Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ რას ურჩევს პრეზიდენტს


სალომე ზურაბიშვილმა ექვსკაციანი მრჩეველთა გუნდი წარუდგინა საზოგადოებას.
სალომე ზურაბიშვილმა ექვსკაციანი მრჩეველთა გუნდი წარუდგინა საზოგადოებას.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 24 დეკემბერს ექვსკაციანი მრჩეველთა გუნდი წარუდგინა საზოგადოებას. რადიო თავისუფლებასთან ყველა მათგანმა კონკრეტულ რჩევებზე საუბრისგან თავი შეიკავა, ზოგს კი უკვე აქვს გეგმა. ვინ არიან და რას ურჩევენ პრეზიდენტს მისი გუნდის წევრები?

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ სალომე ზურაბიშვილმა ქეთევან მახარაშვილი წარადგინა, რომელსაც დაევალა ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრეზიდენტის საქმიანობის კოორდინაცია, ასევე ის დროებით შეითავსებს პრესსპიკერის ფუნქციებსაც.

ქეთევან მახარაშვილი პროფესიით იურისტია, ამჟამად ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორია. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამის გენდერული თანასწორობისთვის - პროგრამის მენეჯერად. იყო მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ის ამბობს, რომ მისთვის მთავარი პრიორიტეტი იქნება ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა და ქალთა გაძლიერებისკენ მიმართული საქმიანობა.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩართული ვარ ეთნიკურ უმცირესობებთან ურთიერთობაში და მათთვის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამაში. ვთვლი, რომ ეს ურთიერთობა გასაუმჯობესებელია, საკითხი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია და უნდა იყოს პრეზიდენტის პრიორიტეტებში. იმედი მაქვს, რომ ამ პრიორიტეტების წამოწევაში პრეზიდენტს ხელს შევუწყობ. რაც შეეხება გენდერულ თემატიკას, ქალბატონი სალომე ყურადღებას იპყრობს, როგორს ქალბატონი - მისდამი არის მოლოდინი, რომ ქალთა უფლებების დაცვაში ის აქტიურად ჩაერთვება. ჩემს გამოცდილებას და ცოდნას გამოვიყენებ იმისთვის, რომ მხარი დავიჭიროთ ქალების წინ წამოწევას როგორც ეკონომიკაში და სოციალურ სფეროში ასევე განსაკუთრებით პოლიტიკაში".

კონსტანტინე ნაცვლიშვილი იქნება პრეზიდენტის მრჩეველი კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში, ის ბაზელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და კულტურის პოლიტიკის სპეციალისტია. მუშაობდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის პროგრამის ხელმძღვანელად. დღემდე მუშაობდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტად.

ირინე შენგელია იქნება პრეზიდენტის მრჩეველი საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში. ის პიანისტია. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა ტელევიზიაში გადაცემის წამყვანად და პროდიუსერად. იყო თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორის მოადგილე. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ირინე შენგელია ამბობს, რომ ჯერჯერობით სამუშაო შეხვედრების რეჟიმში იმყოფება და მიმდინარე კვირის ბოლოსთვის უკვე გამოიკვეთება საქმიანი პრიორიტეტები.

„იქნება ბევრი სიახლე, ბევრი ინიციატივა პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ მკაფიო გეგმა, რამდენიმე დღეში გვექნება, შესაძლოა უკვე ხვალაც“.

ნათია სულავა დიასპორისა და მოქალაქეობის საკითხებში მრჩევლად დაინიშნა. ნათია სულავა პროფესიით იურისტია, დამთავრებული აქვს ქალაქ პარმის სასწავლო უნივერსიტეტის იურისპრუდენციის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს იუსტიციის, საგარეო საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში. აქვს დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება.

ალექსი ბარბაქაძე იქნება პრეზიდენტის მრჩეველი სამხედრო საკითხებში. მას სხვადასხვა დროს თავდაცვის სამინისტროში ეკავა სხვადასხვა თანამდებობა, იყო თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკურ სივრცესთან ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი. 2014 წლიდან პრეზიდენტის მრჩეველია, მუშაობდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თანამდებობაზე.

„ჯერ მხოლოდ გუშინ წარმადგინეს, სანამ ხელმძღვანელობასთან არ განვსაზღვრავთ ხედვებს, ვერაფერს გეტყვით. იცით, რომ ჯერ შენობიდან შენობაში გადასვლის საკითხია გასარკვევი, ჯერ კაბინეტებშიც არ შევსულვართ სამუშაოდ, არასერიოზული იქნება ჩემი მხრივ ახლა საუბარი. ახლა ერთდროულად ხდება ყველაფერი - ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლა და სახვა საკითხები. გაძლევთ პირობას, მექნება თქვენთან ინტერვიუ მოგვიანებით“.

სიმონ პეტრიდისი პრეზიდენტის მრჩეველი იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებში. პეტრიდისი სამართალმცოდნეა, დამთავრებული აქვს ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. მუშაობდა მთავრობის ადმინისტრაციის მრჩეველის პოსტზე, მის მოვალეობაში შედიოდა კანონპროექტების ანალიზი, კორექტირება, დასკვნების მომზადება, ახალი კანონპროექტების მომზადება ინიცირებისთვის და ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია.

როგორც სიმონ პეტრიდისი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ის აპირებს თემატური საკონსულტაციო ჯგუფის შექმნას, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, რომლის ფარგლებშიც პრობლემების გადაჭრის ხედვებს გაუზიარებენ.

„ასევე ვგეგმავ მოვიარო ქალაქები, ადგილზე გავეცნო პრობლემებს და შემდეგ ამ პრობლემებზე ერთობლივად ვიმუშაო პარტნიორ ორგანიზაციებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. არ იქნება პოლიტიკური ნიშნით დაყოფა, ეს იქნება სამოქალაქო საწყისებზე აგებული ჯგუფი, რომელიც გაერთიანდება პრობლემების მოგვარების იდეების გარშემო“, - უთხრა, რადიო თავისუფლებას სიმონ პეტრიდისმა.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG