Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვუდი ალენი, ემირ კუსტურიცა, სერგეი ბონდარჩუკის აჩრდილი - ვინ გადაარჩენს პუტინის კინოს?


ვუდი ალენთან შეხვედრა ონლაინფორმატში გაიმართება; ემირ კუსტურიცასთან კი მაყურებელს უშუალო შეხვედრის საშუალება ჰქონდა.
ვუდი ალენთან შეხვედრა ონლაინფორმატში გაიმართება; ემირ კუსტურიცასთან კი მაყურებელს უშუალო შეხვედრის საშუალება ჰქონდა.

მოსკოვის მერია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და კულტურის სამინისტრო წელს მეორედ აწყობს ფესტივალს, რომელსაც „კინოს საერთაშორისო კვირეული“ უწოდეს.

მისი ორგანიზატორები ამბობენ, რომ მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალისგან განსხვავებით (მას კვლავ ნიკიტა მიხალკოვი ხელმძღვანელობს), კვირეული „სახალხო ღონისძიებაა“, რომელიც, პირველ რიგში, გულისხმობს კინემატოგრაფისტებთან შეხვედრებს და უფასო კინოსეანსებს.

წლევანდელი კვირეულის მიმართ ყურადღება განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია თითქოს საპატიო სტუმრებთან ერთად ბრაზილიიდან, ეგვიპტიდან, ჩინეთიდან და სამხრეთი აფრიკიდან მოსკოველები კვირეულზე იხილავდნენ ამერიკელ რეჟისორს, თანამედროვე კინოს კლასიკოსს ვუდი ალენს.

მოგვიანებით ფესტივალის ორგანიზატორებმა განმარტეს, რომ ვუდი ალენთან შეხვედრა გაიმართება ონლაინ-ფორმატში. თუმცა როგორც მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი ამბობს, მოსკოველებს და რუსეთის დედაქალაქის სტუმრებს „უშუალო შეხვედრების“ საშუალებაც ექნებათ... ერთი ასეთი შეხვედრა ემირ კუსტურიცასთან, კანის ფესტივალის „ოქროს პალმის“ ორგზის ლაურეატთან უკვე მოეწყო.

რუსული მედიის ცნობით, შეხვედრამ კუსტურიცასთან, რომელიც მწერალს და ტელეწამყვანს, სერგეი მინაევს მიჰყავდა, მაყურებლის დასწრების თვალსაზრისით „ყველა რეკორდი მოხსნა“.

„ჩემი სტუდენტობის ხანაში იყო ფელინი" - აღნიშნა 23 აგვისტოს, „ღამის კინოს“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე სერბმა რეჟისორმა - "ახლა გვაქვს „ნეტფლიქსი“... თქვენ გყავდათ ნიკიტა მიხალკოვი და ანდრეი კონჩალოვსკი, ახლა გაქვთ „პლატფორმები“... თუმცა შეხვედრა მაინც ოპტიმისტურ ნოტაზე დასრულდა - კუსტურიცამ აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, სულ მალე დასრულდება რუსული კინოს ჰოლივუდიზაცია და ბაზარი აღარ იქნება ხელოვნების განვითარების განმსაზღვრელი.

„ომი როგორც კი დასრულდება, შეიცვლება ფასეულობები“, - დაუმატა რეჟისორმა. ემირ კუსტურიცას თქმით, სერბეთში, რუსეთში და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ჯერ კიდევ ფასობენ განათლებული ადამიანები... დასავლეთში, სადაც ყველაფერს კარნახობს ბაზარი, "განათლება აღარავის სჭირდება“. ემირ კუსტურიცამ გაიმეორა, რომ აპირებს ფილმის გადაღებას რუსეთზე... არსებითად უკვე შეუდგა კიდეც მუშაობას დოკუმენტურ ფილმზე, რომელსაც ერქმევა „მოსკოვი კუსტურიცას მზერით“.

ემირ კუსტურიცასგან განსხვავებით, ვუდი ალენმა უარყო რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ახალი ფილმის გადაღებას რუსეთში აპირებდეს. სიტყვა „ბაზარი“ არ უხსენებია, თუმცა ახსენა ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ვუდი ალენის აზრით, ვერასდროს მოუგებს ადამიანის ტვინს შემოქმედებაში, რადგან შემოქმედება გულისხმობს სწორედ იმას, რასაც დახვეწილი რობოტი ვერ აკეთებს - შეცდომის დაშვებას.

ვუდი ალენი თითქმის დემონსტრაციულად გაემიჯნა პოლიტიკას და არაფერი უთქვამს არც ომზე უკრაინაში, არც პუტინის რეჟიმის ავტორიტარიზმზე და არც თავისი ბიოგრაფიის „უხერხული ეპიზოდები“ გახსენებია.

2023 წელს ვენეციის ფესტივალზე ქალთა უფლებების დამცველებმა რამდენიმე ხალხმრავალი აქცია მოაწყვეს ვუდი ალენის და რომან პოლანსკის ფილმების პროგრამაში ჩართვის გამო. ეს რეჟისორები ვენეციაში არ ჩასულან. საერთოდ, ვუდი ალენი ერიდება ფესტივალებზე დასწრებას 1992 წლიდან, როცა მისი რეპუტაცია მნიშვნელოვნად შეირყა მია ფეროუსთან სასამართლო პროცესების შემდეგ (მია ფეროუ რეჟისორს არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ადანაშაულებდა)... მით უფრო მოულოდნელი აღმოჩნდა კინოს სამყაროსთვის ვუდი ალენის ეს ონლაინინტერვიუ პუტინის პროპაგანდისტების მიერ ჩატარებულ ფესტივალზე და რუსული კინოს მიმართ გამოთქმული მისი კომპლიმენტები.

ვუდი ალენის თქმით, მან ერთ საღამოს ნახა „ომი და მშვიდობა“. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი 7 საათს გრძელდება“... აქო და ადიდა ფილმის ავტორი სერგეი ბონდარჩუკი, როგორც „შესანიშნავი რუსული კინოს ლიდერი“. სხვათა შორის ამ შეხვედრის მოდერატორი და ვუდი ალენის ინტერვიუს ორგანიზატორი იყო რეჟისორი ფედორ ბონდარჩუკი, სერგეი ბონდარჩუკის ვაჟი, ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის პროპაგანდისტი და „ედინაია როსიას“ პოპულარული სახე. სერგეი ბონდარჩუკი ბრეჟნევის ეპოქის ყველაზე გავლენიან რეჟისორად ითვლება საბჭოთა კინოში. 1986 წელს, საბჭოთა კინემატოგრაფისტთა ისტორიულ ყრილობაზე, ბონდარჩუკი ნეპოტიზმსა და კაგებესთან თანამშრომლობაში ამხილეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მან დაკარგა ავტორიტეტი და გავლენები, თუმცა მისმა ვაჟმა მოახერხა ჯერ რუს ლიბერალებთან დაახლოება 90-იან წლებში, შემდეგ კი პუტინის შემოქმედებით ელიტაში შეღწევა.

კინოს საერთაშორისო კვირეული 27 აგვისტოს დაიხურება. თუმცა უკვე ცხადი გახდა, რომ მთელი ეს „სახალხო ღონისძიება“ საბჭოთა კინოხელოვნების ნოსტალგიის გაძლიერებას და ბონდარჩუკის მსგავსი აჩრდილების გაცოცხლებას ემსახურება. რაც შეეხება უცხოელ სტუმრებს, კვირეულს ერთი ამერიკელი კინემატოგრაფისტი მაინც ეწვია - კასკადიორი მარკ დოკასტოსი, რომელთანაც შეხვედრა 26 აგვისტოს შედგება.



  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG