Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ერთ-ერთი ინსპირატორი ბაჩიაშვილია“ - „ოცნება“ ფინანსური დამნაშავეებისგან ქონების ამოღებას „ამარტივებს“


ფინანსურ დანაშაულზე მსჯავრდადებულებისგან ქონების ამოღება „მარტივდება“, - აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“.
ფინანსურ დანაშაულზე მსჯავრდადებულებისგან ქონების ამოღება „მარტივდება“, - აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“.

„ქართული ოცნება“ მორიგ საკანონდებლო ცვლილებას აანონსებს. ამჯერად მარტივდება ფინანსური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მსჯავრდებული პირისგან და მისი გარემოცვისაგან ქონების ამოღების პროცედურები - „ზიანის ანაზღაურება“.

ამასთან, ცვლილებების თანახმად, მსჯავრდადებულს პატიმრობის მოხდის შემდეგაც შეიძლება სასამართლომ ქვეყნის დატოვების უფლება შეუზღუდოს, ვიდრე „ზიანს არ აანაზღაურებს“.

ეს ინიციატივა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გააცნო საზოგადოებას პარლამენტიდან.

მანვე დაადასტურა, რომ ცვლილებების „ერთ-ერთი ინსპირატორი“ არის გიორგი ბაჩიაშვილი, - ბიზნესმენი, რომელიც მსჯავრდადებულია ბიძინა ივანიშვილის საქმეზე, კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით. ბაჩიაშვილი, სავარაუდოდ, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ძალის გამოყენებით მაისის ბოლოს დააბრუნეს.

„ერთ-ერთი ინსპირატორი“

ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა გიორგი ბაჩიაშვილი, - „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი „მარჯვენა ხელი“, - საკანონმდებლო ცვლილების ინსპირაცია, მდინარაძემ განაცხადა:

„მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დიახ, ოღონდ მათ შორის… ერთ-ერთი ინსპირატორი ამ თემისა შეიძლება ბაჩიაშვილიც იყოს, მაგრამ სხვა უამრავიც, მათ შორის. საერთოდ, კანონები ასე იცვლება, - როცა ხედავს კანონმდებელი გამოწვევას კონკრეტულ ქეისებზე დაყრდნობით“.

გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლო სხდომაზე
გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლო სხდომაზე

მან ასევე თქვა: „როდესაც ბაჩიაშვილი თუ სხვა ბრალდებულები საუბრობენ და არის მოლოდინი მათი მხრიდან, რომ ჩავიდენ დანაშაულს, რამდენიმეწლიანი ციხის მოხდის შემდეგ შემრჩება ძალიან დიდი ფული“.

ბაჩიაშვილი უარყოფს ფინანსური დანაშაულის ჩადენას, ბრალდებას ყალბსა და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ივანიშვილს მის წინააღმდეგ შურისძიება და ეჭვები ამოძრავებს.

თანხის ამოღება „მარტივდება“

მამუკა მდინარაძის თქმით, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრებმა დღეს დაარეგისტრირეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეხება ეკონომიკური, ფინანსური დანაშაულების ჩამდენ პირებს.

„არის გაწერილი კონკრეტული ეკონომიკური, ფინანსური დანაშაულები, რომელთა ჩადენის შემთხვევაში, დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, მსჯავრდადებულის და მისი ოჯახის წევრების, ასევე დაკავშირებული პირებისგან ქონების, მატერიალური რესურსების ამოღება მარტივდება“, - განაცხადა მდინარაძემ.

„იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ჩაიდენს ეკონომიკურ, ფინანსურ დანაშაულს და კონკრეტულ მეორე ადამიანს ზიანს მიაყენებს … მარტივდება დამნაშავისგან, მისი ოჯახის წევრებისგან, ასევე დაკავშირებული პირებისგან ქონების, თანხის ამოღება“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი განმარტებით, თუკი ეს საქმე აქამდე „სხვადასხვა ხანგრძლივ პროცედურას, მათ შორის, სამოქალაქო დავას მოითხოვდა, რაც წლები გრძელდებოდა, ეს ახლა იქნება გამარტივებული“.

მდინარაძის თქმით, ცვლილებები იქნება პრევენცია: „ჩვენ ამით პრევენციას ვახდენთ იმ მიდგომისა, როდესაც დამნაშავე ამბობს: „დავჯდები ახლა ორი, სამი, ხუთი, შვიდი წელი და ამ ერთ მილიონს, - პირობითად, - რომელიც მივაყენე დაზარალებულს, შევირჩენ ან ჩემს მეგობარზე გავაფორმებ, ან დედაჩემზე, მამაჩემზე, ბიძაშვილზე და ა.შ.“. ეს ამ ცვლილებით გამორიცხული იქნება“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ქვეყნის დატოვების აკრძალვა პატიმრობის ვადის შემდეგ

გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადების თანახმად, შესაძლებელი იქნება, რომ მსჯავრდადებულს ქვეყნის დატოვება აეკრძალოს მას შემდეგაც კი, რაც მოსამართლის მიერ განსაზღვრულ სასჯელს მოიხდის.

მდინარაძემ ეს ცვლილება „სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით“ ახსნა და თქვა, რომ ცვლილების თანახმად, „პროკურორი მიმართავს სასამართლოს და სასამართლოს შეუძლია, გარკვეული ვადით შეუზღუდოს პირს ქვეყნის დატოვება სასჯელის მოხდის შემდეგ.“

მისი თქმით, განისაზღვრება კონკრეტული ვადებიც: ექვსი, 12 და 16 წელი.

„პირს [იმის მიხედვით, ნაკლებად მძიმეა თუ მძიმე ფინანსური დანაშაული] ექვსი, 12 წლით და 16 წლით აეკრძალება ქვეყნის დატოვება, - რაც იქნება შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით უზრუნველყოფილი, - ვიდრე არ აანაზღაურებს დაზარალებულის ზიანს“, - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თანახმად, ეს ცვლილება მშენებლობის სექტორში დანაშაულსაც დააზღვევს:

„მშენებლობის თემაში უამრავი ეკონომიკური დანაშაული გვახსოვს, რომ გადაყრიდნენ ხოლმე ათასობით მოქალაქეს, შემდეგ მოიხდიდნენ რამდენიმეწლიან სასჯელს და მითვისებული თანხა რჩებოდათ. მე მგონი, საუკეთესო ინიციატივაა. სასჯელის მოხდის შემდგომ იწყება ამ ვადების ათვლა“, - თქვა მან.

ბაჩიაშვილი, დავა და დაბრუნება

ბიძინა ივანიშვილის საჩივრის საფუძველზე „კრიპტოვალუტების საქმესთან“ დაკავშირებით პატიმრობაშეფარდებული გიორგი ბაჩიაშვილი, - რომელმაც ქვეყანა 2 მარტს „ტოიოტა ქამრით“ მალულად დატოვა სომხეთის საზღვრის გავლით, - 24 მაისს, სავარაუდოდ, საამიროებში დააკავეს და საქართველოში ძალის გამოყენებით დააბრუნეს.

2025 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა „კრიპტოვალუტების საქმეზე“. ბრალდება 9-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. ბაჩიაშვილს ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით პატიმრობა მიუსაჯეს.

მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს, რომ მანაც მიიჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილთან დავაში იყო „ინვესტორი“ და არა უბრალოდ დამხმარე პირი სესხის აღებაში.

ბაჩიაშვილი კი აცხადებდა, რომ ივანიშვილი „ინვესტორი“ არ ყოფილა, მხოლოდ სესხის აღებაში დაეხმარა მას, გარკვეული თანხა გადაუხადა, ხოლო დამატებით თანხა არ ეკუთვნოდა. იგი საქმეში პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობდა.

ბაჩიაშვილი, რომელიც 2011 წლიდან ივანიშვილის „უნიკორის“, - რუსეთში მისი ქონების მმართველი კომპანიის, - აღმასრულებელი დირექტორი იყო, მოგვიანებით „თანაინვესტირების ფონდის“ მმართველი გახდა.

კრიპტოვალუტების ბიზნესი „ბიტფური“ სწორედ ივანიშვილსა და ბაჩიაშვილს უკავშირდება.

ამასთან, ბაჩიაშვილი იყო ის, ვინც აღმოაჩინა ივანიშვილის ბანკირის, პატრის ლესკადრონის ფინანსური მაქინაციები 2015 წელს, რასაც მოჰყვა შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისთან“ მრავალწლიანი დაპირისპირების საგა სხვადასხვა იურისდიქციაში.

რამდენიმე საათით ადრე, სანამ ბაჩიაშვილის დაკავების ამბავი გასაჯაროვდებოდა, გამოცემა „გარდიანში“ გამოქვეყნდა გიორგი ბაჩიაშვილთან ინტერვიუ.

მიმალვაში მყოფი ბაჩიაშვილი აცხადებდა, რომ ორი ქვეყნის სპეცსამსახურების ცნობით, მისი მკვლელობის ბრძანებაა გაცემული.

„ქართული ოცნების“ მოლაპარაკე თავების განვითარებული შეთქმულების თეორია „გლობალურის ომის პარტიაზე“ (როგორც მოგვიანებით უწოდეს, - „დიპ სტეიტზე“) გიორგი ბაჩიაშვილს ივანიშვილის წინააღმდეგ „დასავლეთის სპეცსამსახურების შეთქმულების“ აღსრულებაში ცენტრალურ ფიგურად ხატავს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG