იმის ფონზე, რომ სუს-ი პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში ფართოდ განიხილება მმართველი პარტიის ინტერესებს დაქვემდებარებულ სტრუქტურად, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ დაზვერვის სამსახურის მასში გაერთიანება დამატებით რისკებს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებასა და ინტერესებს.
საქართველოს სადაზვერვო სამსახური არის უწყება, რომელიც, სხვა ფუნქციებთან ერთად, საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას ეწევა.
კანონპროექტი და დასაბუთება
პარლამენტში 2025 წლის 14 მაისს დარეგისტრირდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ამ ცვლილებას ითვალისწინებს. ცვლილება ჯამში 26 კანონში შედის.
პროექტის როგორც ავტორებად, ისე ინიციატორებად დასახელებულნი არიან „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, არჩილ გორდულაძე, რატი იონათამიშვილი, იოსებ ჯორბენაძე, გენრიეტა (გრეტა) წიწავა, ზვიად შალამბერიძე და ვიქტორ ჯაფარიძე.
წამყვან, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე კანონპროექტის განხილვა 23 მაისსაა დაგეგმილი.
იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტი ერთპარტიულია, - „ოცნებისვე“ განაყოფ „ხალხის ძალას“ თუ არ ჩავთვლით, - პარტიას ამ საკითხზე წინააღმდეგობა არ შეხვდება.
პლენარულ სესიაზე განხილვის თარიღი ჯერ მითითებული არ არის.
განმარტებით ბარათში წერია, რომ ახლანდელი საკანონმდებლო მოწესრიგებით, „დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციები და ამოცანები ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია“.
„მეტიც, ეს ფუნქციები და ამოცანები მთელ რიგ შემთხვევებში ერთი და იმავე კანონისმიერი მიზნის მიღწევას ემსახურება. შესაბამისად, მიზანშეწონილია, აღნიშნული ფუნქციების, ამოცანებისა და მათი შესრულებისთვის პასუხისმგებელი სუბიექტების საერთო ორგანიზაციული და საერთო მართვის სისტემის ფარგლებში მოქცევა, რაც გაზრდის მათ ეფექტიანობას“, — ასე ასაბუთებენ ავტორები დაგეგმილ ცვლილებას.
კანონის დამტკიცების შემდეგ, დაზვერვის სამსახური სუს-ის შემადგენლობაში 2025 წლის პირველი ივლისიდან გადავა.
საკადრო ცვლილებები
დაზვერვის სამსახურის წინა და, სავარაუდოდ, უკანასკნელი უფროსი იყო ირაკლი ბერაია, - „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, რომელიც უწყებას 2024 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობდა.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 3 აპრილს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ბერაია თანამდებობიდან გაათავისუფლა.
5 აპრილს კი, როდესაც კობახიძემ სუს-ის თანამშრომლებს წარუდგინე ახალი უფროსი, ანრი ოხანაშვილი, ოხანაშვილმა ერთ-ერთ მოადგილედ სწორედ ბერაია გადაიყვანა.
ამ საკადრო გადაწყვეტილების შემდეგ ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობდა, რომ დაზვერვის სამსახურს სუს-ს შეუერთებდნენ, - ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტმა დაადასტურა ეს მიზანი.
ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“ შეფასებით, ეს ნაბიჯი არის „საგანგაშო ქმედება, რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სისტემას და მის ინსტიტუციურ მოწყობას“.
„ჯეოქეისის“ მრჩეველია გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე - უსაფრთხოების სფეროს ექსპერტი ოცწლიანი გამოცდილებით, რომელიც 2024 წლის აპრილში ირაკლი კობახიძემ გაათავისუფლა დაზვერვის სამსახურის უფროსის პოსტიდან. სწორედ ის ჩაანაცვლა ირაკლი ბერაიამ.
„საფრთხე დასავლურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისთვის“
„წარსულში, სამსახურის სხვა უწყებასთან შერწყმამ გამოიწვია მისი ეფექტიანობის შემცირება და უწყებრივი დესტაბილიზაცია, რაც მალევე თავად იმჟამინდელმა ხელისუფლებამ აღიარა და გადაწყვეტილება უკან გაიწვია“, - წერს ორგანიზაცია „ჯეოქეისი“.
„მას შემდეგ, დაზვერვის სამსახური კვლავ დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა და მასში განხორციელდა საგრძნობი ინვესტირება, როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. მრავალწლიანი პროცესის მიზანი იყო დაზვერვის სამსახური ჩამოყალიბება დამოუკიდებელ, პოლიტიკურად მიუკერძოებელ და დასავლურ ღირებულებებსა და მუშაობის პრინციპებზე დაფუძნებულ ინსტიტუტად, რომელიც ჯეროვნად შეასრულებდა მასზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს“, - ვკითხულობთ 20 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.
„ჯეოქეისის“ თანახმად, დაზვერვის სამსახურის შერწყმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, დიდი ალბათობით, გამოიწვევს:
- „სადაზვერვო საქმიანობის ეფექტიანობის კლებას,
- საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების სათანადო ყურადღების გარეშე დარჩენას/ან სრულად გაქრობას,
- კვალიფიციური კადრების გადინებას;
- საფრთხეს შეუქმნის დასავლურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას, რაც აისახება ინფორმაციის გაზიარების შემცირებაზე, კადრების გადამზადების შეჩერებასა და ნდობის ხარისხზე“.
„ფაქტობრივი გაუქმება“
„რეალობაში ეს ამ უწყების გაუქმებას ნიშნავს, რადგან ქვეყნის შიგნით „კუდიანებზე მონადირეები“ საგარეო დაზვერვისთვის (ანუ რეალურ საფრთხეებზე) ყურადღებასა და თანხებს არ გაიმეტებენ“, - ვარაუდობს ზურაბ ბატიაშვილი, „რონდელის ფონდის“ მკვლევარი.
მისი თქმით, უწყება შექმნისას მისი მთავარი ფუნქცია რუსეთის დაზვერვა იყო.
„ახლა, როდესაც ქოცები რუსების ფილიალად იქცნენ, თავისიანებს ხომ არ დაზვერავენ?! მართალია, ამათ დასავლეთი დაისახეს თავიანთ მოწინააღმდეგედ, მაგრამ აბა დასავლეთის დაზვერვის თავი „ქოცებს“ სად აქვთ“? - წერს ის ფეისბუკზე.
„სუს-ის ძალაუფლების ზრდა“
„ჯეოქეისი“ მიიჩნევს, რომ ამ ცვლილების შედეგად მოხდება „სუს-ის ძალაუფლების მნიშვნელოვანი ზრდა“ და ასევე „დაზვერვის სამსახურში ალტერნატიული ხედვისა და საქმიანი პროცესისათვის აუცილებელი განსხვავებული შეფასებების შეზღუდვა“.
„საქართველოში არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ე.წ. რეფორმა გამოიწვევს სამსახურის პოლიტიზებას, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის საბაზისო პრინციპებს“, - მიიჩნევენ ორგანიზაციაში.
„მაშინ როდესაც საქართველოს წინაშე დგას არაერთი კრიტიკული გამოწვევა და სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოებრივი მედეგობის გაძლიერებას, სახეზეა ინსტიტუციური სისტემის მიზანმიმართული დასუსტების მცდელობა, რაც ერთიანობაში კიდევ უფრო მოწყვლადს გახდის საქართველოს ისედაც დასუსტებულ უსაფრთხოების სისტემას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
„კატასტროფა“
უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა თეონა აქუბარდიამ, ამჟამად პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ამ ნაბიჯს უწოდა „კატასტროფა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის“.
„ეს არის ძალიან მძიმე იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, რუსეთი აძლიერებს ანექსიურ პროცესებს ოკუპირებულ რეგიონებში და როდესაც საფრთხეები ქვეყნის გარედან მტრულად განწყობილი ქვეყნების მხრიდან არსად არ წასულა“, - ამბობს აქუბარდია 19 მაისს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 17 მაისს გამოსცა ბრძანება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას უმარტივებს რუსეთის მოქალაქეობის მიღებას. „ქართული ოცნების“ მთავრობა მის ამ გადაწყვეტილებას არ გამოხმაურებია.
„ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება, როგორც ასეთი, აღარ არსებობს. არსებობს მხოლოდ ბიძინას [ივანიშვილის] რეჟიმის უსაფრთხოება. ამისთვის სჭირდებათ მთელი რესურსების შიდა უსაფრთხოებაში, სუს-ში თავმოყრა“, - მიიჩნევს თეონა აქუბარდია.
დაზვერვის სამსახურის შესახებ
როგორც საქართველოს დაზვერვის სამსახურის ვებსაიტზე ვკითხულობთ, ეს არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, რომელიც „საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას“.
უწყების განმარტებით, მისი მიზნები ასეთია:
- „ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საგარეო საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების დროული გამოვლენა;
- ამ საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ანალიზი და ქვეყნის სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის პირების ინფორმირება;
- უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში ქვეყნის სტრატეგიული კურსის გატარების ხელშეწყობა;
- სუვერენიტეტის დაცვის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ინვესტიციების მოზიდვისა და ტექნოლოგიური პროგრესის მიღწევის პროცესში მონაწილეობა;
- ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან და პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა“.
ფორუმი