავად. მეთაურმა გასცა ბრძანება, დავნებებულიყავით, სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით. ამის გამო მეთაურის მადლიერი ვარ. სწორედ ამ გადაწყვეტილების წყალობით გელაპარაკებით ახლა“.
„რუსული სამხედრო ხომალდის“ შესახებ ფრაზის ფართოდ გავრცელებული პოპულარობა იმას ნიშნავდა, რომ კუნძულზე აყვანილი უკრაინელი სამხედროები რუსულ ტყვეობაში განსაკუთრებით სასტიკ დამცირებას დაექვემდებარნენ.
„ეს ფრაზა იქცა ლეგენდად, უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლოდ, რამაც ძალიან გააღიზიანა რუსები", - ამბობს ვლადისლავ ზადორინი, 26 წლის ყოფილი საზღვაო ქვეითი, - "ისინი ფიქრობდნენ: როგორ გაბედეს რიგითმა ჯარისკაცებმა ასეთი შეტყობინების გაგზავნა ისეთი უზარმაზარი მანქანისთვის, როგორიც რუსული არმიაა? ამის გამო მუდმივად გვცემდნენ“.
ზადორინის თქმით, ფრაზის ავტორის იდენტიფიცირების მიზნით, რუსეთის ხელისუფლებამ კუნძულ ზმეინის დამცველებს წამების ტოლფასი აუდიოტესტირება მოუწყო.
„რვაჯერ წამიყვანეს შემოწმებაზე. მომცეს საბავშვო ზღაპრები, რომლებიც უნდა წამეკითხა", - ამბობს ზადორინი, რომელიც უკრაინის საზღვაო ქვეითთა კორპუსიდან უფროსი მეზღვაურის წოდებით გავიდა პენსიაზე. - „პირველივე ჯერზე მივხვდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო და ყოველ ჯერზე ვიცვლიდი ხმას - ვცვლიდი ტონს, ვიხრინწებოდი და ა.შ., რათა ისინი რაც შეიძლება მეტად დამებნია“.
რადიო თავისუფლების უკრაინულმა სამსახურმა სთხოვა ტყვეობიდან გათავისუფლებულ უკრაინელ სამხედროს, დაესახელებინა ფრაზის ავტორის ვინაობა.
„ეს საკითხი ჯერ ისევ ღიაა, რადგან ერთი ადამიანი კვლავ რჩება ტყვეობაში", - განაცხადა ვლადისლავ ზადორინმა, - "ვიდრე ის იქ არის, ჩვენ არ შეგვიძლია ინფორმაციის გავრცელება - დადასტურება ან უარყოფა იმის, თუ ვინ თქვა ეს ფრაზა. ბევრი ჭორი ვრცელდება, მაგრამ ერთს ვიტყვი: ჩვენ ვიზიარებთ უკრაინის ოფიციალურ ვერსიას.“
ზადორინი ამბობს, რომ ზმეინის ტყვეებზე ფიზიკური ძალადობა განსაკუთრებით სასტიკი გახდა მას შემდეგ, რაც უკრაინულმა რაკეტებმა 2022 წლის აპრილში ჩაძირეს გემი, რომელმაც ზმეინის დამცველებს დანებება მოსთხოვა - სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი იყო.
ვლადისლავ ზადორინის თქმით, „მოსკვას“ ჩაძირვის შემდეგ, მას და მის თანამებრძოლებს ისე სცემეს, რომ „ბალიშებივით დაფრინავდნენ დერეფანში“.
„ვჭამდით თაგვებს, ტუალეტის ქაღალდს, სარეცხის საპონს, ლოკოკინებს, ჭიებს - ყველაფერს, რისი ჭამაც შეგვეძლო...“
ზადორინი ამბობს, რომ რუსეთის ციხეებში, სადაც ის და სხვა უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, მცველები ყოველდღიურად აწამებდნენ პატიმრებს. ყოფილი უკრაინელი ტყვე ციხეებს საკონცენტრაციო ბანაკებს ადარებს:
„მახსენდება ვიქტორ ფრანკლის წიგნი „ვუთხრათ სიცოცხლეს "დიახ!“ ამ ავტორმა, რომელიც ფსიქოთერაპევტი და ოსვენციმის ყოფილი ტყვეა, თავის წიგნში აღწერა ცხოვრება საკონცენტრაციო ბანაკში. თუ გაზის კამერებსა და კრემატორიუმებს გამოვრიცხავთ, სხვა ყველაფერი ჩვენთანაც ისე იყო, როგორც ფრანკლინის წიგნშია. წაკითხული მაქვს ეს წიგნი. თითქოს ჩემი ტყვეობაა აღწერილი“, - ამბობს ზადორინი, რომლის თქმითაც, მას ახლა უწევს ცხოვრება ტყვეობასა და კოლონიაში მიღებულ ფიზიკურ და სულიერ ტრავმებთან ერთად. როგორც ირკვევა, უკრაინელ საზღვაო ქვეითს ჩაქუჩით დაუზიანეს ხერხემალი, შარდის ბუშტი, ქალა-ტვინის ტრავმის გამო კი დროდადრო მხედველობას კარგავს.
„უსაზღვრო ძალადობას წავაწყდით, როგორც ფიზიკურს, ასევე ფსიქიკურს. ასევე დამცირებასა და რუსიფიკაციას", - ამბობს ის და მაგალითად ასახელებს რუსეთისა და უკრაინის ისტორიის იძულებით გაკვეთილებს, რომლებიც, მისივე თქმით, სრულიად დამახინჯებული იყო ვლადიმირ პუტინისა და მისი მთავრობის მიერ პროპაგანდირებული ნარატივების შესაბამისად.
„მოგვცეს 8-11 კლასის რუსეთის ისტორიის სახელმძღვანელოები", - იხსენებს ყოფილი ტყვე, - "გამოცდები უნდა ჩაგვებარებინა ზედამხედველებისთვის. სრულად გაყალბებულ ისტორიას გვაკითხებდნენ. მაგალითად, ყირიმის ანექსიაზე ეწერა, რომ რეფერენდუმმა აჩვენა ერთსულოვნება, რომ არავის უნდოდა უკრაინის შემადგენლობაში ყოფნაო. კურილის კუნძულებზე ეწერა, რომ ძირძველი რუსული ტერიტორიაო. ყველაფერი დამახინჯებული იყო. გვაიძულებდნენ ამ ყველაფრის დაზეპირებას. ეს იყო რუსიფიკაციის ერთ-ერთი ელემენტი. იგივე გოგოლი, რომელიც მოგვიანებით მოგვცეს წასაკითხად: „ვიი“, „ტარას ბულბა“... ისე მოგვეწოდებოდა, თითქოს კაზაკები რუსეთის ჯარების ნაწილი იყვნენ. გვასწავლიდნენ, რომ ოდესა დააარსეს რუსებმა, ისევე როგორც კიევი. თუმცა მსოფლიო ისტორია გვეუბნება, რომ მოსკოვია შეიქმნა კიევის რუსეთისგან, დოლგორუკისგან. რატომ ასწავლიან სკოლებში ამას? ჩემი დასკვნა ასეთია: მათი პროპაგანდა მუშაობს ძალიან ეფექტიანად, განსაკუთრებით ახალ თაობაში. ყველაზე სასტიკი ზედამხედველები, კოლონიის თანამშრომლები, ყველაზე ახალგაზრდები იყვნენ, 30 წლამდე. იცით, რატომ იყვნენ ყველაზე სასტიკები? იმიტომ, რომ პუტინის პროპაგანდაზე არიან გაზრდილები. მთელი ცხოვრება ამას ისმენენ. შედარებით უფროსები ცოტას გვირტყამდნენ, აბუჩადაც ნაკლებად გვიგდებდნენ. ახალგაზრდები პირიქით: სექსუალური ძალადობა, მორალური განადგურება... - ყველაფერ ამას ისინი აკეთებდნენ“.
ვლადისლავ ზადორინის თქმით, სამხედრო ტყვეებზე ძლიერი ფსიქოლოგიური ძალადობაც ხორციელდებოდა:
„გვეუბნებოდნენ, რომ უკრაინა აღარ არსებობს, ოდესა დაპყრობილია, კიევი დაეცა, ლვოვიც... პოლონელებთან რაღაც კონფლიქტი დაიწყო. ჩვენც გვჯეროდა, რადგან საინფორმაციო ვაკუუმში ვიმყოფებოდით. მხოლოდ ახალი ტყვეების დახმარებით ვიგებდით სიმართლეს. ეს გვაძლევდა ძალას. კურსკში ყოფნისას გაქცევასაც კი ვამზადებდით, 9 მაისისთვის, რადგან დღესასწაულებზე ყველანი სვამდნენ, მათ შორის ზედამხედველებიც, სპეცრაზმის წევრებიც და ა.შ. მაგრამ 2024 წლის 3 იანვარს გამათავისუფლეს“.
როგორც ყოფილი ტყვე ამბობს, ადგილი ჰქონდა გაუპატიურებებსა და კასტრაციებსაც.
„როდესაც რეზინის ხელკეტით გვცემდნენ, მოდიოდნენ და გვეკითხებოდნენ: „გიყვარს ფუა-გრა? გიჭამია ფუა-გრა?“ და თუ [იტყოდი, რომ გიჭამია], ღვიძლში გირტყამდნენ", - ამბობს უკრაინელი სამხედრო ტყვე, - "ან გეკითხებიან: „გიყვარს კანფეტები?“ და ნებისმიერი პასუხის - „დიახ“ ან „არა“ - შემთხვევაში გაძლევენ ამ ჯოხს და შენც ან ლოკავ ან წოვ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რა მოქმედების იმიტაციით. თუმცა ეს ყველაზე ნაკლებია, რასაც ხელკეტით აკეთებდნენ, რადგან ბევრი ბიჭი გააუპატიურეს... ამასთან, თუ თავიდან ამას აკეთებდნენ დაკითხვისას, ინფორმაციის გამოძალვის მიზნით, გარკვეული დროის შემდეგ უბრალოდ ასე ერთობოდნენ!“
მოგვიანებით, როგორც ყოფილი ტყვე იხსენებს, ციხეში რიგრიგობით მიდიოდნენ გამომძიებელთა ახალი ჯგუფები, რათა ტყვეებზე ესწავლათ „სწორად ცემა“, რათა შემდეგ თავისიანებიც ამავე მეთოდებით დაეკითხათ და ეცემათ.
„და ჩვენც მოკრივის სავარჯიშო „მსხლების“ (ტომრების) როლში ვიყავით: სად უნდა დაერტყათ ელექტროშოკერით სხეულის პარალიზებისთვის; როგორ უნდა შეეერთებინათ სწორად 220 ვოლტზე, როგორ გამოეყენებინათ „ტაპიკი“ (ТА-57 - რუსეთის არმიის უნივერსალური ტიპის სამხედრო საველე ტელეფონი, რომელსაც წამებისთვის იყენებენ - რედ.), როგორ ერტყათ თირკმელებში", - იხსენებს უკრაინელი სამხედრო, - "მაგალითად: იცოდით, რომ ქუსლებში ხშირი ცემით თირკმელები ზიანდება? ჩვენ ყველამ ვიცით ეს, რადგან საკუთარ თავზე გამოგვიცდია ეს სიმწარე“.
მაგრამ, ზადორინის თქმით, პირადად მისთვის ყველაზე საშინელი ფიზიკური ძალადობა კი არა, მუდმივი შიმშილი იყო. როდესაც საზღვაო ქვეითი ტყვედ ჩავარდა, ის 120 კგ-ს იწონიდა, გათავისუფლებისას კი - მხოლოდ 60 კგ იყო.
„ვჭამდით თაგვებს, ტუალეტის ქაღალდს, სარეცხის საპონს, ლოკოკინებს, ჭიებს - ყველაფერს, რისი ჭამაც შეგვეძლო“, - ამბობს საზღვაო ქვეითი, რომლის თქმითაც, მას და მის მეგობარ სხვა ტყვეებს ფაქტობრივად შიმშილით კლავდნენ: აძლევდნენ „დღეში სამ ნაჭერ შავ პურს, რომელშიც შერეული იყო ნახერხი ან ქვიშა“.
„ამას განგებ აკეთებდნენ. პური ან ობიანი იყო, ან სხვა რაიმე მიზეზის გამო შეუძლებელი იყო მისი ჭამა. მაგრამ ჩვენ მაინც ვჭამდით, რადგან სიცოცხლე გვინდოდა“, - ამბობს კუნძულ ზმეინის დამცველი და რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული, ყოფილი საზღვაო ქვეითი, ვლადისლავ ზადორინი.
ფორუმი