Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსახლეობის ნაწილი ხაშურში იეჰოვას მოწმეებს სამეფო დარბაზს არ აშენებინებს - მერიამ ნებართვა შეაჩერა


ხაშურის მერიამ იეჰოვას მოწმეთა მიწაზე უკვე გაცემული ნებართვა შეაჩერა.
ფოტოზე: იეჰოვას მოწმეთა დარბაზი თბილისში, ორხევში.
ხაშურის მერიამ იეჰოვას მოწმეთა მიწაზე უკვე გაცემული ნებართვა შეაჩერა. ფოტოზე: იეჰოვას მოწმეთა დარბაზი თბილისში, ორხევში.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ხაშურში მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება იეჰოვას მოწმეების მიერ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე სალოცავი ნაგებობის, სამეფო დარბაზის მშენებლობას.

მოსახლეობის მიმართვის შემდეგ, ხაშურის მერიამ შეაჩერა მშენებლობის წინა სტადიისათვის გაცემული ნებართვა და მიზეზად დაასახელა ხაშურის საკრებულოში შესული განცხადება, სადაც 530 მოქალაქე ამბობს, რომ არ სურს ხაშურში აშენდეს რელიგიური უმცირესობის სალოცავი ნაგებობა.

ხაშურის საკრებულომ სამუშაო ჯგუფი შექმნა ამ საკითხთან დაკავშირებით. სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 2 მაისს დაინიშნა - იეჰოვას მოწმეთა თემი სხდომაზე არ მიუწვევიათ.

ნებართვა გასცეს და ერთ კვირაში შეაჩერეს

700 კვადრატულ მეტრამდე ფართობის მიწის ნაკვეთი ხაშურის ცენტრიდან ექვსასიოდე მეტრის მოშორებით მდებარეობს.

ის ეკუთვნის სსიპ „იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანულ კრებას საქართველოში“, - ორგანიზაციას, რომელიც იეჰოვას მოწმეთა თემს წარმოადგენს. თემის წარმომადგენლები ამ ნაკვეთს 2019 წლიდან ფლობენ.

ორგანიზაციამ 2024 წლის 25 დეკემბერს მიმართა ხაშურის მერიას და მოითხოვა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების (მოკლედ - „გაპის“ დამტკიცება).

„გაპის მიღება“ მშენებლობის ნებართვის გაცემის წინაპირობაა.

2025 წლის 13 თებერვალს ხაშურის მერიამ გამოსცა ბრძანება, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაციის მოთხოვნა და დაამტკიცა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ამის შემდეგ ორგანიზაციას უკვე უშუალოდ მშენებლობის ნებართვა უნდა მიეღო.

თუმცა ზუსტად ერთ კვირაში, 2025 წლის 20 თებერვალს, მერიამ ახალი ბრძანება გამოსცა და გაპის მოქმედება შეაჩერა.

ორივე ბრძანებას ხელს აწერს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი.

ხაშურის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი
ხაშურის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი

იეჰოვას მოწმეთა კრებას ორივე ბრძანება ერთ დღეს, 6 მარტს ჩაბარდა.

შეჩერების საფუძველი - „პეტიცია“

„შეჩერების საფუძვლად მითითებულია, რომ საკრებულოშია შესული მოქალაქეების პეტიცია, რომ საკრებულომ მიმართა მერიას და აცნობა ამის შესახებ, მერიამ კი გადაწყვიტა, რომ სანამ პეტიციის განხილვა მოხდება, მანამდე ნებართვის შეჩერება მოხდეს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ორგანიზაციის, „იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული კრება საქართველოში“, ადვოკატი მიხეილ ქოჩორაშვილი.

ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, მოსახლეობამ თავდაპირველად კოლექტიური განცხადების ფორმით მიმართა საკრებულოს, რომ არ გაცემულიყო ნებართვა.

ლიპარტელიანის თქმითვე, საკრებულომ, - რომლის კომპეტენციაშიც არ შედის მშენებლობის ნებართვების გაცემა, - განცხადება მერიას გაუგზავნა რეაგირებისთვის. სწორედ ამის შემდეგ გამოიცა მერის 20 თებერვლის ბრძანება.

მოგვიანებით მოსახლეობამ ხელახლა შეიტანა საკრებულოში განცხადება, ამჯერად პეტიციის ფორმით.


რისთვის შეიქმნა სამუშაო ჯგუფი

2025 წლის 22 აპრილს ხაშურის საკრებულოში გამართულ რიგგარეშე სხდომაზე, - რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი ხელმძღვანელობდა, - საკრებულომ მხარი დაუჭირა განკარგულების პროექტს „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“.

„2 მაისს დავნიშნეთ პირველი შეხვედრა, სადაც მოსახლეობის წარმომადგენელი ორი მომხსენებელიც მოწვეული გვყავს. შევიკრიბებით ყველა აბსოლუტურად, ვინც არის დროებით სამუშაო ჯგუფში და ვნახოთ შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები, რას მოვისმენთ ამ ორი მოქალაქისგან და იმის და მიხედვით გადაწყვეტთ“, - უთხრა ნინო ლიპარტელიანმა რადიო თავისუფლებას.

საკრებულოს წევრები მხარს უჭერენ „დროებითი სამუშაო ჯგუფის“ შექმნას
საკრებულოს წევრები მხარს უჭერენ „დროებითი სამუშაო ჯგუფის“ შექმნას

„იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული კრების“ ადვოკატის თქმით, ამ შეხვედრის შესახებ რადიო თავისუფლებისგან შეიტყო 30 აპრილს გამართულ სატელეფონო საუბარში.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ პეტიცია რელიგიური შეუწყნარებლობის გამოვლინებაა, საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს:

„კონკრეტულად ამ საკითხთან მიმართებაში მე შეფასებას ჯერ ვერ ვაკეთებ. კარგად გამიგეთ ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ მე, ჩვენ, გუნდი თუ მოქალაქეებთან არ გავედით“.

„მიზეზი უნდა მოვძებნოთ“

კითხვაზე, როდესაც პეტიციის ხელმომწერი 530 ადამიანი ამბობს, რომ არ აქვს სურვილი მშენებლობის ნებართვის გაცემის, მიზეზი რა არის, რას ასახელებენ ისინი, ნინო ლიპარტელიანმა გვიპასუხა:

„ჰოდა, აი, მიზეზი უნდა მოვძებნოთ, ჩემო კარგო, მიზეზი უნდა გავიგო, უნდა შევხვდე ამ ხალხს“.

ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი
ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი

„ჩემი სუბიექტურად აზრს გეტყვით: ეს არის ქალაქის ცენტრალური ნაწილი. ძალიან ახლოს არის ორი დიდი სკოლა. ამ ეტაპზე რა საფრთხესაც ვხედავ, უბრალოდ ბავშვებს გადაადგილების კუთხით არ გაუჩნდეთ პრობლემა, როდესაც აქ მომლოცველების მანქანების თავმოყრა მოხდება“, - გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარემ.

მსგავსი საფუძველი პეტიციაში დასახელებული არ არის.

ამასთან, იმ მიწის ნაკვეთს, სადაც თემს სამეფო დარბაზის აშენება სურს, ორ პარალელურ ქუჩაზე აქვს გასასვლელი. ერთი მათგანი, კარლო ტაბატაძის ქუჩა, ტროტუარის ჩათვლით, 14 მეტრის სიგანისაა, მეორე, შოთა რუსთაველის ქუჩა კი - 17 მეტრის სიგანის.

იეჰოვას მოწმეთა ადვოკატი ამბობს იმასაც, რომ პეტიციაზე ხელმომწერთა ნაწილი საერთოდ არ ცხოვრობს მიმდებარე ტერიტორიაზე:

„ზოგიერთი, შეიძლება, მეზობელია, მაგრამ განცხადებას ხელს ასევე აწერენ პირები, რომლებიც საერთოდ არ ცხოვრობენ იქ. ზოგიერთი რამდენიმე ქუჩის მოშორებით ცხოვრობს, ზოგიერთი საერთოდ არ ცხოვრობს მიმდებარე უბნებში. ეს ვიცით, რადგან განცხადებაზე მისამართებიც არის მითითებული“, - ამბობს ადვოკატი მიხეილ ქოჩორაშვილი.

ადვოკატის შეფასებითვე, საკრებულოში შექმნილ სამუშაო ჯგუფს სამართლებრივად არავითარი კავშირი არ აქვს მშენებლობის ნებართვასთან და მერიაში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებასთან.

თემი სასამართლოში ჩივის

ადვოკატის თქმით, „იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული კრების“ პოზიციით, მერიის ის ბრძანება, რომლითაც გაპი დამტკიცდა, კანონიერი იყო, ხოლო მეორე ბრძანებას, გაპი-ს შეჩერებას კანონიერი საფუძველი არ ჰქონია.

20 თებერვლის დათარიღებული გაპი-ს შეჩერების ბრძანება ორგანიზაციამ ხაშურის რაიონულ სასამართლოში მცირე ხნის წინ გაასაჩივრა. იეჰოვას მოწმეები ახლა სასამართლო სხდომისა და გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.

„[გაპი-ს] შეჩერება თუ მოხდებოდა, კანონმდებლობაში გათვალისწინებულია საფუძვლები, რატომ შეიძლება ეს მოხდეს. მაგალითად, ვინმე უნდა გაასაჩივროს უშუალოდ ეს აქტი, ეს აქტი უნდა ეხებოდეს მის პირად ინტერესებს, მაგალითად, მის საკუთრებაზე შეიძლება რაღაც გავლენა ჰქონდეს, რაღაცაში უშლიდეს ხელს. ანუ ვიღაცის კანონიერ ინტერესებს უნდა ზღუდავდეს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მიხეილ ქოჩორაშვილი.

მისი თქმით, გაპი-ს თუ მშენებლობის ნებართვის შეჩერების ან გაუქმების სამართლებრივი საფუძველი ვერ იქნება „უბრალოდ ვინმეს მხრიდან იმის თქმა რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოსთვის, რომ მას უბრალოდ არ აქვს სურვილი, რომ ამა თუ იმ ქალაქში აშენდეს რომელიმე შენობა, - არ აქვს მნიშვნელობა, რა დანიშნულებით და როგორ“.

კონტექსტი

იეჰოვას მოწმეები სხვადასხვა ქვეყანაში დევნის ობიექტები არიან.

მაგალითად, 2017 წელს რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეები ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცნო. ამის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო მათი სისხლისსამართლებრივი დევნა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, წლების განმავლობაში, საქართველოს მოქალაქე იეჰოვას მოწმეები ძალადობრივი თავდასხმების ობიექტები იყვნენ. რელიგიური ექსტრემისტები სასტიკად არბევდნენ იეჰოვას მოწმეებს, ანადგურებდნენ მათ საკუთრებას, რასაც მათ მიერვე გავრცელებული დეზინფორმაცია ედო საფუძვლად.

ამ რელიგიური უმცირესობის შევიწროების აქტიური ტალღა დასრულდა მას შემდეგ, რაც მღვდელი ბასილ მკალავიშვილი, - მართლმადიდებელი ეკლესიიდან განკვეთილი მღვდელი, რომელიც წლების განმავლობაში დაუსჯელად ძალადობდა რელიგიურ უმცირესობაზე, - 2004 წლის მარტში სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით დააკავა. მკალავიშვილს სამართალდამცავებისგან მრევლი მთელი ღამის მანძილზე იცავდა. მკალავიშვილი 2005 წელს დამნაშავედ ცნეს რელიგიურ უმცირესობებზე 1999-2003 წლებში თავდასხმების ორგანიზებასა და განხორციელებაში, აგრეთვე მათი ლიტერატურის დაწვაში.

იეჰოვას მოწმეთა საიტის თანახმად, მკალავიშვილისა და მისი თანამზრახველების დაპატიმრებამ „შვება მოუტანა“ თემის წარმომადგენლებს.

ბოლო წლების განმავლობაში იეჰოვას მოწმეები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში თავდასხმის ობიექტები კვლავ არიან.

  • სხვადასხვა მონაცემით, იეჰოვას მოწმეთა მიმართ აგრესია უმეტესად კვლავ საჯარო სივრცეში ვლინდება და თემის წევრებს ქუჩაში მსახურების დროს უსწორდებიან;
  • ადგილი აქვს იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზების დაზიანებას;
  • „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ თანახმად, არაეფექტურად მიმდინარეობს რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების გამოძიება, რაც სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფს მძიმე მდგომარეობაში აგდებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG