Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“კინემატოგრაფისტი ჩაგრულის ხმას უნდა აჟღერებდეს“ - ფილმები ემოციური მანიპულაციის გარეშე


კინოჩვენება ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს წინ გაიმართა.
კინოჩვენება ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს წინ გაიმართა.

27 ივლისს თბილისსა და ბათუმში, ღია ცის ქვეშ,  ერთდროულად მოეწყო ქართველ დოკუმენტალისტთა პროექტის „სინდისის პატიმრების ამბების“ პრეზენტაცია.

კინოჩვენება თბილისში, პირველ გიმნაზიასთან, ბათუმში კი კონსტიტუციური სასამართლოს წინ გაიმართა და გახდა ნაწილი საპროტესტო აქციისა, რომელიც 8 თვეა იმართება საქართველოში.

პროექტის იდეის ავტორია პლატფორმა „დემოკრატიული კულტურის განვითარებისთვის საქართველოში“ - კულტურის სფეროს, აკადემიური სივრცისა და აქტივისტების ერთობა. ის 8 დოკუმენტური ფილმი, რომლებიც 27 ივლისს ღია ცის ქვეშ უჩვენეს, ნაწილია უფრო დიდი ციკლისა: „სინდისის პატიმრების ამბები ქართველი კინემატოგრაფისტების ფილმებში“.

„ეს იდეა ძალიან მომწონს" - ამბობს კინომცოდნე თეო ხატიაშვილი - "ბოიკოტში მყოფი რეჟისორები, რომელთა ბრძოლა უკვე გასცდა პოლიტიზებულ კინოცენტრთან დაპირისპირებას და გადაინაცვლა რუსთაველზე, ამ ბრძოლის მეხსიერებას ინახავენ და კამერით წერენ უსამართლოდ დაჭერილი ახალგაზრდა თანამებრძოლების ისტორიას“.

თეო ხატიაშვილი
თეო ხატიაშვილი

პროექტში ჩართული რეჟისორები 2023 წლიდან ბოიკოტს უცხადებენ ეროვნულ კინოცენტრს და არ მონაწილეობენ მის კონკურსებში. 200-ზე მეტი კინემატოგრაფისტი „მიტაცებულს“ უწოდებს ამ ორგანიზაციას და პრინციპულად უარს ამბობს სახელმწიფო დაფინანსებაზე. ის კინემატოგრაფისტები, რომლებიც ბოიკოტს არ შეუერთდნენ, ამტკიცებენ, რომ კინოინდუსტრია არც ლიტერატურაა და არც მხატვრობა, ხელოვანმა დამოუკიდებლად, დაფინანსების გარეშე რომ შეძლოს მოღვაწეობა. ამიტომ სახელმწიფო დაფინანსების გარეშე, მითუმეტეს დასავლური დახმარების კონტროლისა და შეზღუდვის პირობებში, ქართული კინო, უბრალოდ, ვერ იარსებებს.

„სინდისის პატიმრების ამბები“, ბოიკოტში მყოფი კინემატოგრაფისტების ეს ახალი პროექტი, ამტკიცებს, რომ კინოს, თუნდაც ჯერ მხოლოდ დოკუმენტურს, მოკლემეტრაჟიანს, დამოუკიდებლად არსებობა შეუძლია, თუკი სტრატეგია კარგადაა გააზრებული და რაც მთავარია, თუკი პროექტში ნიჭიერი ხალხია ჩართული.

სალომე ჯაში, ქეთევან მაჭავარიანი, ელენე ნავერიანი, ვაჟიკო ჩაჩხიანი, სანდრო ქათამაშვილი, ანა ძიაპშიპა, თიკუ კობიაშვილი, ლევან შუბაშვილი, რომლებმაც პროექტის პირველ ეტაპში მიიღეს მონაწილეობა, გამოცდილი ავტორები არიან, თავიანთი სტილი აქვთ... მიუხედავად იმისა რომ 3-5-წუთიან კინოჩანახატში მათი მიზანი პატიმარ-აქტივისტის პორტრეტის შექმნა იყო, ყველა ეს რეჟისორი თავის ხელწერას ინარჩუნებს და იმ სტილის ერთგულია, რომელიც დაამკვიდრა წინა ფილმებში. რაც მთავარია, არცერთი ეს ფილმი არ ჰგავს სატელევიზიო რეპორტაჟს თუ ჩვეულებრივ სიუჟეტს სატელევიზიო გადაცემისთვის. ის, რაც 27 ივლისს ანახეს საპროტესტო აქციაზე გამართულ ჩვენებაზე ნამდვილად იყო კინო - არასტანდარტული თხრობით, გამომგონებლობით, მოულოდნელობით, ხმისა და გამოსახულების ორიგინალური გაერთიანებით.

„ცხადია, ციკლის იდეა, უპირველეს ყოვლისა, თვითონ ამ ადამიანებზე ფოკუსირებაა და შესაბამისად ამ ფილმებს, როგორც კინოს, ნაკლები პრეტენზია აქვთ. მაგრამ ავტორებმა შეძლეს, რომ მინიმალურ დროში დაენახებინათ არა მხოლოდ გმირი, არამედ საკუთარი ხელწერაც, განსხვავებული ფორმებით, დაწყებული უფრო ტრადიციული დოკუმენტურიდან ანიმაციითა თუ ვიდეოარტის ესთეტიკით დამთავრებული“, - ამბობს თეო ხატიაშვილი

პროექტის კიდევ ერთი ღირსება ფორმის მრავალფეროვნებაა. ეს უფრო საინტერესოს ხდის სეანსს და ქმნის მოლოდინის ეფექტს. ქეთი მაჭავარიანისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა გიორგი მინდაძის ბავშვობისდროინდელი დღიურები, ლევან შუბაშვილისთვის გიორგი გორგაძის თანაკლასელების მოგონებები, ვაჟიკო ჩაჩხიანმა ექიმ გიორგი ახობაძის საწოლი აირჩია პატიმრის დაცარიელებულ ბინაში, როგორც თავისებური კინემატოგრაფიული „ნატურმორტი“, სალომე ჯაშმა მზია ამაღლობელის ფოტოალბომი, ანა ძიაპშიპამ ის კინემატოგრაფიული სახეები, რომლებიც თემურ ქათამაძის ისტორიის ასოციაციას ქმნიან.

შესანიშნავია სანდრო ქათამაშვილის გრაფიკული ანიმაცია, რომელიც მათე დევიძეს ეძღვნება. ვფიქრობ, ეს ფილმი, ისევე როგორც არსებითად პროექტში ჩართული სხვა კინოჩანახატებიც, აუცილებლად უნდა უჩვენონ დოკუმენტური ფილმების რომელიმე დიდ, საერთაშორისო კინოფესტივალზე.

“კინემატოგრაფისტი და ზოგადად სახელოვნებო სფეროში დასაქმებული ადამიანი მუდამ ხალხის გვერდით უნდა იდგეს. სუსტის და ჩაგრულის ხმას უნდა აჟღერებდეს. არ არსებობს რეალობა, მოცემულობა, რომელშიც ხელოვანი მხატვრულად ღირებულ ნაწარმოებს ქმნის და არ აინტერესებს ადამიანი” - ამბობს კინომცოდნე ლევან აბდუშელიშვილი, „კინოცენტრის“ ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ბოიკოტის ერთ-ერთი პირველი ინიციატორი იყო. საუბრობს რა ციკლზე „სინდისის პატიმრების ამბები“, ლევან აბდუშელიშვილი იყენებს სიტყვას „ემპათია“, რომელიც, მისი აზრით, ძირითადია, რაც ამ 8 მინიატიურულ კინოჩანახატს აერთიანებს.

ლევან აბდუშელიშვილი
ლევან აბდუშელიშვილი

„საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ დარჩნენ ადამიანები, თან არცთუ ისე ცოტა, რომლებიც უშრეტი შემოქმედებითი ენერგიით, ემპათიით, წინააღმდეგობით აჟღერებენ სისტემის მიერ რეპრესირებული ადამიანების ხმას”, - ამბობს ლევან აბდუშელიშვილი.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის გამოკითხვის თანახმად, ემპათია საპროტესტო აქციებზე დაპატიმრებულთა მიმართ "ქართული ოცნების" ამომრჩეველთა შორისაც საკმაოდ მაღალია. "ქართული ოცნების" ამომრჩევლების 40% მიიჩნევს, რომ აქციების დროს დაპატიმრებული ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ.

ამიტომ არ არის გამორიცხული, ქართველი დოკუმენტალისტების ამ ახალი პროექტით ისიც დაინტერესდეს, ვინც აქტივისტების პოზიციას არ იზიარებს, მაგრამ კინო უყვარს და რაც მთავარია, თანაგრძნობის უნარი არ დაუკარგავს. პატიმარ-აქტივისტების ამ პორტრეტებში საერთოდ ვერ იგრძნობთ პოლიტიკური პროპაგანდის, ემოციებით სპეკულირების თუ მანიპულაციის ნიშნებს - ესაა, ჩემი აზრით, ამ ციკლის მთავარი ღირსება. ამიტომ ამბობს კინომცოდნე თეო ხატიაშვილი:„ვფიქრობ, რომ ეს ფილმები კიდევ უფრო ღირებული გახდება, ვიდრე შესაძლოა დღეს მათ ვუყურებდეთ“.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG