ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ოპოზიციის კონფერენცია, რომელიც ივნისში გაიმართა, არა მხოლოდ უკავშირდებოდა ირან-ისრაელის ომს, არამედ ნაწილი იყო აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი გეგმისა, რომელიც ისლამური რესპუბლიკის ჩანაცვლებას ცდილობს.
24 აგვისტოს გამოსვლისას ხამენეი ამტკიცებდა, რომ ბრიუსელის შეკრების მონაწილეებმა მონარქის დანიშვნაზეც კი იმსჯელესო.
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ირანელმა ლაურეატმა შირინ ებადიმ, რომელიც 14 ივნისის კონფერენციაზე ერთ-ერთი გამომსვლელი იყო, უარყო ხამენეის მტკიცებები, მაგრამ იქვე მიუთითა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი მართალია, როცა ისლამური რესპუბლიკის მომავალზე ღელავს.
„ის რაც განვიხილეთ კონფერენციაზე, პოლიტიკური ისტებლიშმენტის უუნარობაა და იმის აუცილებლობა, რომ რეჟიმი ხალხმა უნდა დაამხოს და ამის მისაღწევად ოპოზიციას შორის ერთიანობის გარდა სხვა გზა არ არსებობს“, - უთხრა ებადიმ რადიო ფარდას, რადიო თავისუფლების ირანულს სამსახურს.
ირანის ოპოზიციურ ფრაქციებს დიდი ხანია უჭირთ გაერთიანება ღრმა იდეოლოგიური განსხვავებებისა და ირანის მომავლის განსხვავებული, ხშირად კონკურენტული ხედვების გამო. თუმცა, იურისტმა და ადამიანის უფლებათა დამცველი ებადი ამბობს, რომ ერთიანობის ფრონტზე „დიდი პროგრესია მიღწეული“, რაც, მისი თქმით, უზენაეს ლიდერს აშფოთებს.
„სწორედ ამიტომ გამოვარდა ხამენეი თავისი ბუნკერიდან, რათა ეჩვენებინა, რომ ის მართავს ყველაფერს და რაც მოესურვება, იმას გააკეთებს, მაგრამ ამისი აღარავის სჯერა“, - განაცხადა ირანელმა ნობელიანტმა 25 აგვისტოს.
ხამენეის, რომელიც ამავე დროს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალიცაა, აკრიტიკებენ იმისთვისაც, რომ ის საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდა 13 ივნისის შემდეგ, როდესაც ისრაელმა ირანზე საჰაერო დარტყმები დაიწყო. მისი გაუჩინარება განპირობებული იყო სანდო ცნობებით, რომ ისრაელს უზენაესი ლიდერი სამიზნეში ჰყავდა ამოღებული. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ინფორმაციით მან სიკვდილის შემთხვევაში მემკვიდრეობის გეგმებიც დასახა.
ხამენეის გამოჩენიდან მალევე, ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა რეპორტაჟი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ოპოზიციის შეკრება ბრიუსელში ფარულად გაიმართა, მაშინ როცა ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და მოგვიანებით YouTube-ზეც კი აიტვირთა.
ებადიმ თქვა, რომ ორგანიზატორებმა ღონისძიების დაგეგმვას ორი თვე მოანდომეს და რომ თარიღი - კონფერენცია 12-დღიანი ომის დაწყების მეორე დღეს ჩატარდა - დამთხვევა იყო.
მან ასევე უარყო ბრალდება, რომ ეს „საიდუმლო“ შეხვედრა იყო და განაცხადა, რომ ხამენეი ან მოტყუებით დააჯერეს, რომ ეს საიდუმლო შეკრება იყო, ან განზრახ წარმოაჩენს მას ასეთად, რათა მოსახლეობა „მოატყუოს“.
ერთიანობის საჭიროება
ირანის ოპოზიციას შორის ერთიანობის საჭიროებაზე ლაპარაკისას ებადიმ თქვა, რომ „არცერთ ჯგუფს არ შეუძლია ინდივიდუალურად“ დაუპირისპირდეს და დაამხოს ხელისუფლება.
ირანის ოპოზიცია მუდამ უთანხმოების წინაშე დგას, რადგან მისი ძირითადი ფრაქციები - მონარქისტებიდან და სეკულარული რესპუბლიკელებიდან დაწყებული, მემარცხენეებით და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებით დამთავრებული - სრულიად სხვაგვარად ხედავენ ირანის მომავალ პოლიტიკურ სისტემას, ერთმანეთს არ ენდობიან და თანამშრომლობაზე მაღლა საკუთარ ინტერესებს აყენებენ.
„მათ უნდა შეწყვიტონ ერთმანეთთან ბრძოლა და ამის ნაცვლად ძალები გააერთიანონ“, - თქვა ებადიმ.
მან განაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკა, რომელიც 1979 წლიდან არსებობს, „ყველაზე სუსტი" დღესაა და განიცდის შიდა კრიზისებს, ეკონომიკურ ზეწოლას და რეგიონულ უკუსვლას.
„სისტემას მომავალი არ აქვს, მხოლოდ კოლაფსი ელის“, - თქვა ებადიმ.
ირანისთვის საქმე შეიძლება კიდევ უარესობისკენ წავიდეს გაეროს სანქციების გარდაუვალი დაბრუნების გამო.
ევროპულმა ძალებმა თეირანი გააფრთხილეს, რომ აგვისტოს ბოლოს აამოქმედებენ 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმებაში ჩადებულ მექანიზმს, რაც გაეროს სანქციების აღდგენას გულისხმობს, თუ ირანი არ მიაღწევს შეთანხმებას ვაშინგტონთან ბირთვულ პროგრამაზე.
ირანელი დიპლომატები 26 აგვისტოს ხვდებიან თავიანთ კოლეგებს საფრანგეთიდან, გერმანიიდან და გაერთიანებული სამეფოდან, რათა თავიდან აიცილონ ამ პროცესის გააქტიურება.
საჯარი გამოსვლისას ხამენეიმ კვლავ უარყო შეერთებულ შტატებთან პირდაპირი მოლაპარაკებები, მიუხედავად იმის, რომ ირანში სულ უფრო ხშირად მოითხოვენ ტრამპის ადმინისტრაციასთან შეთანხმების მიღწევას, და განაცხადა, რომ თეთრ სახლს უბრალოდ მხოლოდ იმის უზრუნველყოფა სურს, რომ თეირანი „ბრძანებებს“ ვაშინგტონიდან იღებდეს.