საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის ბოლო სამი შემთხვევა აშშ-ს უკავშირდება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
„ეს გახლავთ ოჯახი... ეს არის ახალი კლასტერი. ყველა ის პიროვნება, რომელიც იმყოფებოდა ამ ოჯახთან კონტაქტზე, არის იდენტიფიცირებული და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება შემდგომი ტაქტიკის დამუშავებისთვის“, - თქვა მინისტრმა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 43 შემთხვევა ფიქსირდება. ეპიდემიური საფრთხის გამო შეიზღუდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შემოშვება, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, შეწყდა მიკროავტობუსებით მიმოსვლა და საჯარო სკოლებსა და ბაღებში არდადეგები გამოცხადდა.