27 ივნისს გამოქვეყნებული ვრცელი დოკუმენტის სახელია: „გაერთიანებული სამეფოს სანქციები: სახელმძღვანელო მითითებები ქართული ბიზნესებისთვის“.
დოკუმენტი ეხება ფინანსურ, ასევე სავაჭრო სანქციებს.
„თქვენ შეიძლება დაგეკისროთ სანქციები“ ან „თქვენ შეიძლება მაღალი რისკის მატარებლად მიგიჩნიონ გაერთიანებული სამეფოს მიმწოდებლებმა“, - ეუბნება ბრიტანეთის მთავრობა ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს.
ეს იმ შემთხვევებში, თუკი ბიზნესი ან მისი მფლობელი „ჩართულია საქმიანობაში, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთის უკრაინაში შეჭრას“.
კონტექსტი
დოკუმენტის დასაწყისში აღნიშნულია, რომ დიდმა ბრიტანეთმა და მოკავშირეებმა „უპრეცედენტო მასშტაბის სანქციები“ დაუწესეს რუსეთს მისი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ.
„დიდმა ბრიტანეთმა 2 000-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი და დააწესა ფართო შეზღუდვები რუსეთის მონაწილეობით სავაჭრო და ეკონომიკურ საქმიანობაზე“.
სანქციების მიზნად კი დასახელებულია, აიძულოს რუსეთი, შეწყვიტოს დესტაბილიზაცია უკრაინაში და გადაიხადოს კომპენსაცია ამ ქვეყნისთვის მიყენებული ზიანის გამო.
ამასთან, განმარტებულია, რომ სახელმძღვანელო გამოცემულია, რათა დაეხმაროს ბიზნესებს „სანქციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში“.
„თავის არიდება“
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, რუსეთი:
- „ყველაფერს აკეთებს“ სანქციების გვერდის ავლისთვის;
- განაგრძობს დასავლური „სამხედრო, ორმაგი გამოყენების და სხვა პოტენციურად საშიში საქონლის, მათ შორის, საბრძოლო ტექნოლოგიების“ შესყიდვას მესამე ქვეყნებისგან;
- ეყრდნობა „თვალთმაქცურ ტაქტიკას, როგორიცაა არაპირდაპირი გადაზიდვის მარშრუტები, საქონლის საბოლოო გამოყენების გაყალბება და თავის არიდების პროფესიონალური ქსელები“.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „საქართველოს კონტექსტში ეს შეიძლება მოიცავდეს შემდეგს“:
- „საქართველოში მოქმედმა კომპანიამ შეიძლება მიიღოს შეკვეთა რუსი იმპორტიორისგან იმ საქონელზე, რომელზეც ვრცელდება გაერთიანებული სამეფოს სანქციები და ამიტომ მისი მიღება შეუძლებელია უშუალოდ გაერთიანებული სამეფოდან.
- ქართული კომპანია შეუკვეთს საქონელს მიმწოდებელს გაერთიანებული სამეფოდან ისე, რომ არ აცნობებს მას ან სხვა მონაწილე პირებს (როგორიცაა ბანკები, დამზღვევები, გადამზიდავები), რომ საქონლის საბოლოო მომხმარებელი იმყოფება რუსეთში.
- გაერთიანებული სამეფოს მიმწოდებელს საქონელი გადააქვს ქართულ კომპანიაში, რომელიც შემდეგ ახდენს მის რეექსპორტს რუსეთში“.
მთავრობა განმარტავს, რომ ამ ტიპის და სხვა ამის მსგავსი პრაქტიკა სანქციების გვერდის ავლას წარმოადგენს: „ამ რისკებმა შეიძლება გავლენა იქონიოს მიწოდების ჯაჭვის ყველა მხარეზე, მიუხედავად მათი ჩართულობის ფორმისა და ზომისა“.
„თქვენ შეიძლება დასანქცირდეთ“
„გაერთიანებულმა სამეფომ შეიძლება სანქციები დაგაკისროთ უშუალოდ თქვენ, როგორც ფიზიკურ პირს ან იმ ორგანიზაციას, რომლებსაც ფლობთ ან აკონტროლებთ, თუ ჩართული ხართ საქმიანობაში, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთის უკრაინაში შეჭრას“, - ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.
თუ რას ნიშნავს პრაქტიკაში ეს, დოკუმენტი ასე განმარტავს:
- „გაერთიანებული სამეფოს ყველა კომპანიამ და ბევრმა საერთაშორისო კომპანიამ შეიძლება უარი თქვას თქვენთან, ისევე როგორც იმ ორგანიზაციებთან ბიზნესის კეთებაზე, რომლებსაც ფლობთ ან აკონტროლებთ“;
- „ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ გაერთიანებული სამეფოს კომპანიები უარს ამბობენ თქვენთვის საქონლის მიწოდებაზე, თქვენგან საქონლის შეძენაზე, თქვენი აღჭურვილობის შეკეთებაზე ან მომსახურებაზე, ან პროფესიონალური და საქმიანი მომსახურების გაწევაზე“;
- „გაერთიანებული სამეფოს ყველა ბანკმა და ბევრმა საერთაშორისო ბანკმა შეიძლება გაყინოს თქვენი ნებისმიერი აქტივი, რომელსაც ისინი განკარგავენ და უარი თქვას თქვენს მომსახურებაზე“;
- „თუ გაერთიანებული სამეფოს კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ დაზღვევა ან გადაზიდვა/სატვირთო მომსახურება, ისინი ასევე უარს იტყვიან თქვენს ბიზნესთან რაიმე კავშირზე, თუ თქვენ ან რომელიმე სხვა მხარე ან მასთან დაკავშირებული საქონელი სანქცირებულია“.
ქართული კანონმდებლობა
დოკუმენტი მიმოიხილავს საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას სანქციებთან დაკავშირებით, თუმცა იქვე უთითებს, რომ „გაერთიანებული სამეფოს მთავრობა არ იღებს პასუხისმგებლობას ამ ნაწილის შინაარსის სიზუსტეზე“.
მათ შორისაა დასახელებული „კომერციული ბანკის საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონი“, სებ-ის მიერ ბანკებისთვის 2022 წლის 26 თებერვალს გაცემული დავალება, „დაიცვან გაერთიანებული სამეფოს (ასევე აშშ-სა და ევროკავშირის) სანქციების მოთხოვნები რუსეთისა და ბელარუსის მიმართ“.
ასევე ნახსენებია 2023 წლის 4 აგვისტოს გამოცემული და მოგვიანებით ნათია თურნავას ხელმოწერით შეცვლილი ბრძანება, რის შედეგადაც, როგორც ბრიტანეთის მთავრობა წერს, „ქართველი პირები შეიძლება დაექვემდებარონ ჯარიმებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათზე დაკისრებული სანქციის საფუძველზე გამოტანილია საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენი ადგილობრივ სასამართლოში“.
დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ „საქართველოს არსებული კანონმდებლობა არ შეიცავს სანქციების რეჟიმს“, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული გარკვეული ზომებისა.
„არ არსებობს კონკრეტული სამოქალაქო, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი ჯარიმები სხვა ისეთი ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების შეუსრულებლობისთვის, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო“, - წერს ბრიტანეთის მთავრობა.
ამის მიუხედავად, სახელმძღვანელოში განმარტებულია, რომ „ქართული ბიზნესი, რომელიც არ დაიცავს ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს, შეიძლება დაექვემდებაროს მთელ რიგ ჯარიმებს“.
სრული დოკუმენტი ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
ბრიტანეთის მოქმედი პერსონალური სანქციები
გაერთიანებულ სამეფოს ამ ეტაპზე ფინანსური სანქციები აქვს დაწესებული შემდეგი პირებისათვის:
- ვახტანგ გომელაური, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი - გადადგა სანქცირების შემდეგ;
- გიორგი გაბიტაშვილი, ყოფილი გენერალური პროკურორი - გადადგა სანქცირების შემდეგ;
- შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე;
- შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის (ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილის) მოადგილე მირზა კეზევაძე;
- კარლო კაციტაძე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი .
- მილერი ლაგაზაური, გდდ-ის უფროსის მოადგილე
- ალექსანდრე დარახველიძე, შს მინისტრის მოადგილე
- სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიტიკის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი; სანქცირების შემდეგ დანიშნეს აჭარის მთავრობის მეთაურად;
- მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე;
- მოსამართლე ლევან მურუსიძე.
გაერთიანებულ სამეფოს ჯერჯერობით სანქციები არ დაუწესებია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისთვის, საპატიო თავმჯდომარისათვის, მილიარდერი ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილისათვის.
გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში შეტანილი წინადადებით ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს.
წინადადებას, რომელიც 13 იანვარს წარადგინა თემთა პალატაში პარლამენტის წევრმა, ლიბერალ-დემოკრატმა ჯეიმს მაკკლირიმ, 27 ივნისისთვის 27 ხელმომწერი/მხარდამჭერი ჰყავს.
26 ივნისს, - სანქციების გზამკვლევის გამოქვეყნების წინა დღეს, - „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გარეთ უორდს, შეხვდა.
უწყების მიერ გავრცელებულ ცნობაში წერია, რომ მაკა ბოჭორიშვილმა გარეთ უორდთან ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე ისაუბრა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია დიდი ბრიტანეთის საელჩოს საქართველოში.
ფორუმი