ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 5-ით გაიზარდა
ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 115 შეადგინა.
ოფიციალური საიტის STOPCOV.GE-ის მონაცემების თანახმად, ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 22 ადამიანი.
თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე ლაბორატორიულად დადასტურებული 115-დან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაახლოებით ერთი კვირის წინ გაამგზავრეს.
შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 91 აქტიური შემთხვევაა.
ნიკოლოზ გამყრელიძე COVID-19-ისგან განიკურნა
კორონავირუს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ვაჟი ნიკოლოზ გამყრელიძე. მან დღეს, 1 აპრილს ფეისბუკზე დაწერა, რომ კლინიკა დაავადების დადასტურებიდან 26-ე დღეს დატოვა და ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.
ნიკოლოზ გამყრელიძე მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას უხდის და უდიდეს მადლიერებას გამოხატავს სამედიცინო პერსონალის მიმართ.
„ჩვენ კი როგორც მოქალაქებმა ჩვენი ვალდებულება აუცილებლად უნდა შევასრულოთ, ვალდებულება კი არის რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს რომ გამოუსწორებელი ზიანი არ მივაყენოთ ჩვენს ირგვლიც მყოფებს, დავრჩეთ აუცილებლად სახლში. მხოლოდ ამ გზით დავამარცხებთ ყველა ერთად ამ გამოწვევას. ვულოცავ ყველა გამოჯანმრთელებულს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა ინფიცირებულს!“ - წერს ნიკოლოზ გამყრელიძე.
მარინა ეზუგბაია: გვყავს 5 მძიმე პაციენტი
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თანახმად, საავადმყოფოში ამ დროისათვის 5 მძიმე პაციენტი მკურნალობს:
„ჩვენთან მძიმე პაციენტების მონაცემები არ შეცვლილა, უბრალოდ დაგვემატა კიდევ ერთი ახალი მძიმე პაციენტი. როცა შემოვიდა იგი იყო საშუალოზე მძიმე, მაგრამ დაავადებამ განიცადა პროგრესირება მიუხედავად დაწყებული მკურნალობისა მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა, მაგრამ არა კრიტიკული.
დანარჩენი 4 პაციენტის მდგომარეობა უცვლელია. ამ ოთხიდან ორი გვყავს კრიტიკული, რომელთა სტაბილიზირება ჯერ ვერ მოხერხდა, თუმცა დანარჩენი 2-ის სტაბილიზაცია არის, რამოდენიმე დღეს დავაკვირდებით და მერე ვიტყვით ალბათ ვიტყვით პროგნოზურად გამოსავალი როგორი გვექნება“, - უთხრა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს.
მისი განმარტებით ამ დროისათვის კლინიკაში სულ 32 პაციენტი მკურნალობს. მათგან გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით მომატებული 7 ახალი პაციენტიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილია - 2. გუშინ კლინიკა დატოვა კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა. მარინა ეზუგბაიას თანახმად, ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებული 22 პაციენტიდან 19 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
საქართველოში 23-მდე გაიზარდა COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი
საქართველოში კიდევ ერთი, 23-ე პაციენტი განიკურნა კორონავირუს COVID-19-ისგან. განახლებული მონაცემები 1 აპრილს, 13:00 საათისთვის გამოქვეყნდა სამთავრობო ვებსაიტზე stopcov,ge.
ამ დროისთვის ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების სულ 115 შემთხვევა.