კვლავ შეიძლება მოხდეს იგივე:
2019 წელს აშშ-მა მხარი დაუჭირა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს, რომელიც ვენესუელას პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადაყენებას ცდილობდა. რუსეთი ეწინააღმდეგებოდა ამ მცდელობას, დიპლომატიური დახმარება და მცირე სამხედრო მხარდაჭერა გაუწია მთავრობას, რომელიც შესაძლოა მოსკოვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი იყოს ლათინურ ამერიკაში.
მადურო გადაურჩა კრიზისს.
ხუან გუაიდოს მოწოდება სამხედრო აჯანყებისკენ ჩაიშალა და მისი მცდელობა, ხელისუფლებაში მოსულიყო, ჩაიფუშა - ეს დიდი შვება იყო რუსეთისთვის და დარტყმა აშშ-თვის, რომელიც მადუროს არალეგიტიმურად მიიჩნევს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, 2019 წლის იანვარში გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვითარება სრულიად განსხვავებულია, ვაშინგტონი კვლავ აძლიერებს ზეწოლას მადუროზე. მან კარიბის ზღვის აუზში დიდ სამხედრო ძალას მოუყარა თავი. ამჟამად აშშ აგზავნის ავიამზიდს - USS Gerald R Ford-ს, რომელიც საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც მსოფლიოში უდიდესი სამხედრო ხომალდი - და არაერთი დარტყმა განუხორციელებია ნარკოტიკებით მოვაჭრე სავარაუდო გემებზე, რომლის დროსაც დაიხოცა ათობით ადამიანი.
აშშ-ის ოფიციალური პირები მადუროს წინააღმდეგ გამოდიან და 2020 წელს ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული ბრალდებაზე ლაპარაკობენ. მაგალითად, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თქვა, რომ ის „ამერიკულ მართლმსაჯულებას ემალება“. აგვისტოში აშშ-მა მისი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდო 50 მილიონ დოლარამდე გააორმაგა.
CBS-ის მიერ 2 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ტრამპმა შეშფოთება, რომ მისი ქვეყანა ვენესუელასთან ომს დაიწყებდა, გააქარწყლა, მაგრამ როდესაც ჰკითხეს, დათვლილია თუ არა მადუროს დღეები, უპასუხა: „ ვფიქრობ, რომ კი“.
ამბობენ, რომ მადურო კვლავ მიმართავს რუსეთს მხარდაჭერისთვის - მაგრამ ანალიტიკოსების თქმით, თუ ვაშინგტონი მის გადაყენებას კოორდინირებულ ძალისხმევას განახორციელებს, ამის თავიდან ასაცილებლად მოსკოვის შესაძლებლობები შეზღუდულია.
„პირდაპირ რომ ვთქვათ, რუსეთს დიდი არაფრის გაკეთება არ შეუძლია დიპლომატიური მცდელობების მიღმა, თუ აშშ მადუროს დამხობას შეეცდება“, - განაცხადა მარკ გალეოტიმ, რუსეთის ექსპერტმა და უნივერსიტეტის კოლეჯის ლონდონის სლავური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების სკოლის საპატიო პროფესორმა.
რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ „ფაქტობრივად გამორიცხავს ვენესუელაში რუსეთის ჯარების განლაგებას აშშ-ის ინტერვენციის შემთხვევაში“, - განაცხადა ბერლინში მოღვაწე პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ალექსანდრა სიტენკომ. - „თუმცა, შეზღუდული მხარდაჭერა არ შეიძლება გამოირიცხოს: რუსეთმა შეიძლება გადასცეს იარაღი, საჰაერო თავდაცვის სისტემები ან გაუწიოს სადაზვერვო დახმარება“.
„რუსეთი ვენესუელისთვის ომს არ დაიწყებს“
31 ოქტომბრის რეპორტაჟში, The Washington Post-ი წერდა, რომ მის მიერ მოპოვებული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ მადურომ წერილი მისწერა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომელშიც მოსკოვს სთხოვდა ვენესუელის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას ადრე შეძენილი „სუხოის“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების განახლებით, კარაკასისთვის ძრავებისა და რადარების რემონტის, რაკეტების შეძენისა და ტრანსპორტის საქმეში მხარდაჭერის გაწევით.
წერილი ვენესუელის ტრანსპორტის მინისტრს უნდა ჩაეტანა მოსკოვში. ის რუსეთის თქმით, ოქტომბრის შუა რიცხვებში რუსეთში იმყოფებოდა, იტყობინებოდა „The Post“-ი, რომელიც ასევე ამტკიცებს, რომ მადურო ჩინეთისა და ირანისგან მხარდაჭერის მოპოვებას ესწრაფოდა.
გაურკვეველია, წერილი კრემლს გადაეცა თუ არა. არც რუსეთის და არც ვენესუელის ოფიციალურმა პირებს უთქვამთ რაიმე ამ ინფორმაციის გარშემო და არც საჯარო განცხადებები გაუკეთებიათ მადუროს მთავრობისთვის ახალი კონკრეტული მხარდაჭერის შესახებ.
თუმცა, ფრენების მეთვალყურეობის საიტის, FlightData24-ის ცნობით, ოქტომბრის ბოლოს კარაკასში რუსული სატრანსპორტო დიდი თვითმფრინავი ილ-76 რამდენიმე გაჩერების შემდეგ ჩაფრინდა შემოვლითი მარშრუტით. დაუდგენელია, რა გადაჰქონდა თვითმფრინავს.
რუსული წყაროების ვარაუდით, შესაძლოა, მას ისეთი საჰაერო თავდაცვის სისტემები მიეწოდებინა, როგორიცაა Pantsir-S1, განუცხადა სიტენკომ რადიო თავისუფლებას ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ კომენტარებში.
„ეს შეესაბამება მოსკოვის გადაწყვეტილებას, სასწრაფოდ რატიფიცირება მოახდინოს ვენესუელასთან ახალი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების შესახებ, რომელიც მოიცავს სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას ორივე ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - წერს ის. - „მაგრამ რუსეთი
ვენესუელისთვის ომს არ დაიწყებს“.
„მზად ვართ რეაგირებისთვის“
1 ნოემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი გმობს „ნარკოტიკებთან ბრძოლის ოპერაციების დროს გადაჭარბებული სამხედრო ძალის გამოყენებას“ და „ადასტურებს ვენესუელის ხელმძღვანელობის მტკიცე მხარდაჭერას ეროვნული სუვერენიტეტის დაცვაში“.
ორი დღით ადრე, ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი „კონტაქტშია პარტნიორებთან“ და „მზადაა გააგრძელოს შესაბამისი რეაგირება მათ მოთხოვნებზე, არსებული და პოტენციური საფრთხეების გათვალისწინებით“.
რუსეთისა და ვენესუელას შორის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, რომელიც მაისში მოსკოვში მადუროს ვიზიტის დროს განიხილეს, ძალაში შევიდა პუტინის ხელმოწერის შემდეგ. თუმცა, ასეთი პაქტები ხშირად არაა დეტალური.
ექსპერტების თქმით, რუსეთის სამხედრო ოპერაციების უმეტესობა დასავლეთ ნახევარსფეროში ძირითადად საჩვენებელი ხასიათისაა, რაც დასავლეთისთვის შეხსენებაა, რომ მოსკოვის ძალებს შეუძლიათ უფრო შორს წასვლა, ვიდრე მაშინ, როდესაც ფინანსური სირთულეების მქონე ქვეყანამ 1991 წლის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკან დაიხია.
2018 წელს, კარაკასის მახლობლად, სამხედრო აეროპორტში ორი ბირთვული ქობინით აღჭურვილი რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი დაეშვა. 2024 წლის ივლისში, ვენესუელაში ორი რუსული საზღვაო ხომალდი შევიდა არჩევნების წინ, რომელმაც მადუროს მმართველობა გაახანგრძლივა და რომელიც შეერთებულმა შტატებმა ფარსად გამოაცხადა.
2019 წელს მადუროს გადაყენების მცდელობის ფონზე, მოსკოვმა მას შემდეგ, რაც გამოჩნდა ფოტოები, თუ როგორ გადმოდიოდა ორი სამხედრო თვითმფრინავიდან 100-მე რუსი ჯარისკაცი, აღიარა, რომ ადგილზე სამხედრო პერსონალი ჰყავდა.
ბერკეტები და შეზღუდვები
აშშ-ში დაფუძნებული კენანის ინსტიტუტის უილსონის ცენტრის 2020 წლის ანგარიშში კოლუმბიაში მცხოვრებმა ანალიტიკოსმა ვლადიმირ რუვინსკიმ დაწერა, რომ 1990-იანი წლების დასაწყისში კუბიდან გასვლის შემდეგ „რუსი სამხედრო პერსონალის პირველი უწყვეტი ყოფნა დასავლეთ ნახევარსფეროში კრემლის მიერ რუსეთის ორბიტაზე ვენესუელის შენარჩუნების გადაწყვეტილების აშკარა გამოვლინება იყო“.
მადუროს მიერ ხელისუფლების შენარჩუნებას ხელი შეუწყო „რუსეთის მიერ დაფინანსებულმა, მხარდაჭერის მრავალმა სხვა ქმედებამ, მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოში მოსკოვის მიერ აშშ-ს რეზოლუციის დაბლოკვამ“, წერს რუვინსკი. თუმცა, ამავე დროს, „ვენესუელაში კრიზისმა გამოავლინა რუსული პოლიტიკის მრავალმხრივი შეზღუდულობა“, როგორიცაა „ფინანსური რესურსების ნაკლებობა ლათინურ ამერიკაში თავისი პოლიტიკის მხარდასაჭერად“.
სიტენკოს თქმით, 2019 წელს „მადუროს გადარჩენის გადამწყვეტი ფაქტორი არა მოსკოვის ჯერ კიდევ საკმაოდ შეზღუდული სამხედრო დახმარება, არამედ ვენესუელის შეიარაღებული ძალების ოპოზიციის მხარეს გადასვლაზე უარი იყო“.
რუსეთის რესურსები, ფინანსური და სამხედრო, უფრო შეზღუდულია, ვიდრე 2019 წელს იყო. სამი წლის წინ, სანამ პუტინი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას დაიწყებდა, ვითარება სხვა იყო. ამის შემდეგ ქვეყნის სამხედრო პერსონალის და აქტივების დიდი უმრავლესობა ძვირადღირებულ ომზე გადაერთო, რომელსაც დასასრული არ უჩანს და რომელმაც დასავლეთის ეკონომიკური სანქციები მოიტანა.
რუსეთი რომც არ იყოს ჩართული 1945 წლის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდ ომში, ვენესუელასთან ასეთი გეოგრაფიული დაშორება სერიოზულ ზღუდავს მოქმედებას საქმე მნიშვნელოვანი მხარდაჭერამდე რომც მივიდეს.
„ვფიქრობ, რომ თუ აშშ სერიოზულად არის განწყობილი ვენესუელაში რეჟიმის ძალის გამოყენებით შეცვლის შესახებ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი რაიმე ფორმით შეძლებს დახმარებას“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილ კომენტარში ოლეგ იგნატოვმა, კრიზისის ჯგუფის რუსეთის უფროსმა ანალიტიკოსმა.
„ეს შეუძლებელი იყო როგორც უკრაინაში ომის დაწყებამდე, ასევე მის შემდეგ" - თვლის ის. ტრამპმა არაერთგვაროვანი სიგნალები გაავრცელა იმის შესახებ, ფიქრობს თუ არა აშშ ვენესუელაში ნარკოტიკებთან დაკავშირებული სამიზნეებზე დარტყმას. „შემდეგი იქნება ხმელეთი“, - თქვა მან 23 ოქტომბერს, ნავებზე თავდასხმების შესახებ კომენტარისას. თუმცა, 31 ოქტომბერს, როდესაც ჰკითხეს, სიმართლეს შეესაბამებოდა თუ არა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის ვენესუელაში დარტყმაზე ფიქრობდა, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „არა“.
მადუროს დამხობა მოსკოვისთვის დიდი დარტყმა იქნება, რაც პოტენციურად მას ლათინურ ამერიკაში მთავარი დასაყრდენის დაკარგვას გამოიწვევს. წარმოიქმნება 2024 წლის დეკემბრის ვითარების მსგავსი, როცა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადი გადააყენეს და რის შემდეგაც კრემლის გავლენა ახლო აღმოსავლეთში შესუსტდა.
ვაშინგტონთან და დასავლეთთან მოსკოვის გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში მადუროს, მოკავშირის სტატუსის მინიჭების გარდა, რუსეთმა საფინანსო დახმარებაც გაუწია მას. მოსკოვმა დიდი ინვესტიციები ჩადო ვენესუელაში ნავთობის წარმოებაში. ეს ქვეყანა მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული უდიდესი მარაგის მფლობელია. თუმცა აშშ-ის სანქციების გამო ორივე ქვეყანა ცდილობს ნავთობის გაყიდვას ერთი და იგივე მყიდველების, მაგალითად ჩინეთისთვის.
გეოპოლიტიკური გათვლა
უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო მოსკოვს თავად უწევს იარაღის შეძენაზე ფიქრი. კარაკასი წარსულში სულ მცირე, რუსული იარაღის მნიშვნელოვანი მყიდველი იყო. აშშ-ის მიერ ვენესუელის რეგიონში სამხედრო ყოფნის გაფართოების ფონზე, მადურომ 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ ვენესუელის „საჰაერო თავდაცვის ძირითად პოზიციებზე“ რუსული წარმოების ხუთი ათასი „იგლა-ს“ ტიპის რაკეტა აქვს განთავსებული.
ამ კავშირების მიუხედავად, მოსკოვმა შესაძლოა ვენესუელაზე აშშ-ის მზარდი ზეწოლა აღიქვას როგორც უკრაინაზე ვაშინგტონის ყურადღების მოდუნება და რუსეთზე დამატებითი ზეწოლის შანსების შემცირება.
კრემლმა შესაძლოა მადუროს წასვლაში დადებითიც კი დაინახოს, თუ აშშ აიძულებს მას ხელისუფლების დატოვებას.
„გაუკუღმართებული გზით... მოსკოვი ასეთი ოპერაციით იხეირებდა, რადგან გააძლიერებდა თავის მტკიცებას, რომ დასავლეთია გლობალური სამხრეთის მტერი და არა რუსეთი: ამპარტავანი, ძალადობრივი და იმპერიალისტი“, - მოსწერა გალეოტიმ რადიო თავისუფლებას ელექტრონული ფოსტით.
„რუსეთს, ბოლოს და ბოლოს, ჯერ კიდევ შეუძლია მოკავშირეებისა და კლიენტების პოვნა გლობალურ სამხრეთში, იქნება ეს რწმენის თუ, უფრო ხშირად, პრაგმატიზმის გამო, და ყოველთვის იყენებს დასავლურ ავანტიურას იმის გასამყარებლად, რომ ლიბერალური გლობალური წესრიგი უბრალოდ თაღლითობაა, რომელიც დასავლურ ინტერესებს უქვემდებარებს მსოფლიოს“, - წერს ის.