Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
14:19 25.3.2020

იმნაძე: კორონავირუსით დაავადებულთა საშუალო ასაკი საქართველოში 37 წელია, მინიმალური - 2

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებული მოქალაქეების საშუალო ასაკობრივი კატეგორია 37 წელია. პაატა იმნაძის თანახმად, ყველაზე ხანდაზმული პაციენტი 82 წლისაა, ხოლო ყველაზე უმცროსი - 2 წლის.

ამასთან, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის სიმპტომებით 9 დღის ბავშვია მოთავსებული. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ლუგარის ლაბორატორიიდან ანალიზების პასუხს ელოდებიან:

„გუშინ მარნეულიდან გადმოიყვანეს 9 დღის ახალშობილი, რომელიც მოთავსებულია როგორც საეჭვო შემთხვევა, სუნთქვის მწვავე უკმარისობით და მწვავე რესპირატორული სინდრომით. ამ ეტაპზე ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

14:26 25.3.2020

COVID-19-ის გამო უცხოეთში ჩარჩენილი მოქალაქეების კიდევ ერთი ნაწილი 26 მარტს დაბრუნდება

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ბოლო ორ დღეში სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 300 მოქალაქე, რომლებიც COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ავიამიმოსვლის შეწყვეტის გამო, გამომგზავრებას ვეღარ ახერხებდნენ.

მთავრობასთან კოორდინაციით, ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებმა“ 23 მარტს შეასრულა თბილისი-ბერლინი-ბათუმის რეისი, ხოლო 24 მარტს „ეგეოსის ავიახაზებმა“ ათენი-თბილისი-ათენის რეისი.

მომდევნო განრიგი ასეთია:

26 მარტს შესრულდება თბილისი-ვენა-თბილისის რეისი;

31 მარტს თბილისი-ამსტერდამი-თბილისი;

3 აპრილს თბილისი-ვარშავა-თბილისი;

7 აპრილს თბილისი-ათენი-თბილისი;

10 აპრილს ლარნაკა-თბილისი.

„მგზავრთა ნაკადის ორგანიზებული მართვის და მოქალაქეების საჭიროებაზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, ზემოთ მოცემული განრიგით განსაზღვრულ თითოეულ ფრენაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ეტაპობრივად და ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება რეისამდე რამდენიმე დღით ადრე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა დღეს, 25 მარტს მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ უახლოეს, 26 და 31 მარტის ავიარეისებს: „როგორც უკვე ცნობილია, კომპანია „აირზენას“ თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებით 22 მარტს ჰქონდა დაგეგმილი რეგულარული რეისი, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში შემოღებული რეგულაციების გამო გაუქმდა. შედეგად, ჩვენ ამჟამად ვენაში გვყავს გაუქმებული რეისის მგზავრები, რომელთა დიდი ნაწილიც თავშესაფრითა და პირველადი საჭიროების პროდუქტებით უზრუნველყო საქართველოს საელჩომ ავსტრიის რესპუბლიკაში. ანალოგიური ვითარება გვაქვს ამსტერდამში, სადაც კომპანიის მიერ 21 და 23 მარტს დაგეგმილ და შემდეგ გაუქმებულ რეისებზე გაყიდული ბილეთების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებიც საელჩოს დახმარებით უზრუნველყოფილნი არიან პირველადი საჭიროების პროდუქტებით“.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ვენიდან და ამსტერდამიდან საქართველოს ამ მოქალაქეთა დაბრუნება უაღრესად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, მაგრამ მათი რაოდენობა მცირე არ არის: „ორივე საჰაერო ხომალდი, ფაქტობრივად, სრულად ივსება. მეტი გამჭირვალობის და სანდოობისთვის, ჩვენი მოთხოვნით კომპანია მზად არის გამოაქვეყნოს შესაბამისი დამატებითი დოკუმენტაცია“.

რაც შეეხება ვარშავის, ათენისა და ლარნაკის რეისებს, ზალკალიანის ინფორმაციით, ბილეთები ფრენამდე რამდენიმე დღით ადრე გაიყიდება თანმიმდევრობით, თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის ვებსაიტზე.

„რეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლითა და მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით. ყოველი მომდევნო რეისი და მასზე ბილეთების შეძენასთან დაკავშირებით ინფორმაცია განთავსდება წინასწარ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და კომპანია „აირზენას“ ვებგვერდზე“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით, ნებისმიერი კლასის სამგზავრო ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს და ეს პრინციპი მკაცრად დაცული უნდა იყოს.

უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან.

15:27 25.3.2020

ექიმი: 14 დღის ჩვილს ახალ კორონავირუსზე ტესტი აუღეს, პასუხი დღეს იქნება

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, მარნეულიდან გუშინ კლინიკაში შეყვანილი ახალშობილი, რომელიც არა 9, არამედ 14 დღისაა, აპარატულ სუნთქვაზე იმყოფება.

ტელეკომპანია „პირველთან“ საუბარში ლალი ტურძელაძემ განაცხადა, რომ ჩვილს ახალ კორონავირუსზე ტესტირება უკვე ჩაუტარდა, ტესტირების პასუხი კი დღეს გვიან საღამოს გახდება ცნობილი:

„ამ წუთში ის აპარატულ სუნთქვაზეა, აქვს დისტრესსინდრომი, პაციენტი მძიმეა, მაგრამ არა უიმედო... რესპირატორული დისტრესსინდრომი უფრო რთულია, ვიდრე ფილტვების ანთება. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ბავშვი გამოვიყვანოთ ამ მდგომარეობიდან“, - აღნიშნა ლალი ტურძელაძემ. მისი თქმით, 14 დღის ჩვილს სიმპტომური მკურნალობა უტარდება.

17:10 25.3.2020

პაატა იმნაძე: 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ სახლში ვერ დავრჩები და უნდა ვიმუშაო

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული სამთავრობო რეკომენდაციების თანახმად, 65 წლის ზემოთ მყოფი ადამიანები სახლში უნდა დარჩნენ, თუმცა პირადად ამას ვერ გააკეთებს:

„მე 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ მე სახლში ვერ დავრჩები და მე უნდა ვიმუშო“, - განაცხადა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ შეკითხვის პასუხად. საკოორდინციო საბჭოს წევრებისთვის დასასმელი შეკითხვების ფორმატში გაგზავნილი კითხვა შეეხებოდა სამედიცინო დაწესებულებების მიერ ხანდაზმული ადამიანებისადმი წაყენებულ მოთხოვნას, ჩვეულ რეჟიმში გამოცხადდნენ სამსახურში:

„აქ ორგვარია მიდგომა. ისიც გავიხსენოთ, რომ ჩინეთში პენსიონერი ექიმები დაბრუნდნენ სამსახურებში, რომ ემსახურათ თავიანთი ქვეყნისთვის”, - აღნიშნა პაატა იმნაძემ. მისი თქმით, რეკომენდაცია ყველას ერთნაირად ეხება, გინდა ექიმი იყოს, გინდა სხვა პროფესიის ადამიანი.

„65 წელზე მეტი ვინც არის მაქსიმალურად სახლში უნდა დარჩეს და არ გამოვიდეს გარეთ!“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG