ხარკოვში 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა რუსული დრონებით შეტევის შედეგად

უკრაინელი მეხანძრეები აქრობენ რუსული დრონებით შეტევის შედეგად ხარკოვის ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანში გაჩენილ ხანძარს. 2025 წლის 19 ნოემბერი

რუსეთის ჯარებმა გასულ ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს.

დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე იყო ქალაქი ხარკოვი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ტელეგრამ-არხზე 19 ნოემბერს, გამთენიისას გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხარკოვში დაშავდა 32 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

ქალაქის რამდენიმე რაიონში ხანძრები გაჩნდა. დაზიანებულია სახლები და სავაჭრო ობიექტი. დამწვარია კერძო საწარმოს სახურავი და ათზე მეტი ავტომობილი.

ასევე ნახეთ კიევის თანახმად, ATACMS-ები გამოიყენა რუსეთში სამიზნის წინააღმდეგ

რუსული დრონებისა და რაკეტების შეტევით გამოწვეული საფრთხის გამო უკრაინის რამდენიმე ოლქსა და დედაქალაქ კიევში საჰაერო განგაში შუაღამის შემდეგ გამოცხადდა. აფეთქებები იყო ტერნოპოლში, ლვოვსა და სხვა ქალაქებში.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების მასირებული შეტევის გამო პოლონეთის შეიარაღებული ძალების სარდლობამ ქვეყნის საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად გაგზავნა მორიგე გამანადგურებლები და ადრეული გაფრთხილების თვითმფრინავები, საჰაერო თავდაცვის და რადიოლოკაციური დაზვერვის სახმელეთო სისტემები კი განსაკუთრებულ მზადყოფნაში მოიყვანა.

სარდლობის განცხადებით, ეს ზომები პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და დაცვას.

ასევე ნახეთ პოლონეთი უკრაინის ორ მოქალაქეს სდებს ბრალს რკინიგზაზე მოწყობილ აფეთქებებში