მოკლედ
- პოლონეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გამარტივებული პროცედურები გააუქმა, რაც 1 დეკემბრიდან ამოქმედდა.
- ახალი წესების მიხედვით, სამუშაო ვიზის მიღება და პოლონეთის საკონსულოს ჩართვა სავალდებულო ხდება, რაც პროცესს მნიშვნელოვნად აძნელებს.
- საქართველოს ამოღება პრივილეგირებულთა სიიდან პოლონეთმა პოლიტიკური ვითარებით და სამუშაო ბაზრის მოთხოვნებით ახსნა.
პოლონეთში აღებული საბუთებით საქართველოს მოქალაქეები ევროპის სხვა ქვეყნებშიც მუშაობდნენ. დამსაქმებელი შუამავლები შიშობენ, რომ თანდათან ეს შესაძლებლობაც გაქრება.
საქართველო ამოღებულია იმ 5 ქვეყნის ჩამონათვალიდან, რომელთათვისაც დასაქმების გამარტივებული წესები მოქმედებდა. ამ სიაში ისევ დარჩებიან სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა და ბელარუსი.
გადაწყვეტილება ვარშავამ აგვისტოში მიიღო. პარალელურად, ევროკავშირი ემზადება სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების ახალი, გამარტივებული რეგულაციების ასამოქმედებლად - რაც, დიდი ალბათობით, თავიდან მხოლოდ “ქართული ოცნების” ხელისუფლებს წარმომადგენლებს შეეხებათ; ხოლო შემდეგ, თუ რეკომენდაციები კვლავ არ შესრულდება, აკრძალვა საქართველოს ყველა მოქალაქეზე გავრცელდება.
რა შესაძლებლობებს იძლეოდა გამარტივებული წესი?
საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში მარტივად შოულობდნენ სამსახურს. დამსაქმებელი უგზავნიდა მოწვევას, რომლის აღებაც, ელექტრონული დეკლარაციის შევსებით, მარტივად იყო შესაძლებელი.
მაქსიმუმ 7 სამუშაო დღის ვადაში პოლონეთში მიწვეულ ადამიანს მუშაობის დაწყება შეეძლო, 24 თვემდე ვადით. არ იყო აუცილებელი პოლონეთის საკონსულოს ჩართვა. მაქსიმალურად შემცირებული იყო ბიუროკრატიული ბარიერები. ვითარებას კიდევ უფრო ამარტივებდა ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში მოკლევადიანი სტუმრობისთვის ვიზა არ სჭირდებოდათ.
მუშაობის დაწყების შემდეგ, საქართველოს მოქალაქე იწყებდა ზრუნვას პოლონეთში ბინადრობის 3-წლიანი უფლების ასაღებად. ამ დოკუმენტის მოლოდინში ქვეყანაში დარჩენა ლეგალურად ითვლებოდა.
ბინადრობის ნებართვა ახალ და მეტ შესაძლებლობებს იძლეოდა - საზღვრის მრავალჯერადად გადაკვეთის უფლების ჩათვლით. თუკი სამსახურს დაკარგავდა, ბინადრობის მოწმობით სხვა სამსახურის მოძებნა იქვე იყო შესაძლებელი.
ასევე ნახეთ „საქართველოს ფაილი დაიხურება“ - „ოცნების“ 8 ნაბიჯი და ერთი წელი 28 ნოემბრიდანრა იცვლება?
1 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეები გამარტივებული პროცედურებით ვეღარ სარგებლობენ. დამსაქმებელს კვლავ შეუძლია მათი მიწვევა, მაგრამ აუცილებელი ხდება მუშაობის ნებართვის [ბარათის] აღება. სრული პროცედურის გავლაა აუცილებელი - თუნდაც ხანმოკლე დასაქმების შემთხვევაში.
მომავალმა დასაქმებულმა აუცილებლად უნდა აიღოს სამუშაო ვიზა პოლონეთის საკონსულოში, თბილისში - გასაუბრებაზე უნდა მივიდეს, წინასწარი ჩაწერის შემდეგ.
ეს პროცედურები, დამსაქმებლების გამოთვლით, 3-4 თვეს მაინც საჭიროებს. ამასთან, არავინ იცის, საკონსულოს გადაწყვეტილება დადებითი იქნება თუ უარყოფითი. გარანტიას ვერავინ იძლევა.
ასევე ნახეთ პოლონეთი ქართველებს სამუშაო ვიზებს გამარტივებული წესით აღარ მისცემს“მორჩა, პოლონეთის შრომითი ბაზარი ჩვენთვის უკვე დაკარგულია. ძალიან ცუდი ამბავია. შეუძლებელი გახდება პოლონეთში დასაქმება”, - გვეუბნება დასაქმების შუამავალი კომპანიის - “მსოფლიო გლობალიზაციის” - ხელმძღვანელი ელგუჯა კვანტალიანი და რიტორიკულ შეკითხვასაც სვამს:
“რატომ დაელოდება დამსაქმებელი საქართველოს მოქალაქეს 4 თვეს, როცა აგერ უცებ-უცებ, რამდენიმე დღეში ისევ შეუძლია აიყვანოს სომხეთის, უკრაინის, მოლდოვის ან ბელარუსის მოქალაქეები?!”
ბოლო დღეებში, ვიდრე ეს ახალი წესები ამოქმედდებოდა, სოციალურ ქსელებში შექმნილ ჯგუფებში დამსაქმებლები მსურველებს აჩქარებას ურჩევდნენ, ძველი წესით სარგებლობა რომ მოესწროთ.
პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის 21 ნოემბრის ბრძანების მიხედვით: ახალი რეგულაციები არ ვრცელდება მათზე, ვისი მოწვევის პროცესიც უკვე დაწყებული იყო ანდა ვისაც უკვე ჰქონდა სამუშაო ვიზა. გართულებული პროცესების გავლა მათ უკვე მოქმედი დოკუმენტის ვადის ამოწურვის შემდეგ მოუწევთ.
დასაქმების მარტივი პროცედურების გამო, პოლონეთი ქართველი მიგრანტებისთვის მიზიდულობის ცენტრი იყო
kadry infor. Pl-ის ინფორმაციით: 2024 წელს სოციალური უზრუნველყოფის სამსახურში [ZUS] აღრიცხული 76 600 განცხადებიდან 47 000 საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნოდათ. 2015 წელს, სამუშაოს მძებნელი ქართველების რიცხვი, რეესტრის თანახმად, 1000-ზე ნაკლები იყო. ქართველების დასაქმების სურვილი შარშან 6 560-მა დამსაქმებელმა გამოთქვა. 2024 წელს, ქართველები სიდიდით მესამე ჯგუფს წარმოადგენდნენ - უკრაინელებისა და ბელარუსების შემდეგ.
პოლონური წყაროები აღნიშნავენ, რომ ქართველებისთვის პროცედურების გართულება შრომით ბაზარზე სიტუაციას სასიკეთოდ არ შეცვლის.
წლების განმავლობაში იზრდებოდა ფულადი გადმორიცხვებიც:
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბერში, პოლონეთიდან გადმორიცხული თანხის მოცულობამ, ერთ თვეში 3 280 000 დოლარი შეადგინა.
- 2025 წლის აპრილში, პოლონეთიდან საქართველოში 2 860 000 დოლარი გადმოირიცხა;
- 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში - 2 890 000 დოლარი;
- 2019 წლის აპრილში - 2 530 000 დოლარი;
- 2017 წლის აპრილში - 120 000 დოლარი.
ბოლო წლებში ქართველების დასაქმება შესაძლებელი იყო მშენებლობებზე, სარემონტო და საპროექტო სამუშაოებზე, რესტორნებში - მიმტანებისა და მზარეულის თანაშემწის ვაკანსიებზე, ტაქსის მძღოლებად თუ კურიერებად. განცხადებების თანახმად, ანაზღაურება დღეში საშუალოდ 300-400 ზლოტს უტოლდება [230-300 ლარი].
რატომ ამოიღეს საქართველო პრივილეგირებულთა სიიდან?
სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიგრანტების გარეშე პოლონეთს გაუჭირდება, ხოლო საქართველოსაც ისეთი მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა აქვს, რომ “პოლონელიც ვერ ჩამოვა ასე ადვილად სამუშაოდ”. ასევე პაპუაშვილი ამბობს, რომ საკუთარი მუშახელი თავად საქართველოსაც სჭირდება.
“ეს არის პოლონეთის მიგრაციის პოლიტიკის ნაწილი, საქართველოდან იქ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა იყო დიდი და იმ ქვეყნებისთვის, საიდანაც დიდია მოთხოვნა, უფრო მკაცრი რეგულაციები შემოიღეს. ამას, უპირველეს ყოვლისა, პოლონეთისთვის ექნება ცუდი ეკონომიკური გავლენა, ვინაიდან, რადგან მუშახელი იქ ჩადიოდა, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ იყო მოთხოვნა მუშახელზე. არ ვიცი პოლონეთი როგორ აპირებს, მუშახელის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ჯერ ერთი, საქართველოში დეფიციტია და გვჭირდება მუშახელი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პოლონეთის მთავრობის მიერ დასახელებულ მიზეზებს შორის კი არის:
- პოლიტიკური ვითარება საქართველოში;
- მუშაობის გაგრძელება უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეზღუდვებზე;
- გაცემული დეკლარაციებისა და სეზონური სამუშაოსთვის გაცემული ნებართვების რაოდენობის შემცირება, 2024 წელთან შედარებით.
საქართველოს საკითხი საკადრო რესურსების მართვასა და მენეჯმენტთან დაკავშირებული პოლონური ორგანიზაციების ყურადღების ცენტრშიც მოექცა.
HRappka.pl-ის თანახმად, პრივილეგირებულთა სიიდან საქართველოს ამოღებას საფუძვლად დაედო „ორ ქვეყანას შორის არსებული მდგომარეობა და საქართველოში არსებული არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია“. აქვე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები, „უკვე, გარკვეული ხანია, საქართველოს მოქალაქეებისთვის განიხილავენ შენგენის ზონაში, უვიზო რეჟიმის პირობებში, თავისუფალი შესვლის შეზღუდვის საკითხს”.
ასევე ნახეთ პოლონეთი გერმანიასთან საზღვარზე ნაწილობრივი კონტროლის დაწესებას, ზოგიერთი ქვეყნისთვის და საქართველოსთვისაც უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას აპირებსპოლონეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე დაიწყო ფიქრი.
2025 წლის 11 ივნისს, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხელახლა დამტკიცებულმა დონალდ ტუსკმა ასეთი გადაწყვეტილება ორი მთავარი მიზეზით ახსნა:
- საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა - ვარშავას არ სურს, უვიზოდ უმასპინძლოს იმ ქვეყნების მოქალაქეებს, სადაც აუცილებელ სტანდარტებს არ იცავენ;
- და ორგანიზებული დანაშაულის რისკები "საქართველოს მსგავსი" ქვეყნებიდან - “იმპორტირებულ კრიმინალს" პოლონეთში საქართველოდან ჩასულ მიგრანტებს უკავშირებენ.
“ეს არ შეეხება მხოლოდ საქართველოს, მაგრამ, ზოგადად, მე მტკიცედ ვუჭერ მხარს უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას ქვეყნებისთვის, რომლებიც - საქართველოს მსგავსად - უკვე არ აკმაყოფილებენ განსაზღვრულ [დემოკრატიულ] სტანდარტებს... და საიდანაც მიგრაცია უქმნის პირდაპირ საფრთხეს სამართლებრივ და საზოგადოებრივ წესრიგს ჩვენს ქვეყანაში თუ ევროპაში”, - პოლონეთის პრემიერ-მინისტრის გამოსვლის ფრაგმენტები ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა. ჟურნალისტები მიუთითებდნენ, რომ მან ბოდიშიც მოუხადა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ გაიზიარონ ევროპული ფასეულობები.
- 2025 წლის ივნისში, დონალდ ტუსკმაც აღნიშნა, რომ „სხვადასხვა სახის დანაშაულის ჩადენისთვის“ ბოლო პერიოდში პოლონეთიდან საქართველოს 50 მოქალაქე გააძევეს.
- დანაშაულში ეჭვმიტანილების დეპორტაცია პოლონეთმა მარტიდან დაიწყო. იმ დროს კრაკოვიდან საქართველოში 20-მდე ადამიანი ჩამოიყვანეს.
"ვფიქრობ, ეს არის შანტაჟი, შანტაჟი, რომელიც არის გათვლილი იმაზე, რომ შეიძლება პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდეს ქვეყანაში. თუმცა რეალურად ყველა ხედავს, რომ ასეთი შანტაჟი, რომელიც მრავალი წელია გრძელდება, არ მოქმედებს ქართველ ხალხზე", - თქვა “ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დონალდ ტუსკის საპასუხოდ, 12 ივნისს.
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე მსჯელობა ევროკავშირში საერთაშორისო პარტნიორებთან თბილისის კონფრონტაციული ურთიერთობებისა და მზარდი დაძაბულობის ფონზე დაიწყო. „ოცნება“ ამ საკითხს "დიპ სტეიტის" შანტაჟის იარაღად განიხილავს.
ევროკავშირის უმეტეს დედაქალაქში “ოცნებას” ბოლო ერთი წლის განმავლობაში ღიად პრორუსულ ძალად მიიჩნევენ და დემოკრატიული უკუსვლის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის, “რეპრესიული კანონების” მიღებისა და ანტიევროპული დეზინფორმაციის გამო აკრიტიკებენ.
კიდევ რა არის მიზეზი?
პოლონეთში მყოფი ქართველები და წასვლის მსურველები, რომლებსაც ახალმა რეგულაციებმა გეგმები აურია, ახლა დეტალების დადგენას ცდილობენ.
“ხალხი ძალიან დაბნეულია, პანიკაში არიან, შეიძლება ითქვას. მხოლოდ პოლონურმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია ამ ცვლილების შესახებ, მაგრამ საქართველოს წარმომადგენლობას, საელჩოს ახსნა-განმარტება ანდა თუნდაც ამ ცვლილებების გადათარგმნილი ვერსიაც კი არ გამოუქვეყნებია”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ქალაქ ვროცლავში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტების მენეჯერი ხატია ლაღიძე.
მისთვის ნათელია, რომ “ქართველებისთვის პოლონეთში დასაქმების სწრაფი, მარტივი და იაფი გზა აღარ არსებობს” და “პირდაპირ უქმდება სეზონური დასაქმების შესაძლებლობები”.
სოციალურ ქსელებში, მიგრანტთა ჯგუფებში, უმწვავესი დისკუსიებია - მათ შორის იმის შესახებაც, რომ ყველაფერი თავად მიგრანტების ბრალია, რომლებიც, თავიანთი უკანონო მოქმედებებით, პოლონეთში არასასურველ სტუმრებად იქცნენ.
ქურდობა, ნასვამი მძღოლები ტაქსის საჭესთან, ჩხუბი, კონტრაქტის პირობების დარღვევა - ამბობენ, რომ ქართველებს პოლონეთში ეჭვის თვალით უყურებენ.
“ზოგს სახლში, სამსახურში შემოუშვებ და გაგძარცვავს. დაასაქმებ - გარბის, არ ასრულებს თავის მოვალეობებს, უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდებს… რამდენიმე ქარხანა “გადააგდეს” - გააგზავნინებდნენ რომელიმე პოლონურ კომპანიას მოწვევას და არ ჩადიოდნენ. მერე ფირმას, რომელმაც მიიწვია, ამოწმებს აღმასრულებელი და ჯარიმა ეკისრება, როცა რეგისტრირებული პირი მასთან არ აღმოჩნდება დასაქმებული”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვიქტორია თოდუა, რომელიც ვარშავაში უკვე მეექვსე წელია ცხოვრობს, საკუთარი კომპანიაც აქვს და მიგრანტებს დასაქმებაში ეხმარება. თოდუას არ უკვირს, რომ პოლონელებმა საქართველოს მოქალაქეებს დასაქმების პროცედურები გაურთულეს.
ვიქტორია ბევრ პრობლემაზე გვიყვება და მათ შორის უცხო ენების სრულ არცოდნაზე, როცა მიგრანტები ვერავის ვერაფერს აგებინებენ - “მინდა ვუთხრა ყველას, ვინც აქ ჩამოსვლას აპირებს, რომ უცხო ენა ელემენტარულად მაინც ისწავლონ”.
ასევე ნახეთ დასაქმება ლეგალურად ევროპაში: ივანიშვილის სქემა და რეალობაერთ დროს, საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დასაქმება “ქართული ოცნების” გაცხადებული პრიორიტეტი იყო.
2019 წლის ნოემბრის მიწურულს, “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა, მაშინ თავმჯდომარემ და ახლა საპატიო თავმჯდომარემ - ბიძინა ივანიშვილმა - პროსახელისუფლებო “იმედთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ 2-3 წელიწადში, საქართველოს 2 მილიონამდე მოქალაქე ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურად, „ღირსეულად“ დასაქმებას შეძლებდა და ეს ერთადერთი გამოსავალი იყო, რადგან 2 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას საქართველოში “ათწლეულები” დასჭირდებოდა.
“კარგი ეკონომიკის პირობებში და კარგი კოორდინაციის შემთხვევაში, საშუალოდ 50 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიძლება შექმნას საქართველომ. აბა, ნახეთ, რამდენი წელიწადია ის ორი მილიონი და 50 000?! ესე იგი, ათწლეულები სჭირდება ამას”, - თქვა მაშინ ივანიშვილმა და პირობაც დადო, რომ, შესაბამისი პირობების შექმნით, მიგრანტები არ მოსწყდებოდნენ სამშობლოსა და ოჯახებს.
2025 წლის ნოემბერში კი ემიგრანტებმა გაიგეს, რომ მათთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება და ადგილზე აღარ ექნებათ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ამ უფლებას მათ “ქართული ოცნების” ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ართმევს [ცვლილებები საარჩევნო კოდექსში]. მიგრანტები თავს გარიყულად გრძნობენ.
ასევე ნახეთ „საქართველოს ფაილი დაიხურება“ - „ოცნების“ 8 ნაბიჯი და ერთი წელი 28 ნოემბრიდანკიდევ სად არის ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა?
საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების ძირითადი სივრცე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და პირველ რიგში - პოლონეთი იყო, სადაც სამსახურის შოვნა მოწვევით არის შესაძლებელი. თუმცა როგორც ელგუჯა კვანტალიანი გვიხსნის, ასევე ლიეტუვამ და ჩეხეთმა წესები შეცვალეს და დასაქმებისთვის ახლა ბინადრობის უფლებას ითხოვენ.
სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება შესაძლებელია გერმანიაში და არსებობს დასაქმების პროგრამები ახალგაზრდებისთვისაც; თუმცა ჩვეულებრივი მოწვევით შეუძლებელია გერმანიაში, საფრანგეთსა თუ იტალიაში ჩასვლა და დასაქმება. კვანტალიანის თქმით, იტალიაში დასაქმებულთა 99% არალეგალურად რჩება და შემდეგ ოფიციალური საბუთების გაკეთებას ცდილობს. "ბრიტანული, იტალიური, ფრანგული სამუშაო ვიზები ფაქტიურად არ არსებობს", - ამბობს ელგუჯა კვანტალიანი.
ევროპის სხვა ქვეყნებში სამუშაოს საშოვნელად საქართველოს მოქალაქეები პოლონურ საბუთებს იყენებდნენ. კვანტალიანი გვეუბნება, რომ ეს კანონიერი გზაა და თავადაც ეხმარება, მაგალითად - გერმანიაში დასაქმების მსურველებს - ე.წ. მივლინებების სისტემით, რაც პოლონელი დამსაქმებლის ნებართვის საფუძველზე ხდება.
ჯერჯერობით მას არა აქვს პასუხი შეკითხვაზე, გადაიკეტება თუ არა ეს გზაც მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებმა პოლონეთში გამარტივებული დასაქმების შესაძლებლობა დაკარგეს. “ახლა ვარკვევთ ბევრ რამეს. ამ დღეებში გვეცოდინება”, - გვეუბნება ელგუჯა კვანტალიანი.