ბულგარეთის მთავრობა ოპტიმისტურად არის განწყობილი მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ სოფიის ქუჩებში დიდი ხმაური ჰქონდათ ევროს შემოღების მოწინააღმდეგეებს, რომლებმაც სოფიაში ევროკომისიის შენობის გადაწვაც კი სცადეს. საგულისხმო დეტალი: ძალადობრივი აქციის მონაწილეები, ბულგარეთის დროშასთან ერთად, რუსეთის დროშებსაც აფრიალებდნენ.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ბულგარეთს დაუგვიანდა ევროზონაში შესვლა. მიუხედავად იმისა, რომ ევროს შემოღება ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი პირობა იყო, საკანონმდებლო ჩავარდნებმა, მათ შორის, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის რეფორმებმა, ინფლაციასთან ბრძოლის არაეფექტიანმა მეთოდებმა და პოლიტიკურმა ჩიხმა (ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შვიდი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა) ბულგარეთის ევროზონაში შესვლის გზა მნიშვნელოვნად გაართულა და დააგრძელა.
თუმცა, როგორც რადიო თავისუფალი ევროპის ბულგარული რედაქცია იუწყება, ყოველივე ამის მიუხედავად, სოფია 4 ივნისს ევროკომისიისა და ევროპის ცენტრალური ბანკისგან იმის დადასტურებას ელის, რომ ბულგარეთი მზად არის მომავალი წლიდან (2026 წლის 1 იანვარი) ევროზონის ნაწილი გახდეს.
ევროს შემოღების გადაწყვეტილება ბულგარეთის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გადადგმული მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ევროკავშირში სრული ინტეგრაციისკენ: 2024 წლის 1 იანვრიდან სოფია შენგენის შეთანხმების სრულუფლებიანი წევრი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბულგარეთის საზღვრები მეზობელ საბერძნეთთან და რუმინეთთან სრულად გახსნილია.
რატომ დაგვიანდა ევროს ზონაში შესვლა?
ბულგარეთმა, 2007 წელს ევროკავშირში შესვლისა და გაწევრიანების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, კავშირის საერთო ვალუტის - ევროს შემოღების ვალდებულება აიღო, რასაც, პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად, ყველა მთავრობა უჭერდა მხარს.
2010 წელს ეს საკითხი გადაიდო საბერძნეთის ფინანსური კრიზისის გამო.
2014 წელს გაკოტრდა ბულგარეთის ერთ-ერთი მსხვილი ბანკი და მხოლოდ 2020 წელს ბულგარეთი გახდა ევროპის სავალუტო კურსების რეგულირების მექანიზმის (ERM II), ე.წ. „ევროს მოსაცდელი დარბაზის“ წევრი.
ევროზონისკენ მიმავალ გზაზე ბულგარეთი პოლიტიკური ტურბულენტობის პერიოდში ჩაეფლო - 2021 წლიდან მოყოლებული შვიდი საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა და რამდენიმე მთავრობა გამოიცვალა.
თუმცა "ზოგი ჭირი მარგებელია"-ს პრინციპით, ტურბულენტობამ ბულგარეთის მთავრობის დღის წესრიგის ნაწილად აქცია ანტიკორუფციული რეფორმები, ხოლო პარლამენტსა და პოლიტიკურ სცენაზე შეიყვანა რეფორმებზე ორიენტირებული, პროდასავლური პოლიტიკოსები.
ვის ეშინია ევროსი?
ბულგარეთში ევროს მხარდაჭერა თანდათანობით შემცირდება. სპეციალისტების თქმით, ახლა ერთიანი ვალუტის შემოღებას უფრო მეტი ბულგარელი ეწინააღმდეგება, ვიდრე მხარს უჭერს.
ევროსადმი აგრესიას ღიად გამოხატავდნენ გასულ უქმეებზე სოფიასა და სხვა ქალაქების ქუჩებში გამოსული დემონსტრანტები, რომლებიც შიშობენ, რომ ერთიან ევროზონაში შესვლა დააზარალებს ბულგარეთის ეკონომიკას და მნიშვნელოვნად გაზრდის სამომხმარებლო ფასებს.
ევრობარომეტრის ბოლოდროინდელმა გამოკითხვამაც აჩვენა, რომ ბულგარელთა 50% ეწინააღმდეგება ევროს შემოღებას, მხარს კი 43% უჭერს. მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების ამგვარი განაწილების ახსნა ამავე კვლევაშია მოცემული - ბოლო წლებში ბულგარელებისთვის ყველაზე დიდ პრობლემად იქცა ცხოვრების გაძვირება.
შესაძლო გამოწვევები:
- ფასების ზრდა (ინფლაცია) - ზოგიერთ პროდუქციაზე ფასები შესაძლოა გაიზარდოს ევროს შემოღების შემდეგ, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ინფლაციის მაჩვენებელი სტაბილურობის ფარგლებში დაბრუნდება.
- მონეტარულ პოლიტიკაზე კონტროლის დაკარგვა - ბულგარეთი ვეღარ განსაზღვრავს საკუთარ მონეტარულ პოლიტიკას, რადგან მას გადაიბარებს ევროკავშირის ცენტრალური ბანკი. ეს კი შეიძლება პრობლემური იყოს ეკონომიკური კრიზისის დროს.
- გარდამავალი პერიოდის ხარჯები - საზოგადოებრივ და კერძო სექტორს ექნება გარკვეული ხარჯები ვალუტის შეცვლასთან დაკავშირებით. საჭირო იქნება საბანკო სისტემების, სალარო აპარატებისა და საბუღალტრო სისტემების ადაპტირება.
ბულგარელთა ამ შიშებს კიდევ უფრო ამძაფრებს ანტიევროპული და პრორუსული პარტიების აგრესიული დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანი რიგითი ბულგარელების დაშინებაა.
ევროს მოწინააღმდეგეთა კამპანიის ლიდერია პარტია „აღორძინება“, რომელმაც ცოტა ხნის წინ თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმა რუსეთის მმართველ პარტია „ერთიან რუსეთთან“.
„აღორძინება“ (Възраждане) - პრორუსული და ანტიევროპული პარტიაა. ამავე დროს პარტიას წარმომადგენლები ჰყავს ევროპარლამენტში, სადაც „აღორძინება“ გაერთიანებულია ულტრამემარჯვენე პარტიებთან ერთად „სუვერენულ ერთა ევროპაში“, რომელშიც ასევე შედის რადიკალური „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD).
ამ პარტიის ლიდერები მოქალაქეებს არწმუნებენ, რომ თუ გარკვეული დროის განმავლობაში არ დახარჯავენ საბანკო ანგარიშებზე დაგროვილ დანაზოგებს, ისინი ამ თანხებს დაკარგავენ. ან კიდევ, ეუბნებიან, რომ შემოიღებენ ციფრულ ევროს, რათა ხელისუფლებამ მათი გაკონტროლება შეძლოს.
„აღორძინება“ არა მარტო ევროზე გადასვლის, არამედ ბულგარეთის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგიცაა. პარტიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ეს ორგანიზაციები თითქოს აზიანებენ ბულგარეთის სუვერენიტეტს.
როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, „აღორძინების“ გავრცელებული არცერთი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა ბულგარეთში პოლიტიკოსების, ინსტიტუტებისა და მედიის მიმართ ნდობის ზოგადი ნაკლებობა ხელს უწყობს მიმდინარე დაძაბულობისა და შფოთვის შენარჩუნებას.
რას უნდა ელოდნენ ბულგარელები ახლა?
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ევროს შემოღება შეუქცევადი პროცესია და მას, პრაქტიკულად, ვერაფერი შეაჩერებს.
ეს პროცესი ვერ შეაჩერა პრეზიდენტ რუმენ რადევის მოულოდნელმა ნაბიჯმაც კი, არადა მან ბოლო წუთს მოითხოვა რეფერენდუმის ჩატარება ერთიანი ვალუტის შემოღების თარიღთან დაკავშირებით.
ბულგარეთის საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება იურიდიულად შეუძლებელია და ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, პარლამენტის 240 დეპუტატიდან კი მთავრობის გადაწყვეტილებას, გადადგას ევროზონაში შესასვლელი ბოლო ნაბიჯები, მხარს უჭერს 171 დეპუტატი ანუ პარლამენტის წევრთა 71%.
სპეციალისტების განმარტებით, ბულგარეთისთვის ევროზონაში გაწევრიანება და ევროს ოფიციალურ ვალუტად მიღება არ არის მხოლოდ ტექნიკური საფინანსო ცვლილება - ეს არის სტრატეგიული ეკონომიკური და პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც, გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყანას მოუტანს დიდ სარგებელს, რაშიც იგულისხმება:
- ფინანსური სტაბილურობა და ნდობა - ევროს შემოღება ნიშნავს ევროკავშირის ცენტრალური ბანკის მონეტარულ სისტემაში ინტეგრირებას, რაც ამცირებს სავალუტო რისკებს. გაძლიერდება ინვესტორთა ნდობა ბულგარეთის ეკონომიკისადმი.
- დაბალი პროცენტი სესხებზე - ევროკავშირის სტაბილური მონეტარული პოლიტიკა გამოიწვევს უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთებს. მოსალოდნელია, რომ ბანკები უფრო ხელსაყრელ პირობებს შესთავაზებენ მოქალაქეებსა და ბიზნესს.
- სავალუტო რისკების გაქრობა - აღარ იქნება ვალუტის გადაცვლის საჭიროება, რაც გაამარტივებს საერთაშორისო ვაჭრობას და მოგზაურობას; ხელსაყრელი იქნება ტურისტული სექტორისთვის. გაღრმავდება ეკონომიკური კავშირები ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან. ბულგარეთს ექნება ადგილი ევროზონის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
როგორი იქნება ევროზე გადასვლის პროცესი?
ბულგარეთის მზადყოფნა გახდეს ევროზონის წევრი, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა უკვე აკმაყოფილებს ევროზონაში შესვლისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს, მათ შორის ინფლაციის კონტროლს, ბიუჯეტის დეფიციტის 3%-ზე და სახელმწიფო ვალის 60%-ზე ნაკლებობას.
2024 წელს ბულგარეთის მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენდა დაახლოებით 202,9 მილიარდი ბულგარულ ლევს (დაახლოებით 103,4 მილიარდი ევრო ან 111,9 მილიარდი აშშ დოლარი). მშპ ერთ სულზე (per capita) - 31,479 ლევი (დაახლოებით 16,052 ევრო ან 17,364 აშშ დოლარი).
2024 წლის ბოლოსთვის ბულგარეთის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 6,74 მილიონ ადამიანს, მაშინ როცა 1980-იან წლებში იგი თითქმის 9 მილიონს აღწევდა. მოსახლეობის კლება ძირითადად გამოწვეულია დაბალი შობადობით, მაღალი ემიგრაციით და დაბერებით. ბულგარეთის მოსახლეობის დაახლოებით 76,9% ცხოვრობს ურბანულ ტერიტორიებზე, რაც ნიშნავს, რომ ქალაქებში ცხოვრობს დაახლოებით 5.2 მილიონი ადამიანი. მთავარი ქალაქი სოფია (1,3 მლნ ადამიანი) არის ქვეყნის დედაქალაქი და ყველაზე დიდი ქალაქი, სადაც კონცენტრირებულია ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრება.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, თუ ყველაფერი მთავრობის გეგმის მიხედვით წარიმართება, ბულგარეთი 1 იანვრიდან ევროზონის ოცდამეერთე ქვეყანა გახდება, რის შემდეგაც ყველა ფასი და ხელფასი ევროში იქნება დენომინირებული.
გაცვლით კურსად დიდი ხანია განსაზღვრულია: 1 ევრო - 1.95583 ლევი. ასეთი კურსი დაფიქსირდა ჯერ კიდევ 2002 წელს ანუ ევროს შემოღების მომენტში, რადგან ბულგარული ლევი მიბმული იყო გერმანულ მარკასთან.
ამჟამად ზოგიერთ სუპერმარკეტში ფასები ორივე ვალუტაშია მითითებული.
როგორც ბულგარეთის მთავრობა განმარტავს, მოქალაქეებს ექვსი თვე ექნებათ იმისთვის, რომ ნაღდი ფული ევროზე გადაცვალონ საკომისიოს გარეშე. ამ პერიოდის განმავლობაში (შესაძლოა მეტი ხნითაც) ორივე ვალუტაში დარჩება ფასები.
ექსპერტების თქმით, ევროს შემოღება ბულგარეთის ეკონომიკის სტიმულირებას მოახდენს.
ბულგარელთა უმეტესობისთვის ცვლილებები არც ისე დრამატული იქნება.
უძრავი ქონების ფასები ისედაც დიდი ხანია ევროში იანგარიშება. მომსახურების ნაწილშიც ანგარიშსწორება ასევე ევროში მიმდინარეობს. ბევრ ადამიანს დანაზოგიც ევროში აქვს გაკეთებული.
ფორუმი