ეს არის უნიკალური ამბავი ეთნომუსიკოლოგ ქალზე, თამარ მამალაძეზე, რომელმაც 1946 წლიდან 1971 წლამდე, საქართველოს მთასა თუ ბარში, უნიკალური ხალხური სიმღერები ჩაიწერა - ხოლო წლების შემდეგ, მისი ექსპედიციების მარშრუტი მუსიკის მკვლევარმა სანდრო ნათაძემ გაიარა, რომ 70 წლის წინანდელ ჩანაწერებში მოსმენილი ხმების უკან მდგარი უცნობი მომღერლების ისტორია შემოენახა.
“სოფელი ხელთუბანი, მაყრული”, - ისმის შიშინის ფონზე ძველ ჩანაწერში თამარ მამალაძის ხმა და სიმღერაც იწყება.
140 სოფელი, 1500 მომღერალი, ჩანაწერების 30 საათი, ექსპედიციის დღიურების, ნაშრომების ასობით გვერდი - ასეთია მემკვიდრეობა ქალისა, ვისაც, როგორც ტრადიციული მუსიკის მკვლევრებიც აღნიშნავენ, გამორჩეული ალღო ჰქონდა ეპოვა ხალხში შემორჩენილი ძველი სიმღერების სრულიად უცნობი ვერსიები.
თამარ მამალაძე ძირითადად გლეხების ნამღერს იწერდა - თავიდან როგორც ექსპედიციების რიგითი წევრი, შემდეგ როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი.
ეს საბჭოთა დროა, მეორე მსოფლიო ომი ახალი დასრულებულია. თამარ მამალაძე კი თავისი ჩამწერით, სოფლიდან სოფელში დადის.
ზოგან ჯერ კიდევ უკვირთ ჭრელკაბიანი ქალის გამოჩენა, რომელიც აგროვებს და იწერს ყველაფერს - სიმღერებს, ხმებს, ლექსებს, თქმულებებს, წეს-ჩვეულებებს, რეცეპტებსაც კი - ყველაფერს, რაც საინტერესოდ მოეჩვენება. რაც იმ დროის საქართველოს ცხოვრებას აღწერს.
წლები გამოაჩენს, რომ ეს საქმე თამარ მამალაძისათვის მთელი ცხოვრების საქმედ და სიყვარულად იქცევა.
მის დღიურებში, მომღერლების შესახებ მოკლე ცნობების გარდა, არის დღეობების აღწერები, ტოპონიმები, ექსპედიციის რომელიმე დღის მოკლე შეჯამება, ხელით ჩახატული პორტრეტები, მოსანახულებელი სოფლების ხელით შედგენილი რუკები, მუსიკალური საკრავის ჩანახატები.
თამარი ჩასაწერად ირჩევდა ადამიანებს, ვინც თავს გამორჩეულ მომღერლად არ მიიჩნევდა, თუმცა მათი ნამღერის შემონახვით, აღმოჩნდა, რომ მან ასე ხალხური სიმღერების იშვიათი ვერსიები შეუნახა ისტორიას.
“ისეთი ნიმუშებიც, რაც მანამდე არც გაგვიგონია”, - აზუსტებს ფოლკლორის ცენტრის არქივის ხელმძღვანელი, ტრადიციული მუსიკის მკვლევარი სანდრო ნათაძე.
სიმღერებს იწერდა მაგნიტურ ფირებსა და ცვილის ლილვაკებზე. ამ პროცესის ამსახველი რამდენიმე ფოტოც არსებობს - თამარი თავისი ჩამწერით მომღერლების წინაშე. როგორც წესი, მომღერლების უმრავლესობა კაცია.
1946 წლიდან 1971 წლამდე ჩაწერილი ეს სიმღერები უკვე სრულად გაციფრულებულია.
თამარის ჩანაწერები და დღიურები, საქართველოს ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის არქივშია დაცული. ამ ვიდეოში არქივის ხელმძღვანელი ნიკო გურგენიძე თამარ მამალაძის უნიკალური არქივის ნაწილს გვათვალიერებინებს.
თამარ მამალაძის არქივის შესახებ სანდრო ნათაძემ პირველად დაახლოებით ათი წლის წინ შეიტყო ეთნომუსიკოლოგ ნინო რაზმაძისგან და რადგან ის ქართული ხალხური სიმღერების აუდიოჩანაწერების კოლექციონერიცაა (მისი კოლექცია რამდენიმე ათას ჩანაწერს მოიცავს) ამ ამბით მაშინვე დაინტერესდა და ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს მიაკითხა:
“მივხვდი, რომ იქ ჩემთვის ახალი კარი გაიხსნა”, - ამბობს სანდრო.
მაშინ უკვე იცოდა, რომ მას, როგორც ტრადიციული მუსიკის მკვლევარს და ხალხური სიმღერის გულშემატკივარს, რაღაც ისეთი უნდა გაეკეთებინა, რომ ეს ქალი მეტი ადამიანისთვის გაეცნო.
ჯერ მხოლოდ სურვილი და იდეა არსებობდა, რომელიც რეალობად 2020-21 წლებში იქცა. გადაწყდა, რომ ფოლკლორის ცენტრი, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თამარ მამალაძის ამბავს წიგნში გააერთიანებდა და ამ საქმეს სანდრო ნათაძე ჩაიბარებდა. ოღონდ მაშინ, თამარის გზებზე დადგომის იდეა ჯერ კიდევ არ არსებობდა.
სანდრო ნათაძეს ჯერ თამარის ცხოვრების შესახებ უნდა შეეტყო მეტი - იმედი ჰქონდა, რომ სადღაც თამარის მეტი ფოტოც უნდა ყოფილიყო შემონახული ელექტრონულ სივრცეში ნაპოვნი ერთი-ორი ნაკლებად გამორჩეული ფოტოს გარდა.
გარშემო თითქმის ყველას უხსენა თამარ მამალაძის სახელი - უცნაური იყო, რომ ამ ქალზე ბევრი არაფერი იცოდნენ. თუმცა, ნელ-ნელა, მანამდე ცნობილ, თამარ მამალაძის მოკლე და მშრალ ბიოგრაფიას მაინც ემატებოდა ახალი დეტალები.
ეთნომუსიკოლოგი ქალის კვალზე დამდგარმა სანდრო ნათაძემ, ზესტაფონში თამარის შორეულ ნათესავს მიაგნო, რომელმაც მას თამარის უცნობი ფოტოებით და პირადი დოკუმენტებით სავსე საქაღალდე დაახვედრა.
თამარ მამალაძე ზესტაფონში ერთ დროს ცნობილი და ძალიან შეძლებული კაცის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის, სამსონ მამალაძის ქალიშვილი გამოდგა. კაცისა, რომელიც საბჭოთა რეჟიმმა “გააკულაკა”და რომლის სახელსაც უკავშირდება ზესტაფონის ისტორიული პირველი სკოლის მშენებლობა.
იქვე შეიტყო თამარის პირადი ცხოვრების ამბებიც - მისი მეუღლე საოპერო საზოგადოებაში კარგად ცნობილი საშა ბუკია ყოფილა. მასთან ქორწინებაში შეეძინა შვილიც, ლალი, რომელიც ოთხი ან ხუთი წლის ასაკში გარდაიცვალა.
თამარი და საშა დაშორდნენ. ქალს ხელმეორედ აღარ უქორწინია და მთელი სიცოცხლე თავის საქმეს მიუძღვნა.
დღიურების კითხვა რომ დაასრულა, სანდრომ აღმოაჩინა, რომ ფაქტობრივად არაფერი იცოდა იმ ადამიანებზე, ვისი ხმებიც ესმოდა მრავალსაათიან ჩანაწერებში.
მხოლოდ სახელები, გვარები, სოფლები და მათი ასაკი. მაგრამ ვინ იყვნენ ისინი? როგორი ცხოვრებით იცხოვრეს? არსებობდა მათი ფოტოები? ვინმეს თუ შეეძლო მათზე მოეყოლა და მათი ამბავი უკვალოდ არ გამქრალიყო?
თავად ისინი ცოცხლები აღარ იყვნენ, მათ შესახებ თხრობა კი უკეთეს შემთხვევაში შვილებს, უფრო რეალისტურად კი - შვილიშვილებს შეეძლოთ. ესეც იმ შემთხვევაში, თუ ისინი იმავე სოფლებში ცხოვრობდნენ.
საპოვნი ადამიანების სიაში 1500 ადამიანის სახელი და გვარი იყო.
“ერთ დიდ რიგად რომ წარმოვიდგინე 1500 ადამიანი, მივხვდი, რომ შეუძლებელი იქნებოდა ამდენი ადამიანის შთამომავლის მოძებნა. მაგრამ ერთ დღეს გზას დავადექით. ძალიან მინდოდა ამ ადამიანებზე მომეყოლა”.
საბოლოოდ 500 ადამიანის ისტორია ჩაიწერა. ფოტოები მოგროვდა. საინტერესო ამბები შეიკრიბა. ბევრის კვალი უკვე დაკარგული იყო. ბევრის - უიმედოდ დავიწყებული, თუმცა ზოგიერთს მაინც მიაკვლიეს.
“მაინც მგონია, რომ ამ ხუთასი ადამიანის სიცოცხლე გადარჩენილია, რადგან სიცოცხლე ხომ, საბოლოოდ ჯამში, ადამიანის ხსოვნის შემონახვაა”, - ამბობს სანდრო ნათაძე.
თუმცა სოფელ-სოფელ სიარული და უცნობი ადამიანებისთვის იმის ახსნა, ვის და რატომ ეძებდნენ, თავიდან არ იყო მარტივი. ყველგან ერთნაირი სიხარულით არ ხვდებოდნენ. ზოგი ხელს ჩაიქნევდა, ეგ ვიღას აინტერესებსო, ზოგი უბრალოდ კარს ხურავდა. ზოგს კი - ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები.
ხულოში, სოფელ ქედლებში, ცნობილი მეჭიბონის, როსტომ ჯიმშერაძის ოჯახში, სანდროს და მის ექსპედიციას ამ კაცის მთელი შთამომავლობა დახვდა შეკრებილი:
“შვილი, შვილიშვილი, შვილთაშვილი და შვილთაშვილის შვილი. თავიანთი ცოლ-შვილით, ყველა იქ იყო და გველოდა - ლამის ერთი სოფლის სამყოფი ხალხი, უზარმაზარი გაშლილი სუფრით”.
დღეს თამარ მამალაძის გზები ხელმეორედ გავლილია. ექსპედიციები დასრულებული. ყველა ამბავი, რომელიც სანდრო ნათაძემ თავისი მეგობრების და სხვა უამრავი ადამიანის დახმარებით მოაგროვა, ორ დიდ ალბომშია თავმოყრილი - ამბობს, იმ ადამიანების სახელებს, ვინც ამ გზაზე გვეხმარებოდა, ცალკე რეპორტაჟი დასჭირდებაო.
ეს თავგადასავალი - თამარ მამალაძის ამბიანად, მალე წიგნებად გამოიცემა, თუმცა, მანამდე, საქართველოს თითქმის ყველა კუთხის 140-ზე მეტ სოფელში ნაპოვნი 500 ადამიანის ისტორია, ფერადი სამაგრებით შეკრულ ფოტოალბომშია თავმოყრილი - ზოგ მომღერალზე მეტი ცნობაა შემორჩენილი, ზოგზე - რამდენიმე წინადადება. ზოგის ფოტოა სახასიათო, ზოგის ამბავი საინტერესო.
სანდრო ნათაძის ეს ალბომებიც სავსეა ამ წლების განმავლობაში გაკეთებული ჩანაწერებით, შენიშვნებით, თარიღებით და რაც მთავარია, თამარ მამალაძის მიერ ჩაწერილი მომღერლების იშვიათი ფოტოებით - ზოგი რომ ხანძრის დროს დაკარგული ეგონათ და ზოგიც, უბრალოდ, გადაგდებული.
სანდრო ნათაძეს ყველა ამბავი ზეპირად ახსოვს. მხოლოდ დროდადრო თუ დააზუსტებს ხოლმე სოფელს, სახელ-გვარს ან დაბადების და გარდაცვალების თარიღებს.
მათი ნამღერი სიმღერის ხელახლა მოსმენისას ახლა სულ სხვა შეგრძნება ეუფლება - თითქოს უკვე კარგად ნაცნობ ადამიანებს უსმენს.
“ზოგი თურმე ომში იყო ნამყოფი, ვიღაც ქაქუცას მეგობარი ყოფილა, ვიღაც ყოფილი იუნკერია… ამას იმიტომ ვამბობ, რომ ზოგადად მუსიკა ეგ არის, სიამოვნების მიღების გარდა, მას კონტექსტით უნდა მოისმინო”.
გამორჩევა რთულია, მაგრამ სანდრო მაინც გვიყვება თამარ მამალაძის ნაპოვნ რამდენიმე მომღერალზე და თხრობას სამუელ რობაქიძით იწყებს. კაცით, რომელიც თერჯოლის რაიონის სოფელი ეწერში, საბჭოთა დროს, მეოცე საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში, ადგილობრივ ტაძარში გალობდა.
სამუელ რობაქიძის ნამღერი “იმერული ალილო” წლების შემდეგ სანდროს და მისი მეგობრების გუნდმა “ადილეიმ” გააცოცხლა:
“მსგავსი ვარიანტი მოსმენილიც არ მქონდაო”, - ამბობს სანდრო ნათაძე.
ძველ ვერსიაში სამუელ რობაქიძე პირველ ხმას ამბობს და ეს ჩანაწერიც თამარ მამალაძის არქივის ნაწილია.
ამ კაცის ძებნა რომ დაიწყო, სანდრომ მხოლოდ მისი ვინაობა და სოფლის სახელი იცოდა. არც ფოტო, არც დამატებით ცნობები.
იმერეთში რომ ჩავიდა, იმედი გადაუწურეს, მაგას სახლი დაეწვა და ალბათ, აღარც მისი ფოტო იქნება შემორჩენილიო. ერთი სოფლიდან მეორეში გაუშვეს, სადაც სამუელ რობაქიძის ასაკში შეძენილ შვილი ცხოვრობდა - მზია რობაქიძე, რომელმაც ექსპედიციის წევრები ქუთაისში, კიდევ სხვა ნათესავთან გადაამისამართა.
სანდრო იხსენებს, რომ იმ დღეს, გვიან ღამით ქუთაისში ჩასვლა ღირდა: სამუელ რობაქიძის რძალს მამამთილის ძველი ფოტოც აღმოაჩნდა და ამბავიც მოაყოლა - უცნაური კაცი იყო, ფოსტალიონი რომ გაზეთ “კომუნისტს” მოიტანდა, გამოართმევდა, შუაზე გადახევდა და ჩეჩმის გზას გაუყენებდა, მერე კი ამბობდა, საბჭოთა კავშირი რა ქვეყანაა, ქვეყანა არის ამერიკაო.
სულ ამბობდა თურმე, საქართველო იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო და შეიძლება მე ცოცხალი აღარ ვიყო, მაგრამ დრო მოვა და აუცილებლად გავხდებით დამოუკიდებლები. ხოლო ქვეყანა ევროპული გაერთიანების წევრი გახდებაო…
შვილებს და რძლებს, თურმე, იმ დროში სამუელის ხმამაღლა ნათქვამი ეს გაბედული იდეები აშინებდათ და საკუთარ შვილებს ეუბნებოდნენ, ბაბუისთვის ყური არ დაეგდოთ…
სანდრო ნათაძის ამ ფოტოკოლექციაში ილია ჭავჭავაძის წვივსაკრავის ფოტოცაა დაცული, რომელიც მას ყვარლელი გივია გელაშვილისთვის უჩუქებია.
ამ გივია გელაშვილის სიმღერას წლების მერე თამარი ჩაიწერს, მაგრამ მანამდე მომხდარა ამბავი, რომელსაც ამ კაცის ოჯახში დღემდე ჰყვებიან: 12 წლისა, გივია გელაშვილი ძმებს სახლიდან გაუშვიათ სამსახური საშოვნელად და ურჩევიათ, თავად ჭავჭავაძეს მისდგომოდა. ასეც მოქცეულა.
12 წლის ბიჭს ილიას მოურავმა წყაროდან წყლის მოტანა დაავალა და თან გააფრთხილა, უკანა გზაზე, კაკლის ძირში ილიას უყვარს ძილი და ფრთხილად გამოიარე, შემთხვევით არ გააღვიძოო, მაგრამ ზუსტად იმ ადგილას, წყაროდან დაბრუნებულ ბიჭს შარვლის რეზინმა უმტყუნა, შარვალი ჩასძვრა და წყლით სავსე დოქი გაუტყდა. ხმაურზე ილიას გაღვიძებია.
გივია გელაშვილი ჰყვებოდა თურმე, ილიას მისთვის ჯერ ვინაობა უკითხავს, შემდეგ დაინტერესებულა, ბიჭმა წერა-კითხვა თუ იცოდა და როცა პასუხად უარი მიუღია, მოურავისთვის დაუვალებია, ბიჭისთვის წერა-კითხვა ესწავლებინათ… შარვლის დასაჭერად კი საკუთარი წვივსაკრავი უჩუქებია. ამ ბიჭმა წერა-კითხვაც ისწავლა, მერე ჯერ თელავსა და შემდეგ რუსეთშიც გაუგრძელებია სწავლა და სიცოცხლის ბოლომდე ყვარელში მომრიგებელ მოსამართლედ უმუშავია.
იმ წვივსაკრავს გივია გელაშვილის ოჯახში დღესაც ინახავენ. მისი ნამღერი სიმღერა კი თამარის ჩანაწერებს შემორჩა.
ამ ალბომში, აჭარაში, 1967 წელს გადაღებული კიდევ ერთი ფოტოა შენახული - საქართველოს სტუმრობს ფრანგი ეთნომუსიკოლოგი ივეტ გრიმო, რომელიც იმ დროის საუკეთესო აპარატით ჩამოვიდა. მან ქობულეთში, სოფელ წყავროკის მომღერალთა გუნდი ჩაწერა ქამილ ტაკიძის ხელმძღვანელობით - უნიკალური ოთხხმიანი ნადური სიმღერები.
თიანეთი - თამარ მამალაძის ბოლო, 1971 წლის ექსპედიცია იყო.
სწორედ იქ ჩასვლისას მოისმინა სანდრო ნათაძემ, როგორც თავად ამბობს, თამარის მიერ ჩაწერილი ვანო ჩოქურის, “ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ბედის მქონე ადამიანის”, ისტორიაც.
ეს კაცი, რომლის ნამღერიც თამარის ჩანაწერებმა შემოინახა, ჯერ, როგორც იუნკერი იბრძოდა 1921 წელს საბჭოთა არმიის წინააღმდეგ. მისმა შვილიშვილმა გადმოცემით იცოდა ბაბუისგან, ვანოს და მის ერთ კახელ მეგობარს საზღვართან ხიდი აუფეთქებიათ, რის გამოც ჯერ დაუჭერიათ, შემდეგ კი ფინეთის ომში განუწესებიათ.
დაბრუნდა. ცოლი შეირთო. შვიდი შვილი ეყოლათ. 300 სული ცხვარიც ჰყავდა, თუმცა კოლექტივიზაცია რომ დაიწყო, ჯერ მთელი ქონება ჩამოართვეს, მერე კი მეტეხის ციხეში უკრეს თავი. მეორე მსოფლიო ომიც წამოეწია და იქაც გაიწვიეს, იქიდანაც დაბრუნდა და მერე სიკვდილამდე თავის მშობლიური მხარეში იცხოვრა - ბოლო 12 წელი უსინათლომ ერთ სიმღერას ღიღინებდა თურმე გამუდმებით: “ბედიკრულო, ბადეკრულო, ჩემო ლამაზო ქვეყანა, ბედიკრულო, ბადეკრულო, ჩემო ტანჯულო ქვეყანა”…
"ექსპედიციები რომ დავასრულეთ, უცებ მივხვდი, რომ ამ ადამიანების ხსოვნა, იქნებიან თუ აღარ ისინი ჩვენს მეხსიერებაში, ნაწილობრივ, ჩემზეც იყო დამოკიდებული. ეს კი ორმაგი პასუხისმგებლობაა", - გვეუბნება სანდრო ნათაძე, რომელმაც თამარ მამალაძის მომღერალთა სიიდან ყველას ვერ მიაგნო, თუმცა, როგორც ამბობს, არავის მოკითხვა გამორჩენია.