18 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსამართლე მარიანა ფომაევამ მზია ამაღლობელს 1000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. ამაღლობელი ამჯერად სხდომას არ დასწრებია.
მზია ამაღლობელმა 2025 წლის 11 იანვარს, საღამოს საათებში ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობის კედელს მიაკრა სტიკერი: „იფიცება საქართველო“.
ამის შემდეგ ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, გამოუშვეს, შემდეგ კი პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო, სისხლის სამართლის წესით - „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით - დააკავეს.
დაკავებიდან ხუთიოდე კვირის თავზე, 18 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძემ ამაღლობელი 2000 ლარით დააჯარიმა პოლიციელის „კანონიერი მოთხოვნისადმი“ დაუმორჩილებლობის გამო.
- ამაღლობელის საქმეზე სასამართლოს წინა სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელმა მარიამ კერესელიძემ განაცხადა, რომ ვიდეოში ისმის პოლიციის თანამშრომლის მოწოდება, არ გააკრას სტიკერი, როცა ამაღლობელი სტიკერს კედელს აკრავს;
- თუმცა „ბათუმელები“ იუწყება, რომ ეს მოწოდება, რომელიც ვიდეოში ისმის, ეკუთვნოდა აქციის მონაწილე ზურაბ ჭავჭანიძეს, რომელიც ამას ადასტურებს.
- გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ამაღლობელი დააკავეს არა პოლიციელის დაუმორჩილებლობის გამო, არამედ სტიკერის გაკვრისთვის.
ამჯერად ამაღლობელი დააჯარიმეს „იერსახის დამახინჯების“ გამო. გამოცემის ცნობით, ეს იყო ამაღლობელის პირველ ჯერზე დაკავების საფუძველიც - და უკანონო საფუძველი, რამეთუ იერსახის დამახინჯების მუხლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არ ითვალისწინებს ადამიანის დაკავებას.
სისხლის სამართლის საქმეზე, - რომელსაც იურისტები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ, - შემდეგი სასამართლო სხდომა 23 ივნისს გაიმართება.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
დღეს საღამოს კი, 18 ივნისს, ევროპარლამენტში გაიმართება დებატები საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის, კონკრეტულად კი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შესახებ. ამავე თემაზე რეზოლუციას ხვალ, 19 ივნისს, უყრიან კენჭს.
ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, ევროპარლამენტი, ასევე ევროკავშირი და მისი წევრი არაერთი ქვეყნის მთავრობები.
ფორუმი