ეძებენ ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე მყოფ ორ ადამიანს

ქართველი მაშველები შემთხვევის ადგილას

„ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა გელაძის თქმით, ეძებენ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე მყოფ ორ ადამიანს. ამის შესახებ მან შემთხვევის ადგილთან ჟურნალისტებს განუცხადა.

„18 მათგანი ნაპოვნია და, სამწუხაროდ, დაღუპულია, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მუდმივ კავშირში და კოორდინაციაში ვიმყოფები თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან“, - თქვა გელა გელაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ შექმნილია საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, რომელშიც მათი თურქი კოლეგებიც შედიან.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაიღუპა ბორტზე მყოფი 20-ვე ადამიანი.

გუშინ, 11 ნოემბერს, თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-130 აზერბაიჯანიდან თურქეთში დაბრუნებისას საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

აზერბაიჯანული სააგენტო apa-ს ინფორმაციით, თვითმფრინავი დატვირთული იყო მხოლოდ გამანადგურებლების (F-16) სათადარიგო ნაწილებით და ბორტზე იმყოფებოდნენ სპეციალისტები, რომლებიც ამ გამანადგურებლებს ემსახურებოდნენ. ჯამში 20 ადამიანი.

ასევე ნახეთ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა თურქეთის შეიარაღებული ძალების სატვირთო თვითმფრინავი C130 "ჰერკულესი"
ასევე ნახეთ თურქეთის თვითმფრინავს, რომელიც საქართველოში ჩამოვარდა, F-16-ების სათადარიგო ნაწილები გადაჰქონდა - მედია