8 მთავარი ცვლილება „ოცნების“ ზოგადი განათლების რეფორმის მიხედვით

„ქართული ოცნების“ მთავრობამ „ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფცია“ წარადგინა

მოკლედ

  • რეფორმის თანახმად, ყველა საჯარო სკოლაში მხოლოდ განათლების სამინისტროს მომზადებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან;
  • სკოლებში მოწავლეებს მობილური ტელეფონების გამოყენებას აუკრძალევენ, ხოლო პირველ-მეექვსე კლასებში სავალდებულო სასკოლო ფორმები დაბრუნდება;
  • სკოლაში შესვლა მხოლოდ 6 წლის ასაკიდან იქნება შესაძლებელი;
  • XII კლასი ნებაყოფლობითი გახდება, ხოლო მე-11 კლასი პროფილურ სწავლებას დაეთმობა.
სკოლებში მობილური ტელეფონების აკრძალვა, I-VI კლასებში სავალდებულო სასკოლო ფორმების დაბრუნება, „რეპეტიტორიუმი“ XI კლასში და არჩევითი XII კლასი, - „ქართული ოცნების“ მთავრობა სასკოლო რეფორმას აანონსებს.

ერთ-ერთი ძირითადი ცვლილებებით, ყველა საჯარო სკოლაში შევა განათლების სამინისტროს დაწერილი სახელმძღვანელოები. ყველა სკოლასა და კლასებში სამინისტროს მომზადებულ ერთსა და იმავე სახელმძღვანელოებს გამოიყენებენ.

რეფორმა ეფუძნება „ქართული ოცნების“ მიერ 2024 წელს მიღებულ ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს. ამ დოკუმენტმა შეცვალა 2004 წელს მიღებული კონცეფცია, რომელიც, როგორც დღეს გივი მიქანაძემ განაცხადა, „გაჯერებული იყო ლიბერალური ღირებულებებით“.

დღეს, სამშაბათს, 2025 წლის 2 დეკემბერს წლის „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა და განათლების მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და გივი მიქანაძემ „ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფცია“ წარადგინეს.

წინა დღეს სახელისუფლებო გუნდმა დაამტკიცა „საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფციის პროექტი“ („ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“), რომელიც საზოგადოებას 16 ოქტომბერს წარუდგინეს.

რადიო თავისუფლებამ შეაჯამა, სასკოლო რეფორმის კონცეფციის პროექტის თანახმად, რა იცვლება 2026 წლიდან საქართველოს სკოლებში.

ასევე ნახეთ „ოცნების“ განათლების რეფორმა - ვინ იხეირებს, თქვენი შვილი თუ მმართველი პარტია

1. სასწავლო პროცესში ტელეფონები იკრძალება

გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ სასწავლო პროცესში ჩართულობისთვის „მნიშვნელოვანია. სასწავლო პროცესში ავკრძალოთ მობილური ტელეფონის გამოყენება“.

მისი თქმით, „შემუშავდება შესაბამისი წესი და შესაბამისი სტანდარტით დაინერგება“.

დააზუსტა, რომ „დაცული იქნება ბალანსი, რათა არც სასწავლო პროცესი დაზიანდეს და ბავშვს მშობელთან ამ მისთვის საინტერესო ადამიანთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ დაერღვეს“.

2. სასკოლო ფორმები ბრუნდება

ჯერჯერობით მხოლოდ პირველ-მეექსვე კლასებში - ყველა საჯარო სკოლაში - სასკოლო ფორმები „სავალდებულოდ ბრუნდება“.

გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელმწიფო მიაწოდებს ფორმებს:

„ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებულია 60 ათასი ქულით ან ნაკლებით, სახელმწიფო მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას მიიღებს ფორმებთან დაკავშირებით“.

3. სკოლაში მხოლოდ 6 წლიდან

2026 წლიდან სკოლაში შესვლა მხოლოდ 6 წლის ბავშვებს შეეძლებათ.

სკოლაში შესვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც „ყოველი წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი“.

ამის არგუმენტად გივი მიქანაძემ დაასახელა, რომ „ექვს წლამდე ასაკის ბავშვებზე ზეგავლენას ახდენს სოციალურ-ემოციური კომპონენტები“ და ბავშვი მზად არ არის, რომ სრულფასოვნად ჩაერთოს სასწავლო პროცესში.

4. სკოლები სახლთან ახლოს

სკოლებში საყოველთაო რეგისტრაციის გარდა, იგეგმება, შემოიღონ ახალი, დამატებითი სარეგისტრაციო ეტაპი.

ეს, მიქანაძის სიტყვებით, „უკავშირდება ბავშვის იმ სკოლაში რეგისტრაციას“, რომელიც საცხოვრებელ ადგილთან ახლოსაა.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე, ეს პრინციპი დიდ ქალაქებში დაინერგება, შემდეგ კი რეგიონებში.

მისი თქმით, ყოველ წელს ჯერ „ტერიტორიულ პრინციპთან დაკავშირებული“ რეგისტრაცია დაიწყება, შემდეგ კი - სკოლებში საყოველთაო რეგისტრაცია.

5. საფუხურები და XII კლასი არჩევით

ამასთან, ახლებურად განისაზღვრება სასკოლო საფეხურები:

  • დაწყებითი: I -VI კლასები
  • საბაზო: VI-IX კლასები
  • საშუალო საფეხური: X-XI კლასები

XII კლასი „ნებაყოფლობითი“ იქნება. ეს ხელისუფლების წარმომადგენლებს აქამდეც ჰქონდათ ნათქვამი.

ახლა დაზუსტდა პროცედურა:

  • „ყოველი წლის მარტში გაიხსნება სარეგისტრაციო ბადე
  • ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება დარეგისტრირდეს, თუ ექნება სურვილი, რომ XII კლასში ისწავლოს;
  • XII კლასი სპეციალურად მათთვის გაიხსნება მომდევნო სასწავლო წელს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ასევე ნახეთ ერთით ნაკლები წელი სკოლაში, ორით უნივერსიტეტში - ყველაფერი, რაც ამაზე უნდა იცოდეთ

6. „რეპეტიტორიუმი“

გივი მიქანაძემ ასევე განაცხადა, რომ მე-11 კლასი უნდა გახდეს „პროფილური“ და შემოაქვთ „რეპეტიტორიუმის“ კონცეფცია:

„მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, ისწავლონ მხოლოდ ის საგნები, რაც უნდა ჩააბარონ ეროვნულ გამოცდებზე და ეს იქნება ერთწლიანი ინტენსიური სასწავლო პროგრამა“, - განაცხადა მიქანაძემ.

მისი თქმით, მთავარი მიზანია, რომ მოსწავლეებს აღარ უნდა დასჭირდეთ დამატებით სკოლის გარეთ მომზადება, რითაც მშობლებზე ფინანსური წნეხი შემცირდება.

7. სახელმძღვანელოებს სამინისტრო დაწერს

მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში სკოლებში შეიცვლება ყველა სახელმძღვანელო.

ამ წიგნებს განათლების სამინისტრო დაწერს.

„ამისთვის სამინისტრომ გასული ექვსი თვის განმავობაში შეარჩია ექსპერტთა ჯგუფები სხვადასხვა დისციპლინაში“, - განაცხადა მიქანაძემ.

ჯერჯერობით არ დაუსახელებია, კონკრეტულად ვინ შედის ექსპერტთა ჯგუფებში.

მისი თქმითვე, სტანდარტი იქნება: „ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლაში, ერთი და იმავე დისციპლინაში“.

„ყველა სკოლაში იქნება ერთიანი მიდგომა, ერთიანი სტანდარტი, ერთიანი ხარისხი“, - განაცხადა მან.

ასევე დადო პირობა, რომ 2026-წლიდან 2027 წლის ბოლომდე ყველა საჯარო სკოლას მიეწოდება აღჭურვილობას იმისთვის, რომ მათემატიკის, ფიზიკისა და ქიმიის გაკვეთილები „სრულიად გამართულად და შესაბამისი კომპონენტების გამოყენებით წარიმართოს“.

8. მეტი საპატრიარქო სკოლებში და „ჯარის ბანაკი“

მიქანაძემ განაცხადა, რომ სკოლებში „არაფორმალურ განათლებას უნდა მივცეთ მეტი დატვირთვა“, შემდეგ კი მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთან ერთად დაწყებული „პროექტი“ ახსენა:

„წელს დაწყებული პროექტი საპატრიარქოსთან, რომელიც ღირებულებით განათლებას ეხება, უდიდესი პოპულარობით სარგებლობს იმ 50-ზე მეტ სკოლაში, სადაც ჩვენ ეს შევიტანეთ და ვაპირებთ ამ მიმართულებით გაფართოებას“, - განაცხადა მიქანაძემ.

მისი თქმით, აქ „ბავშვებს ასწავლიან სამშობლოს სიყვარულს, ცხოვრებისეულ ფასეულობებს, მეგობრობას და იმ ღირებულებებს, რითაც ჩვენ ბავშვები უნდა აღვზარდოთ“.

იქვე ისაუბრა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებთან მიმდინარე პროექტებზე:

  • „ანტინარკოტიკული კამპანია სკოლებში;
  • შსს-ის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების გაცნობა მოსწავლეებისთვის“;
  • „ჯარის ბანაკი“
  • სხვადასხვა საჯარისო ბაზაზე სტუმრობა
  • „ჯარის გაკვეთილები“ (წელს დაიწყეს „150-ზე მეტ სკოლაში“), სადაც „მხედრულ სულისკვეთებას ასწავლიან“.

„ეს მიმართულება განსავითარებელია“, - განაცხადა მიქანაძემ.

უარი „ლიბერალურ ღირებულებებს“

განათლების მინისტრმა „ქართული ოცნების“ მთავრობაში, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ სისტემაში „ბევრი კომპლექსური გამოწვევის წინაშე დგას“.

მისი თქმით, „სისტემა ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის… ახალგაზრდების სრულფასოვნად აღზრდას“.

ამის ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი“, რომელიც, მისი თქმით, „ჯერ კიდევ 2004 წელს იქნა მიღებული“ და „თავისი სრულფასოვანი შინაარსით … გაჯერებული იყო ლიბერალური ღირებულებებით“.

მიქანაძის განცხადებითვე, 2023-24 წელს განათლების სამინისტრომ პარლამენტის თემატურ კომიტეტთან ერთად შეიმუშავა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების „სრულიად ახალი დოკუმენტი“ - „სკოლის კონსტიტუცია“, - რომელიც პარლამენტმა 2024 წლის ივნისში დაამტკიცა.

„მთლიანად შეიცვალა ის სულისკვეთება, რაც სასწავლო პროცესთანაა დაკავშირებული და დაეფუძნა ეროვნულ ფასეულობებს, ღირებულებებს, პატრიოტულ სულისკვეთებას“, - თქვა მინისტრმა.

ზოგადი განათლების რეფორმის დაანონსებამდე, მმართველმა გუნდმა წარადგინა უმაღლესი განათლების რეფორმა.

საუნივერსიტეტო განათლების რეფორმა მოიცავს ფაკულტეტების შემცირებას პრინციპით - „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“.

იგი მიზნად ისახავს სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემის ცვლილებასა და სახელმწიფოს დაკვეთით მუშაობას.

ექსპერტები რეფორმას აკრიტიკებენ, როგორც ევროპული საგანმანათლებლო სისტემისგან იზოლაციისა და აკადემიური თავისუფლების ხელყოფის საფრთხეს.

ასევე ნახეთ მერე რა მოხდა? - რექტორების უმრავლესობას მოსწონს ის, რასაც მათ და მათ სტუდენტებს ხელისუფლება უპირებს