Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაყოფს თუ არა დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება სააკაშვილს და გაერთიანებულ ოპოზიციას?


გრიგოლ ვაშაძე თანაგუნდელებთან ერთად. 28 ნოემბერი
გრიგოლ ვაშაძე თანაგუნდელებთან ერთად. 28 ნოემბერი

ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ გრიგოლ ვაშაძე არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადებისთანავე გაემიჯნა და მას „ერთი ადამიანის პირადი მოსაზრება“ უწოდა.

„ის, რაც კოლექტიური გადაწყვეტილებით არ მიღებულა და არ გაცხადებულა ამ ტრიბუნაზე, ამ შტაბში, რჩება ერთი ადამიანის პირად მოსაზრებად“, – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდაჭერილმა „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა.

„დამთავრდა ერთპიროვნული გადაწყვეტილებები“, – ეს განცხადება კი გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსს გიორგი ვაშაძეს ეკუთვნის, რომლიც თქმითაც, „ახლა ზუსტად ის დროა, როცა გაერთიანებული ოპოზიცია და „ძალა ერთობაშია“ რეალურად აჩვენებს საკუთარ სახეს და ძალას. აქ არის 11 პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს კონსენსუსით. თქვენ ვერც ერთ წევრს ვერ ნახავთ კოალიციაში, რომელსაც აქვს განსხვავებული მოსაზრება“.

ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველშიც კი რევოლუციური სცენარის მომხრე ძალიან ცოტაა, იმდენად ცოტა, რომ ამ სცენარს პერსპექტივა და განვითარება არ უწერია...
ხათუნა ლაგაზიძე

გაერთიანებული ოპოზიციის კოალიციაში შემავალი „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის სიტყვებით კი ამ სიტუაციაში, ნომერ პირველი პოლიტიკური ღირებულება აქვს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის პოზიციას.

„ჩვენ რესპუბლიკელები აქ ვართ გრიგოლ ვაშაძის შტაბში და ჩვენ მის საარჩევნო კამპანიას შემოვუერთდით ჩვენი მოკრძალებული შესაძლებლობების ფარგლებში პირველი ტურის შემდეგ და ბუნებრივია, ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის პოზიცია. ნომერ პირველი პოლიტიკური ღირებულება აქვს გრიგოლ ვაშაძის პოზიციას“.

დავით ბერძენიშვილი იმედოვნებს, გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო პოზიცია, რომ „რევოლუცია იწვევს ზიზღს“ არ შეიცვლება.

გაერთიანებული ოპოზიცია, არჩევნების შედეგებზე რეაგირების სტრატეგიას მხარდამჭერებთან ერთად განიხილავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველშიც კი რევოლუციური სცენარის მომხრე ძალიან ცოტაა, იმდენად ცოტა, რომ ამ სცენარს პერსპექტივა და განვითარება არ უწერია“, - ამბობს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.

პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, „მალე მიეცემა დავიწყებას“.

თორნიკე შარაშენიძე
თორნიკე შარაშენიძე

„[გრიგოლ] ვაშაძე არის დამოუკიდებელი ფიგურა და ის მინისტრად მუშაობის დროსაც არ დადიოდა მარტივად სააკაშვილის ჭკუაზე. ეს გამოჩნდა გუშინაც. სააკაშვილის განცხადება მალე იქნება მიცემული დავიწყებას, მათ შორის თვითონ სააკაშვილის მხრიდანაც. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობამ დაინახა, რა ხდებოდა ამ არჩევნებზე – მოსყიდვისა და დაშინების ამდენი შემთხვევა, რბილად რომ ვთქვათ, არ იყო ლამაზი – რევოლუცია ხალხს მაინც არ უნდა. პირდაპირ რომ ვთქვათ, რევოლუცია ხალხს აშინებს“, – ფიქრობს თორნიკე შარაშენიძე.

გაერთიანებული ოპოზიციის დამოკიდებულება, რომლითაც ისინი ფაქტობრივად გაემიჯნენ მიხეილ სააკაშვილს, ასუსტებს და აბათილებს ხელისუფლების მესიჯს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია იგივეა, რაც მიხეილ სააკაშვილი, ამბობს პოლიტოლოგი გია ნოდია.

გია ნოდია
გია ნოდია

„სააკაშვილმა, როგორც ჩანს, საკმაოდ დაუფიქრებლად და შეუთანხმებლად გააკეთა ის განცხადება, მას არ აქვს ადეკვატური წარმოდგენა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და მისი მომხრეებისთვისაც კი ძალიან ცხადი აღმოჩნდა, რომ ეს ძალიან არამომგებიანი განცხადება იყო“, - ამბობს გია ნოდია.

გაერთიანებული ოპოზიცია სამოქმედო გეგმების შესახებ მეტს უკვე მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდგ იტყვის.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG