Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამბავი შვილზე, რომელიც მამაზე უფროსია


„20 წლის ვარ“(„ილიჩის საგუშაგო“) - რეჟისორი მარლენ ხუციევი. სსრკ. 1965 წელი

4 ოქტომბერს მსოფლიოს კინოს მუზეუმებში მარლენ ხუციევის დაბადების 100 წლისთავს აღნიშნავენ და უჩვენებენ მის ახლახან აღდგენილ ფილმს, „ივლისის წვიმას“, რომელიც სრულად უცხოეთში პირველად 4 წლის წინ, კანის ფესტივალის კლასიკური კინოს პროგრამაში ნახეს. თუმცა მარლენ ხუციევის შემოქმედების მთავარ მიღწევად კვლავაც რჩება ფილმი „ილიჩის საგუშაგო“, რომელსაც ცენზურამ სათაური მხოლოდ იმიტომ შეუცვალა, რომ „ილიჩში“ ავტორი არა რევოლუციის ბელადს, არამედ მოსკოვის ერთ-ერთი უბნის სახელს გულისხმობდა.

კი, საბჭოთა „60-იანელთა“ თაობის ერთ-ერთი ლიდერის ფილმები ნელ-ნელა უბრუნდება მაყურებელს, თუმცა საქართველოში ბევრმა არ იცის, რომ 100 წლის წინ მარლენ ხუციევი, რომელსაც ხშირად ანდრეი ტარკოვსკისთან ერთად იხსენებენ, თბილისში დაიბადა მარტინ ხუციშვილის და ნინო უთენელიშვილის ოჯახში.

მარლენ ხუციევი სამხატვრო აკადემიაში სწავლის გაგრძელებას აპირებდა ისტორიული 43-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (მეცენატ მანთაშევის ამ სკოლაში სწავლობდნენ რუბენ მამულიანი, არამ ხაჩატურიანი, მიქაელ ტარივერდიევი და მარლენ ხუციევის მეგობარი და თანამებრძოლი ბულატ ოკუჯავა), მაგრამ მისაღებ გამოცდებზე ქულები დააკლდა. გაემგზავრა მოსკოვში და კინოს ინსტიტუტში ჩააბარა, უკრაინელი რეჟისორის, იგორ სავჩენკოს სახელოსნოში.

სავჩენკოს „გარმონი“ პირველი იყო იმ ფილმებს შორის, რომლებიც პირადად სტალინის ბრძანებით აიკრძალა. მის მოწაფეს კი ცენზურასთან ომი, როგორც ჩანს, მემკვიდრეობით ერგო - მარლენ ხუციევი იქნება პირველი რეჟისორი, რომელსაც ნიკიტა ხრუშჩოვი „დათბობის ეპოქაში“ დაუპირისპირდება და სტალინისა არ იყოს, პირადად მოითხოვს ხუციევის ფილმის, „ილიჩის საგუშაგოს“ აკრძალვას.

მარლენ ხუციევმა კინოდრამატურგ გენადი შპალიკოვთან ერთად (1974 წელს თავი ჩამოიხრჩო) „ილიჩის საგუშაგოს“ სცენარზე მუშაობა დაასრულა, როცა 1963 წელს კრემლის კულტურის იდეოლოგები თავს დაესხნენ ბულატ ოკუჯავას. ცენზურამ სათაური შეუცვალა ოკუჯავას ლექსს „ლოცვა“ და „ფრანსუა ვიიონის ლოცვა“ დაარქვა. საბჭოთა უშიშროების ყურადღება მიიპყრო პოეზიის საღამოებმა, რომლებსაც ეს „60-იანელები“ სისტემატურად აწყობდნენ დიდი ქალაქების უმაღლეს სასწავლებლებში. ერთ-ერთი ასეთი საღამო ჩართო „ილიჩის საგუშაგოში“ მარლენ ხუციევმაც - „ახალი პოეზიის კითხვა“ მოსკოვის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში - თითქმის გამომწვევად აპოლიტიკური პოეზია, პრინციპულად გამიჯნული სოციალისტური რეალიზმის მოდელებისგან.

„ილიჩის საგუშაგო“, რომლის პირველი ჩვენება 1964 წელს გაიმართა, საბჭოთა „სამოციანელთა“ ყველაზე რადიკალური განაცხადი, ყველაზე ხმამაღალი აკორდია კინოში. ფილმის სცენარში 20 წლის ბიჭი ეკითხებოდა მამის აჩრდილს (მამა მეორე მსოფლიო ომში, ფრონტზე დაიღუპა), „როგორ ვიცხოვრო, მამა?“, რაზეც გარდაცვლილი მამა პასუხობდა, აბა, რა უნდა გითხრა, შენ ხომ ჩემზე უფროსი ხარო. მერე კი ამატებდა, „თავად იფიქრეო“. მამა შვილს „უშვებს“, თავისუფლებას ანიჭებს. თუმცა „სამოციანელთა“ ლიდერის რომანტიზმი ამით არ სრულდება - შვილი, რომელმაც მიიღო თავისუფლება (მკვდარი მამისგან!) მიემართება მასავით „განთავისუფლებული“ ხალხის საძებნელად და მათ საპირველმაისო დემონსტრაციაზე მიაგნებს. აქ ქმნის ხუციევი საყვარელ სახეს ჰორიზონტული სამყაროსი, უსაზღვროების, უსასრულობის სურათს („უსასრულობა“ ჰქვია გასული საუკუნის 90-იან წლებში გადაღებულ ხუციევის უკანასკნელ ფილმს), რომლისაც თითქმის საბჭოთა კავშირის დაშლამდე სწამდა მის თაობას... სწამდა ე.წ. ადამიანური სოციალიზმის.

ამას წინათ ბორის აკუნინმა (იგივე გრიგორი ჩხარტიშვილმა) თავის ფეისბუკგვერდზე ბულატ ოკუჯავას ერთი ლექსი გაიხსენა:

„ძმებო, ჩვენ მოგვატყუეს/ მთელი არსებით შევისუნთქეთ ჰაერი/ მაგრამ ამოსუნთქვა ისევ ვერ შევძელით“.

აკუნინის აზრით, ამ ლექსში, რომელიც, სავარაუდოდ, პრაღაში საბჭოთა ტანკების შესვლის შემდეგაა დაწერილი, საბჭოთა ლიბერალური ინტელიგენციის მარადიული „ოხვრა-გოდება“ იკითხება - „ისევ მოგვატყუეს, ისევ სადღაც სხვაგან წაგვიყვანეს“.

ბულატ ოკუჯავასთან ერთად აკუნინის ადგილზე მე მარლენ ხუციევსაც გავიხსენებდი.

„ივლისის საგუშაგოს“ ნახვისთანავე, ნიკიტა ხრუშჩოვმა ლიტერატურისა და ხელოვნების მუშაკებთან შეხვედრა მოითხოვა. როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, ნიკიტა ხრუშჩოვი ასეთი გაბრაზებული მათ მხოლოდ გაეროს ტრიბუნაზე ახსოვდათ.

„ფილმის მთავარმა გმირებმა, საბჭოთა ახალგაზრდებმა არ იციან როგორ უნდა იცხოვრონ და რჩევას მკვდარ მამებს ეკითხებიან? ეს დაუშვებელია“. ასე დაიწყო ხრუშჩოვმა თავისი სიტყვა. შემდეგ ისაუბრა „ჰამლეტიზმზე“, ახალგაზრდა პოეტების საღამოზე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში... აშკარა გახდა, რომ ნიკიტა ხრუშჩოვს, რომელმაც თვით სოლჟენიცინის ტექსტებსაც კი მწვანე შუქი აუნთო, განსაკუთრებით ეშინოდა სიმბოლოების.

ფილმის გადაკეთება თითქმის ერთი წელი გაგრძელდა. „ილიჩის საგუშაგოს“ სათაური შეუცვალეს და „20 წლისა ვარ“ დაარქვეს. თუმცა ცენზურამ ვერ შენიღბა მთავარი, საბჭოთა კინოსთვის თითქმის სრულიად უცხო პესიმისტური ინტონაცია, გამოუვალობის შეგრძნება, იმის განცდა, რომ თავისუფლება, რომელმაც ხრუშჩოვმა ამ „უმამო თაობას“ მიანიჭა, დასრულებულია (ისინი მართლაც ობლები იყვნენ, უმრავლესობას მამები ან სტალინური რეპრესიების დროს დაეღუპა, ანდა ფრონტზე).

20 წლის ბიჭს სჯერა, რომ მამა მოვა „გმირული წარსულიდან“ და ყველაფერს დაუწყობს ერთ სისტემად. მაგრამ მოხდება პირიქით - მამა საბოლოოდ დაუშლის სისტემას, რომელიც ტყუილზე იგებოდა.

ხელისუფლება მარლენ ხუციევისგან რომანტიკულ დრამას მოელოდა „ადამიანურ სოციალიზმზე“ და კომუნიზმის მშენებლობაზე, მაგრამ მიიღო საწინააღმდეგო - დაბნეული, ცოტა სასოწარკვეთილი თაობის კოლექტიური პორტრეტი, რომელიც დღეს ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს, მამებსაც და შვილებსაც.

ფილმის ის ვერსია, რომელიც 80-იანი წლების ბოლოს კინოთეატრებში გამოუშვეს, ინგლისური სუბტიტრებით შეგიძლიათ ნახოთ აქ.


  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG