Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ბრიუსელში ფიქრობენ, რომ კიევი გააგრძელებს უკრაინაში შეჭრილი რუსის ჯარის წინააღმდეგ ომს.
ბრიუსელში ფიქრობენ, რომ კიევი გააგრძელებს უკრაინაში შეჭრილი რუსის ჯარის წინააღმდეგ ომს.

მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიანიშნა, რომ შესაძლოა უკრაინის საჭიროებების დაფინანსება კიდევ დიდხანს აღარ გააგრძელოს, ევროკავშირში დაიწყეს 2026 და 2027 წლების ხარჯების დიდი ნაწილის დასაფარად სხვადასხვა გზის განხილვა.

ბრიუსელში უმეტესობა ვარაუდობს, რომ კიევი გააგრძელებს უკრაინაში შეჭრილი რუსული ძალების წინააღმდეგ ომს.

ამის ყველაზე აშკარა მინიშნება სექტემბრის დასაწყისში ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის ყოველწლიური პოლიტიკური მიმართვის დროს გაჩნდა, სადაც მან „რეპარაციის სესხის“ იდეა წამოაყენა.

ახლა კი მეტი ინფორმაცია გამოჩნდა, თუ რა ფორმა შეიძლება ჰქონდეს ამ სესხს. ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ერთგვერდიანი სადისკუსიო დოკუმენტი მიაწოდა, რომელსაც რადიო თავისუფლებაც გაეცნო და რომელიც ბლოკის ელჩებმა 26 სექტემბერს მოკლედ განიხილეს.

ფონ დერ ლაიენი ამ დოკუმენტს ევროკავშირის ლიდერებს წარუდგენს 1 ოქტომბერს კოპენჰაგენში უკრაინის საკითხზე განსახილველ არაფორმალურ სამიტზე, რომელსაც სავარაუდოდ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება. ბლოკის ფინანსთა მინისტრები მომავალ კვირას ლუქსემბურგში შეკრების დროსაც განიხილავენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი, ურზულა ფონ დერ ლაიენი
ვოლოდიმირ ზელენსკი, ურზულა ფონ დერ ლაიენი

მიუხედავად იმისა, რომ სესხის ყველა მექანიზმი ჯერ შემუშავებული არ არის, ზოგიერთი მონახაზი ნათელია.

უკრაინისთვის გაცემული ნებისმიერი სესხი დაფუძნებული იქნება რუსულ აქტივებზე ევროკავშირში, რომლებიც სამ წელზე მეტი ხნის წინ მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაყინეს. სესხი გაიცემა თავად ნაღდ ფულთან შეხების გარეშე და უკრაინას თანხის დაბრუნება მხოლოდ მას შემდეგ მოუწევს, რაც რუსეთი ომის ზარალს გადაიხდის.

რეპარაციის სესხმა, დამტკიცების შემთხვევაში, შეიძლება გადაჭრას რიგი საკითხები.

რაც მთავარია, ის უკრაინას მისცემს საჭირო ფულს და ამავდროულად თავიდან აირიდებს პოტენციურ ვეტოს ევროკავშირის წევრი ურჩი სახელმწიფოებისაგან, როგორიცაა უნგრეთი და სლოვაკეთი. ეს ასევე გადაწყვეტს საკითხს, თუ რა უნდა უყოს ბლოკმა ამ რუსულ აქტივებს და შეამსუბუქებს ზეწოლას ევროკავშირის ბიუჯეტზე.

შესაძლო დაბრკოლებები

თუმცა ყველაფერი გადაწყვეტილი ჯერ არ გახლავთ და ჯერ კიდევ რამდენიმე დაბრკოლება იქნება გადასალახი.

დავიწყოთ გაყინული რუსული აქტივებით.

მიიჩნევა, რომ ბლოკში ამ აქტივებიდან დაახლოებით 176 მილიარდი ევრო ინახება, ძირითადად Euroclear-ში, ბელგიაში დაფუძნებულ ფინანსურ ბაზრების კომპანიაში, რომელიც სპეციალიზებულია ცენტრალური ფასიან ქაღალდების დეპოზიტარებზე.

ზოგიერთ ქვეყანას, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებს, დიდი ხანია სურთ ამ თანხის კონფისკაცია და ან უკრაინისთვის გადაცემა, ან ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყენება. არგუმენტი მარტივია: რატომ უნდა გადაიხადონ ევროპელმა გადასახადის გადამხდელებმა კრემლის ომის ხარჯები?

დასავლეთ ევროპის ბევრი ქვეყანა ეწინააღმდეგება პირდაპირ კონფისკაციას.

სავარაუდოდ, Euroclear მოითხოვს სრულ და მყარ გარანტიებს და შესაძლოა, ახალი სესხის სტრუქტურის მართვაში ხმის მიცემის უფლებასაც კი.
სავარაუდოდ, Euroclear მოითხოვს სრულ და მყარ გარანტიებს და შესაძლოა, ახალი სესხის სტრუქტურის მართვაში ხმის მიცემის უფლებასაც კი.

ბელგია შიშობს, რომ მოსკოვი ამ აქტივების გამო ქვეყნისა და Euroclear-ის წინააღმდეგ დასაბუთებულ სამართლებრივ სარჩელს შეიტანს.

ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) შეშფოთებულია იმით, თუ რა გავლენას მოახდენს კონფისკაცია ევროს, ამჟამად მსოფლიოში მეორე სარეზერვო ვალუტის სტატუსზე, რადგან ასეთმა ნაბიჯმა შეიძლება მესამე ქვეყნებს ფულის სხვაგან დაზოგვისკენ უბიძგოს.

ევროპის უფრო დიდი ქვეყნები ასევე მიიჩნევენ, რომ ფული გაყინული უნდა დარჩეს და ის უკრაინის რეკონსტრუქციისთვის გამოიყენონ იმ სავარაუდო სცენარის შემთხვევაში, თუ მოსკოვი უარს იტყვის რეპარაციების გადახდაზე ომის დასრულების შემდეგ.

ასევე ფაქტია, რომ გაყინული აქტივები უკვე გამოიყენება უკრაინისთვის სახსრების მოსაზიდად. ეს არის ნაღდი ფულიდან მიღებული კვარტალური მოგება - დაახლოებით 1.5 მილიარდი ევრო, რომელიც დაუყოვნებლივ გადაეცემა ომისგან განადგურებულ ქვეყანას.

„მსურველთა კოალიცია“?

ევროკომისია ახლა შემდეგს გვთავაზობს: Euroclear-ში გაყინული აქტივები სრულად ან ნაწილობრივ უნდა გადაეცეს ე.წ. სპეციალური დანიშნულების ინსტრუმენტს (SPV) ევროკომისიის მიერ გამოშვებული ობლიგაციების სანაცვლოდ. ობლიგაციების გარანტორი კი იქნება „მსურველთა კოალიცია“, რომელიც შედგება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და შესაძლოა შვიდეულის ჯგუფის სხვა ქვეყნებისგან, წამყვანი ინდუსტრიული დემოკრატიების წარმომადგენლებისგან.

SPV-ში არსებული თანხა კიევს სესხების სახით გადაეცემა 2026 და 2027 წლების განმავლობაში (და შესაძლოა, ამის შემდეგაც კი), ხოლო უკრაინას თანხის დაბრუნება მხოლოდ მას შემდეგ მოუწევს, რაც რუსეთი ომის რეპარაციებს გადაიხდის.

ხელმისაწვდომი თანხის რაოდენობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ამ ორი წლის განმავლობაში შესაძლოა 140 მილიარდი ევრო იყოს. სავარაუდოა, რომ ამ თანხის უმეტეს ნაწილს ევროპა გამოყოფს, თუ შეერთებული შტატები უარს იტყვის სქემისთვის თანხების გაცემაზე.

ამ ნაბიჯის დადებითი მხარე ის არის, რომ ის პოტენციურ ეროვნულ ვეტოებს გვერდს უვლის.

დილემა 2024 წლის დასაწყისში შეიქმნა, როდესაც ევროკავშირი დათანხმდა 50 მილიარდი ევროს ოდენობის გამოყოფას „უკრაინის რესურსზე“ 2024-2027 წლებისთვის და უნგრეთმა თავდაპირველად დაბლოკა ეს ნაბიჯი.

ეს თანხა ევროკავშირის საერთო ბიუჯეტიდან იყო გამოყოფილი - არსებითად, ამ ბიუჯეტში არსებული თავისუფალი სახსრებიდან და მას 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდებოდა.

ამ 50 მილიარდიდან დაახლოებით 32 მილიარდი ევრო კიევს უკვე გამოუყვეს, ამიტომ თავისუფალი სახსრები ბევრი აღარ დარჩა და ბუდაპეშტიც, სავარაუდოდ, ამ მიზნით მეტი ნაღდი ფულის ხარჯვის წინააღმდეგი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისია 2028-2034 წლების ევროკავშირის მრავალწლიან ბიუჯეტში უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს, ეს ყველა წევრმა სახელმწიფომ ასევე უნდა დაადასტუროს და ისიც სულ უფრო ცხადი ხდება, რომ კიევს მეტი დაუყოვნებელი დაფინანსება სჭირდება.

თუმცა შეთანხმებამდე ჯერაც შორია და უნგრეთს მაინც შეუძლია დაბრკოლებების შექმნა.

ვოლოდიმირ ზელენსკი (ცენტრში) "მსურველთა კოალიციის" ოთხი სახელმწიფოს ლიდერებთან ერთად: ფრიდრიხ მერცი, ემანუელ მაკრონი, კირ სტარმერი და დონალდ ტუსკი (მარცხნიდან მარჯვნივ). კიევი. 2025 წლის მაისი
ვოლოდიმირ ზელენსკი (ცენტრში) "მსურველთა კოალიციის" ოთხი სახელმწიფოს ლიდერებთან ერთად: ფრიდრიხ მერცი, ემანუელ მაკრონი, კირ სტარმერი და დონალდ ტუსკი (მარცხნიდან მარჯვნივ). კიევი. 2025 წლის მაისი

ბრიუსელი წელიწადში ორჯერ, ივლისსა და იანვარში ერთხმად უყრის კენჭს, რომ გაყინული რუსული აქტივები გაყინული დარჩეს. აქამდე არცერთ ქვეყანას, მათ შორის უნგრეთს, ამასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეუქმნია, თუმცა ეს არ გამორიცხავს სამომავლო თავის ტკივილს.

ეროვნული გარანტიები?

ევროკომისია სადისკუსიო დოკუმენტში გვთავაზობს, რომ მომავალში სანქციების გახანგრძლივება კვალიფიციური უმრავლესობით მიიღონ, თუმცა დასძენს, რომ „სახელმწიფოს ან მთავრობის ყველა ან უმეტესი მეთაურის მიერ მაღალი დონის პოლიტიკური შეთანხმება იქნება საჭირო“.

ძალიან საეჭვოა, რომ ისეთი ლიდერები, როგორებიც არიან უნგრეთის ვიქტორ ორბანი და სლოვაკეთის რობერტ ფიცო, ამას მარტივად დათანხმდნენ.

შესაძლოა, პრობლემა შეიქმნას ეროვნულ გარანტიებთან დაკავშირებითაც.

რამდენი ქვეყანა იქნება რეალურად მზად, შეუერთდეს „მსურველთა კოალიციას“ ამ საკითხში?

რაც უფრო მეტი ქვეყანა გააკეთებს ამას, მით ნაკლებ თანხაზე მოუწევს თითოეულ ქვეყანას გარანტიის გაცემა. თუმცა ბევრ წევრ სახელმწიფოში ამგვარ საკითხებს პარლამენტის თანხმობა სჭირდება, რამდენიმე ქვეყანა კი მზარდი დეფიციტის წინაშე დგას და ბევრი პოლიტიკოსი მოერიდება ეროვნულ პარლამენტში რაიმე სახის გარანტიის გაცემასთან დაკავშირებული საკითხების წამოჭრას.

სავარაუდოდ, Euroclear მოითხოვს სრულ და მყარ გარანტიებს და შესაძლოა, ახალი სესხის სტრუქტურის მართვაში ხმის მიცემის უფლებასაც კი. არც ისაა გამორიცხული, რომ მან ასევე მოითხოვოს, ამ სქემაში გაყინული რუსული აქტივების მქონე სხვა ფინანსური ინსტიტუტებიც ჩართონ.

LOOP - NATO French and Polish Jets over Poland
please wait

No media source currently available

0:00 0:00:15 0:00

რუსეთის მიერ პოლონეთის ტერიტორიაზე დრონების უპრეცედენტო შეჭრიდან ორი დღის შემდეგ, 10 სექტემბერს, ნატომ წარმოადგინა თავისი პასუხი: ოპერაცია „აღმოსავლეთის გუშაგი“. მისია დაუყოვნებლივ, 12 სექტემბერს დაიწყო, მაგრამ ხორცს მომდევნო კვირებში შეისხამს.

სამხედრო ალიანსის თანახმად, ოპერაციის არსი ნატოს მთელ აღმოსავლეთ ფლანგზე კავშირისა და მოქნილობის გაძლიერებაა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ფოკუსში რუსულ დრონები და პოლონეთია, ის მრავალნაწილიანია - ჩართულნი არიან სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო ძალები და მისი მიზანია ჩრდილოეთის ზღვიდან შავ ზღვამდე არსებული ხარვეზების შევსება.

ეს ოპერაცია მხოლოდ ნატოს ტერიტორიაზე ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს გეგმები დასავლეთის მიერ უკრაინის ცის დასაცავად. კიევი ასეთ ნაბიჯს მიესალმებოდა და, ისედაც, შესაძლებელი გახდებოდა რუსული დრონების სამიზნეში გაცილებით ადრე ამოღება, მაგრამ ნატოს ბევრი მოკავშირე შიშობს, რომ ამან შეიძლება კრემლთან პირდაპირი კონფლიქტი გამოიწვიოს.

მთავარი მიზანი ინტეგრირებული სისტემაზე გადასვლაა. აქამდე ნატოს მოკავშირეები საჰაერო პატრულირებას ინდივიდუალურად ახორციელებდნენ, ნატო კი დამატებით მხარდაჭერას უზრუნველყოფდა.

ახლა კი სურთ, მეტი რესურსი იყოს დაკავშირებული მთელი აღმოსავლეთი ფლანგის გასწვრივ, იქნება ეს რაკეტები თუ დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგია. ამ ოპერაციის შთაგონებაა „ბალტიის გუშაგი“, მოსკოვის მიერ ბალტიის ზღვაში სავარაუდო წყალქვეშა დივერსიული საქმიანობის საპასუხოდ წელს დაწყებული ოპერაცია.

ნატოს ოფიციალური პირები, რომლებთანაც რადიო თავისუფლებას ანონიმურობის პირობით ჰქონდა კავშირი, ამ ოპერაციას წარმატებულად მიიჩნევენ და აღნიშნავენ, რომ რეგიონში კაბელების ან სხვა ინფრასტრუქტურის გაწყვეტის მცდელობები ბოლო დროს აღარ ყოფილა. ნატოს ტერიტორიაზე დრონების შეღწევის თავიდან აცილება უფრო რთული იქნება, მაგრამ თავდაცვის გაძლიერება „რუსეთს ორჯერ დააფიქრებს, სანამ ხელახლა გამოცდას ჩაატარებს“.

რვა ქვეყანა უკვე შეუერთდა „აღმოსავლეთის გუშაგს“, რომელსაც ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსუს გრინკევიჩი უძღვება. მოსალოდნელია, რომ მალე სხვა ქვეყნებიც მიჰყვებიან.

საფრანგეთი სამი Rafale გამანადგურებელს და Airbus A400M სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავს განათავსებს პოლონეთში. დიდი ბრიტანეთის რამდენიმე Typhoon-ის გამანადგურებელი განახორციელებს თავდაცვით მისიებს პოლონეთის ცაში, გერმანიამ კი თავისი ოთხი Eurofighter გადაიყვანა აღმოსავლეთ მეზობელთან უფრო ახლოს, რათა ნებისმიერ მომენტში შეძლოს დავალებების შესრულება.

თვითმფრინავებს იტალია და დანიაც გამოყოფენ. გარდა ამისა, კოპენჰაგენმა ბალტიის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო გემი განათავსა. ესპანეთი და შვედეთიც ჩაერთვებიან, ხოლო ჩეხეთი პოლონეთში სპეციალური დანიშნულების რაზმებს განათავსებს და სამ ვერტმფრენსაც გაგზავნის.

აქ ორი რამეა აღსანიშნავი. პირველი ისაა, რომ აშშ „აღმოსავლეთ გუშაგს“ ჯერჯერობით არაფერს აწვდის. ამის შესახებ შეკითხვას გრინკევიჩმა პრესკონფერენციაზე ნახევრად ხუმრობით უპასუხა, რომ „რაც შეეხება აშშ-ის სამხედრო აქტივებს... მე აქ ვარ და ჩართული ვარ“, შემდეგ კი დასძინა, რომ „შეერთებული შტატების ერთგული რჩება ალიანსის ინტეგრირებული სამხედრო სტრუქტურის მიმართ“.

შეერთებულ შტატებს პოლონეთში 10 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული და ეს რიცხვი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ ვრცელდება ინფორმაცია ვაშინგტონის მიერ ევროპიდან აზიის სივრცეში სამხედრო პერსონალის გადაყვანაზე, ნატოს ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც რადიო თავისუფლებას ესაუბრნენ, დაბეჯითებით განაცხადეს, რომ მათ არ მიუღიათ არანაირი მინიშნება იმის შესახებ, რომ ჯარისკაცების რაოდენობა აღმოსავლეთ ფლანგზე მალე შემცირდება.

მეორე საკითხი ისაა, რომ „აღმოსავლეთის გუშაგი“ ჯერჯერობით ძალიან ძვირადღირებულ გამანადგურებელ თვითმფრინავებსა და სხვა ძვირფას აღჭურვილობაზეა ორიენტირებული. ეს იყო ერთ-ერთი კრიტიკა პოლონეთისა და ნატოს მიმართ 10 სექტემბრის შემდეგ: რომ იაფფასიანი დრონებისგან დასაცავად მრავალმილიონიანი დოლარის ღირებულების გამანადგურებლები გამოიყენებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ევროპელი ჩინოვნიკი აღიარებს, რომ ვარშავას „ძალის დემონსტრირება“ სურს, სხვები აღნიშნავენ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ეკონომიკურად მდგრადი ვერ იქნება. როგორც ნატოს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა: „ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაღიარებთ, რომ დრონების დამარცხების საუკეთესო გზა არ არის ძალიან, ძალიან ძვირადღირებული თვითმფრინავიდან გასროლილი ძალიან ძვირადღირებული რაკეტა“.

ამგვარად, „აღმოსავლეთის გუშაგი“ ნაუცბადევი ღონისძიებაა, ვიდრე პოტენციური „დრონების კედელი“ რეალობად არ იქცევა.

ასეთი სისტემის მშენებლობაში ნატო ცენტრალურ როლს შეასრულებს და ევროკავშირის მიერ მისი დაფინანსების მზადყოფნის გამოხატვის გათვალისწინებით, პროექტი, როგორც ჩანს, განხორციელდება, მაგრამ საუკეთესო შემთხვევაში, ეს ორი-სამი წლის შემდეგ მოხდება.

მანამდე სამხედრო ალიანსი განიხილავს ლატვიის მიერ შექმნილ აკუსტიკურ სენსორებს, რომლებიც დრონებს უფრო სწრაფად აფიქსირებენ და ახალ საბრძოლო აღჭურვილობას, რომელიც თვითმფრინავებს უფრო იაფი რაკეტების გამოყენების საშუალებას აძლევს. ეს ორი რამ შეიძლება საკმაოდ სწრაფად შეიძლება მოხდეს.

კიდევ ერთი მოდელი, რომლის ადაპტირებაც ნატოს უკრაინის გამოცდილებიდან შეუძლია, მობილური ჯგუფებია, რომლებსაც კიევი ბრძოლის ველზე სულ უფრო მეტი წარმატებით იყენებს ესაა პატარა, სწრაფად მოძრავი დანაყოფები, რომლებიც შეიარაღებული არიან ტყვიამფრქვევებით ან პორტატიული საჰაერო თავდაცვის სისტემებით.

გრინკევიჩის თქმით: „დროა, ახლებურად შევხედოთ ამას. ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ. ნატო სწავლის პროცესში მყოფი ორგანიზაციაა“.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG